пятница, 16 апреля 2021 г.

ნეემია გორდონი “ღვთის სახელის წარმოთქმაზე დადებული აკრძალვა”


თანამედროვე იუდაიზმის ერთერთ სენს წარმოადგენს შემოქმედის სახელის წარმოთქმაზე დადებული მკაცრი აკრძალვა. მიშნა ბერურას თანამედროვე რაბინისტული კანონი ამბობს:

"აკრძალულია დიდებული და მრისხანე სახელის ისე წაკითხვა, როგორც იწერება, როგორც ბრძენნი წერდნენ: «მას, ვინც სახელს ისე წარმოთქვამს, როგორც ის წერია, წართმეული აქვს ადგილი დღევანდელ სამყაროში». ამგვარად, ის ისე უნდა იქნას წარმოთქმული, თითქოს ადონაი [უფალი] ეწეროს. (მიშნა, ბერურა 5, 2)"
ეს ნამდვილად არ წარმოადგენს თანამედროვე დადგენილებას. ეს დადგენილება ჯერ კიდევ ახ.წ. III საუკუნეში გაჩნდა მიშნას ერთერთ განმარტებაში:

"აი, ვის წაერთმევა ადგილი დღევანდელ სამყაროში: … აბბა საული ამბობს: «ასევე მასაც, ვინც ღმერთის სახელს ისე წარმოთქვავს, როგორც ის წერია» (მიშნა, სინედრიონი 10, 1)"

შეცდომა იქნებოდა თუ დავასკვნიდით, რომ სახელის წარმოთქმის აბსოლუტური აკრძალვა ბიბლიური დღეებიდან იღებს სათავეს. თავად თალმუდშია საუბარი მისი ფესვების შესახებ:

სელევკიდების ბერძნულმა ხელისუფლებამ გამოსცა დადგენილება არ წარმოეთქვათ ხმამაღლა ღვთის სახელი; თუმცა მას შემდეგ, რაც ხასმონელები მოძლიერდნენ და მათზე გამარჯვება მოიპოვეს, მათ დაადგინეს, რომ ხელშეკრულებებზეც კი ღვთის სახელით უნდა მომხდარიყო ხელის მოწერა… როდესაც ამის შესახებ რაბინებმა შეიტყვეს, თქვეს: «ხვალ ის ადამიანი თავის ვალს დააბრუნებს, ხელშეკრულებას კი ნაგვის გროვაზე მოისვრიან». ასე აკრძალეს მათ სახელის ხელშეკრულებებში მოხსენიება. (ბაბილონური თალმუდი, როშ ა-შანა, 18ბ)

სახელი YHWH-ს (ტეტრაგრამატონი) აკრძალვა დასაბამს ძვ.წ. 168 წლიდან იღებს, როდესაც ბერძენმა ტირანმა ანტიოქე IV ეპიფანემ იმ რიგი კანონების მოქმედებაში მოყვანა დაიწყო, რომლებიც თორის კითხვას კრძალავდა. ეს ებრაელთა «ელინიზაციის», ანუ ბერძენ ხალხთან მათი ასიმილაციის მისი პოლიტიკის ნაწილი იყო. ზუსტად ეს დადგენილება შეიცავდა ასევე წინადაცვეთისა და შაბათის დაცვის აკრძალვებს, ასევე იმის მოთხოვნას, რათა თითოეულ ებრაელს მიეღო მონაწილეობა ზევსისა და აპოლონისათვის ღორის მსხვერპლად შეწირვაში. ხასმონელებმა, იუდა მაკაბელის მეთაურობით, საბოლოოდ გაიმარჯვეს ბერძნებზე და კვლავ განწმინდეს ტაძარი ხანუქას («განწმენდის» დღესასწაულის) პირველ დღეს, ძვ.წ. 165 წ. თალმუდში არის იმის მტკიცებულებები, რომ ხასმონელებმა გააუქმეს ის ბერძნული განკარგულებები, რომლებიც თორის კითხვას კრძალავდა. სახელი YHWH-ს გამოყენების აღდგენის მიზნით, მათ წამოაყენეს მოთხოვნები, რომ ის ხელშეკრულების დადებისას უნდა გამოყენებულიყო, რათა თითოეულ ებრაელს კვლავ ჩვევად ქცეოდა სახელის წარმოთქმა. თუმცა რაბინებმა, რომლებიც ხესმონელთა დადგენილების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, ხელშეკრულებებში სახელის გამოყენება აკრძალეს.

ეს რაბინებისა და ხესმონელების დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ იყო. იუდა მაკაბელის სიკვდილის შემდეგ ხასმონელებმა ახ.წ. 37 წლამდე გააგრძელეს იუდას ხელმძღვანელობა როგორც მეფეების როლში, ასევე მღვდელმთავრების როლში. პირველი მმართველი-ხასმონელები ყველანი სადუკეველები იყვნენ, და ზუსტად ეს წარმოადგენდა რაბინებთან დაპირისპირების მიზეზს. სადუკეველთა სექტის ყველაზე ცნობილი განმასხვავებელი ნაკვთი – მათ მიერ მკვდრეთით აღდგომის უარყოფა იყო, თუმცა ამ იდეას მხოლოდ მოცემული სექტა იზიარებდა, რომელმაც ძალაუფლება მეორე ტაძრის პერიოდის ბოლოს მიიღო. სადუკეველებისა და ფარისეველების რწმენებს შორის მთავარ განსხვავებას, ზეპირი თორის საკითხი წარმოადგენდა. ამის შესახებ იოსებ ფლავიუსი წერს:

"აქ კი მხოლოდ იმას ვახსენებ, რაც ფარისეველებმა გადასცეს ხალხს, ძველი გადმოცემის საფუძველზე, მრავალი კანონი, რომელიც მოსეს კანონმდებლობის შემადგენლობაში არ შედის. ამის გათვალისწინებით სადუკეველთა სექტა სრულიად უარყოფს ამ დანამატებს, მხოლოდ დაწერილ კანონს მოითხოვს აუცილებელ შესასრულებლად და ზეპირ გადმოცემას ყოველგვარ მნიშვნელოვნებას ართმევს." («იუდაური სიძველეები», 13.10.6)

სადუკეველი-ხესმონელები, რომლებიც წმინდა წერილების ერთგულები იყვნენ, უზენაესის სახელს წარმოთქვავდნენ და, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოითხოვდნენ, რათა სახელი ხელშეკრულებების დადებისას ყოფილიყო გამოყენებული იმ მიზნით, რათა მის წარმოთქმაზე ბერძნების მიერ დადებული აკრძალვის ყოველგვარი შედეგი მოესპოთ. თუმცა პირველი ფარისეველები სადუკეველებს ყველაფერში ეწინააღმდეგებოდნენ და ხელშეკრულებებში სახელის გამოყენებას აკრძალვა დაადეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა სახელის წარმოთქმაზე კიდევ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში არ ვრცელდებოდა.

ფარისეველების სექტა არ იყო ერთადერთი, რომელშიც ღვთის სახელის წარმოთქმა იკრძალებოდა. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელიც მეორე ტაძრის დანგრევის პერიოდში, ახ.წ. 70 წ. ცხოვრობდა, წერდა, რომ იმ ეპოქის იუდაიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა არსებობდა: ფარისეველები, სადუკეველები და ესეები. მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომლებიც კუმრანის ოლქში იქნა აღმოჩენილი, უშუალოდ ამ უკანასკნელების მიერ იქნა დაწერილი. ეს იყო ჩაკეტილი საძმო, რომელსაც დღეს ხშირად თანამედროვე სამონასტრო თემს ადარებენ. ადამიანი რომ ესეელი გამხდარიყო, რამოდენიმე წლის განმავლობაში ინიციაციის სხვადასხვა საფეხურების გავლა მოითხოვებოდა. წესდების დარღვევა შეიძლება საძმოდან დროებითი ან საბოლოო გარიცხვით დასრულებულიყო, ეს დარღვევის დონეზე იყო დამოკიდებული. ესეების საძმოს ცენტრალურ დოკუმენტს წარმოადგენდა წიგნი სახელწოდებით «თემის წესდება». ეს წიგნი, როგორც სახელიდან ჩანს, ინიციაციის რამოდენიმე საფეხურს გამოყოფს, ასევე შეიცავს წესდებას საძმოს სხვადასხვა რანგის წევრებისთვის. «თემის წესდება» სახელი YHWH-ს წარმოთქმის აკრძალვის შესახებ ამბობს:

"ნებისმიერი, ვინც ხმამაღლა წარმოთქვავს უზენაესის სახელს, ღმერთს შეურაცყოფს, ან განსაცდელისას შეცდება, ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ან წიგნის კითხვისას, ან ლოცვისას, საძმოდან უნდა იქნას გარიცხული. (1QS 6, 27 – 7, 2)"

როგორც მკვდარი ზღვის გრაგნილების უმეტესობა, ამ გრაგნილის ნაწილიც დაზიანებულია, ასე რომ აბზაცის ნაწილის წაკითხვა შეუძლებელია. თუმცა სრულიად ნათელია, რომ აქ ღვთის სახელის გამოყენება იკრძალება არა მხოლოდ ყოველდღიურ საუბრებში, არამედ ლოცვის დროსაც კი. მოცემული დარღვევისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო დანიშნული, რომელიც კი ესეელებს ჰქონდათ – თემიდან საბოლოო გარიცხვა.
ეს აკრძალვა ნათელს ხდის, თუ რატომ განსხვავდება მკვდარი ზღვის ხელნაწერებში სახელი YHWH-ს დამწერლობა დანარჩენის ტექსტისაგან. ეს ფენომენი მეცნიერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა გამოცანად. თავად გრაგნილები კვადრატული ებრაული დამწერლობითაა დაწერილი, რომელიც იმ დამწერლობას ჰგავს, რომელსაც დღეს იყენებენ ივრითში. თუმცა ზოგიერთ გრაგნილებში სახელი YHWH პალეოებრაული დამწერლობითაა ჩაწერილი, თავდაპირველი ანბანით, რომელსაც ივრითში ბაბილონიდან დაბრუნებამდე იყენებდნენ. ამიტომ სახელის יהוה ჩვეული დამწერლობის ნაცვლად – მკითხველი მოულოდნელად სახელის პალეოებრაულ დამწერლობას ხვდებოდა. ეს კეთდებოდა არა მისი განდიდების მიზნით, არამედ რათა წამკითხველი მისი შემთხვევით წაკითხვისაგან დაეცვა. ძირითადად, მეორე ტაძრის არსებობის პერიოდის ბოლოს მცხოვრებს ებრაელებს, პალეოებრაული დამწერლობით შესრულებული ტექსტის წაკითხვა არ შეეძლოთ, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნეში გამოვიდა ხმარებიდან. იმისათვის, რათა მათ მრევლს შემთხვევით სახელი YHWH ხმამაღლა არ წაეკითხათ, ესეელები მას იმ დამწერლობით წერდნენ, რომლის წაკითხვაც ძალიან ცოტას შეეძლო. ზოგიერთ ხელნაწერებში ესეელები სახელის ჩაწერის საკითხში კიდევ უფრო შორს მიდიან და მის ნაცვლად ოთხ შავ წერტილს სვავენ: • • • • . ასეთი სახით, მასაც კი, ვისაც პალეოებრაულად წაკითხვა შეეძლო, ვეღარ შეეძლო ღვთის სახელის ხმამაღლა წარმოთქმა.

მაშ ასე, მეორე ტაძრის დროს სადუკეველები მოითხოვდნენ, რომ ღვთის სახელი გამოყენებული ყოფილიყო, მათ შორის ხელშეკრულებებშიც, ფარისეველები კი მას იყენებდნენ, თუმცა ხელშეკრულებების დადებისას მის გამოყენებას კრძალავდნენ, რაც შეეხება ესეელებს - ისინი სრულიად კრძალავდნენ მის გამოყენებას. გაუგებარი რჩება, თუ რა მომენტში გაფართოვდა ფარისევლურ-რაბინისტული აკრძალვა უკომპრომისო მოთხოვნამდე, რომ სახელის ნებისმიერ წარმომთქმელს ადგილი წაერთმეოდა მომავალ მსოფლიოში. თალმუდი, რაბინისტულ სწავლებას, როგორც ჩანს შემდეგი გარდამავალი ფრაზის საფუძველზე ანვითარებს:

"რა აზრი იმალება მუხლში: «ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე…» (მალაქია 4, 2) ეს სიტყვები  მის მიმართაა ნათქვამი, ვისაც ღვთის წმინდა სახელის წარმოთქმის ეშინია სათანადო მიზეზის გარეშე לבטלה". (ბაბილონური თალმუდი, ნედარიმ 8ბ)

ამ თალმუდისტურ სწავლებაში აირეკლა გარდამავალი ეტაპი, რომლის დროსაც ღვთის სახელის გამოყენების აკრძალვა ნაწილობრივი იყო. მისი გამოყენება შეიძლებოდა, როცა ეს აუცილებელი იყო, მაგრამ არა «სათანადო მიზეზის გარეშე». შედეგად ეს ნაწილობრივი აკრძალვა აბბა საულის სრული აკრძალვით შეიცვალა (დაახ. ახ.წ. 150 წ.).

ღვთის სახელის ამაოდ წარმოთქმა

თალმუდისეული ნაწილობრივი აკრძალვა, რომელიც მხოლოდ ღვთის სახელის «სათანადო მიზეზის გარეშე» წარმოთქმას ეხებოდა, ეჭვგარეშეა მესამე მცნებაზეა დაფუძნებული, რომელიც ამბობს:
არ წარმოთქვა უფლის (YHWH), შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი (YHWH) დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.  (გამოსვლა 20, 7 [სბს-სტოკჰოლმი 2001])

როგორც ჩანს, თალმუდისტებს სიტყვა «ამაოდ» ისევე არ ესმოდათ, როგორც ფრაზა «სათანადო მიზეზის გარეშე». ქვემოთ მოყვანილია მე-13 საუკუნის განმარტება, რომელიც ეკზეგეტი ნახმანიდის კალამს ეკუთვნის:

მოცემული მუხლის პირდაპირი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ასევე აკრძალულია დიდებული სახელის ამაოდ (חנם) წარმოთქმა … მართლაც, ეს აკრძალულია, და ბრძენკაცებიც ასე ამბობდნენ: «ის, ვინც ღვთის სახელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე (לבטלה) წარმოთქვავს». (რამბანის კომენტარი გამოსვლის 20, 7-ზე)

სიტყვა, რომელიც ძველებრაულიდან ქართულად ნათარგმნია როგორც «ამაოდ», არის – შავ (שָׁוְא). ნახმანიდი და სხვა თალმუდისტები იმაში არიან მართლები, რომ ეს სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს «ამაოდ» - «ყოველგვარი მიზეზის გარეშე»-ს აზრით, მაგალითად შემდეგ მუხლში:

ამაოდ (שָׁוְא) მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა. (იერემია 2, 30)

თუმცაღა ამაოდ წარმოთქმა, ტყუილის თქმას ნიშნავს:
…რომელთა ბაგენი ტყუილს (שָׁוְא) ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. (ფსალმუნები 143, 
მოყვანილი მუხლების პარალელიზმიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ «ამაო» და «სიცრუე» ისე გამოიყენება, როგორც სინონიმები. ბიბლიურ ივრითში ფრაზა «ამაოდ ლაპარაკი» ნიშნავს «სიცრუის ლაპარაკს». ამ ადგილების გარდა, ტერმინი «ამაო» (שָׁוְא) ბიბლიაში მრავალ სხვა კონტექსტებშიც გამოიყენება. მაგალითად:
განა ფუჭ (שָׁוְא) ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის (YHWH) ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს? (ეზეკიელი 13, 7)
და ისევ, პარალელიზმის წყალობით ნათელი ხდება, რომ «ფუჭი» საუბარი «სიცრუის თქმას» ნიშნავს. ტერმინების «ამაოდ» და «სიცრუე» იგივეობა, ალბათ, ყველაზე ნათლად მე-9 მცნებაში ჩანს:
არ გამოხვიდე ცრუ (שָׁוְא) მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. (გამოსვლა 20, 16)
მეორე რჯულის (კანონი) წიგნში მოსეს კიდევ ერთხელ მოჰყავს 10 მცნება:
არ გამოხვიდე ცრუ (שָׁוְא) მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ. (მეორე რჯული [კანონი] 5, 20)


სახელის წარმოთქმა

როგორც გავარკვიეთ, ამაო სიტყვა ცრუ სიტყვაა. ბიბლიურ ივრითში სიტყვის «წარმოთქმა» მის «გახმოვანებას» ნიშნავს. მაგალითად ბალაამის წინასწარმეტყველებები ასე იწყება:
წარმოთქვა თავისი იგავი… (რიცხვნი 23, 7; 24, 3 და 15, და ა.შ.)

იგავის «წარმოთქმა» მის «მოყოლას» ნიშნავს. ძველებრაული სიტყვა «წარმოთქვა» (נשׂא) (რიცხვნი 23, 7) მე-3 მცნებაში გვხვდება, რომელიც ამბობს: «არ წარმოთქვა უფლის … სახელი ამაოდ». ამგვარად, «სახელის ამაოდ წარმოთქმა» ნიშნავს «სახელის სიცრუის დასამოწმებლად წარმოთქმას». იგივე ფრაზა გამოიყენება სხვა მუხლშიც:

"ნუ დაყრი (נשׂא) ცრუ (שָׁוְא) ხმებს; ხელს ნუ მისცემს უკეთურს, რათა ბოროტების მოწმე არ გახდე". (გამოსვლა 23, 1)

ეს მცნება ორივე სიტყვას შეიცავს: שָׁוְא და נשׂא. ეს მუხლი ფაქტობრივად მესამე მცნებას იმეორებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთ მცნებაში სახელით (שֵׁם შემ) დაფიცება იკრძალება, როცა ცრუობ, ხოლო მეორე ცრუ ხმების (שֵׁמַע შემა´) გავრცელებას კრძალავს. მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ბიბლიის მრავალ ინგლისურ თარგმანში, სიტყვა שָׁוְא შავ ნათარგმნია როგორც «ყალბი» (‘false’) (გამოსვლა 23, 1; მეორე რჯული 5, 20), მაშინ როდესაც იგივე სიტყვა სხვა მუხლებში (გამოსვლა 20, 7 და მეორე რჯული 5, 11) ნათარგმნია როგორც «ამაოდ» (‘in vain’), მაშინ როდესაც ოთხივე მუხლში ერთიდაიგივე მოვლენაზეა საუბარი.

სახელით დაფიცება

მაშ რას ნიშნავს სახელი YHWH-ს ამაოდ წარმოთქმა? ბიბლიურ დროში ღმერთების ან მეფეების სახელით ფიცის მიცემა იყო მიღებული. მეორე რჯულის წიგნში ორჯერ გვეძლევა მითითება YHWH-ს სახელით დაფიცების შესახებ.
უფლის (YHWH), შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე. (მეორე რჯული 6, 13)
უფლის (YHWH), ჩვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე (მეორე რჯული 10, 20)
მსგავსი სახით მოუწოდებს წინასწარმეყველი იერემია წარმართებს, რათა ისრაელიანებისგან ისწავლონ უფლის სახელით დაფიცება:
თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი (YHWH), როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთან ერთად. (იერემია 12, 16)
იმისათვის, ამ მუხლის გაგება რომ შევძლოთ, იმ ფორმის განხილვაა აუცილებელი, რომელი ფორმითაც დებდნენ ფიცს ძველ დროში. ბიბლიურ დროში ფიცი შედგებოდა მტკიცებულებისგან «ცოცხალია X» (სადაც X – ან ღმერთია ან მეფე) და უშუალოდ დაპირებისგან ან მოწმობისგან. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იფიცებს იოსები ფარაონის სახელით თავისი ძმების წინაშე:
…ცოცხალია ფარაონი, ვერ წახვალთ აქედან, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ (დაბადება 42, 15 აქ)

თანამედროვე ენაზე ეს ასე გაიჟღერებდა:
გეფიცებით, რომ აქედან მანამ ვერ გახვალთ, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
როდესაც იერემიას წიგნში ვკითხულობთ, რომ ისრაელის გზა ის არის, რათა «დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი (YHWH)», ჩვენ ეს შემდეგნაირად გვესმის. ებრაელის მიერ ფიცის დადების წესი ასეთია: სიტყვებს «ცოცხალია YHWH» უშუალოდ ფიცის შინაარსი მოსდევს. ებრაულ ბიბლიაში საკმაო რაოდენობის მაგალითების პოვნა შეიძლება. როდესაც საულმა თავისი ვაჟის თხოვნა მოისმინა, რომ დავითი მშვიდობით გაეშვა, მან YHWH-ს სახელით დაიფიცა, რომ მას ბოროტებას არ უზავდა.
მოუსმინა საულმა იონათანს და დაიფიცა: ცოცხალია იეჰოვა (YHWH), არ მოკვდება დავითი! (I მეფეები 19, 6 აქ)

მსგავსი სახით მიმართავს ლოცვით ბრძენი ღმერთს იგავების წიგნში:
…სიცრუე და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ,…
ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღმერთის სახელი არ შეურაცხვყო. (იგავები 30, 8–9)
ბრძენი YHWH-ს სთხოვს «სიცრუე და ტყუილი» მოაშოროს უზომო სიმდიდრისა და უკიდურესი სიღატაკის თავიდან აცილების გზით. მოულოდნელად თუ სიღატაკე დაატყდება თავს, განმარტავს ბრძენი, მოპარვა მოუწევს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, და ბოლოს და ბოლოს იძულებული იქნება (ცრუ) ფიცი დადოს («ღმერთის სახელი შეურაცხყოს»). ეჭვგარეშეა, რომ ამ ცრუ ფიცს მაშინ დადებს მოსამართლეების წინაშე, როდესაც ქურდობისთვის დაიჭერენ (შეადარე გამოსვლა 22, 11). აქ ნაჩვენებია, რომ სიცრუისა და ტყულისაგან თავის შორს დაჭერა, ქურდობისა და ცრუ ფიცისაგან თავის შორს დაჭერას ნიშნავს. YHWH-ს სახელის ამაოდ წარმოთქმა, მისი სახელით ცრუდ დაფიცებას ან მისი სახელით რაიმე სიცრუის ლაპარაკს ნიშნავს.

მიუხედავად რაბინების მიერ ღვთის სახელის წარმოთქმის აკრძალვისა, რაბინი-ეკზეგეტების უმრავლესობამ სწორად გაიგეს მესამე მცნება როგორც ღვთის სახელით ცრუდ დაფიცების აკრძალვა. რაბინისტული თარგმანი, რომელიც ებრაული პუბლიცისტური საზოგადოების სახელითაა შესრულებული, შემდეგ ვარიანტს გვთავაზობს:
ნუ დაიფიცებ უფლის, შენი ღმერთის სახელით, ამაოდ, რადგან ღმერთი არ განწმენდს მას, ვინც ამაოდ ფიცულობს მისი სახელით. (გამოსვლა 20, 7)

ეს თანამედროვე რაბინისტული გაგება შუასაუკუნეების რაბინი-ეკზეგეტების განმარტებებზეა დაფუძნებული. რაღა თქმა უნდა, მესამე მცნება საუბრობს ნებისმიერი სახის სიცრუეზე YHWH-ს სახელით და არა მხოლოდ ცრუ დაფიცებაზე.

სახელის გამოყენება კარაიმებთან

მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ რაბინებმა მესამე მცნების გამოყენება სცადეს სახელი YHWH-ს გამოყენების საკუთარი აკრძალვის მხარდასაჭერად. თუმცა მხოლოდ რაბინები როდი კრძალავდნენ საუბარში მის გამოყენებას. შუა საუკუნეებში კარაიმები სამ ბანაკად დაიყვნენ:
1. ისინი, რომლებიც სახელის გამოყენებას მოითხოვდნენ
2. ისინი, რომლებიც ამას კრძალავდნენ
3. ისინი, რომლებიც მისი წარმოთქმის უფლებას იძლეოდნენ, თუმცა ამას არ მოითხოვდნენ.
კარაიმი ბრძენკაცი იაკობ ალ-კირკიზანი, რომელიც მე-10 საუკუნეში ცხოვრობდა, წერს:
ხორსანის ზოგიერთი კარაიმი ketiv-სა და qere-ს ტოვებენ და მხოლოდ იმას კითხულობენ, რაც დაწერილია. ზოგიერთი ასე ექცევა სახელს, რომელიც იწერება იოდ ჰეი [ვავ ჰეი](დაახ. თარგ. «YHWH»), და აცხადებენ, რომ ვინც მას ისე კითხულობს, როგორც ალეფ დალეტ [ნუნ იოდ] (დაახ. თარგ. «ადონაი») მორწმუნე არ არის.
კირკიზანი ამბობს, რომ მისი დროის კარაიმები ღვთის სახელს ისე კითხულობენ, როგორც წერია და ერეტიკოსებადაც კი აცხადებენ მათ, ვინც მას უფლად (ადონაი) კითხულობს. აშკარაა, რომ ეს შეხედულება ხორსანში მდებარე მთავარი კარაიმული ცენტრით არ იყო შეზღუდული. დანიელ ალ-კუმისი, მე-9 საუკუნის კარაიმი ბრძენკაცი, დიდ ადგილს უთმობს სახელის წარმოთქმაზე მსჯელობას. მის ცნობილ ნაშრომში Epistle to the Dispersion (წერილი დიასპორის მიმართ) ნათლადაა ნათქვამი, რომ მისი მრავალი მიმდევარი, რომლებიც მიმობნევაში ცხოვრობდნენ, სახელ YHWH-ს იყენებდნენ. თავად კუმისი კი არასწორად მიიჩნევდა ღვთის სახელის ხსენებას, თუმცა მისი მოსაზრება დაფუძნებული იყო არა მესამე მცნებაზე, არამედ წმინდა წერილის სხვა მუხლზე:

"… უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს". (ლევიანნი 24, 16)

კუმისი იმაზე მიუთითებს, რომ სიტყვა נֹקֵב ნოკევ «სახელის სპეციალურად დასახელებას ან წარმოთქმას» ნიშნავს, როგორც ეს შემდეგ მუხლშია:
გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი. (რიცხვნი 1, 17)

ამ მოსაზრებაზე დათანხმება მოგვიწევდა, ლევიანების წიგნიდან მოყვანილ მუხლს რომ კონტექსტიდან ამოგლეჯით განვიხილავდეთ. თუმცა, ის რომ სწორად განვმარტოთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მცნება უშუალოდ მას შემდეგ იქნა მიცემული, როდესაც ისრაელიანი ქალის ვაჟთან დაკავშირებული ეპიზოდი მოხდა, რომელიც YHWH-ს სახელს შეურაცხყოფდა:
მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.
აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს.
და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.
ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს. (ლევიანნი 24, 10-16)

ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ისრაელიანი დედაკაცის ვაჟი YHWH-ს სახელს აგინებდა, მოსემ არ იცოდა, სამართლიანად როგორ განესაჯა ეს ადამიანი. ამიტომ მან პირდაპირ იკითხა YHWH-ს ნება ამ საქმესთან დაკავშირებით. YHWH-მ კი აღნიშნა, რომ ის სიკვდილით უნდა დასჯილიყო საკუთარი ცოდვის გამო, რის შემდეგაც ის გარემოებები იქნა აღწერილი, რომელთა გამოც უნდა მიეცეს ადამიანი სიკვდილს ღვთის გმობის შემთხვევაში. თუ ადამიანი «თავის ღმერთს» შეურაცხყოფს, ანუ წარმოთქვავს სიტყვებს «წყეულიმც იყოს ღმერთი (ელოჰიმ)», მაშინ ის «ცოდვას იდებს», რაც იმას ნიშნავს, რომ შურისგება ზემოდან მოდის. ხოლო თუ ის ღმერთს შეურაცხყოფს, ტეტრაგრამატონს (YHWH) აგინებს, მაშინ ის ისრაელის საზოგადოებამ უნდა გადასცეს სიკვდილს, ისევე როგორც ისრაელიანი დედაკაცის ვაჟი, რომელმაც YHWH-ს სახელი წარმოთქვა და დაწყევლა ის. ასე რომ, როდესაც ვკითხულობთ «და ის, ვინც YHWH-ს სახელს წარმოთქვავს», ჩვენ გვესმის, რომ ღვთის შეურაცხყოფის კონტექსტში წერია. აშკარაა, რომ ეს არის არა YHWH-ს სახელის წარმოთქმის აკრძალვა, არამედ მისი შეურაცხყოფის აკრძალვა.

იმაზე ფართო მსჯელობის შემდეგ, რომ ღვთის სახელი გამოყენებული არ უნდა იყოს, კუმისი დასკვნაში წერს:
"ის, რაც უფლის სახელის გამოყენების შესახებ მქონდა სათქმელი, თქვენთვის დავწერე. რაც შეგეხებათ თქვენ, ეს საკითხი თქვენი სიბრძნის თანახმად შეისწავლეთ, რათა ჩემს სიბრძნესა და მოსაზრებას არ დაეყრდნოთ. რადგან ის, ვინც მიმობნევაში მცხოვრებ რომელიმე მასწავლებელს ეყრდნობა და წმინდა წერილს არ სწავლობს, საკუთარ თავს არ უკვირდება, ჰგავს მას, ვინც თაყვანს კერპებს სცემს. რადგან ნებისმიერი, ვინც დაზეპირებულ ადამიანურ მცნებებს იცავს და არა იმ მცნებებს, რომელთა შესახებაც უფლის მიერ მოცემულ თორაში წერია, კერპთაყვანისმცემლის მსგავსია".

სახელის ღვთისმსახურებისას გამოყენება

აშკარა ხდება, რომ YHWH-ს სახელის წარმოთქმის არავითარი აკრძალვა არ არსებობს. პირიქით, ზოგიერთ კონტექსტებში ჩვენგან მისი წარმოთქმა მოითხოვება. მაგალითად, თორა ხმამაღლა უნდა იქნას წაკითხული ყოველ მეშვიდე წელს ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე (მეორე რჯული [კანონი] 31, 11). თავად თორაში ტეტრაგრამატონი დაახლოებით 1820-ჯერაა გამოყენებული. როგორ შეგვიძლია თორის მთელი საკრებულოს წინაშე ხმამაღლა წაკითხვის მცნების შესრულება, უფლის სახელის წარმოთქმა თუ აკრძალულია?
მეორე რჯულის წიგნში YHWH-ს სახელის წარმოთქმის კიდევ ერთ მითითებას ვპოულობთ პირველი ნაყოფის მსხვერპლად მიტანისას. ეს კეთდებოდა ტაძარში, როდესაც ისრაელი მიწის პირველნაყოფს სწირავდა მსხვერპლად. ეს წარმოადგენს გაწერილ ფორმულირებას, რომლის პოვნაც მეორე რჯულის 26, 3-10-ში შეგვიძლია. მოცემული ტექსტი YHWH-ს სახელის ექვსმაგ მოხსენიებას შეიცავს, და ისრაელის ყველა მიწათმფლობელს უნდა წარმოეთქვა ეს ტექსტი წელიწადში ერთხელ.

ჩვენ უკვე განვიხილეთ ის შემთხვევები, რომლებშიც აუცილებელი იყო YHWH-ს სახელით ფიცის დადება. ასევე ლევიანების წიგნში იყო განხილული YHWH-ს სახელით ცრუ დაფიცების აკრძალვა:
ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, … (ლევიანნი 19, 12)

თავად ის ფაქტი, რომ ღვთის სახელით ცრუ ფიცის დადება იკრძალება, იმას მოიაზრებს, რომ მისი სახელით ნამდვილი ფიცის დადება ნებადართულია.

ღვთის სახელის გამოყენება ძველ დროში

იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ისრაელის მართალი ადამიანები, რომელთა საქმეებიც თანახშია აღწერილი, უფლის სახელის წარმოთქმას თავს აარიდებდნენ, მისი გამოყენების აკრძალვას რომ ეარსება. თუმცა, როგორც წმინდა წერილიდან ჩანს, ისრაელის ძველი მცხოვრებნი მას რეგულარულად იყენებდნენ. გარდა ამისა, როგორც უკვე ითქვა, ღვთის სახელით ფიცის დადება წახალისებულიც კი იყო (იხ. იერემია 12, 16). თუმცა სახელი, ეგრეთ წოდებულ, ყოველდღიურ სიტუაციებშიც კი გამოიყენებოდა. მაგალითად რუთის წიგნში ბოაზი და იმ დროის ისრაელიანები YHWH-ს სახელს მისალმების ნიშნად წარმოთქვავდნენ:

"ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!" (რუთი 2, 4)

დღეს მისალმების ნიშნად ფორმალურად ვამბობთ: «როგორ ხარ?», – რასაც ჩვეულებრივ ასეთი პასუხი მოსდევს: «ნორმალურად.» (მაშინაც კი თუ ეს ასე არ არის). თუმცა ძველი იუდაური მისალმება იყო «YHWH იყოს თქვენთან!», რასაც ასეთი პასუხი მოსდევდა: «YHWH-მ გაკურთხოს!». ჩანს, რომ ეს ფორმალური მისალმებაა, ჩვენი «როგორ ხარ?»-ის მსგავსი. თანაც, თანამედროვესაგან განსხვავებით, ძველებრაული მისალმება YHWH-ს სახელით დალოცვას შეიცავდა. ასეთი სახის მისალმებას ფსალმუნებშიც ვპოულობთ:

"კურთხეულია უფლის (YHWH) სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის (YHWH) ტაძრიდან". (ფსალმუნი 117, 26)
ლევიანები მომლოცველებს ტაძრის კართან «YHWH-ს სახელით» ლოცავდნენ.

მითითება ღმერთის სახელის გამოყენების შესახებ

აშკარაა, რომ YHWH-ს სახელის გამოყენებაზე არავითარი აკრძალვა არ არსებობს. ერთადერთი აკრძალვა, რომლის შესახებაც წმინდა წერილში ვკითხულობთ, ვრცელდება ღვთის სახელის შეურაცხყოფასა და მისი სახელით ცრუდ დაფიცებაზე. მაგრამ არსებობს თუ არა მცნება, რომელიც ღვთის სახელის წარმოთქმისკენ მოგვიწოდებს? როდესაც ღმერთი მოსეს გამოეცხადა ცეცხლმოდებულ მაყვლის ბუჩქთან და ისრაელიანებთან გაგზავნა რათა მათთვის მონობიდან მომავალი დახსნის ცნობა გადაეცა, მოსემ ყოვლისშემძლეს ჰკითხა, თუ რა უნდა ეთქვა მას ისრაელიანებისთვის იმის შესახებ, თუ ვინ გაგზავნა ის მათთან. ღმერთმა უპასუხა:

"კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე". (გამოსვლა 3, 15)

ბოლო ფრაზა ჩვეულებრივ ასე ითარგმნება …, სადაც სიტყვა זִכְרִי ზიკრი ნათარგმნია როგორც «ჩემი სახსენებელი». ეს თარგმანი იმაზეა დაფუძნებული, რომ ფესვს זכר ბრუნვაში qal გააჩნია მნიშვნელობა «ხსომება». თუმცაღა იგივე ფესვი ბრუნვაში hifil ნიშნავს «ხსენებას», რაც, სრულიად ნათელია, რომ გამოსვლის 3, 15-ის თარგმანს წარმოადგენს. მკაცრად რომ ვთქვათ, ეს ორი მნიშვნელობა ივრითში ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან ფესვ זכר-ს გააჩნია მნიშნელობა «რაღაცის ხსენება» (ან გონებაში – «ხსომება», ან საუბარში – «ხსენება» ). როდესაც საქმე სახელს ეხება, მაშინ, რა თქმა უნდა, ხსენებაზეა საუბარი. სახელი YHWH – ეს არის არა «დასამახსოვრებელი» YHWH, არამედ «სახსენებელი», ანუ ჩვენ უნდა წარმოვთქვავდეთ სახელს, უნდა ვახსენებდეთ მის სახელს.

იგივე ფესვი გამოიყენება სხვა ღმერთების სახელების ხსენების აკრძალვაში, როგორც წერია:
რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგეებს. (გამოსვლა 23, 13)

იესო ნავეს ძეც იძლევა მსგავს მითითებას:
ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ … (იესო ნავეს ძე 23, 7)
ჩვენ ვალდებულნი ვართ წარმოვთქვათ ტეტრაგრამატონი უკუნითი უკუნისამდე და ყველა თაობაში, სხვა ღმერთების სახელების ხსეება კი აკრძალული გვაქვს.

ღვთის სახელი გამოსყიდვის დღეებში

სახელი YHWH ცენტრალურ როლს თამაშობს საბოლოო გადარჩენის მთელ სქემაში. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ყველა ერს აქვს მიცემული დანაპირები რჩეული ერის ნაწილად გახდომასთან დაკავშირებით, ისინი თუ YHWH-ს სახელით დაფიცებას ისწავლიან. როგორც ზაქარია ამბობს, იმის ნიშანი, რომ ღვთის სამეფო მოვიდა, იმაში მდგომარეობს, რომ მას ყველა ერი YHWH-ს სახელით მიმართავს:

"იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება. (ზაქარია 14, 9)"
ეს იმას ნიშნავს, რომ მიმობნევის ეპოქაში ღვთის სახელი დაფარული იქნა და მის ნაცვლად მას სხვადასხვა სახელებით მიმართავენ. თუმცა უკანასკნელ დღეებში მას მთელი კაცობრიობა ერთი ჭეშმარიტი სახელით, YHWH-თი მიმართავს და აღიარებს, რომ ის ერთია.

აშკარაა, რომ ჩვენთვის არა მხოლოდ ნებადართულია სახელი YHWH-ს წარმოთქმა, არამედ ეს ხსნის დღის დასადგომად უნდა გავაკეთოთ კიდეც. იოველი გვასწავლის, რომ ბოლოს ისინი, ვინც ღვთის სახელს მოუხმობენ, გადარჩენილნი იქნებიან სასამართლოსაგან, რომელიც იმ თაობაზე მოაწევს, როგორც წერია:
ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალმიში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. (იოველი 2, 32)



ნეემია გორდონი (1972 –) - მეცნიერი-ჰებრაისტი, კარაიზმის გამოჩენილი მოღვაწე და მკვდარი ზღვის ხელნაწერების კვლევის პროექტის მონაწილე.

--------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: afanasyevjw.blogspot.com




ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:




Комментариев нет:

Отправить комментарий