четверг, 13 июня 2019 г.

შენ რას აირჩევ?



მოდი ორი სახლი წარმოვიდგინოთ. ამ ორივე სახლში შესანიშნავი შეშის ღუმელი დგას. გარეთ ზამთარია. ცივა… ორივე სახლში თითო ადამიანი იმყოფება. და რაღა თქმა უნდა, ორივე მათგანს სურს გათბეს. ერთი ეზოში გამოდის, ცულით აპობს მორებს და შეშა სახლში შეაქვს. შემდგომ ღუმელში ცეცხლს ანთებს, ნელნელა შეშას ამატებს და ელის, თუ როდის გათბება ღუმელი და როდის გაავსებს სითბოთი მთელ შენობას. საბოლოო ჯამში ასეც ხდება: სახლში სითბო და სიმყუდროვე ისადგურებს, ბინადარს კი შეუძლია წყნარად დაკავდეს თავისი საქმეებით.

მეორე სახლში მყოფ ადამიანსაც უნდა გათბობა, მაგრამ ის სულ სხვაგვარად მსჯელობს. «რაში მჭირდება შეშის პობა, მისი სახლში ზიდვა, ღუმლის ანთება, შემდეგ კი ცეცხლისთვის თვალყურის დევნება? – ამბობს ის. – რატომ ვხარჯო ამაზე მთელი ჩემი დრო და ძალა? მე ხომ ბევრი ძვირადღირებული და მოდური ტანსაცმელი შევიძინე. თბილად ჩავიცმევ და რომც მოვინდომო, მაინც არ შემცივდება…»

ერთმაც და მეორემაც გარკვეული მოქმედებები განახორციელეს იმისათვის, რათა სითბო შეეგრძნოთ. ერთმა ფიზიკური ძალისხმევა მოახმარა, რათა სახლში ღუმელი აენთო. შეიძლება, ეს არც თუ ისე ადვილი იყო, ცოტა დაიღალა და შესაძლოა, დაისვარა კიდეც. მეორემ სამი სვიტრი, ორი ქურქი, თბილი ჩექმები და "უშანკა"-ქუდი დაიხურა, სქელ ბეწვიან ხელთათმანებში ჩაყო ხელები და არც ის გრძნობს სიცივეს. 


მობინადრეებმა ორივე შემთხვევაში უზრუნველყვეს საკუთარი თავი სითბოთი. თუმცა მეორე მაგალითში მოყვანილი ადამიანი, თუმცა კი გაყინვის არ ეშინია, რაღაც მნიშვნელოვანის გარეშე დარჩა. სითბო კი აქვს, მაგრამ კომფორტი ვერ მიიღო! დიახ, მას უკვე აღარ სცივა, მაგრამ ეხლა ის მოუქნელ პინგვინს ჰგავს და მისი ქმედებები შეზღუდულია ცნობილი ფაქტორების გამო. მისგან განსხვავებით, პირველი ადამიანი გაცილებით გონივრულად მოიქცა. მან არ დაიზარა და ძალისხმევა მოახმარა, რათა აუცილებელი სითბოს ჭეშმარიტი წყაროსაგან უკუგება მიეღო. და ეხლა, როდესაც მის სახლში ღუმელი გახურებულია, მას შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს, თავისუფლად იმოძრაოს და ზედმეტი შემბოჭველი ნივთებისაგან არ იყოს შეზღუდული. განსხვავება ნათელია…


ეს მაგალითი იმის ასოციაციას აჩენს ჩემში, თუ რამდენად განსხვავებულად გამოიყურება მათ შორის არსებული მდგომარეობა, ვინც ღმერთში ეძებს ბედნიერებას, და ვინც ფიქრობს ღვთის გარეშე გახდეს ბედნიერი. ორივეს სურს ბედნიერი გახდეს. მაგრამ ორივე როდი აკეთებს სწორ არჩევანს ჭეშმარიტი ბედნიერების წყაროს ძიების გზაზე. იმის ნაცვლად, რომ მას დაუახლოვდნენ, ვინც ასეთ წყაროს წარმოადგენს, მრავალს იმედი აქვს, რომ «საკუთარი» მეთოდებით მიაღწევენ სასურველს. ისინი ფიქრობენ, რომ დიდი ფულის ქონა, მრავალი ლამაზი და მოდური ნივთები და სოლიდური მდგომარეობა, მათ პრობლემებს გადაჭრის. ვაღიაროთ, რომ ამგვარი სახით ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია (ეკლესიასტე 10:19). თუმცა ბედნიერების მიღწევა… 

ბედნიერება – ესაა  საკუთარი სიცოცხლის აზრიანობის სრული შეგნება, რომელიც შეზღუდული არ არის არც არსებული პრობლემებით (ხშირად საერთოდ გადაუჭრელი), არც გარშემო სამყაროს მდგომარეობით და არც შენი არსებობის ხანმოკლეობით. თავად სიკვდილის გარდაუვალობის ფაქტიც კი ვერ გართმევს ბედნიერების შეგრძნებას. შენ გესმის, თუ რისთვის ცხოვრობ, რისკენ მიილტვი, უდავო სარგებელს ხედავ და იცი, რომ  შენი ცხოვრების ასეთი სტილი და ასეთი მიზნები, არ დაკარგავენ აზრს სიკვდილის შემთხვევაშიც კი. ღმერთმა შენთვის «ჭეშმარიტი სიცოცხლე» მოამზადა, მარადიული, სადაც ის ყველაფერი, რასაც ეხლა აკეთებ, თავის ლოგიკურ გაგრძელებასა და აბსოლუტურ რეალიზაციას ჰპოვებს (1 ტიმოთე 6:19). 

თანაც, ამ ყველაფერში მთავარი გაგება – «ღმერთია»! იმიტომ რომ ზუსტად მისგან გამომდინარეობს ყველა რეალური შესაძლებლობები და პერსპექტივები, რათა ჭეშმარიტი სიცოცხლის მიღება შეძლო. აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის აზრი – ღვთის წინაშე მოწონების დამსახურება და შენარჩუნებაა (ეკლესიასტე 12:13,14). თუ ასეთი მოწონება არ გაგაჩნია – სიცოცხლის აზრი არ გაქვს. ყველაფერი ძალზე ადვილია! კაცობრიობის ყველა თხოვნა, საკუთარი არსებობის აზრის შესახებ, ძველთაძველი და, სამწუხაროდ, ამაოა და იმიტომ ვერ მიიღეს სათანადო პასუხი, რომ საკუთარი მსჯელობის სფეროებიდან ჭეშმარიტი ღმერთი ამოიღეს – ანუ ის, ვის ხელშიც იმყოფება მათი სიცოცხლე…

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ადამიანი, რომელმაც «მრავალ რამეს» მიაღწია თავის ხანმოკლე ცხოვრებაში, ბედნიერი გახდა? მან დააგროვა ბევრი ფული, გააჩნია სოლიდური უძრავი ქონება, ავტომობილები, მდგომარეობა საზოგადოებაში, კავშირები, გავლენა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ღმერთი მის ცხოვრებაში, სადღაც ბოლო პოზიციაზე დგას. და ეს არის ნამდვილად ბედნიერი ადამიანი? აბსურდია! თუ მთავარი არ გაგაჩნია, მაშინ რომელ ბედნიერებაზე შეიძლება საუბარი? 

ორი ფოტოსურათი ავიღოთ: ერთზე გამოსახულია - დაჩაჩანაკებული მილიარდერი ან რომელიმე სუპერ-«ვარსკვლავი», მეორეზე კი – ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა ძალებითა და ჯან-ღონით აღსავსე. ვის მიმართ უფრო გაგიჩნდება სიმპათია? დარწმუნებული ვარ მათ მიმართ არა, ვინც ცნობილი და მდიდარია. უკვე ქვეცნობიერების დონეზე ხვდები, რომ ფულს, პოპულარობასა და მდგომარეობას არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ ნამდვილი უპირატესობა ბუნებრივი ფასეულობების წინაშე, ისეთების, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა, საღი გონება. თანაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური შემადგენლებია. და ისინი სულაც არ წარმოადგენენ მთავარს. ასეთი «ცნობილებიდან» და «სოლიდურებიდან» რამდენი მისცემდა ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, წინანდელი ძალების, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის დასაბრუნებლად? დრო ფასეულობების გადაფასებას გვაიძულებს, თუმცა მრავალთათვის ამის შეგნება მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე მთავარი უკვე ხელიდანაა გაშვებული…


ვიღაც იტყვის: «ჩემი სიცოცხლის აზრი – ჩემი შვილებია. მე ჩემი შთამომავლების მეხსიერებაში ვიარსებებ»… მართლაა? აბა საკუთარ თავს ჰკითხე: «პირადად მე რამდენად ხშირად ვიხსენებ ორი ან სამი თაობის წინ მცხოვრებ ჩემს წინაპრებს? რა ვიცი საერთოდ ჩემი პაპების, პაპის მამებისა და პაპის პაპების გრძნობებზე, სიყვარულზე, აზროვნების მანერაზე, მიზნებზე, ნიჭებზე, პიროვნულ თავისებურებებზე? და საერთოდ, მაინტერესებდა თუ არა ეს ყველაფერი როდისმე განსაკუთრებულად?» ერთი ან ორი თაობის შემდეგაც კი, ადამიანების შესახებ ხსოვნა (უშუალოდ როგორც პიროვნებების მიმართ) მის უშუალო ნათესავებშიც კი ქრება. ერთეულები ადგენენ გენეალოგიურ ხეებს და ძველ, გაყვითლებულ ფოტოებს აგროვებენ… აი ეს არის სულ. და რა, ნუთუ ამაში მდგომარეობს შენი სიცოცხლის აზრი - ფრომალურად მოინიშნო გენეოლოგიაში და გაქრე? და ზუსტად ეს არის ბედნიერება, რომ სადღაც მივიწყებულ ალბომში, რომელიც მტვრიან სხვენში მიგდებულ სკივრში იდება, შენი ნახევრად გახუნებული სურათი შემოინახება? უცნაური «სამწუხარო ბედნიერებაა»...   


არც სიმდიდრე და მდგომარეობაა – გამოსავალი. ნახევარი ცხოვრების გატარება, რათა ნერვებითა და სტრესით მიაღწიო მდგომარეობას, ხოლო ცხოვრების მეორე ნახევრის იმის შიშში გატარება, რომ შეძენილიდან არაფერი დაკარგო? საკუთარი თავის დაკარგვა, რათა ვიღაცის მოლოდინებსა და სისტემის შაბლონებს შეესაბამებოდე? ამ ყველაფრის ფონზე უამრავი ნერვული და მასზე უარესი დაავადებების შეძენა, რათა შემდეგ იტრაბახო, რომ ამ დაავადებების ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობის შესაძლებლობა გაქვს? და ამ ყველაფრის გულისთვის მოხვედი ამ ქვეყნად? ესაა შენი ცხოვრების აზრი? შენ ფიქრობ, რომ ვინმეს შეშურდება შენი? ბოლოს და ბოლოს, საფლავი – გამონაკლისის გარეშე ყველას გამთანაბრებელია: როგორც მდიდრების, ისე ღარიბების. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მდიდრების საფლავის ქვა ცოტა უფრო დიდია. თუმცა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება (ეკლესიასტე 7:12).


ბევრჯერ მომისმენია, ზოგიერთი რომ ამბობს: «მე თავისუფალი მინდა ვიყო! რატომ უნდა ვიყო ამ მორწმუნეებივით და უაზრობებზე ვხარჯო დრო – ბიბლია ვიკითხო, ვილოცო, კრებებზე ვიარო… თითქოს მეტი საქმე არ მქონდეს?!»
ჩვენს სკოლაში იყვნენ ისეთი მოწაფეები, რომლებიც დემონსტრაციულად იქცეოდნენ როგორც «თავისუფლები». გაკვეთილებს აცდენდნენ, პირდაპირ სკოლის ეზოში ეწეოდნენ სიგარეტს და არავის არაფრად აგდებდნენ. რაში სჭირდებოდათ დროის სწავლაზე და მით უმეტეს, გაუგებარ და მოსაწყენ საგნებზე ხარჯვა? შემდეგ, მრავალი წლის გასვლის შემდეგ, მე მათ ჩვენს ქალაქში შევხვდი. სამწუხარო სანახაობა იყო. თავისი «თავისუფლებით» მათ მრავალი რამ გაუშვეს ხელიდან. ისინი ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ ცხოვრება უნდა ააგო არა წესზე «როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ», არამედ პრინციპზე «როგორც ვსწავლობდი, ისე ვცხოვრობ» (მათე 11:19). 

ქრისტიანის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ისე ცხოვრებისკენ არ ილტვის, როგორც თავად სურს ან როგორც ქვეყნიერება კარნახობს. ქრისტიანი გამუდმებულად, დასვენების დღეებისა და შვებულებების გარეშე სწავლობს სწორად ცხოვრებას (1 ტიმოთე 4:11-16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ღვთის «მარადიული სტუდენტია». განა ამაში რაიმე გასაკვირი უნდა ჩანდეს? 

მოდით ქვეყნიერებიდან ავიღოთ მაგალითები. უკვირთ ადამიანებს, როდესაც ხედავენ, რომ სტუდენტი ყოველდღე, წლების განმავლობაში, მრავალ საათს ხარჯავს სწავლაზე? ეუბნებიან ისინი მას: «შეიცოდე თავი! თავი დაანებე სწავლას»? არა. იმიტომ რომ ესმით, რომ ამ სტუდენტს მიზანი აქვს და ამ მიზნისათვის სწავლობს. 

ეუბნებიან ადამიანები სპორტსმენს: «თავს რატომ იზღუდავ მრავალ რამეში? სულ რატომ ვარჯიშობ?» არა. იმიტომ რომ ესმით – მხოლოდ ყოველდღიური რეჟიმითა და საკუთარი თავის შეზღუდვით შეძლებს სპორტსმენი სასურველი შედეგების მიღწევას. 

თუნდაც ბიზნესმენი, რომელიც დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს, დასვენების დღეების გარეშე. საკუთარ თავს არ ინდობს. გარშემომყოფები ამბობენ: «ეს – საქმიანი ადამიანია. სხვაგვარად არ შეუძლია». თუმცა ის მუშაობს ვერცხლისთვის, რომელიც დღეს არის, ხვალ კი აღარ იქნება. 
და მაშინ იმ ქრისტიანზე რისი თქმა შეიძლება, რომელიც ღმერთისგან სწავლობს და მისადმი მსახურებაში იღწვის არა უბრალოდ დროებითი სარგებლისათვის, არამედ მარადიული სიცოცხლისა და სრულყოფილი ბედნიერებისათვის?! (იოანე 17:3) ვისთვის როგორ, აი მისთვის კი სხვაგვარად შეუძლებელია. ასეთი დიდებული ჯილდოსათვის მთელი ძალებით შრომაც ღირს! მაშინ უნდა გვიკვირდეს ის, რომ ქრისტიანები ასე სერიოზულად უყურებენ ღმერთთან საკუთარ ურთიერთობასა და მისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით განათლების მიღებას?


მოდით ღუმელის მაგალითს დავუბრუნდეთ… სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ძალიან გვიან ხვდება, რომ სითბოს იქ არ ეძებდნენ სადაც უნდა ეძებნათ. ისინი მრავალ რამეს იკიდებენ ზურგზე, ხშირად აბსოლუტურად უსარგებლოსა და დამამძიმებელს, რადგან ფიქრობენ ბედნიერებას სიმდიდრის, მდგომარეობისა და პოპულარობის მოპოვებით მიაღწევენ, შემდეგ კი ამ ყველაფერ მოკიდებული დადიან და ვერ აცნობიერებენ, რომ გვერდიდან მათი ცხოვრება უცნაური და უაზრო ჩანს. კი, ეხლა ისინი თბილად არიან. თუმცა ამავდროულად აბსოლუტურად არაკომფორტულად გრძნობენ თავს. მათი ცხოვრებისეული ნაბიჯები პინგვინის ბაჯბაჯს წააგავს, რადგან იმან რასაც ისინი ფლობენ მაინც ვერ გახადა მათი ცხოვრება გააზრებული და პერსპექტიული. არ მოუტანია ღრმა შინაგანი სიმშვიდე,  სულიერი ჰარმონია. და ეს ბედნიერება კი არა, მისი იმიტაციაა. ყველაფერი, რაც მათ მიიღეს, იმავე მომენტში იქნება მიგდებული, როდესაც მოკლე ადამიანური სიცოცხლე შეწყდება. 

კი, ჯერჯერობით კი გთბილა. თუმცა შენ სახლში ცივა. იატაკი გაყინულია. კედლები თრთვილითაა დაფარული. პირიდან ორთქლი ამოგდის. ნეტა დიდხანს გაძლებ ასე? რამდენად სწრაფად მიხვდები, რომ რაღაც უნდა შეცვალო შენს მდგომარეობაში? მიბაძე მეზობელს, ნუ დაგეზარება. ღუმელი – სულ ახლოსაა, სულ რამოდენიმე ნაბიჯში. ის ტყუილად როდი დგას იქ. ზუსტად მისგან მომდინარეობს ნამდვილი სითბო, რომელიც არა მხოლოდ გაგათბობს, არამედ ნამდვილ კომფორტულ მდგომარეობას მოგცემს. მოახმარე ძალისხმევა, ცეცხლი დაანთე, ყურადღება მიაქციე მას და მალე თავად იგრძნობ თუ როგორია – როდესაც მთელი შენი სახლი სითბოთი ივსება. შეეხე ცხელ ღუმელს, დაე შენმა ხელებმა და მთელმა შენმა სხეულმა შეიგრძნოს სითბოს სამკურნალო ძალა. 

ალბათ, ხვდები, თუ რატომ ანთებდნენ ხოლმე ძველად ცეცხლს სახლის შუაგულში. თუ ამას ხვდები, მაშინ უფრო ადვილად მიხვდები, თუ რატომ უნდა იყოს შენი ცხოვრების ცენტრში ყოველთვის ღმერთი (საქმეები 17:27,28). 

-------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий