воскресенье, 5 мая 2019 г.

მონანიების დღე



მე არ ავღნიშნავ გამარჯვების დღეს (საბჭოთა კავშირის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს). დარწმუნებული ვარ, ეხლა ვიღაცამ წარბები ერთად შეჰყარა და დაიღრინა: «უმადურო! პაპები შენთვის სისხლს ღვრიდნენ, შენ კი…» მე კი, ჩემი ფრონტგამოვლილი პაპა მახსოვს, რომელსაც არ უყვარდა ომზე საუბარი. მაშინაც კი, როდესაც 9 მაისს სკოლაში მიიპატიჟეს, რათა მოსწავლეებისათვის საკუთარი მოგონებების შესახებ ეამბო, მან კატეგორიული უარი თქვა. არაფრის გახსენება არ უნდოდა. 


მაშინ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ მესმოდა. ჩვენ პატრიოტულ სულში გვზრდიდნენ, მინორული ელფერის მარშების მუსიკაზე. ომის შესახებ იმ პათოსური ფილმებიდან ვიცოდით, რომლებშიც «ჩვენები» წელში გამართულნი გარბოდნენ შეტევაზე და ლაჩარ «გერმანელებს» ანადგურებდნენ. ამ ფილმების შემდეგ ეზოში გავრბოდით და  «ომობანას» ვთამაშობდით. ჩვენ აუცილებლად ვიმარჯვებდით, მაშინაც კი ამისათვის ათჯერ «სიკვდილი» რომ დაგვჭირვებოდა, შემდეგ კი ათამდე დავითვლიდით, კვლავ «გავცოცხლდებოდით» და ხელახლა ვიწყებდით «ბრძოლას». ეს ბავშვურად სახალისო იყო…  

ასევე მახსოვს ქალაქის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ვეტერანების აღლუმი 1985 წლის 9 მაისს. ეს მრგვალი თარიღი იყო, გამარჯვების 40 წლისთავი. ვეტერანები მორიდებულად და არეულად მოაბიჯებდნენ ცენტრალურ ქუჩაზე, ჩვენ კი, სკოლის მოსწავლეები, ქუჩის ორივე მხარეს ვიდექით და ვესალმებოდით. ვეტერანებს მკერდზე ჯილდოები ეკიდათ, თითოეულ მათგანს დამატებით კიდევ ახალი მედალიც ეკიდა, გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით. თუმცა დღემდეც კი მახსოვს ჩემი მაშინდელი ბავშვური შთაბეჭდილება იმის გამო, რომ ეს ყვავილებით ხელდამშვენებული ხანდაზმული ადამიანები, სულაც არ გამოიყურებოდნენ მხიარულად. მათ თვალებში არ იყო ის სიხარულის ცეცხლი, რომელიც იმ დადგმული სცენების მონაწილეების თვალებში იყო ხოლმე, რომლებსაც საბჭოთა ტელევიზიით გადმოსცემდნენ. ისეთი გრძნობაც კი გამიჩნდა, იქნებ ჩვენ, სკოლის მოსწავლეები არ ვცდილობთ მთელი მონდომებით მათ მისალმებას…

გავიდა წლები. გავიზარდეთ და უკეთ გავუგეთ ცხოვრებას. ამასთან ერთად კი ის პათოსიც ჩამოგლეჯილ იქნა, რომელიც იმ საშინელი ომის შესახებ სიმართლეს მალავდა. და მე უკვე ვხვდებოდი, თუ რატომ არ უბრწყინავდათ თვალები ვეტერანებს. ვხვდებოდი, რატომ არ უყვარდა პაპაჩემს ომის გახსენება. თუ რა შორს იყო ჩვენი ბავშვური «ომობანა» რეალური ომისაგან, როგორ არ შეესაბამებოდა პროპაგანდისტული ოფიციოზი მის შესახებ სიმართლეს. და დღეს, რაც უფრო მეტად ვიგებ ამ სიმართლეს, მით უფრო მესმის ჩემი ფრონტგამოვლილი პაპის. და სულ უფრო ნაკლებად მინდა რაღაც ისეთის აღნიშვნა, რაც შეიძლება ომთან იყოს დაკავშირებული. 

როგორც წესი, ომზე ლამაზად ისინი საუბრობენ, ვინც არასოდეს ყოფილა ომში. ამიტომ სჯობს იმათ მოვუსმინოთ, ვისაც იმ ომთან უშუალო კავშირი ჰქონდა. ისინი რას ფიქრობდნენ ომზე და გამარჯვების დღის აღნიშვნაზე. ერთი მათგანი – ცნობილი მარშალია. მეორე – უბრალო რიგითი, რომელიც შემდგომ ძალიან ცნობილი მწერალი გახდა და რომელსაც მისი პატიოსნების გამო დიდ პატივს სცემდნენ. ქვემოთ – მოყვანილია ციტატები წყაროებიდან. უბრალოდ წავიკითხოთ და დავფიქრდეთ…



სტეპან საველევიჩ კაშურკო - აკადემიკოსი, გენერალ-პოლკოვნიკი, უგზოუკვლოდ დაკარგული და დაღუპული სამშობლოს დამცველების მოძიებისა და მათი მარადიული ხსოვნის უზრუნველმყოფი ცენტრის პრეზიდენტი; საბჭოთა კავშირის მარშლის ი.ს. კონევის ყოფილი თანაშემწე განსაკუთრებული დავალებების საქმეში
.
(ნაწყვეტი მარშალ ი.ს. კონევთან საუბრის შესახებ მოგონებებიდან)


«გამარჯების 25 წლისთავის წინ,მარშალმა კონევმა მთხოვა შეკვეთილი სტატიის დაწერაში დავხმარებოდი «კამსამოლსკაია პრავდა»-თვის.
[…]
ფურცელი რომელსაც «სრულიად საიდუმლო» ეწერა, ციფრებით იყო აჭრელებული. რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ ციფრებს, გული სულ უფრო მეკუმშებოდა: «...დაჭრილია 46 მილიონ 250 ათასი. სახლში, დაზიანებული თავის ქალებით 775 ათასი მეომარი დაბრუნდა. ცალთვალა 155 ათასი, უსინათლო 54 ათასი. დასახიჩრებული სახეებით 501342. მოგრეხილი კისრებით 157565. გაგლეჯილი მუცლებით 444046. დაზიანებული ხერხემლით 143241. ჭრილობებით მენჯის არეში 630259. მოგლეჯილი სასქესო ორგანოებით 28648. ცალხელები 3 მილიონ 147. უხელოები 1 მილიონ 10 ათასი. ცალფეხები 3 მილიონ 255 ათასი. ორივე ფეხის გარეშე 1 მილიონ 121 ათასი. ნაწილობრივ მოგლეჯილი ხელებითა და ფეხებით 418905. ეგრეთ წოდებული "სამოვარები", ხელებისა და ფეხების გარეშე — 85942»

…ძალებს თუ მოვიკრებდით და ამ ყველაფერს შევკრებდით, გამოდიოდა, რომ  ჯამში სამამულო ომის განმავლობაში ფაშისტთა ტყვეობაში შიმშილისგან, სიცივისა და უიმედობისაგან დაახლოებით ოთხი მილიონი საბჭოთა მებრძოლი და მეთაური კვდებოდა, რომლებიც სტალინის მიერ მტრებად და დეზერტირებად იქნენ გამოცხადებულნი… ქვეყნის ტყეებში, მინდვრებსა და ხევებში ორ მილიონზე მეტი გმირის ძვალი იქნა დატოვებული დასალპობად, დამარხვის გარეშეოფიციალურ დოკუმენტებში ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულებად ირიცხებოდნენ — სახელმწიფო ხაზინის არც თუ ცუდი ეკონომიაა, თუ იმას გავიხსენებთ, რამდენი ქვრივი და ობოლი დარჩა შემწეობის გარეშე.
[…] 
— კმარა! — ამოიოხრა მარშალმა, და თან ის საშინელი ფურცელი წამართვა, რომლის ციფრებიც ძნელად წარმოსადგენი იყო. — ეხლა გასაგებია, რაშია საქმე? ხოდა, აბა როგორ ვიზეიმოთ? რის შესახებ დავწერო გაზეთში, რომელ გამარჯვებაზე? სტალინის? ან იქნებ, პიროსის? განსხვავება ხომ მაინც არ არის!
[…]
 «რა არის გამარჯვება? — განაგრძობდა კონევი. — ჩვენი, სტალინისეური გამარჯვება? უპირველეს ყოვლისა, ესაა საყოველთაო უბედურება. საბჭოთა ხალხის გლოვის დღე დაღუპულთა უზარმაზარი რაოდენობის გამო. ესაა ცრემლების მდინარეები და სისხლის ზღვა. მილიონობით დასახიჩრებული. მილიონობით დაობლებული ბავშვი და უსუსური მოხუცი. ესაა მილიონობით დამახინჯებული ცხოვრება, შეუმდგარი ოჯახები, არ დაბადებული ბავშვები. ჯერ ფაშისტურ, შემდეგ კი საბჭოთა ბანაკებში გატანჯული მილიონობით სამშობლოს პატრიოტი».




[…]
— და აი კიდევ რა არ დაგავიწყდეს, — განაგრძო კონევმა. — თუ როგორი თავხედური მეტსახელებით ასაჩუქრებდნენ ომის შემდგომ პერიოდში ყველა ინვალიდს! განსაკუთრებით "სოცობეს"-ებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. მომსპარი ნერვებისა და დარღვეული ფსიქიკის მქონე დასახიჩრებულებს იქ არ ინდობდნენ. ორატორები ტრიბუნებიდან გაჰკიოდნენ, რომ ერი არ დაივიწყებდა საკუთარი ვაჟების გმირობებს, ამ დაწესებულებებში კი ყოფილ მებრძოლებს, რომლებსაც სახეები ჰქონდათ დასახიჩრებული, «კვაზიმოდოები» შეარქვეს («ე, ნინა, შენი კვაზიმოდო მოვიდა!» — უსირცხვილოდ გასძახოდნენ ერთმანეთს დეიდები დაწესებულებათა პერსონალიდან), ცალთვალებს — «კამბალა», ინვალიდებს ხერხემლის დაზიანებებით — «პარალიტიკებს», მენჯის არეში მიღებული ჭრილობების მქონეთ — «მოგრეხილებს». ხელჯოხიან ცალფეხებს «კენგურუებს» ეძახდნენ. უხელოებს «უფრთოებს», ხოლო თვითნაკეთ ურიკებზე მსხდომ უფეხოებს — «სამოკატებს». მათ კი, ვისაც კიდურები ჰქონდათ ნაწილობრივ მოგლეჯილი, «კუები» ერგოთ წილად. წარმოდგენაც კი შეუძლებელია! — ივანე სტეპანოვიჩი ყოველი სიტყვის შემდეგ სულ უფრო და უფრო ცეცხლდებოდა.

— ეს რა სულელური ცინიზმია? ამ ხალხს, როგორც ჩანს, არ ესმოდა, თუ ვის შეურაცხყოფდა! წყეულმა ომმა ერში დასახიჩრებული ფრონტის მებრძოლების გიგანტური ტალღა გაისროლა, სახელმწიფო ვალდებული იყო მათთვის თუნდაც მინიმალური სასიცოცხლო პირობები შეექმნა, ყურადღება და ზრუნვა გამოევლინა მათ მიმართ, უზრუნველეყო სამედიცინო მომსახურებითა და ფულადი სახსრებით. ამის ნაცვლად ომის შემდგომმა ხელისუფლებამ, სტალინის მეთაურობით, იმით რომ ამ საცოდავებს გროშული დახმარებები დაუნიშნა, ისინი ყველაზე საცოდავი არსებობისათვის გასწირა. თანაც საბიუჯეტო ფულის ეკონომიის მიზნით, დასახიჩრებულებს სისტემატიურ დამამცირებელ გადამოწმებებს უტარებდა სამედიცინო კომისიებში: მოდი ერთი გადავამოწმოთ, საცოდავს ხელი ან ფეხი ხომ არ გაეზარდაო?! ყველა იმას ცდილობდა, რომ დაზარალებული სამშობლოს დამცველი, რომელიც ისედაც ღატაკი იყო, ინვალიდობის ახალ ჯგუფში გადაეყვანა, რათა როგორმე მაინც შეემცირებინა საპენსიო დახმარება.
[…]

იმ დღეს მარშალმა ბევრ რამეზე ისაუბრა. იმაზეც ისაუბრა, რომ სიღარიბე და საფუძვლიანად შერყეული ჯანმრთელობა, რომელსაც თან  საშინელი საყოფაცხოვრებო პირობები ახლდა, წარმოშობდა უიმედობას, ლოთობას, გაწამებული ცოლების საყვედურებს, ჩხუბებსა და გაუსაძლის მდგომარეობებს ოჯახებში. საბოლოო ჯამში, ეს ფიზიკურად უძლური მებრძოლების სახლებიდან ქუჩებში, მოედნებზე, ვაგზლებზე და ბაზრებში გამოსვლას იწვევდა, სადაც ისინი ხშირად მათხოვრობამდე და აღვირახსნილ ცხოვრებამდე მიდიოდნენ. უიმედობამდე მიყვანილი გმირები, ნელ-ნელა ფსკერზე აღმოჩნდნენ, მაგრამ ამაში მათ როდი უნდა დავდოთ ბრალი.


ორმოციანი წლების ბოლოს, უკეთესი ცხოვრების საძიებლად, პერიფერიიდან მოსკოვს მოაწყდა უსახლკაროდ დარჩენილი სამხედრო ინვალიდების ნაკადი. დედაქალაქი გაივსო, ამ ეხლა უკვე, არავისათვის საჭირო ადამიანებით. დაცვისა და სამართლიანობის მცდარი იმედით, მათ დაიწყეს მიტინგების ჩატარება, საკუთარი დამსახურებების შეხსენებით ხელისუფლების შეწუხება, მოთხოვნების წაყენება. ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ მოეწონა დედაქალაქისა და სახელისუფლებო დაწესებულებების ჩინოვნიკებს. სახელმწიფო მოღვაწეებმა თავის მტვრევა დაიწყეს იმაზე, თუ როგორ მოეცილებინათ თავიდან ეს მოსაბეზრებელი ტვირთი.


და აი, 49 წლის ზაფხულში, მოსკოვმა უსაყვარლესი ბელადის იუბილისათვის იწყო მზადება. დედაქალაქი უცხოელ სტუმრებს ელოდა: ამიტომ - ირეცხებოდა და სუფთავდებოდა. აქ კი ეს ინვალიდი მეომრები — "კასტილიანები", "სამოკატები", მხოხავები, ყველა ჯურის «კუ» — იმ დონეზე «გათავხედდნენ», რომ პირდაპირ კრემლის წინ მოაწყვეს დემონსტრაცია. ხალხთა ბელადს საშინლად არ მოეწონა ეს ყველაფერი. და ბრძანა: «გაწმინდეთ მოსკოვი "ნაგვისგან"!»
ხელისუფლების წარმომადგენლებსაც სულ ეს უნდოდათ. მომაბეზრებელი და «დედაქალაქის ხედის დამრღვევი» ინვალიდების მასიური "ობლავები" დაიწყო. თითქოს უსახლკარო ძაღლებზე ნადირობენო, სამართალდამცავმა ორგანოებმა, საბადრაგო ჯარებმა, პარტიულმა და უპარტიო აქტივისტებმა, სულ რამოდენიმე დღეში დაიჭირეს ქუჩებში, ბაზრებში, ვაგზლებზე და სასაფლაოებზეც კი, და მოსკოვიდან გაიყვანეს «ძვირფასი და საყვარელი სტალინის» იუბილის წინ, ისტორიის ნაგავსაყრელზე გადაყრილი, ზუსტადაც რომ ამ მოსკოვის დასახიჩრებული დამცველები.


და  გამარჯვებული არმიის გადასახლებულმა ჯარისკაცებმა დახოცვა დაიწყეს. ეს იყო ადრეული სიკვდილი: არა ჭრილობებისაგან — არამედ წყენისაგან, გულებში ადუღებული სისხლითა და კბილებს შუა გამოცრილი კითხვით: «რისთვის, ბატონო სტალინ?»
აი ასე ბრძნულად და იოლად მოაგვარეს, თითქოსდა, გამარჯვებული-მეომრების მოუგვარებელი პრობლემა, რომლებიც საკუთარ სისხლს ღვრიდნენ "სამშობლოსათვის! სტალინისათვის!" «За Родину! За Сталина!»
[…]
რა ჯანდაბა გიხარია 
მაშინ, როდესაც შენი ნათესავები გლოვობენ! ან კი შეუძლიათ გახარება იმ ოცდაათი მილიონი დაღუპული და ორმოცი მილიონი დასახიჩრებული და დამახინჯებული ჯარისკაცების ოჯახებს? ისინი იტანჯებიან, ისინი იმ დასახიჩრებულებთან ერთად იტანჯებიან, რომლებიც გროშებს იღებენ სახელმწიფოსაგან».
(იგორ გარინის წიგნიდან «სხვა სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ნაწილი 1. დოკუმენტები»)
https://newizv.ru/article/general/08-05-2017/marshal-ivan-konev-stalinskaya-pobeda-eto-vsenarodnaya-beda-1d0ce800-04e3-4d89-b4f7-9e65a4d26f96



***************

ვიქტორ პეტროვიჩ ასტაფიევი (1924 - 2001), ფრონტავიკი, მწერალი, სოციალისტური შრომის გმირი, 5 სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1987 წ:

«საკუთარ თავს ნუ ატყუებთ! თუნდაც საკუთარ თავს! საბჭოთა მხედრიონი — ყველაზე თავგასული, ყველაზე ლაჩარი, ყველაზე  გათახსირებული და ყველაზე სულელურია ყველა მათგანს შორის, რომელიც კი ყოფილა მანამდე ქვეყნად. ეს მან «გაიმარჯვა» 1:10! ეს მან ჩაყარა ჩვენი ხალხი, როგორც თივა, ცეცხლში… და რამდენი ხალხი დავკარგეთ ამ ომში? ნამდვილი რიცხვის დასახელებისაც კი გვეშინია, ხომ მართალია? თუ დავასახელებთ, მაშინ საზეიმო ქუდის ნაცვლად სქიმა უნდა ჩავიცვათ, გამარჯვების დღეს მუხლებზე უნდა დავდგეთ რუსეთის შუაგულში და საკუთარ ერს პატიება ვთხოვოთ  უნიჭოდ «მოგებული» ომისთვის, რომელშიც მტერი გვამებში ჩავმარხეთ, რუსულ სისხლში ჩავახრჩეთ.
[…]

ყველა ჩვენგანი უკვე მოხუცი, ჭაღარა და ავადმყოფია. მალე დავიხოცებით. გვინდა ეს თუ არ გვინდა. დროა ღმერთს მივმართოთ ლოცვით! ყველა ჩვენს ცოდვას ჩვენ ვერ მოვინანიებთ: ძალიან ბევრი ცოდვა გვაქვს და უკიდურესად საშინელია ისინი, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და დაგვეხმარება, რომ რაღაც დონეზე მაინც გავისუფთაოთ და შევიმსუბუქოთ ჩვენი ჩაფურთხებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი სულები».

1 მარტი 1995 წ. კრასნოიარსკი (გ ვერშინინს)

«ხოლო რაც შეეხება რომანისადმი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, მე უკვე წერილებიდანაც ვიცი: გადამდგარი კომისარიატელებისა და სამხედრო ჩინებისაგან — გინება, მესანგრე-ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან კი მოწონების გამომხატველი წერილები მოდის, რომელთაგან მრავალი ამ სიტყვებს შეიცავს: «მადლობა ღმერთს, მოვესწარით ომის შესახებ სიმართლეს!..»
თუმცა ომის შესახებ სიმართლე თავადაც არაერთგაროვანია. ერთის მხრივ — გამარჯვებაა. თუნდაც უზარმაზარი, ხანგრძლივი, დიდი რაოდენობით სისხლით მიღებული და ისეთი უზარმაზარი დანაკარგებით, რომ თავად რცხვენიათ დღემდე მათი გახმოვანების. დიდი ალბათობით, 47 მილიონი — ყველაზე მართალი და საშინელი ციფრია.
 […]
ძლიერ განვარისხეთ უფალი, ბევრი და საშინელი ცოდვა ჩავიდინეთ, ყველამ უნდა ვილოცოთ, ეს კი იმას ნიშნავს — რომ ღირსეულად მოვიქცეთ დედამიწაზე, და, შესაძლოა, მან გვაპატიოს და თავისი მოწყალე სახე არ აგვარიდოს, ტანისამოს შემოხეულებს, გაბოროტებულებს, რომელთაც არ ძალუძთ მიტევება».


***************


"გამარჯვება ანგარიშს გვთავაზობს. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგების ახალი ციფრები დასახელდა: დაღუპულია 41 მილიონ 979 ათასი ადამიანი".


«სტალინმა, ნორმალური ადამიანისათვის ხელმიუწვდომელი მოსაზრებებით, პირადად განსაზღვრა საბჭოთა კავშირის დანაკარგი 7 მილიონი ადამიანით — იმაზე ცოტა ნაკლებით, ვიდრე გერმანიის დანაკარგი იყო. ხრუშოვმა — 20 მილიონით. გორბაჩოვის დროს წიგნი გამოიცა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა მომზადებული გენერალი კრივოშეევის რედაქციით «გასაიდუმლოების გრიფი მოხსნილია», რომელშიც ავტორები ასახელებდნენ და ყველანაირად ადასტურებდნენ ამ ციფრს —27 მილიონი. ეხლა კი ირკვევა: თურმე ესეც ტყუილი ყოფილა.
[…]
[2017 წლის მარტში] დუმაში გაიმართა საპარლამენტო მოსმენა «რუსეთის მოქალაქეების პატრიოტული აღზრდა: «უკვდავი პოლკი». მასში მონაწილეობდნენ დეპუტატები, სენატორები, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების საკანონმდებლო და უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები, უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების ორგანიზაციები… 
[…]
მოსმენებზე, მოძრაობა 
«რუსეთის უკვდავი პოლკი»-ს თანათავჯდომარემ, საქალაქო დუმის დეპუტატმა, ნიკოლაი ზემცოვმა წარმოადგინა მოხსენება «ეროვნული პროექტი «უგზოუკვლოდ დაკარგული სამშობლოს დამცველების  ბედის დადგენის» დოკუმენტალური საფუძველი», რომლის ფარგლებშიც ჩატარებული იქნა მოსახლეობის კლების კვლევა, რამაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგების შესახებ წარმოდგენა შეცვალა.
— საბჭოთა კავშირის მოსახლეობის საერთო დანაკარგი 1941–1945 წლებში — 52 მილიონ 812 ათასზე მეტი ადამიამია, — განაცხადა ზემცოვმა, სსრკს გოსპლანის საიდუმლოება მოხსნილ მონაცემებზე დაყრდნობით. — ამათგან დანაკარგები გამოწვეული ომის ფაქტორების მოქმედების შედეგად — 19 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 23 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ პერიოდის განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის საერთო ბუნებრივ სიკვდილიანობას, შეიძლება შეედგინა 10 მილიონ 833 ათასი ადამიანი (მათ შორის 5 მილიონ 760 ათასი — ოთხ წლამდე ასაკში დაღუპული ბავშვი). ომის ფაქტორების შედეგად საქჭოთა კავშირის მოსახლეობის დანაკარგმა თითქმის 42 მილიონი ადამიანი შეადგინა»
(«Новая газета», № 29 от 22 марта 2017)
https://www.novayagazeta.ru/articles/2017/03/22/71864-pobeda-pred-yavlyaet-schet



ცალკე მიდის საუბარი სტალინის მიერ რეპრესირებული სამჭოთა სამხედრო მოსამსახურეების თემაზე, რომლებიც ომის დამთავრების შემდეგ ციმბირის ბანაკებში იქნენ ჩაყრილნი. ვ.პ. ასტაფიევი ამის შესახებ ასე წერს:

26 ივლისი 2000 წ. (ს. ნოვიკოვას) 
«უკმაყოფილება იზრდებოდა, და ვიღაცამ უკარნახა სატანას, რომ ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო მისთვის, და მან მისი ტყავის გადამრჩენები ბანაკებში ჩაყარა, და არა მხოლოდ მარშლები და გენერლები, არამედ ჯარისკაცთა და ოფიცერთა მასები, და ყველა მათგანი ამ დაუნდობელ ბრძოლაში დაეცა. თუმცა არსად გამქრალან, ყველა მათგანი მარადიულ გამყინვარებაში წვანან ფეხზე მიბმული ბირკებითა და მრავალი ამოჭრილი დუნდულებით, რომლებიც საჭმელად იქნა გამოყენებული, ახალგაყინულსაც კი ჭამდნენ, როდესაც ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა…»



***************

ოკსანა დვორნიჩენკო, კინოდოკუმენტალისტი, მრავალი ფილმისა და წიგნის ავტორი. 90-იანების დასაწყისში მის მიერ გადაღებული ფილმი საბჭოთა სამხედრო ტყვეების ბედის შესახებ «რატომ ხარ ცოცხალი?» ნაჩვენები იქნა რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე და დაჯილდოვებული იქნა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ამ ფილმისათვის არებული ინტერვიუების საფუძველზე, მოგვიანებით დაიბადა წიგნი «დაღი. საბჭოთა სამხედრო ტყვეების ბედი».


«ჩემი თანაკლასელი გოგონების ნახევარს, მამები უგზოუკვლოდ დაეკარგათ. ხო, მაშინ ჩვენ ყველა ასე ვფიქრობდით: დაიკარგნენ. და მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ მათმა უმრავლესობამ,  ვინც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ტყვეობას ცოცხლებმა დააღწიეს თავი. და მრავალმა მათგანმა კიდევ მრავალი წელი  იცოცხლა, მაგრამ საკუთარი ახლობლებისათვის სრულიად რეალური უსიამოვნებების მოტანისა ეშინოდათ. თითოეულს ესმოდა: ცოცხალი სირცხვილს მოვუტან მათ. იცით, ეს ისეთი საშინელი თემაა… საშინელი…
[…]
მე წიგნში მომყავს მარშალი ჟუკოვის საიდუმლო წერილების ფრაგმენტები, ცენტრალური კომიტეტის მისამართით, ის 56 წელს დაჟინებით ითხოვდა, რომ ეს ხალხი ქვეყნის წინაშე არაფრით არ იყვნენ დამნაშავენი. მათი ისტორიიდან ამოშლა არ შეიძლება — თითქმის ექვსი მილიონის


ოკსანა დვორნიჩენკო ასევე იმ საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეებზეც საუბრობს, რომლებიც მტერს ჩაუვარდა ტყვედ, მაგრამ რადგან საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ სასჯელს გრძნობდნენ, იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ სამშობლოში დაბრუნებაზე.


«მე შევძელი მუშაობა ჰუვერის არქივში, ძალიან საინტერესო მასალის პოვნა შევძელი სტენფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, შესანიშნავ რუსულ არქივში სან-ფრანცისკოში — მათ შესახებ, ვინც ტყვეობიდან არ დაბრუნდა და დასავლეთში დარჩა. უნდა გამერკვია: ის ექვსი მილიონი ჩვენი თანამემამულე — რა დაემართა მათ? მათი ისტორიაც ძალიან მნიშვნელოვანია — იმ ადამიანების, რომლებიც გადარჩნენ და არ დაბრუნდნენ…»
https://www.novayagazeta.ru/articles/2018/05/07/76388-zhernova



და აი ამ ყველაფერს ვკითხულოდ და ვფიქრობ: რა უნდა ვიზეიმო? რის საფუძველზე უნდა ვგრძნობდე სიხარულს? ათობით მილიონი მოკლული. კიდევ ამდენი დასახიჩრებული. მილიონობით რეპრესირებული… საშინელი ფასია! სადაა აქ დღესასწაულის ადგილი? ჩემთვის ეს ვერანაირად ვერ იქნება ზეიმი. ალბათ, მათ უფრო დავეთანხმები, ვინც ეს ომი გამოიარა:

«ხოდა, აბა როგორ ვიზეიმოთ? რის შესახებ დავწერო გაზეთში, რომელ გამარჯვებაზე? […] უპირველეს ყოვლისა, ესაა საყოველთაო უბედურება. საბჭოთა ხალხის გლოვის დღე უზარმაზარი რაოდენობის დაღუპულთა გამო […] რა ჯანდაბა გიხარია მაშინ, როდესაც შენი ნათესავები გლოვობენ! ან კი შეუძლიათ გახარება იმ ოცდაათი მილიონი დაღუპული და ორმოცი მილიონი დასახიჩრებული და დამახინჯებული ჯარისკაცების ოჯახებს?»(ი.ს. კონევი, საბჭოთა კავშირის მარშალი).

«
საზეიმო ქუდის ნაცვლად სქიმა უნდა ჩავიცვათ, გამარჯვების დღეს მუხლებზე უნდა დავდგეთ რუსეთის შუაგულში და საკუთარ ერს პატიება ვთხოვოთ  უნიჭოდ «მოგებული» ომისთვის, რომელშიც მტერი გვამებში ჩავმარხეთ, რუსულ სისხლში ჩავახრჩეთ.» (ვ.პ. ასტაფიევი, ფრონტავიკი, მწერალი).


«დიდებული გამარჯვების» შესახებ პათოსური გამოსვლების მიღმა, სულ უფრო იშვიათად ისმის იმ «დიდი მსხვერპლის» შესახებ, რომელიც ომის სამსხვერპლოზე იქნა მიტანილი, მის ნამდვილ ფასზე. არადა ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიღაც მომენტიდან აქცენტები აგვერია: ომის საშინელი ფასის გაცნობიერებიდან – ძალის დემონსტირებაზე. ადრე თუ ომს შეიცხადებდნენ, დღეს უკვე ამაყობენ მისით. სამგლოვიარო სამოსელის ნაცვლად სულ უფრო ხშირად მოჩანს «ხაკისფერი» საზეიმო ტანსაცმელი. მეომრული განწყობილება სულ უფრო მეტია, დასკვნები კი სულ უფრო ნაკლები.

მესმის როგორ მედავებიან: «მტერი ჩვენს სახლში მოვიდა და სიკვდილი და ტანჯვა მოიტანა. ჩვენ კი მისი დამარცხება და ჩვენი მიწიდან მისი განდევნა შევძელით. ეს ჩვენი გამარჯვება იყო და ჩვენ უფლება გვაქვს ვიამაყოთ მისით!» ყველაფერი შედარებისას აშკარავდება. აბა მოდი ეს სიტუაცია პირდაპირი გაგებით პირად დონეზე გადმოვიტანოთ? წარმოიდგინეთ: სახლში მოდიხართ და გაოგნებული ხედავთ, რომ თქვენი არყოფნის პერიოდში თქვენს სახლში დამნაშავეები შეიჭრნენ და გაძარცვეს და დაანგრიეს. გარშემო ყველგან სისხლია: თქვენი ახლობლები ნაცემები არიან, ვიღაც მოკლულიც კია. საშინელი სიტუაციაა! თქვენ მაშინვე იცავთ თქვენს ოჯახს, ბანდიტებთან გამალებული ბრძოლის შემდეგ, ათავისუფლებთ მას… შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ, როგორ გაიხსენებთ იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს გადაგხდათ? როგორც თქვენი ძალითა და მამაცობით თავმოწონების საბაბს? ეს დღე სადღესასწაულო თარიღად იქცევა თქვენი ოჯახის კალენდარში? ბანდიტებზე «გამარჯვების დღეს» დაარქმევთ ამ დღეს? საღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს აქცევს ტრაგედიას ზეიმის მიზეზად. ეს ზეიმი კი არა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც ადამიანმა შეიძლება განიცადოს. შენი ოჯახის დაღუპვა, შენი შვილების ტანჯვა – ამაზე გაფიქრებისასაც კი ცივი ოფლი ასხავს ადამიანს. მაშ რა უნდა შეიცვალოს ადამიანის აზროვნებაში, რომ შემდგომ ასეთი საშინელების დღე, «დღესასწაულად» აღნიშნოს? 

მე მახსენდება 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ტექნოგენურ კატასტროფად იქცა. მან მისი შედეგების «ლიკვიდატორთა» ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ათობით ათასმა ადამიანმა შეიძინა საშინელი დაავადებები, რომლისგანაც დღემდე იხოცებიან. 14 დეკემბერს «ლიკვიდატორთა დღე» ეწოდება, რადგან ზუსტად ეს თარიღი გახდა ჩერნობილის დანგრეული მე-4 ენერგობლოკის დამცავი სარკოფაგის შეტანის ოფციალური თარიღი. უწოდებს ვინმე ამ თარიღს «კატასტროფაზე გამარჯვების დღეს»? როგორ შეიძლება საერთოდ, რომ ასეთი რამ დღესასწაულად ჩაითვალოს? მიუხედავად მოსახლეობისათვის გაწეული დახმარებისა და ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო სამუშაოებისა, თავშიც კი არავის მოუვა ის აზრი, რომ ეს ყველაფერი დღესასწაულად, გამარჯვებად აღიქვას. ეს საშინელი ტრაგედიის დღეა და არა დღესასწაული! ამგვარი საშინელებებისა და ადამიანური დაუდევრობის შეხსენებაა და არა «სტიქიაზე წარმატებით გამარჯვების» აღნიშვნის საბაბი.

მაშინ მე რატომ უნდა ავღნიშნავდე დღესასწაულის სახით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომის დამთავრებას, რომელმაც ათობით მილიონი სიცოცხლე შეიწირა? როგორ შეიძლება ის ვიზეიმო, რომ მრავალი მილიონი ადამიანი დაბრუნდა სახლში ხელების, ფეხების, თვალის გარეშე და სამუდამოდ უმწეო ხეიბრად დარჩა? რა უნდა მიხაროდეს? რა ვიზეიმო? რით ვიამაყო? რას დავუყვირო «ვაშა»?

განა იმიტომ არ არსებობდა "გამარჯვების დღედ" წოდებული დღესასწაული თითქმის ომის დამთავრებიდან 20 წელი, რომ მისგან გამოწვეული ტკივილი და საშინელებები ჯერ კიდევ ზედმეტად რეალური იყო მაშინ მცხოვრები ადამიანებისათვის? მხოლოდ 1965 წელს იქცა ის "დღესასწაულად", დასვენების დღედ - მაშინ, როცა ის ახალი თაობა გაიზარდა, რომელმაც არაფერი იცოდა იმ საშინელი სასაკლაოს შესახებ...


ნიშნავს ეს იმას, რომ უნდა დავივიწყოთ იმ ომის შესახებ? არავითარ შემთხვევაში! ასეთი რამეების დავიწყება არ შეიძლება! ასეთი კოშმარის დავიწყების შემთხვევაში, კაცობრიობა აუცილებლად დაიწყებს ახალი კოშმარისათვის მზადებას. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, რათა ვისწავლოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. როგორც ამის შესახებ წმინდა წერილი ამბობს:

«ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია… სიცილს მწუხარება სჯობია, რადგან როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, მისი გული უკეთესი ხდება» (ეკლესიასტე 7:2,3).


ამ დღეს ავტომატის ჩახმახებს კი არ უნდა ვაჩხარუნებდეთ აღლუმებზე, არამედ მგლოვიარეებმა დავიჩოქოთ ღვთის წინაშე. პატიება ვთხოვოთ მას იმისათვის, რომ ჩვენ, ადამიანებმა, მის მიწაზე და მისი ცის ქვეშ ასეთი არაადამიანური საშინელებების მოხდენა დავუშვით! ეს უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, ვიდრე იმის ყვირილი: «შეგვიძლია გავიმეოროთ!» რა გავიმეოროთ? კიდევ ერთხელ ცეცხლში ჩავყაროთ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე? 

სურვილი მიჩნდება კიდევ ერთხელ დავაციტირო ფრონტავიკი და მწერალი ვიქტორ ალტაფეევის სიტყვები, რომელიც ომის რომანტიზაციას დანაშაულად მიიჩნევდა:

«ისინი, ვინც წარსული ომის  შესახებ ტყუიან,  მომავალ ომს აახლოებენ. წარსულ ომზე ბინძური, სასტიკი, სისხლიანი და ნატურალისტური ქვეყნად არაფერი ყოფილა.  ომს გმირულად კი არ  უნდა წარმოვაჩენდეთ, არამედ მისით უნდა ვაშინებდეთ, რადგან ომი საზიზღრობაა. გამუდმებით უნდა შევახსენებდეთ ხალხს მის შესახებ, რომ არ დაავიწყდეთ. როგორც პატარა კნუტებს აყოფინებენ ცხვირებს მათ მიერ წაბილწულ ადგილას, ასე ცხვირი უნდა ვაყოფინოთ მათ ჩირქსა და ცრემლებში, სხვაგვარად ჩვენი ძმისაგან ვერანაირ შედეგს ვერ ნახავ».


«სამწუხაროდ, ეხლა უკვე ვიცი, რომ ომის შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენი ხალხის უმრავლესობამ მის შესახებ არაფერი იცოდა და, შესაძლოა, არც სურს რამის ცოდნა – ის ზედმეტად საშინელი და საზიზღარია, ზედმეტად გადაღლილი რუსი ხალხისათვის, უპირველესად ჭეშმარიტი მეომრებისათვის, ეს სიმართლე ძალიან მძიმეა».

და მართლაც, რამდენს სურს ომის შესახებ საშინელი სიმართლის ცოდნა? საკუთარ გონებაში ომის მომხიბვლელ-ეპიკური წარმოდგენების შექმნა, დამეთანხმეთ, გაცილებით იოლი და მოსახერხებელია. როდესაც იმ დედებს ვხედავ, რომლებიც თავის 5-7 წლის შვილებს «ჯარისკაცის» მწვანე უნიფორმას აცმევენ, ასე მგონია, რომ მათ არც თუ მთლად კარგად ესმით, თუ რა პერსპექტივებს უჭერენ მხარს. ისინი მზად არიან, რომ მათი შვილებიც წავიდნენ სასაკლაოზე? ჩვილობიდანვე აჩვევენ მათ (ისევე როგორც საკუთარ თავს) თოფის წამლის სუნს? მზად არიან «გაიმეორონ»? ვის ფასად? საკუთარი შვილების? ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი «გამეორებებისაგან»! იმიტომ რომ თუ ასეთი რამ კიდევ მოხდება, ეჭვი მეპარება შემდეგი «გამარჯვება» მათთვის «დღესასწაულის» საბაბად იქცეს.

-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий