среда, 17 марта 2021 г.

ახალი შეთანხმება და გახსენების საღამოში მონაწილეობა




ახალი შეთანხმება და ზეციური მოწოდება
გახსენების საღამოს სიმბოლოები, რომლებიც ზეციურ მოწოდებაზე მიუთითებენ
გახსენების საღამოს სიმბოლოების როლი ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებისათვის
იოანეს 6:53




შეკითხვას «ვის შეუძლია გახსენების საღამოში მონაწილეობის მიღება?» შეგვიძლია აქტუალური ვუწოდოთ, განსაკუთრებით შესაბამისი თარიღის - იესო ქრისტეს გახსენების საღამოს (უფლის სერობა) - მოახლოებისას. ამასთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები მომისმენია მათი მხრიდან, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ. ასეთ ხალხთან ურთიერთობისას, სულ უფრო მეტად მიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ მათი უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ ჩაუწვდომელი რჩება ამ მოვლენის არსი და მისი მიზეზი და მიზანი. საერთოდ რისთვის იქნა დაწესებული გახსენების საღამო? რას ასიმბოლოებდა ის? რა მიიღწეოდა მისი წყალობით?

მრავალი გავრცელებულ წარმოდგენას იზიარებს იმის შესახებ, რომ გახსენების საღამოში ყველა ქრისტიანი უნდა იღებდეს მონაწილეობას გამონაკლისის გარეშე. მათი აზრით, ამით ისინი ქრისტეს მიმართ საკუთარ რწმენას, მის მიერ წარმოდგენილი გამოსასყიდის რწმენას ამტკიცებენ და, საერთოდ, საკუთარ გადარჩენაში რწმუნდებიან. მიუხედავად ამისა, მოცემული საკითხის ღრმა ბიბლიურ კვლევას ცოტა არ იყოს განსხვავებულ დასკვნებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ეცდებიან უფლის გახსენების საღამოს ყოველწლიურ აღნიშვნას დაესწრონ, რომელიც, ბიბლიური კალენდრის თანახმად, 14 ნისანს აღინიშნება. თუმცა, ყველა ქრისტიანს შეუძლია თუ არა მასში მონაწილეობის მიღება, გახსენების საღამოს სიმბოლოების - უფუარი პურისა და ღვინის მიღება? ყველას არა. მხოლოდ მათ, ვისაც ქრისტეს სამეფოში, ზეციური მოწოდება აქვთ, რათა მასთან ერთად იმმართველონ. 


ახალი შეთანხმება და ზეციური მოწოდება



მაშ ასე, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება გახსენების საღამოში – ყველა ქრისტიანს მათი მოწოდების მიუხედავად თუ მხოლოდ მათ, რომლებსაც ზეციური მოწოდება აქვთ, რათა ქრისტესთან ერთად იმმართველონ? პასუხს თავად იესოს სიტყვებში ვპოულობთ, რომელმაც გახსენების საღამოს დაწესებისას თქვა:
«ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემის სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს» (ლუკა 22:20).


ზემოთ მოყვანილი მითითების თანახმად, ისინი, ვინც გახსენების საღამოს სიმბოლოებს იღებენ, ახალ შეთანხმებაში შედიან. შეიძლება ვინმემ თქვას: «ამ შეთანხმებაში ყველა ქრისტიანი იღებს მონაწილეობას, გინდ ზეციური მოწოდება ჰქონდეს და გინდ მიწიერი, ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს სიმბოლოები». თუმცა ასეთი მოსაზრება აბსოლუტურად არ ეთანხმება ახალაღთქმისეულ დადგენილებას. 

გვინდა ეს თუ არ გვინდა, ყველაფერი, რასაც ახალი აღთქმა ახალი შეთანხმების (აღთქმის) შესახებ ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ზეციურ იმედთანაა დაკავშირებული. ახალ აღთქმაში ვერსად ვერ ვპოულობთ იდეას შეთანხმების მათ მიმართ გამოყენების შესახებ, ვისაც ზეციური იმედი არ აქვთ – ბიბლია მას მხოლოდ ზეციური მოწოდების მქონე ცხებულების მიმართ იყენებს. მაგალითად, იესოს სიტყვებში, რომლებიც მან სერობისას თქვა, ჩანს, რომ იესო ახალი შეთანხმების მონაწილეებს ისეთივე იმედის მქონეებად აღიქვავდა, როგორიც თავად მას ჰქონდა – ზეციური. 
«მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ. თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ» (იოანე 14:2,3).
«მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე» (იოანე 17:24).

სრულიად ნათელია, რომ იესოს წინაშე საერთოდ არ იდგა საკითხი, თუ როგორ ჯილდოს მიიღებდნენ სერობის მონაწილეები – მხოლოდ ზეციურს, «მამამისის სახლში».




მიზნად თუ დავისახავთ ახალი აღთქმის ყველა იმ ადგილის ნახვას, სადაც ახალი შეთანხმების შესახებაა საუბარი, მაშინ დავინახავთ, რომ ის ყოველთვის გულისხმობს ზეციური ცხოვრებისათვის ცხებას

მაგალითად, მოციქული პავლე, როდესაც კორინთელთა კრებისადმი მიწერილ წერილში გახსენების საღამოს სიმბოლოებისადმი დამოკიდებულებას შეახსენებდა, მათ მნიშვნელობაზე დადებული შეთანხმების შუქში მიუთითა, თანაც ამავდროულად არაერთგზის გაუსვა ხაზი ზეციურ მოწოდებას:
«რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით, არა დაწერილი კანონებისა, არამედ სულისა  […] ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თავის წინაშე დაგვაყენებს თქვენთან ერთად […] ვიცით, რომ თუ ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაიშლება, ღვთისგან გვექნება ხელთუქმნელი შენობა, მარადიული სახლი ზეცაში. მართლაც ვოხრავთ ამ საცხოვრებელში და ზეციურით შემოსვას ვნატრობთ… მხნედ ვართ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება» (2 კორინთელები 3:6; 4:14; 5:1,2,8).


პავლემ, ებრაელებისადმი მიწერილ წერილში, ზუსტად ასევე დააკავშირა ერთმანეთს ახალ შეთანხმებაში მონაწილეობა უშუალოდ ზეციურ იმედთან: 
«გარდა ამისა, წმინდა სულიც გვიმოწმებს, რადგან ამის შემდეგ ამბობს: «„ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ,— ამბობს იეჰოვა.— ჩემს კანონებს გულებში ჩავუდებ და გონებაში ჩავუწერ“», შემდეგ კი ამბობს: «აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და უკანონობას». სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის ცოდვების შესაწირავი. ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი ხორცით» (ებრაელები 10:15-20).

«წმინდა ძმებო, ზეციური მოწოდების მოზიარენო, დაფიქრდით იესოზე, მოციქულსა და მღვდლემთავარზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ» (ებრაელები 3:1).

«ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა, სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი, იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით» (ებრაელები 6:19).

გამოცხადების წიგნშიც კი ვხვდებით ანალოგიურ აზრს. ხორციელ ისრაელთან სინაისთან დადებულ შეთანხმებას შეთანხმების კიდობანი ჰქონდა. მისგან განსხვავებით ახალ შეთანხმებას ახალი კიდობანი აქვს, ზეცაში (გამოცხადება 11:19), რაც კვლავ მათ ზეციურ მოწოდებაზე საუბრობს, ვინც ახალ შეთანხმებაში შედიან (შეადარეთ ეფესელები 2:6; ფილიპელები 3:20,21; კოლასელები 1:5; გამოცხადება 3:21).

აქედან აშკარა დასკვნა გამომდინარეობს: თუ მე არ გამაჩნია ზეციური მოწოდება ღვთისაგან, არამედ პირიქით, საკუთარ მომავალს განახლებულ მიწიერ სამოთხესთან ვაკავშირებ, მაშინ უფლება არ მაქვს იმაზე მქონდეს პრეტენზია, რასაც ღვთის სული არ მაძლევს – უფლის სერობაში უშუალო მონაწილეობის მიღებაზე. მხოლოდ ამის დიდი სურვილი საკმარისი არ არის. ასეთი უფლება «მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე» (რომაელები 9:16). 




გახსენების საღამოს სიმბოლოები, რომლებიც ზეციურ მოწოდებაზე მიუთითებენ



იმის დასტურს, რომ სიმბოლოების მიღება მხოლოდ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებს შეუძლიათ, ჩვენ უშუალოდ იესოს მიერ დაწესებული გახსენების საღამოს აღწერილობაში ვპოულობთ.  

«ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს გადააწოდა და უთხრა: «აიღეთ და ჭამეთ! ეს ჩემს სხეულს განასახიერებს». აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა შესწირა, მისცა მათ და უთხრა: «ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს განასახიერებს, რომლითაც ძალაში შევა შეთანხმება და რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათე 26:26-28).

ყველა სახარებაში, სადაც უფლის გახსენების საღამოზეა საუბარი, და ასევე პავლეს სიტყვებში 1 კორინთელების 11:23,24-დან, მნიშვნელოვანი დეტალია მოცემული: იესო მანამ, სანამ პურს მოწაფეებს გადააწვდის, ამტვრევს მას. მესიის შესახებ წინასწარმეტყველების თანახმად, მისი ძვლები არ უნდა დამტვრეულიყო (ფსალმუნები 34:20; იოანე 19:36). მაშინ სიმბოლოს მიღების წინ იესო მაინც რატომ ამტვრევს პურს (ანუ თავის სიმბოლურ სხეულს)?

პასუხს ახალი აღთქმის სხვა ადგილებში ვპოულობთ.  იესოს სიკვდილის მომენტში შემდეგი მოვლენა ხდება:
«ამ დროს ტაძრის ფარდა ჩაიხა და ორად გაიყო» (მათე 27:51).

ეს ფარდა (καταπέτασμα, «კატაპეტასმა», სტრონგი 2665) ტაძარში «წმინდას» - «წმინდათაწმინდისაგან» ჰყოფდა. ამის სიმბოლური მნიშნელობა ებრაელების მიმართ წერილის 9:1-9-შია ახსნილი -
«თავის მსხრივ, პირველი შეთანხმებაც შეიცავდა მოთხოვნებს ღვთისმსახურების შესახებ, აგრეთვე გააჩნდა წმინდა კარავი დედამიწაზე. ეს კარავი ორად იყო გაყოფილი. წმინდად წოდებულ პირველ ნაწილში იდგა სალამპრე და მაგიდა, რომელზეც წარსადგენი პური ელაგა. მეორე ფარდის [καταπέτασμα] მიღმა კი იყო კარვის მეორე ნაწილი, წმინდათაწმინდად წოდებული. იქ იყო ოქროს სასაკმევლე და მთლიანად ოქროთი მოვარაყებული შეთანხმების კიდობანი, რომელშიც ეწყო ოქროს ქილა მანანით, აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო, და შეთანხმების ფილები. მის ზემოთ შერიგების სახურავს დიდებული ქერუბიმები ფარავდნენ. მაგრამ ახლა ამაზე დაწვრილებით ლაპარაკის დრო არ არის. იქიდან მოყოლებული, რაც ყოველივე ემგვარად მოეწყო, მღვდლები ყოველდღე შედიან კარვის პირველ ნაწილში მსახურების შესასრულებლად; კარვის მეორე ნაწილში კი მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წელიწადში ერთხელ და თან ყოველ ჯერზე შეაქვს სისხლი, რომელსაც სწირავს საკუთარი თავისთვის და ხალხის მიერ უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისთვის. ასე მიუთითებს წმინდა სული იმაზე, რომ სანამ პირველი კარავი იდგა, ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი წმინდათაწმინდაში შესასვლელი. ეს კარავი იმის სიმბოლოა, რაც დღეისთვის უკვე არსებობს».




მნიშვნელოვანია ისიც, რომ «წმინდათაწმინდაში» იყო ზუსტად ის შეთანხმების კიდობანი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ღმერთსა და ხორციელ ისრაელს შორის, მესიის მეშვეობით დადებულ შეთამხნებას ასიმბოლოებდა. და ჩვენ თუ გვესმის მთელი ამ მოწყობილობის სიმბოლური აზრი, მაშინ დავეთანხმებით, რომ ფარდა, ასე ვთქვათ, ადამიანებს ღვთის ახალ შეთანხმებამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა (იერემია 31:33; ებრაელები 8:10). 

მაშ რას ნიშნავს ეს ფარდა, რომელიც ტაძარში «წმინდათაწმინდისკენ» მიმავალ გზას კეტავდა? პასუხს ებრაელების 10:19,20-ში ვპოულობთ -
«ამიტომ, ძმებო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით თამამად შეგვიძლია წმინდათაწმინდაში შესვლა, სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი სხეულით».

როგორც ვხედავთ, ფარდა (καταπέτασμα) იესოს სხეულს ასიმბოლოებდა. აი რატომ იქნა იესოს სიკვდილის მომენტში ეს ფარდა თავიდან ბოლომდე გახეული ღვთის ძალით. ასევე განიმარტება იესოს საქციელიც ბოლო პასექის საღამოს, როდესაც საკუთარი ხელით დაამტვრია პური, რომელიც ასევე მის სხეულს ასიმბოლოებდა. 

რა მიიღწეოდა ამის წყალობით? ებრაელების წერილში მოცემული სიტყვების თანახმად, სიმბოლური შეთანხმების კიდობნისკენ იხსნებოდა გზა, უფრო ზუსტად კი, ღმერთთან ახალი შეთანხმების დადებისკენ.
«თუმცა, როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ახლანდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, ის შევიდა უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი კი არაა, არამედ სხვაგვარადაა შექმნილი. ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა  წმინდათაწმინდაში  და მარადიული ხსნა მოგვიპოვა… ამიტომაც ის ახალი შეთანხმების შუამავალია… ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში, რომელიც ნამდვილს განასახიერებდა, არამედ თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის წინაშე წარსდგეს» (ებრაელები 9:11-12,15,24).

«იესოს კი უფრო აღმატებული მსახურება მიენდო, რადგან ის უკეთესი შეთანხმების შუამავალია» (ებრაელები 8:6. შეადარეთ ებრაელები 7:22; 12:24; 13:20).


ამგვარად, იესოს მსხვერპლის – მისი სხეულისა და სისხლის – საშუალებით, ახალი შეთანხმების დადების შესაძლებლობა გაჩნდა. 


ამასთან დაკავშირებით შეკითხვა იბადება: საკუთარი იმედის (ზეციური და მიწიერი) მიუხედავად, ყველა ქრისტიანი იღებს მონაწილეობას ახალ შეთანხმებაში? ამ შეკითხვაზე ბიბლია ნათელ პასუხს იძლევა.
«თუმცა, როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ახლანდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, ის შევიდა უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი კი არაა, არამედ სხვაგვარადაა შექმნილი. ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა  წმინდათაწმინდაში  და მარადიული ხსნა მოგვიპოვა… ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში, რომელიც ნამდვილს განასახიერებდა, არამედ თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის წინაშე წარსდგეს» (ებრაელები 9:11,12,24).


ბიბლია გვიჩვენებს, რომ იესო თავისი სამსხვერპლო სიკვდილის შემდეგ «წმინდათაწმინდაში» შევიდა. თუმცა არა პირდაპირი გაგებით იერუსალიმის ტაძრის «წმინდათაწმინდაში», არამედ უფრო დიდებულში – «თვით ზეცაში… ღვთის წინაშე». 

ებრაელების წერილის შემდეგ მე-10 თავში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი შეთანხმების წყალობით ასეთივე შესაძლებლობა ეძლევათ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებსაც:
«წმინდა სულიც გვიმოწმებს, რადგან ამბობს: „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ,— ამბობს იეჰოვა.— გულში ჩავუნერგავ ჩემს კანონებს და გონებაში ჩავუწერ“... ამიტომ, ძმებო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით თამამად შეგვიძლია წმინდათაწმინდაში შესვლა, სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი სხეულით» (ებრაელები 10:15-20).


ისევე როგორ თვითონ იესო, ის ქრისტიანები, რომლებიც ახალი შეთანხმების წყალობით ზეციური მეფობისთვის არიან ცხებულნი, ასევე იღებენ «წმინდათაწმინდაში» - ანუ ზეცაში შესვლის შესაძლებლობას. მსხვერპლად გაღებული იესოს სხეულის მეშვეობით იხსნება მათთვის ეს «სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზა».

სრულიად აშკარაა, რომ მოცემული შესაძლებლობა ეძლევა არა ყველას, არამედ მხოლოდ იმ ქრისტიანებს, რომლებსაც შესაბამისი ზეციური იმედი გააჩნიათ. 
«ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის და მას ფარდის მიღმა შევყავართ, სადაც შეგვიძღვა იესო, ჩვენთვის გზის გამკვლევი, რომელიც მელქისედეკის მსგავსი მღვდელმთავარი გახდა» (ებრაელები 6:19,20).

როგორც ვხედავთ, გაგება «ფარდის მიღმა შესვლა» ზეციურ საზღვრებში მოხვედრას ნიშნავს, სადაც თავად იესო ამაღლდა. შესაბამისად, იმ ქრისტიანებს, რომლებსაც მიწიერი იმედი გააჩნიათ, ეს სიტყვები ვერ შეეხება – რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი «ფარდის მიღმა» ვერ შედიან. 




და პირდაპირი გაგებით ხორციელი ტაძრის ფარდის მიღმა რა ხდებოდა? ამის შესახებ უკვე წავიკითხეთ ებრაელების 9:1-9-ში. ყველაზე მთავარი – იქ ძველი შეთანხმების კიდობანი იყო. შესაბამისად, სიმბოლური «ფარდის მიღმა» ახალი შეთანხმების ახალი კიდობანი მოჩანს. და ეხლა თუ მნიშვნელობა «უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავ[ს] [აქვს], რომელიც ხელთქმნილი [] არაა», რომელიც ზეციურ გარემოშია წარმოდგენილი, მაშინ ახალი შეთანხმების სულიერი კიდობანი სად არის? პასუხს გამოცხადების 11:19-ში ვპოულობთ - 
«გაიღო ღვთის ტაძარი ზეცაში და გამოჩნდა ტაძარში მისი შეთანხმების კიდობანი».

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ღვთის ტაძრის წმინდათაწმინდაც და ახალი შეთანხმების კიდობანიც ზეცაშია წარმოდგენილი. აქედან აშკარა დასკვნა გამომდინარეობს: ახალი შეთანხმება გულისხმობს ზეციურ ჯილდოს და არანაირად მიწიერ ჯილდოს. შესაბამისად, შეთანხმების ახალ კიდობანთან და, შესაბამისად, თავად ახალ შეთანხმებაზე, მასში მონაწილეობის წვდომა, მხოლოდ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებს ეძლევათ (ებრაელები 6:19,20). 




გახსენების საღამოს სიმბოლოების როლი ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებისათვის



ბიბლიური მითითებების კვლევა გვეხმარება პასუხის პოვნაში იმ შეკითხვაზეც, თუ რატომ უნდა მიიღონ სიმბოლოები უფლის გახსენების საღამოში მონაწილეებმა. ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბიბლიური მუხლი განმარტავს:
«რაკი იესოს სისხლის მეშვეობით თამამად შეგვიძლია წმინდათაწმინდაში შესვლა, სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზითრომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი სხეულით» (ებრაელები 10:19,20).

ამ მონაკვეთში მოიხსენიება იესოს სისხლიცა და სხეულიც, შემდეგ კი მათი მიღების აზრი იხსნება. ქრისტეს «სისხლი» ნიშნავს მათი ზეციური მოწოდების ღვთის მიერ მიცემულ დასტურს. ქრისტეს «სხეული» – მათთვის ზეცისკენ გახსნილ გზას. ამიტომ ღვინის მიღებისას, რომელიც მხსნელის სისხლს ასიმბოლოებს, ცხებული ქრისტიანები ადასტურებენ, რომ ზეციური იმედის ღვთისგან მიცემული დასტური აქვთ. პურის ჭამით, ისინი აჩვენებენ, რომ იესოს მიერ მათთვის გახსნილ ზეცისკენ მიმავალ გზას  ადგანან.  

ზუსტად ამიტომ ეწოდება 1 კორინთელების 10:16-ში გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებას «ზიარება»:
«განა კურთხევის სასმისი, რომლისთვისაც ლოცვას წარმოვთქვამთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით?! ანდა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით?!»

მოცემულ მუხლში ორჯერ გამოყენებული სიტყვა «ზიარება» (κοινωνία, «კოინონია», სტრონგი 2842) პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც «ერთობა, ერთიანობა» და საკუთარ თავში თანამონაწილეობის აზრს ატარებს. (იგივე სიტყვა გამოიყენება ისეთ მუხლებში, როგორებიცაა 2 კორინთელები 6:14; 8:4; გალატელები 2:9; ფილიპელები 1:5; 3:10).

ეს არ წარმოადგენს უბრალოდ იესოს, როგორც ღვთის ძისა და მესიისადმი რწმენის კონსტატაციას, და არც გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მადლიერების ფორმალური მტკიცებულებაა. გახსენების საღამოში, სიმბოლოების მიღებით, მონაწილეობა აჩვენებს მომავალი ჯილდოს ერთობას და თანამონაწილეობას – მის ზეციურ სამეფოში, იესოსთან ერთად მომავალ ერთობლივ მსახურებაში. ანუ, სიმბოლოების მიღებით, ქრისტიანი აჩვენებს, რომ გააჩნია მოწოდება იესოსთან ერთად განახორციელოს წმინდა მსახურება მისი ზეციური ხელისუფლების შემადგენლობაში.



იოანეს 6:53



კლასიკური შეპასუხება განვიხილოთ: «როგორ შეიძლება მარადიული სიცოცხლე გქონდეს, თუ უფლის სერობის სიმბოლოებს არ მიიღებ? განა იესო მარადიული სიცოცხლის მიღებას მისი «სისხლის» დალევასთან და «ხორცის» ჭამასთან არ აკავშირებდა? 

მოდი იესოს სიტყვების კონტექსტი განვიხილოთ:
««მე ვარ სიცოცხლის პური. თქვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, მაგრამ მაინც დაიხოცნენ, ხოლო ვინც ზეციდან ჩამოსულ პურს შეჭამს, არ მოკვდება. მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».მაშინ იუდეველებმა კამათი დაიწყეს ერთმანეთში: "როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?" იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ შეჭამთ და მის სისხლს არ შესვამთ, სიცოცხლეს ვერ მიიღებთ. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე ექნება, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან. როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს. ეს ზეციდან მოსული პურია, ოღონდ არა ისეთი, თქვენმა მამა-პაპამ რომ ჭამა და მაინც დაიხოცა. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს» (იოანე 6:48-58).

კითხვა დავსვათ: იმას გულისხმობდა თუ არა იესო, რომ მის მოწაფეებს მისი სიტყვების აზრი პირდაპირი გაგებით უნდა გაეგოთ და მისი ხორცისა და სისხლის მიღების უცნაურ რიტუალში უნდა მიეღოთ მონაწილეობა? რა თქმა უნდა, არა. 

კიდევ შეკითხვა: იმას გულისხმობდა იესო, რომ მის მსმენელებს გახსენების საღამოს რიტუალი უნდა შეესრულებინათ? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იოანეს 6:48-58-ში მოცემული სიტყვები იესომ გახსენების საღამოს დაწესებამდე დიდი ხნით ადრე წარმოთქვა, გასაგები ხდება, რომ იესო სულაც არ გულისხმობდა გახსენების საღამოში მონაწილეობას. მისი უახლოესი მოწაფეები, მოციქულებიც კი, არ აღიქვავდნენ იესოს სიტყვებს, როგორც რიტუალს, მათ ამის შესახებ უბრალოდ არაფერი იცოდნენ.

მოცემულ შემთხვევაში იესო მისი მსხვერპლის სულიერი მნიშვნელობის შესახებ ლაპარაკობდა და მის მიმართ, როგორც მხსნელის მიმართ რწმენის აუცილებლობაზე მიუთითებდა. აი რატომ ეუბნება თავისი სიტყვების კონტექსტში შეკრებილ ხალხს: «ღვთისთვის მოსაწონი საქმე ის იქნება, თუ ირწმუნებთ მას, ვინც მან გამოგზავნა… მაგრამ თქვენს შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არ სწამთ» (იოანე 6:29,64,65). ეს მათ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა! 




რამ აღძრა იესო იმისკენ, რომ ხალხისთვის ეს სიტყვები ეთქვა? წინა დღეს ზუსტად იგივე ხალხი იესოს მიერ სასწაულებრივად იქნა დაპურებული. ეხლა ხალხი კვლავ მივიდა მასთან და იგივეს მოელოდა. მათ ფიზიკური საკვები აინტერესებდათ. გარდა ამისა, ისინი კვლავ სთხოვდნენ იესოს მორიგი სასწაულის ჩვენებას, თანაც, ამ სასწაულსაც ისევ და ისევ ფიზიკურ საკვებთან აკავშირებდნენ (იოანე 6:30,31). ზუსტად ამ მიზეზის გამო მიმართავს იესო მათ სიტყვებით: «ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ [...] მეძებთ… რომ ძღომამდე ჭამეთ პური. ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ» (იოანე 6:26,27).

როგორც ვხედავთ, იესოს სიტყვები საკუთარი თავის, როგორც «საზრდოს» შესახებ, ადამიანების არასწორი მოტივების აუცილებელი საპასუხო რეაქცია იყო და არა მათი იმისაკენ აღძვრა, რომ გახსენების საღამოს რიტუალის აღნიშვნისაკენ აღეძრა ისინი. ბრბოს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური საკვები აინტერესებდა – ზუსტად ამიტომ გასცა ასეთი პასუხი იესომ, თუმცა სულიერი ქვეტექსტით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აშკარა წინააღმდეგობას შევეჯახებოდით: ისე გამოვიდოდა, რომ იესო, იმის მიუხედავად, რომ მათ გულებში ღრმა ურწმუნოება დაინახა, მაინც დაპირდა მათ მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ იმის სანაცვლოდ, თუ ფორმალურად აღასრულებდნენ გახსენების საღამოს რიტუალს! თუმცა ასეთი აზრი აბსურდულად ჟღერს…

საერთოდ, იესო მსახურებაში საკმაოდ ხშირად იყენებდა ჰიპერბოლებს (გაზვიადებებს) თავისი მსმენელების სულიერი მოქმედებებისაკენ აღძვრის მიზნით. მაგალითად, როდესაც ის იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ მათ ერთმანეთისთვის ფეხები უნდა დაებანათ. ან, როდესაც მათ ვიწრო კარში შესვლისაკენ მოუწოდებდა (ლუკა 13:24-27). ან კიდევ ნათესავების სიძულვილისკენ (ლუკა 14:26). ან საკუთარი წამების ბოძის ტარებისკენ (ლუკა 14:27). კიდევ მთელ ქონებაზე უარის თქმისკენ (ლუკა 14:33). ხელის მოკვეთისა და თვალის ამოთხრისაკენ (მათე 18:8,9). ანდა მთების გადადგმისაკენ (მათე 17:20). კიდევ თუთის გადარგვისაკენ (ლუკა 17:6). თანაც, შენიშნეთ – ყველა ამ მაგალითებში იესო მსგავსი მოქმედებების აღსრულების აუცილებლობას, რწმენისა და გადარჩენის მტკიცებულებებთან აკავშირებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ, როდესაც ამას ამბობდა, იესო სულაც არ გულისხმობდა ამ ყველაფრის პირდაპირი გაგებით აღსრულებას და რაიმე სახის რიტუალური ქმედების მიყოლას. როდესაც ის ამას ამბობდა, გულისხმობდა არა პირდაპირი გაგებით ამ ყველაფრის გაკეთებას, არამედ სულიერად, გადატანითი მნიშვნელობით. ზუსტად ასევე უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები იოანეს 6:53-დან, რომელიც მან იმ უამრავი მსმენელების მისამართით წარმოთქვა, რომელთა უმრავლესობაც მის მიმართ ურწმუნოებას ავლენდა. განა იესო მათგან მომავალი გახსენების საღამოს ფორმალურ აღსრულებას მოელოდა? გასაგებია, რომ ის მის მიმართ რწმენაზე ლაპარაკობდა, რომელიც მათ აკლდათ, და არა იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი იმ ღონისძიებაზე, რომელიც ჯერ არც კი არსებობდა…

კარგი იქნება შემდეგ შეკითხვაზე დავფიქრდეთ: იმ ადამიანის გადარჩენა, რომელსაც ქრისტე სწამს, მაგრამ ზეციური მოწოდება არ აქვს, უშუალოდ გახსენების საღამოში მონაწილეობაზეა დამოკიდებული? მაგრამ ასეთ შემთხვევაში იოანე ნათლისმცემელი როგორ გადარჩებოდა, რომელიც ქრისტესადმი რწმენით კი მოკვდა, მაგრამ გახსენების საღამოში მონაწილეობა არ მიუღია? ის საკუთარი რწმენის წყალობით გადარჩება თუ არა? ან ლაზარე, იესოს რომ მკვდრეთით არ აღედგინა, გადარჩებოდა იესოსადმი რწმენით, თუმცა გახსენების საღამოში მონაწილეობის გარეშე? და ის დამნაშავე, იესოს გვერდით რომ გააკრეს და მისადმი რწმენა თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში გამოავლინა? მართალი იყო ღვთის ძე, როდესაც ამ ადამიანის რწმენა საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ გადარჩენილიყო? (ლუკა 23:39-43) სულიერი გაგებით ყველა მათგანმა გულით მიიღო ის, რაც იესომ იოანეს 6:53-ში თქვა. 

ზუსტად ასევე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს სწამთ იესოსი და საკუთარი რწმენის წყალობით გადარჩებიან. და ამაში უცნაური არაფერია, იმიტომ რომ უშუალოდ მიწიერი იმედია პირველი იმედი, - ანუ ის, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრა ღმერთმა ადამიანებისთვის. ზეციური იმედი კი, რომელსაც გახსენების საღამოში მონაწილეობით ესმება ხაზი, ეს ისაა, რასაც, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, ექსკლუზიური შეთავაზება შეიძლება ეწოდოს. თანაც ქრისტიანთა საკმაოდ შეზღუდული რაოდენობისათვის – 144 000 ადამიანი (გამოცხადება 14:1; ებრაელები 12:22).


მაშ ასე, დასკვნები გავაკეთოთ:

1. გახსენების საღამოს დაწესებისას, იესო მასში მონაწილეობისაკენ ზეციური იმედის მქონე მოწაფეებს მოუწოდა და არა მიწიერი იმედის მქონეთ.


2. გახსენების საღამოში მონაწილეობის მიღება ახალ შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს. მთელი ახალი აღთქმა ახალ შეთანხმებას მხოლოდ და მხოლოდ ზეციურ მოწოდებასთან აკავშირებს.

3. გახსენების საღამოზე გამოყენებული სიმბოლოები მათ ზეციურ ჯილდოზე მიუთითებს, ვინც მათ იღებს. მაგალითად, იესოს მიერ დამტვრეული პური, ტაძრის შუაზე გახეული ფარდის მსგავსად, ახალ შეთანხმებაში და ზეციურ ხელისუფლებაში შესვლის შესაძლებლობას უსვამდა ხაზს.

4. ებრაელების 10:19,20-ის თანახმად, იესოს "სისხლი" (რომელსაც ღვინო ასიმბოლოებს) ცხებულ ქრისტიანებს ზეციურ მოწოდებას უმოწმებს. "სხეული" (რომელსაც პური ასიმბოლოებს) მათთვის ზეცისაკენ გახსნილ გზას უსვამს ხაზს.

5. იოანეს 6:53-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები, გახსენების საღამოს დადგენის შესახებ მითითებას კი არ წარმოადგენდა, არამედ მათ ურწმუნოებაზე პასუხი იყო, ვინც თავს ქრისტეს მოწაფედ მიიჩნევდა. 

-------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий