вторник, 30 марта 2021 г.

რამოდენიმე სიტყვა რეფორმაციის «გმირების» შესახებ



     იმ მილიონობით ქრისტიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიებსა და დენომინაციებს მიეკუთვნებიან, 2017 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ამ წელს რეფორმაციის 500-წლისთავი შესრულდა. მაგალითად, უკრაინაში 2016 წლის 26 სექტემბერს ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანება ამ მოვლენის აღნიშვნასთან დაკავშირებით. სპეციალურად ამ მოვლენისთვის შეიქმნა საიტი R500.ua, რომლის ერთერთ განყოფილებასაც «რეფორმაციის გმირები» ჰქვია. მასში მოთხრობილია რეფორმაციის ისეთი ბურჯების შესახებ, როგორებიც იყვნენ მარტინ ლუთერი (1483 - 1546) და ჟან კალვინი (1509 - 1564). სამწუხაროდ, ის, თუ როგორაა მოწოდებული რეფორმაციის მამების ცხოვრებისეული ფაქტები, ინფორმაციის მოწოდების ობიექტურობაზე არ მეტყველებს.


     რა თქმა უნდა, ძნელია იმის გადაფასება, რაც ლუთერმა და კალვინმა გააკეთეს იმისათვის, რათა უბრალო ადამიანებს დამოუკიდებლად შესძლებოდათ ბიბლიის წაკითხვა. კერძოდ, როგორც სამართლიანად შენიშნავს თანამედროვე ინგლისელი სპეციალისტი ბიბლიურ ჰერმანევტიკაში, ენტონი ტისელტონი, «ლუთერის უდიდეს დამსახურებას ნამდვილად წარმოადგენს მის მიერ ბიბლიის ცოცხალ და გასაგებ გერმანულ ენაზე თარგმნა», რამდენადაც «რომის-კათოლიკურმა ეკლესიამ ბიბლია პრაქტიკულად წმინდა მამების, კერძოდ, თომა აკვინელის წერილებით ჩაანაცვლა», მაშინ როდესაც «ლუთერი დარწმუნებული იყო, რომ თითოეულ მორწმუნეს უნდა ჰქონოდა ბიბლიის დამოუკიდებლად წაკითხვის შესაძლებლობა» [1].

     უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი – ლუთერი და კალვინი – ამა თუ იმ დონით უზომო ენერგიით, კოლოსალური შრომისუნარიანობითა და მძლავრი ინტელექტით გამოირჩეოდა, ხოლო «ამ რეფორმატორების მიერ შემუშავებული ჰერმენევტიკული პრინციპები, თანამედროვე ორთოდოქსალური პროტესტანტული განმარტებისთვის განმსაზღვრელი გახდა» [2].

     თუმცა, მრავალი ადამიანის აზროვნებაში, რეფორმაციის მოხსენიებული მამების სახე, ზედმეტად იდეალიზირებული რჩება.

     მოცემული სტატიის მიზანს, ასე ვთქვათ, მხილება არ წარმოადგენს, თუმცა, ამავდროულად, ავტორი ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ, თუ გვინდა ობიექტურები ვიყოთ (რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს), მზადყოფნით უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტები, რომლებიც შეიძლება საერთოდ ვერ ჯდებოდეს ჩამოყალიბებული შეხედულებების სისტემაში და ამა თუ იმ გაგებით უხერხული იყოს.

      მაშ ასე, რომელია ის ფაქტები, რომელთა იგნორირებაც, სამწუხაროდ, განყოფილება «რეფორმაციის გმირების» ავტორებმა მოახდინეს?

      ლუთერით დავიწყოთ.  როგორც ხუსტო ლ. გონსალესი აღიარებს, «მისი ავტორიტეტი საგრძნობლად დაეცა გლეხთა აჯანყებისა და ფილიპ ჰესენელის ორცოლიანობის გამომჟღავნების შემდეგ» [3, გვ.82]. რაზეა საუბარი?

      როგორც ზემოთ ნახსენები ავტორი გვიყვება, «1524 წელს გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ყოველი ათწლეულის გასვლის შემდეგ გერმანელი გლეხობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმე ხდებოდა, ამიტომ აჯანყებები მანამდეც ხდებოდა - 1476, 1491, 1498, 1503 და 1514 წლებში. თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი ფართომაშტაბიანი და დამანგრეველი, როგორიც 1524 და 1525 წლების გლეხთა ომი იყო. ერთერთი ფაქტორი, რამაც აჯანყება განსაკუთრებით სასტიკი გახადა, მისი რელიგიური ელფერი იყო, იმიტომ რომ მრავალი გლეხის თვალში რეფორმატორული იდეები მათ ეკონომიკურ მოთხოვნებს უჭერდა მხარს … მათ მიერ შედგენილ "თორმეტ მუხლში" გლეხებმა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. საკუთარ პრეტენზიებში ისინი წმინდა წერილის ავტორიტეტით ხელმძღვანელობდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მათი მოთხოვნა წმინდა წერილს არ შეესაბამებოდა, მას მოხსნიდნენ. ამგვარად, მაშინ როდესაც თავად ლუთერი საკუთარ სწავლებასა და აჯანყებას შორის კავშირს ვერ ხედავდა, გლეხებმა ეს კავშირი იგრძნეს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ლუთერი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან არ იცოდა, რომელი პოზიცია უნდა დაეკავებინა. შესაძლოა, ლუთერის ყოყმანი ორი სამეფოს შესახებ მის თეორიასთან იყო დაკავშირებული. როდესაც "თორმეტი მუხლი" პირველად წაიკითხა, მან თავადებს გლეხთა მოთხოვნების სამართლიანობის განცხადებით მიმართა, რომლებიც სასტიკ შევიწროვებას განიცდიდნენ. მაგრამ როდესაც აჯანყება დაიწყო და გლეხებმა ხელში იარაღი აიღეს, ლუთერი ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა, რომ გაცილებით მშვიდობიანი საშუალებები გამოეყენებინათ და საბოლოო ჯამში თავადებს აჯანყების ჩახშობისაკენ მოუწოდა. მოგვიანებით, როდესაც აჯანყება სისხლში იქნა ჩახრჩობილი, მან თავადებს გულმოწყალების გამოვლენა სთხოვა. მაგრამ მის სიტყვებს იგნორირება გაუკეთეს, და, არსებული ცნობების თანახმად, 100 ათასზე მეტი გლეხი იქნა მოკლული»  [3, გვ.43-44]. 

     ხოლო აი რას წერს ამის შესახებ  ფიზიკოსი-პროფესორი, ფილოსოფოსი და მწერალი ი.ი. გარინი (ნამდვილი გვარი - პაპიროვი): «როდესაც ლუთერი გაშმაგებულ ფილიპიკებს შეშლილი ბრბოს მისამართით ისროდა, ის რეფორმაციის რევოლუციისგან გადარჩენას ცდილობდა … როგორც პოლიტიკოსი, ის მაშინვე მიხვდა, თუ რა საშიში იყო სახალხო აჯანყება რეფომაციის საქმისთვის – ზუსტად ამიტომ მოახდინა რეაგირება ბუნტზე» [4, გვ. 235, 250].

     როგორი შედეგები მოუტანა თვითონ ლუთერს გლეხების აჯანყების საკითხთან დაკავშირებით არჩეულმა პოზიციამ? ხუსტო ლ. გონსალესი წერს: «გლეხების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლუთერმა უღალატა, ან ძველ რწმენას დაუბრუნდნენ, ან ანაბაპტისტები გახდნენ» [3, გვ.44].  


     ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან მეორე, რამაც ლუთერის ავტორიტეტის ვარდნა გამოიწვია, თავადი ფილიპ ჰესენელის ორცოლიანობასთანაა დაკავშირებული. სიტყვა კვლავ ხუსტო ლ. გონსალესს გადავცეთ: «თავადი, რომელიც შმალკალდენის ლიგას მეთაურობდა, პატიოსანი ადამიანი იყო, რომელიც უანგარო ერთგულებას ავლენდა პროტესტანტიზმის საქმის მიმართ. თუმცა მისი სინდისი სუფთა არ იყო, რადგან მრავალი წლების განმავლობაში თავის ცოლთან ცოლქმრული ურთიერთობა არ ჰქონდა და ამავდროულად საკუთარ თავში ვერც ასკეტური ცხოვრების ძალას პოულობდა. ის აღვირახსნილი კი არ იყო, არამედ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც სქესობრივი ლტოლვა მოსვენებას არ აძლევდა და რომელსაც დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა მისი დაუშვებელი წესით დაკმაყოფილების გამო. მან რჩევისთვის გამოჩენილ პროტესტანტ ღვთისმეტყველებს მიმართა, და ლუთერიც, მალენჰტონიცა და ბუცერიც (სტარსბურგელი რეფორმატორი) იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბიბლია პოლიგამიას არ კრძალავდა და ფილიპს პირველი ცოლის გაუშვებლად შეეძლო მეორე ცოლის შერთვა. თუმცა ეს საიდუმლოდ უნდა მომხდარიყო, რადგან მრავალცოლიანობა, რომელიც ღვთის თვალში დანაშაულს არ წარმოადგენდა, კანონმდებლობის თვალსაზრისით წარმოადგენდა ასეთს. ფილიპე ასეც მოიქცა, მაგრამ როდესაც საიდუმლო გამომჟღავნდა, დაწყებულმა სკანდალმა ფილიპეც და, მისთვის ასეთი რჩევის მიმცემი ღვთისმეტყველებიც, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაყარა» [3, გვ.81-82].  

უკიდურესად რთულია - თუ საერთოდ შესაძლებელია - დღეს ისეთი პროტესტანტის წარმოდგენა, რომელიც, ლუთერის მსგავსად, იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ «ბიბლია პოლიგამიას არ კრძალავს» და რომ «პირველი ცოლის გაუშვებლად შეიძლება მეორე ცოლის მოყვანა».

     ასევე სრულიად დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ალბათ, სხვადასხვა კონფესიებისა და დენომინაციების წარმომადგენელი ყველა თანამედროვე პროტესტანტი როდი დაეთანხმება ლუთერის შემდეგ აზრს ქრისტიანის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როდესაც თავდამსხმელთაგან თავდაცვა ხდება საჭირო: «ასეთი ომის შემთხვევაში – ქრისტიანული საქმე, სიყვარულის საქმე – უშიშრად რბევა, ძარცვა, მტრის გადაწვაა, ყოველივე იმის კეთებაა, რაც მას (მტერს) ვნებს, სანამ ის უკან არ გაიქცევა (მხოლოდ ცოდვისგან თავის არიდებით, ქალებისა და გოგოების გაუპატიურების გარეშე)» [5, გვ.146].

     მრავალი პროტესტანტი, ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით დაეთანხმება ისტორიკოს ედუარდ გიბონს, რომელიც ადრეულ ქრისტიანებთან დაკავშირებით წერდა: «ისინი უარს ამბობდნენ იმპერიის სამოქალაქო მმართველობისა თუ სამხედრო დაცვის ყოველგვარ საქმიანობაზე … ქრისტიანს არ შეეძლო სამხედრო, თანამდებობის პირის ან მმართველის წოდების მიღება ისე, თუ თავის გაცილებით წმინდა ვალდებულებებზე არ იტყოდა უარს» [6]. 
ასეთივე აზრს გამოთქვავს ისტორიკოსი ვ.გ. ვასილევსკიც: «მთავარი სამოქალაქო ვალდებულების, სამხედრო სამსახურის მოხდა, ქრისტიანებს არ შეეძლოთ» [7].


     ეხლა კალვინზე ვისაუბროთ. ზემოთ ნახსენებ რესურსზე მას ერთადერთი სტატია ეძღვნება - სტატია ეკუთვნის «ქრისტიანთა კავშირის» ქრისტიანული ეკლესიების ასოციაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, სანკტ-პეტერბურგის ქრისტიანული უნივერსიტეტის პროფესორს, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ვ.ა. ბაჩინინს  [8].  კერძოდ, სტატიის ავტორი წერს: 
«კალვინისთვის იმაში შეიძლება ბრალის დადება, რომ ის ზედმეტი თავგამოდებით ატარებდა საკუთარ ნაშრომებში ღვთის მორალურ-იურიდიული დიქტატურის პრინციპს. თუმცა, ამასთან ერთად, სათანადოდ უნდა დაფასდეს ეს თავგამოდებული რეფორმატორი: აღნიშნული პრინციპი მართლას საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა იმ სოციალური ქაოსის გარდასაქმნელად, რომელიც ჟენევაში კალვინის იქ გადასვლისას იყო გამეფებული. რეფორმატორმა ანომიური სიტუაციის, კანონიერებისა და სტაბილურობის დალაგებულ მშვიდ სიტუაციად გადაქცევა მოახერხა».

      როგორ მოახერხა კალვინმა «ანომიური სიტუაციის, კანონიერებისა და სტაბილურობის დალაგებულ მშვიდ სიტუაციად გადაქცევა»? სიტყვა კვლავ ვ.ა. ბაჩინინს მივცეთ: 
«კალვინის ინიციატივით მთელი ქალაქი საეკლესიო მმართველობის უმაღლეს ორგანოს და საეკლესიო სასამართლოს - კონსისტორიას გადაეცა, რომელიც 18 წევრისაგან შედგებოდა, რომელთაგან 6 სასულიერო იყო, 12 კი სამოქალაქო. მის ამოცანას წარმოადგენდა ეკლესიის თითოეული წევრის ყოველდღიური ცხოვრების დაუღალავი კონტროლი, რათა მათი საქციელი მორალური ნორმების შესაბამისი ყოფილიყო, მათი სახლების რეგულარულად მონახულება, რომელსაც თან სდევდა ზნეობრივი ხასიათის დამრიგებლური საუბრები. შექმნილი იქნა “ჩაფრების” ინსტიტუტი, რომლებიც მაძებართა ფუნქიებს ასრულებდნენ, და სააშკარაოზე გამოჰქონდათ ყველაფერი, იმის ყველაზე მცირედი მცდელობებიც კი, თუ ვინმე შექმნილი თეოკრატიული ინსტიტუტებისადმი გაჯიუტებას შეეცდებოდა. კონტროლი თითოეული მოქალაქის საქციელის, მისი საუბრების, პირადი ცხოვრების, ზნეობის, საჭმლისა და ტანსაცმლის მკაცრ ზედამხედველობად გადაიქცა. დახურული იქნა ყველა კაფე, დადგენილი იქნა აკრძალვები მრავალ სახალხო გართობებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე, აზარტულ თამაშებზე, ცეკვებზე, მოდურ ტანსაცმელსა და ვარცხნილობებზე, და ხმამაღალ სიცილზეც კი. მაძებრები თვალყურს ადევნებდნენ მრევლის საქციელს ქადაგებებისას და ყველა მათგანს აპატიმრებდნენ, ვინც გაუფრთხილებლად მოიქცეოდა და უადგილო ადგილას გაიღიმებდა ან თამბაქოს შეიყნოსავდა. კონტროლი საზოგადოებრივ ცხოვრებასაც მოიცავდა, მათ შორის ვაჭრობის სფეროს. მაგალითად, ვაჭრები მკაცრად ისჯებოდნენ ნებისმიერი ფორმის უპატიოსნობისა და მყიდველების მოტყუებისათვის. კონტროლი იმდენად ტოტალური იყო, რომ მოქალაქეებს ხადახან ეჩვენებოდათ, თითქოს ყველა სახლის კედლები გამჭვირვალე გამხდარიყოს. წესრიგის დამრღვევთა მიმართ, დანაშაულის დონიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა შემდეგი სასჯელები - საყვედური, ცოდვის საჯაროდ აღიარება, ზიარების აკრძალვა, ეკლესიიდან გარიცხვა. თუ გაცილებით მკაცრი სასჯელი იყო საჭირო, მაშინ კონსისტორია დამნაშავეს სამოქალაქო სასამართლოს გადასცემდა, რომელიც ისეთ სასჯელებს აკისრებდა, როგორებიც იყო პატიმრობა, განდევნა, ეშაფოტი და კოცონი. სამართალწარმოების პროცესი მკაცრი და სასტიკი ხასიათითაც კი გამოირჩეოდა. კონკრეტული პირის მიმართ სასამართლო გარჩევის წამოსაწყებად მხოლოდ და მხოლოდ ეჭვიც კი საკმარისი იყო. დაიშვებოდა წამების გამოყენება და შვილების მშობლების წინააღმდეგ მოწმეებად გამოსვლა. მაგისტრატის წევრებს მიაჩნდათ, რომ იქ, სადაც საქმე «ღვთის განდიდებას» შეეხებოდა, ძალიან ბევრი რამ იყო დაშვებული, მათ შორის დაბეზღებები, ხელ-ფეხისა და თავის მოკვეთა და ამის მსგავსი. თავად კალვინი არ იყო სოციალური კონტროლის ასეთი რადიკალური საშუალებების გამოყენების მომხრე. თუმცა რეპრესიული სამართალაღსრულების გაშვებული მანქანის შეჩერება მას უკვე აღარ შეეძლო. ჟენევის ხელისუფლების სათავეში მისი თხუთმეწლიანი პერიოდის განმავლობაში ათობით ადამიანი იქნა დასჯილი სიკვდილით, რამაც იმის ლაპარაკის საბაბი გააჩინა, რომ პროტესტანტული კონსისტორია კათოლიკური ინკვიზიციის მსგავსი გახდა, კალვინს კი “ჟენევის პაპი” შეარქვეს».

     ზუსტად ამის შესახებ წერს ასევე შტეფან ცვაიგიც თავის წიგნში «სინდისი ძალადობის წინააღმდეგ: კასტელიო კალვინის წინააღმდეგ» [9], მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას, ციტირებული სტატიის ავტორისგან განსხვავებით, არ მიაჩნდა, რომ «კალვინი არ იყო სოციალური კონტროლის ასეთი რადიკალური საშუალებების გამოყენების მომხრე», პირიქით, ის მიიჩნევს, რომ კალვინი იყო ზემოთნახსენები საშუალებების გამოყენების ინიციატორი.

     აი კალვინისეული კონსისტორიის დროინდელ ჟენევაში არსებული სიტუაციის კიდევ ერთი აღწერილობა: 
«ეჭვი მეპარება, თუნდაც იმ დროს, გვეპოვა სხვა სახელმწიფო, რომელშიც ასეთი მცირე მოსახლეობის პირობებში და ასე მოკლე დროის განმავლობაში, ასე ბევრი განაჩენი აღსრულებულიყოს: 58 სასიკვდილო განაჩენი და 76 დეკრეტი განდევნის შესახებ. შედარებით ისეთი მშვიდი პერიოდი, როგორიც ჟენევაში მისი საქმიანობის პირველი პერიოდი იყო (1542--1546 წ.), საუკეთესოდ აჩვენებს, თუ როგორი მონდომებით იყენებდნენ ჟენევის ხელისუფალნი საკუთარ უფლებებს. თუმცა გაცილებით უფრო საშინელი ის სისასტიკე იყო, რომლითაც თავად სამართალაღსრულება გამოირჩეოდა. წამება ნებისმიერი დაკითხვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა - ბრალდებულს მანამდე აწამებდნენ, სანამ ბრალდებებს არ აღიარებდა, ხშირად იმ დანაშაულებში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ბავშვებს მშობლების წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენებების მიცემას. ხანდახან უბრალო ეჭვიც კი საკმარისი იყო არა მხოლოდ დასაპატიმრებლად, არამედ გასასამართლებლადაც: იმ 76 ადამიანის რიცხვში, რომლებსაც განდევნა მიესაჯათ, 27 მხოლოდ და მხოლოდ ეჭვის საფუძველზე იქნა გასამართლებული. ჟენევაში ადამიანის სიცოცხლემ თითქოს ყოველგვარი ფასი დაკარგა. განსაკუთრებით სასტიკად შავი ჭირის ვითომ გამავრცელებლებს ეპყრობოდნენ. იმ პერიოდში ევროპაში შავი ჭირი მძვინვარებდა და რამოდენიმეჯერ ჟენევასაც დაატყდა თავს. როგორც ყოველთვის, მისი გავრცელება უვიცი ადამიანების მავნე მაქინაციებს მიეწერებოდა, მომწამვლელებს, თუმცა ამ ხმებს არსად არ ჰქონია ისეთი საშინელი შედეგები, როგორიც ჟენევაში. საკმარისი იყო მხოლოდ ეჭვი, რათა ასეთი წარმოსახვითი მომწამვლელი უმკაცრეს დაკითხვას დაქვემდებარებულიყო მთელ მის ატრიბუტიკასთან ერთად. 1545 წლის დასაწყისში, ამ უბედურების, "ჯადოქრობაში, ეშმაკთან კავშირში, დაავადების გავრცელებაში" ბრალდებულების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ყველა საპყრობილე მათით იყო სავსე და ციხის ზედამხედველი საბჭოს მოახსენებდა, რომ პატიმრების მიღება აღარ შეეძლო. მათ ნამდვილი ბარბაროსებივით ეპყრობოდნენ. წამების ძველი ილეთები ძალიან სუსტი ეჩვენებოდათ და ხელისუფლებამ ამ მხრივ ჯოჯოხეთური გამომგონებლობა გამოავლინა. ხშირად საწყლები წამების დროს იხოცებოდნენ, როდესაც საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ; სხვები, იმედგაცრუებულნი თავებს იკლავდნენ "სატანის ჩაგონებით", როგორც პროტოკოლები გვამცნობენ. 1545 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდის განმავლობაში 34 ასეთი "მომწამვლელი" სასიკვდილო განაჩენის სრულიად აღმაშფოთებელი საშუალებებით დაიხოცნენ. საბოლოოდ, თავად კალვინმა საჭიროდ მიიჩნია ასეთი უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ გამოეთქვა პროტესტი; მან მოითხოვა, რომ ჯალათებს უფრო სწრაფად და ფრთხილად მოეყვანათ სისრულეში სასჯელები. თუმცა საერთო ჯამში ის სრულიად კმაყოფილი იყო ხელისუფლების ასეთი სიმკაცრით და თავადაც კი არ ერიდებოდა მავნე პირთა დაბეზღებას» [10]. 

     ეხლა სიტყვა ი.ი. გარინს მივცეთ: 
«კალვინს უსაფუძვლოდ როდი სდებენ ბრალს იმაში, რომ ჟენევა ასკეტურ მონასტრად, სამლოცველო ტაძრად, ახალ სპარტად გადააქცია. კი ის მართლა აქცევდა ცხოვრებას თავისი რელიგიური დოქტრინების ძლიერ მარწუხებში, მართლა მიმართავდა უკიდურესობებს, ფესვებიანად ძირკვავდა ცეკვებს, თეატრალურ წარმოდგენებს, რომანებს და უამრავ სრულიად უწყინარ საქმეებს». 
შემდეგ ავტორი წერს: 
«ის აღვირახსნილობაში და უზნეობაში ჩაფლულ ჟენევაში ჩავიდა, და ხალხი საპირისპირო უკიდურესობისკენ გადახარა; საშინელი ზნეობრივი გახრწნილების შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოხმარების საგნად მიიჩნეოდა, მან ისეთი რამეებიც კი დანაშაულად მონათლა, რაც საერთოსაკაცობრიო თვალსაზრისით ყოველთვის უწყინარ საქმედ ითვლებოდა» [11, გვ.69].


     ამ ფაქტებიდან გამომდინარე შეუძლებელია კითხვა არ გაჩნდეს იმის შესახებ, გაამართლა თუ არა კალვინის მიერ მიღწეულმა მიზანმა – ჟენევაში «კანონიერებისა და სტაბილურობის დალაგებულ მშვიდ სიტუაციად გადაქცევა» [8] – ის საშუალებები, რომლითაც ეს მიზანი იქნა მიღწეული? კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს საშუალებები: მაძებრებისა და მაბეზღრების ჩამოყალიბებული ინსტიტუტის საშუალებით ეკლესიის თითოეული წევრის ყოველდღიური ცხოვრების დაუღალავი კონტროლი, რამაც მკაცრი ზედამხედველობის ფორმა მიიღო, განდევნა, პატიმრობა, წამება, ეშაფოტი, კოცონი…

       ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს კალვინის მხრიდან იმის მცდელობა [8],  რათა ჟენევაში გატარებული რეპრესიული ზომები მორალის ბიბლიური ნორმებით გაემართლებინა.  მასში, კერძოდ ნათქვამია: 
«კალვინისტური თეოკრატიული თეორიის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი იდეოლოგია ადამიანების აზროვნებაში აღწევდა და ისინი სრულიად გულწრფელად იღებდნენ მის რეპრესიულ მექანიკას, როგორც მართებულ რამეს და გულწრფელად სჯეროდათ მისი განმკურნებელი ძალის. კალვინის დროს ჩვეულებრივად იქცა სიტუაციები, როდესაც, მაგალითად, ვაჭარი, რომელსაც უზნეობის გამო ჰქონდა მისჯილი სიკვდილი, ეშაფოტზე ღვთისა და სამშობლოსადმი სამადლობელი სიტყვებით ადიოდა, მისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანისთვის. კაცი იქნებოდა თუ ქალი, რომელსაც ჯადოქრობაში დასდებდნენ ბრალს, კოცონზე დაწვის წინ, ღმერთს და კალვინს უხდიდნენ მადლობას იმის გამო, რომ ასეთი სიკვდილი მათ სულებს მარადიული დაღუპვისაგან იხსნიდა».

      სამწუხაროდ, რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილ საიტზე, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ეგრეთ წოდებულ «სერვეტის საქმეზე» (იქნებ, ამ რესურსის შემქმნელებს ამ ინფორმაციის მოგვიანებით გამოქვეყნება აქვთ გეგმებში?). 

      რაში მდგომარეობს ამ «საქმის» არსი? მოკლედ თუ ვიტყვით, მაშინ «სერვეტი ესპანელი ექიმი იყო, რომლის ნაშრომებმაც ფსიქოლოგიის სფეროში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. თუმცა ის ასევე რამოდენიმე საღვთისმეტყველო ტრაქტატის ავტორიც გახლდათ, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ ეკლესიის სახელმწიფოსთან კავშირი, რომელიც კონსტანტინეს მოქცევის შემდეგ დაიდო, ფაქტობრივად, დიდ განდგომილებას ნიშნავდა და რომ ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელმაც სამების სწავლების შესახებ გამოაცხადა, ამით ღმერთს მიაყენა შეურაცხყოფა. მან ფრანგული ციხიდან გაქცევა მოახერხა, სადაც კათოლიკური ინკვიზიცია ერესის გამო უპირებდა გასამართლებას, მაგრამ, როდესაც გავლით ჟენევაში აღმოჩნდა, ის ამოიცნეს. დააპატიმრეს და კალვინმა მის წინააღმდეგ ოცდათვრამეტი პუნქტისაგან შემდგარი ბრალდებების სია შეადგინა. ჟენევაში მცხოვრები კალვინის მოწინააღმდეგეებმა სერვეტის მხარე დაიკავეს იმ პირობით, რომ მას ერესში კათოლიკები სდებდნენ ბრალს და ამიტომ მას ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც მოკავშირეს. საქალაქო საბჭომ რჩევისთვის შვეიცარიის სხვა პროტესტანტულ კანტონებს მიმართა, თუმცა ყველა ერთიან დასკვნამდე მივიდა, რომ სერვეტი - არა მხოლოდ კათოლიკური საზომით, არამედ პროტესტანტული საზომითაც ერეტიკოსი იყო. ამან უთანხმოებებს ბოლო მოუღო და სერვეტი კოცონზე დაწვეს, თუმცა კალვინი სიკვდილით დასჯის ნაკლებად სასტიკი მეთოდის იდეით გამოდიოდა, თავის მოკვეთით. სერვეტის სიკვდილით დასჯის გარემოებები მკაცრ კრიტიკას ექვემდებარებოდა, კერძოდ სებასტიან კასტელიოს მხრიდან, რომელიც კალვინმა მანამდე გააძევა ჟენევიდან იმის გამო, რომ მან ქებათა-ქების წიგნი ისე განმარტა, როგორც პოემა ეროტიული სიყვარულის შესახებ. თუმცა ცნობილი ექიმის, სერვეტის კოცონზე დაწვას, მრავალი შემდგომაც კალვინის უკიდურესი დოგმატიზმის სიმბოლოდ მიიჩნევდა. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი მკაცრი შეფასების საკმარისი საფუძველი არსებობს, როგორც თავად სასამართლოს, ასევე იმ როლისა, რომელიც ამ ყველაფერში კალვინმა ითამაშა» [3, გვ.64-65].

     მიგელ სერვეტის სიკვდილით დასჯაში კალვინის პირდაპირი თანამონაწილეობის აღიარების შემდეგ, ამ სიტყვების ავტორი ცდილობს მაინც როგორღაც გაამართლოს კალვინი (რაც, ჩვენი აზრით, მიზანს ვერანაირად ვერ აღწევს): «თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს ერესებს ევროპაში ერთნაირად ებრძოდნენ როგორც კათოლიკები, ასევე პროტესტანტები. სერვეტს ფრანგულმა ინკვიზიციამაც სიკვდილი მიუსაჯა, რომელმაც მხოლოდ იმიტომ ვერ დაწვა ის კოცონზე, რომ მან გაქცევა მოახერხა» შემდეგ კი ამატებს: «სერვეტის სიკვდილით დასჯის შემდეგ ჟენევაში კალვინის ავტორიტეტი უდავო გახდა».

     თუმცა, ჩვენი აზრით, ამ საკითხის უფრო დაწვრილებით განხილვაა საჭირო, «სერვეტის საქმის» იმ ზოგიერთი გარემოებების მოხსენიებით, რომელთა შესახებაც არაფერია ნათქვამი [3]. ეს ამ საქმეში რეფორმაციის ბელადის როლის გაცილებით სრული სურათის შედგენაში დაგვეხმარება. 

     ეხლავე უნდა ითქვას, რომ ამ საკითხის განხილვისას ძალიან რთულია ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენა, რაც ჩანს კიდეც იქიდან, თუ როგორი სახით აღწერენ ამ სიტუაციას შტეფან ცვაიგი და ი.ი. გარინი, რომელიც ამტკიცებს, რომ «შტეფან ცვაიგმა ფიცხი წიგნი დაწერა, რომლის 50% მამხილებელი ეპითეტებით შედგება და რომლის მიზანსაც ჰუმანისტი კასტილიოს სინდისის კალვინის “პროტესტანტული ტოკვემადის” ძალადობასთან დაპირისპირება წარმოადგენს» [11, გვ. 92]. ვერ ვიტყვით, რომ ი.ი. გარინი შ. ცვაიგის ნაწარმოების შეფასებისას ჭეშმარიტებისაგან შორს არის, ალბათ მხოლოდ მის მიერ მითითებული პროცენტული თანაფარდობა თუ შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.

     მაშ ასე, როგორ შეფასებას აძლევენ კალვინის როლს «სერვეტის საქმეში» მოხსენიებული ავტორები?

     თავიდან ი.ი. გარინის პოზიციაზე შევჩერდეთ. კერძოდ ის წერს: 
«მე არანაირად არ მსურს სერვეტის საქმეში კალვინის როლის დაკნინება – ჩემი გმირის ცხოვრების ამ შავი ფურცლის გათეთრება, – თუმცა მე არ ვიღებ ცვაიგის მიერ წამოყენებულ ვერსიას, “პროტესტანტული ტორკვემადის” სატანური დახელოვნებულობის შესახებ, საცოდავი, ნახევრად შეშლილი ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში, რომელიც საკუთარ თავს ცუდად ფლობდა». 
შემდეგ აგრძელებს: «თუმცა სერვეტის გასამართლებაში კალვინის ბრალეულობა ეჭვს არ იწვევს, მისი როლი არანაირად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ის ინკვიზიციის ქმედებებთან იყოს შედარებული… კალვინი დამნაშავეა სერვეტის გასამართლებაში, თუმცა მისი ბრალეულობა მრავალ სხვა მონაწილეზეც უნდა იყოს გადანაწილებული, მათ შორის შვეიცარიის ყველა ეკლესიების მთავრებზე – ბულინგერზე, ვირეზე, ფარელზე, ბეზასა და სხვებზე.» [11, გვ.102, 104].

     როგორც ქვემოთ დავინახავთ, შტეფან ცვაიგის პოზიცია სწორხაზოვანი და კატეგორიულია – ესაა ის პოზიცია, რომლის არ მიღებაზეც საუბრობს ი.ი. გარინი.

    მაშ ასე, რას გვეუბნება «სერვეტის საქმეზე» შტეფან ცვაიგი? უპირველეს ყოვლისა, ის ყურადღებას იმ მოტივებზე ამახვილებს, რომლითაც სერვეტი ხელმძღვანელობდა კალვინთან დოგმატურ საკითხებზე პოლემიკაში შესვლისას, რომელთაგან უმთავრესიც სამების შესახებ სწავლება იყო. სერვეტის აზრით, რომელიც მოდალიზმის (სწავლება, რომლის თანახმადაც, მამა, ძე და წმინდა სული მარადიული ღმერთის სამ მარადიულ პირს კი არ წარმოადგენენ, არამედ ერთგვარ დროებით მოდუსებს, რომლებშიც ღმერთი საკუთარ თავს ავლენს) პოზიციიდან გამოდიოდა, სამების დოგმატი ბიბლიური ჭეშმარიტების დისკრედიტაციას ახდენდა და ამასთან დაკავშირებით კალვინს მისწერა: «მე ხშირად გიხსნიდი, რომ მცდარ გზას ადგახარ, როდესაც ღვთის სამ ჰიპოსტასად საშინელ დაყოფას ეთანხმები» [9, გვ.119-120].       

     კალვინის ოპონირებისას, მიგელ სერვეტი შემდეგნაირად მოქმედებდა: ის კალვინის საღვთისმეტყველო ნაშრომებს იკვლევდა და მინდვრებზე აკეთებდა მინაწერებს, რომლებშიც საკუთარ შენიშვნებს გამოთქვავდა, რის შემდეგაც ამ მასალას კალვინს უგზავნიდა. როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე კალვინს? აი მისი სიტყვები მისი მეგობრის, ფარელისადმი მიწერილი წერილიდან: «სერვეტი ჩემს წიგნებს იმ ძაღლივით ესხმის თავს, ქვის კბენას რომ ცდილობს, და მათ შეურაცხმყოფელი შენიშვნებით ბილწავს. ამ პიროვნების სიტყვებს იმდენივე ყურადღებას ვაქცევ, რამდენსაც ვირის ყროყინს» [9, გვ.120].    
   
     ამასთან დაკავშირებით თავს მცირედი კომენტარის გაკეთების უფლებას მივცემთ. ჩვენი აზრით, რეფორმაციის ბელადი ამ შემთხვევაში კონსტრუქციული პოლემიკის «წმინდა» წესს არღვევს: უშუალოდ ოპონენტის არგუმენტაციაზე უნდა მოახდინო «თავდასხმა», და არა მის პიროვნებაზე. გარდა ამისა, იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც კალვინი აღმოჩნდა, იმის მკაფიო ბიბლიური ხელმძღვანელობა არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცე: «მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას» (1 პეტრე 3:15, ბიბლია - საპატრიარქოს გამოცემა).

შემდეგ შ.ცვაიგი, როდესაც იმას ახსენებს, რომ სერვეტმა კალვინის ნაშრომის «დადგენილების» საპირწონედ თავისი ნაშრომი «აღდგენა» შექმნა, შენიშნავს, რომ «კალვინის საკუთარ რწმენაში მოქცევის პათოლოგიური სურვილი და სერვეტის დაუცხრომელი მომაბეზრებლობა, კალვინს ყელში ეჩხირება». ამის შედეგად კალვინი კიდევ ერთხელ სწერს ფარელს: «სერვეტმა ცოტა ხნის წინ წერილი მომწერა და მას საკუთარი მსჯელობების სქელი დასტა დაურთო, რომელშიც წარმოუდგენელი თავხედობით ამტკიცებს, რომ ამ მასალიდან გამაოგნებელ ჭეშმარიტებებს ამოვიკითხავ. ის მწერს, რომ თუ ამას ვისურვებ, მზად არის დაუყოვნებლივ ჩამოვიდეს… მაგრამ მე ამისთვის თითსაც არ გავანძრევ, მაგრამ ის თუ მაინც ჩამოვა, მაშინ, რადგან ჯერ კიდევ გამაჩნია ამ ქალაქში გარკვეული გავლენა, ნამდვილად შევეცდები აქედან ცოცხალი აღარ გავუშვა» [9, გვ.120-121]. 
      
კვლავ პატარა კომენტარს გავაკეთებთ კალვინის რექციასთან დაკავშირებით «სერვეტის დაუცხრომელ მომაბეზრებლობაზე». ნუთუ სერვეტისგან «მსჯელობების სქელი დასტის» მიღება - თხზულებების, რომლებშიც განსხვავებული შეხედულებები ან განსხვავებული საღვთისმეტყველო საკითხები იყო წარმოდგენილი, - იმის საკმარისი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, რათა «აქედან ცოცხალი აღარ გა[ე]შვა»?

    როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, კი. 1553 წლის 27 ოქტომბერს მიგელ სერვეტი ჟენევაში, შამპელის მოედანზე იქნა კოცონზე დამწვარი. მისი ბოლო სიტყვები იყო: «იესო, მარადიული ღმერთის ძეო, შემიწყალე!»

     «სერვეტის სიკვდილით დასჯით, კალვინი ამ საყოველთაო-ისტორიული მნიშნელობის ნაბიჯს დგავს პროტესტანტული ინკვიზიციისაკენ, დაუდევრად თელავს რეფორმაციის მიერ გამოცხადებულ “ქრისტიანის თავისუფლების” უფლებას, ერთი ხელის მოსმით ეწევა კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ ათას წელზე მეტხანს ყოყმანობდა, სანამ პირველი ადამიანის ცოცხლად დაწვა შეძლო რწმენის საკითხების საკუთარი განმარტებებისათვის. კელვინმა კი თავისი სულიერი ტირანიის ამ საზიზღარი აქტით რეფორმაცია თავისი ბატონობის მეორე ათწლეულში უზრუნველყო და მორალური გაგებით მისი საქციელი, ალბათ გაცილებით უფრო საზიზღარია, ვიდრე ტორკვემადის ყველა დანაშაული, ერთად აღებული» [9, გვ.148]. ასეთი განაჩენი (ნამდვილად, ემოციურად შეფერადებული) გამოუტანა კალვინs შტეფან ცვაიგმა. უნდა გავიზიაროთ თუ არა მისი შეფასება? აქ ყველამ პირადად უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვას, საკუთარი სინდისიდან გამომდინარე.

     ხოლო ასე გამოიყურება კალვინისთვის გამოტანილი, ფრანგი ღვთისმეტყველისა და მქადაგებლის, სებასტიან კასტელიოს (1515 - 1563) ვერდიქტი, რომელსაც ერთ დროს თავადვე მოუწია კალვინის მხრიდან თავდასხმის ობიექტად ყოფნა: 
«სერვეტი სიკვდილით ან იმის გამო დასაჯეს, რომ ფიქრობდა, რას ლაპარაკობდა, ან იმის გამო, რომ ის, საკუთარი შინაგანი რწმენის თანახმად, იმას ლაპარაკობდა, რასაც ფიქრობდა. შენ თუ ის იმის გამო მოკალი, რომ მან საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, მაშინ ის სიმართლისთვის მოგიკლავს, რადგან სიმართლე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ის ილაპარაკო, რასაც ფიქრობ, მაშინაც კი, თუ ცდები. მაგრამ შენ თუ ის მხოლოდ შეხედულებების მცდარობის გამო მოაკვლევინე, მაშინ შენი ვალი მისი ჭეშმარიტი შეხედულებებისაკენ მობრუნება ან წმინდა წერილებით ხელში იმის დამტკიცება უნდა ყოფილიყო, რომ ყველა, ვინც ჭეშმარიტი რწმენის საკითხებში ცდება, სიკვდილით უნდა იქნას დასჯილი» [9, გვ.182].


     ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდნენ ერესებსა და ერეტიკოსებს, რეფორმაციის ორ მამას – ლუთერსა და კალვინს – განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. 

     მაგალითად, ლუთერი წერდა: «ერესთან ძალის დაპირისპირება არასოდეს არ შეიძლება… აქ მხოლოდ ღვთის სიტყვამ უნდა იბრძოლოს; თუ მოცემულ შემთხვევაში ღვთის სიტყვა ვერაფერს გადაწყვეტს, მაშინ მას ვერც საერო ხელისუფლება გადაწყვეტს, მთელი მსოფლიო რომ სისხლში ჩაახრჩოს. ერესი – სულიერი საქმეა; მას ვერანაირი რკინით ვერ მოკვეთ; ვერანაირ ცეცხლში ვერ დაწვავ; ვერანაირ წყალში ვერ დაახრჩობ. ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვაა საჭირო» [5, გვ.138].

      შესაძლოა, ლუთერის ასეთი პოზიციის ფესვებს ის წარმოადგენს, რომ ის «არ თვლიდა, რომ წმინდა წერილის განმარტებასა და გაგებას შეიძლება ბოლო ჰქონოდა. წმინდა წერილის აზრი უსაზღვროა, ის გზები კი, რომლითაც მკითხველამდე გამოცხადება მიდის, ურიცხვია. ამგვარად, ლუთერი ყოველთვის გახსნილი იყო სხვადასხვა სახის განმარტებებისათვის… ლუთერი სულაც არ მიიჩნევდა, რომ მორწმუნეებს ეკზეგეზის ერთადერთ სწორ საშუალებებს აძლევდა, და საკუთარ ქადაგებებში ადგილს ტოვებდა ამა თუ იმ მუხლის სრულიად განსხვავებული განმარტებებისათვის» [12]. 

ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მისი შეურიგებელი პოლემიკა უდიდეს ჰუმანისტ ერაზმუს როტერდამელთან წინასწარგანსაზღვრულობის საკითხთან დაკავშირებით. აი რას წერს ამასთან დაკავშირებით შ. ცვაიგი: 
«ტემპერამენტიანი ლუთერი, ადამიანი, რომელიც დროდადრო ძალადობრივი ილეთებით სარგებლობდა, ერაზმუსთან მხოლოდ დავით შემოიფარგლება, თუმცა ის ამ დავაში უტაქტო და დაუშვებლად უხეშია, მაგრამ მას თავშიც კი არ მოსდის მისი იდეული მოწინააღმდეგის სამოქალაქო სასამართლოსთვის გადაცემის აზრი, მისთვის ბრალად ერესის წაყენება მხოლოდ იმის გამო, რომ მის სწავლებებს არ ეთანხმება» [9, გვ.135].

    როგორც ჩანს, თანამედროვე ქრისტიანი-პროტესტანტების უმრავლესობის სიმპათია ამ საკითხში ლუთერის მხარეზე იქნება.

    აშკარაა, რომ ნებისმიერ სტატიას უნდა ჰქონდეს ერთგვარი დასკვნა, რომელიც მასში განხილული საკითხების შეჯამებას გააკეთებს. თუმცა ამ სტატიის ავტორს ამ წესის დარღვევა და მკითხველისთვის იმის საშუალების მიცემა სურს, რომ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე, რომლებიც იმ ისტორიულ პიროვნებებს ეხება, ვინც «რეფორმაციის გმირების» კატეგორიას არიან მიკუთვნებულნი, დასკვნა თვითონ გააკეთოს.
    

წყაროების სია:
(წყაროში მოცემული ყველა მასალა ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე)

1. Тисельтон Э. Герменевтика /  Пер. с англ. – Черкассы: Коллоквиум, 2011. – с. 142.
2. Верклер Генри А.. Герменевтика. Принципы и процесс толкования Библии. - Schaumburg, Illinois: Gospel Literature Services, 1995.  – с.41. 
3.  Хусто Л. Гонсалес. «История христианства». Том II. От эпохи Реформации до нашего времени. – СПб.: «Библия для всех», 2002. –  377 с.
4. Гарин И.И. Лютер. – Харьков: Фолио, 1994. – 286 с. 
5. Лютер Мартин. Время молчания прошло. Избранные произведения 1520 – 1526 гг. / Пер. с нем. Ю.А. Голубкина. 2-е изд. – Х.: Око, 1994. – 352 с. 
6. Гиббон Э. История упадка и разрушения римской империи. – СПб., 1997. Ч.2. - с. 37.
7. Васильевский В.Г.  Лекции по истории средних веков. - СПб: Алетейя, 2008. - с.85.
8. Бачинин В.А. Жан Кальвин и его социальная антропология // Вопросы истории. – 2010. – №6 – с. 107–116.
9. Цвейг С. Совесть против насилия: Кастеллио против Кальвина. – М.: Мысль, 1986. – 238 с.  
10. Порозовская Б.Д. Иоганн Кальвин. Его жизнь и реформаторская деятельность. –  СПб.: Тип. Ю. Н. Эрлих, 1891. –  104 с.  
11. Гарин И.И. Кальвин. – Харьков: Фолио, 1994. – 128 с.
12. Юджин Петерсон, Гордон Д. Фи, Элмер Дик, Дж. Пакер, Крэг М. Гай, Лорен Уилкинсон, Джеймс М. Хьюстон. Библия в современном мире: аспекты толкования / Пер. с англ. Е. Канищева. – М.: Триада, 2002. – с.207.


იგორ ლისენკო
Igor.v.lysenko@gmail.com
----------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий