пятница, 15 марта 2019 г.

"უკან, ეგვიპტეში..."



ბიბლია შეიცავს უამრავ მაგალითს როგორც ბრძნული ადამიანური გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე უგუნური გადაწყვეტილებების შესახებ. ამ უკანასკნელს შეიძლება მივაკუთვნოთ მოვლენები იმ ისრაელიანთა ისტორიიდან, რომლებსაც ღმერთმა მრავალსაუკუნოვანი მონობიდან განთავისუფლების უნიკალური შანსი, საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა და, რაც ყველაზე მთავარია, მის რჩეულ ერად გახდომის შესაძლებლობა მისცა (ესაია 43:10-12).

როდესაც გამოსვლის წიგნში მოთხრობილ ისტორიას კითხულობ, გაოცებას ვერ მალავ იმ ურწმუნოების გამო, რომლის გამოვლენასაც გამუდმებით განაგრძობდნენ ისრაელიანები. თითქოს და, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ღმერთმა ეგვიპტეში მოახდინა, იეჰოვას ძლევამოსილებასთან და მზრუნველობასთან დაკავშირებულ რომელ ეჭვებზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი? ღმერთმა მანამდე არნახული ათი სასჯელით არა მხოლოდ მთელი სისავსით აჩვენა თავისი ძალა ამაყ ეგვიპტელებზე, არამედ პირადი მზრუნველობაც აჩვენა საკუთარ ერზე, როდესაც არ დაუშვა, რომ არცერთ მათგანს არ მიეღო რაიმე სერიოზული ზიანი. თუმცაღა უკაცრავად, როგორც შემდეგ გაირკვა, ებრაელთა უმეტესობა ეგვიპტიდან გამოვიდა არა მხოლოდ თავისი ავლა-დიდებით, არამედ მასზე უფრო გაცილებით დიდი - ეჭვებისა და უკმაყოფილების ბარგით. 

ისინი მოსეს ქმედებებით ქრონიკულად შეშინებულნი და უკმაყოფილონი იყვნენ, მისი სახით კი - თავად ღვთის ქმედებებით (შეადარეთ გამოსვლა 16: 7,8; რიცხვები 16:11). თანაც ასეთი განწყობა მათში ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ეგვიპტეში იყვნენ. იგივე განწყობა გამოსჭვიოდა მათგან, როდესაც ეგვიპტე ისრაელზე აპირებდა თავდასხმას წითელ ზღვასთან (გამოსვლა 14:11,12). იგივე ხდებოდა შემდეგაც, მტრისაგან გადარჩენის შემდეგ, ზღვის გადაკვეთის შემდეგ, იეჰოვასთან დიდებული შეთანხმების დადების შემდეგ, ისრაელიანები კვლავ და კვლავ პოულობდნენ მეხსიერების შემოკლების საშუალებებს ღვთის ძლევამოსილებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ახერხებდნენ უკმაყოფილების გამოვლენის მიზეზს. ძნელად თუ შეგვიძლია იმის წარმოდგენა, თუ რა ძნელი იყო მათთან ყოფნა მოსესთვის…



როგორც ცნობილია, მათ, ვისაც თავმდაბლობა აკლიათ, გონიერებაც აკლიათ (იგავები 16:18; 18:12). ეს მთელი სიცხადით, ისე რომ თავადაც კი არ სურდათ ეს, დაადასტურეს იმ ისრაელიანებმა. ეგვიპტიდან გამოსვლაც კი ვერ მოასწრეს, რომ მოსეს განუცხადეს:

«ეს რა გაგვიკეთე, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?! განა ეგვიპტეში არ გეუბნებოდით: "თავი დაგვანებე, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?!" გვირჩევნია, ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ» (გამოსვლა 14:11,12).

გავიდა კიდევ თვეზე ცოტა მეტი და ისრაელინებს მათი ყოფილი მონობის ადგილი მოენატრა და ოცნებით იხსენებდნენ: «…ხორცით სავსე ქოთნებს რომ ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით!» (გამოსვლა 16:3).

იგივე ხდებოდა შემდეგაც: «ატირდნენ ისრაელის ძეები: "ვინ გვაჭმევს ხორცს? რა კარგი იყო, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს!"» (რიცხვები 11:4,5).

ხოლო როგორც კი აღმოჩნდა, რომ ღვთისაგან დაპირებულ მიწაზე შესვლა იოლად ვერ მოხერხდებოდა, ებრაელებმა კვლავ ძველი სიმღერა გაიხსენეს: «არ ჯობია, ეგვიპტეში დავბრუნდეთ?!» (რიცხვები 14:3).

და მას შემდეგაც კი, როდესაც ღმერთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იოლად შეუძლია ისრაელიანთა მტრების უკუგდება, მათ უკმაყოფილების ახალი მიზეზი იპოვეს – ამჯერად ისინი, უკაცრავად და, დაიღალნენ და მოთმინებას კარგავდნენ:

«იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავიხოცოთ? არც პური გვაქვს და არც წყალი; შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური.» (რიცხვები 21:5).

მოგვიანებით, ღვთის სიტყვამ ისრაელიანთა ის თაობა ასე დაახასიათა: 
«ჯიუტობდა და არ ისმენდა შენს მცნებებს. არც მოსმენა ინდომეს და არც მათ თვალწინ შენი მოხდენილი საოცარი საქმეები გაიხსენეს. გაჯიუტდნენ» (ნეემია 9:16,17).

თუმცა, ისრაელიანებმა არა მხოლოდ დაუმორჩილებლობა და სიჯიუტე გამოავლინეს, არამედ აბსოლუტური უგუნურებაც. რიცხვების 11:6-სა და 21:5-ის თანახმად, მათ არაფრად მიიჩნიეს ის მანანაც კი, რომელსაც ღმერთი მათ საკვებად აძლევდა. არადა კარგი იქნებოდა შემდეგზე დაფიქრებულიყვნენ:

«იეჰოვა სასწაულებრივი მანანით მამარაგებს, რომელსაც ზეთისხილის ზეთიანი ქადის კვერის აქვს. თანაც უხვად მაძლევს, მეც და მთელ ჩემს ოჯახსაც! მაძლევს გამუდმებით და არასოდეს ვავიწყდებით. თანაც, სრულიად უფასოდ! დილაადრიან მაძლევს, როდესაც ჯერ კიდევ მძინავს. ისღა დამრჩენის აუჩქარებლად გავიარო, იმდენი ავკრიფო რამდენიც ჩემს სულს გაუხარდება და მანანა სასარგებლო და სასიამოვნო საკვებად გამოვიყენო! … ეგვიპტეში კი ძალიან მძიმედ მიწევდა წელის წყვეტა, რათა ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის საჭმლის ფული მეშოვა! ეგვიპტეში საზიზღარი მონა ვიყავი, რომელიც შეიძლება დაუსჯელად ეცემათ ან მოეკლათ კიდეც. ჩემი კეთილდღეობა, ჩემი თავისუფლება, და საერთოდ, თავად მეც, როგორც ადამიანი და პიროვნება, არავის არ აინტერესებდა. არ მქონდა არანაირი პერსპექტივა, სულ მცირედი შანსიც კი… ღმერთი კი გამომექომაგა, მომცა თავისუფლება, ავისმსურველებისაგან დამიცვა და მშვენიერ მიწაზე დასახლების შესაძლებლობა მომცა! ჰოდა, საინტერესოა, სად და როდის უფრო სჯობდა: ეხლა თუ ეგვიპტეში?» 

ალბათ, ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, უსვამდნენ თუ არა საკუთარ თავს მსგავს შეკითხვებს მაშინდელი ისრაელიანები. ახდენდნენ თუ არა საკუთარი ცხოვრების შედარებას, ასე ვთქვათ, «ეგვიპტემდე» და «ეგვიპტის შემდეგ»? საერთოდ რაზე ფიქრობდნენ? რა პრიორიტეტები ჰქონდათ? როგორი მიზნები? ღვთის სიყვარულით აღსავსე საქმეების ადვილად დავიწყება – ძალიან უცნაური თვისებაა…




არანაკლებ უცნაურად ჩანს ებრაელების ეგვიპტეში დაბრუნების გამუდმებული სურვილი. საკმარისი იყო სულ უმნიშვნელო რამე არ მოწონებოდათ და ერთადერთი გადაწყვეტილება არსებობდა: «ეგვიპტისაკენ!» მტერი იყო წინ? ეგვიპტეში ვბრუნდებით… ხორციანი ჰამბურგერები მოუნდებოდათ? ესე იგი ეგვიპტეში ვბრუნდებით… დაიღალნენ იმის ლოდინით, ბოლოს და ბოლოს როდის შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე? რაღა თქმა უნდა, ეგვიპტეში ვბრუნდებით… არცკივიცითკიდევრაგვინდა – გადაწყვეტილია, გულისათვის ძვირფას ეგვიპტეში დავბრუნდეთ. იქ არავინ მოგვაწყენს!

და მართლაც, ეგვიპტეში ისრაელიანები მართლაც არ იყვნენ მოწყენილნი. მოწყენილნი არ იყვნენ, როდესაც ეგვიპტელებმა «დაუნიშნეს მათ ზედამხედველები, რომ მძიმე, მონური შრომით დაეჩაგრათ… ეგვიპტელებმა დაიმონეს ისრაელის ძეები და უმოწყალოდ ექცეოდნენ. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე მონური შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური შრომით; უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებილებდნენ» (გამოსვლა 1:11-14).
მოწყენილნი არ იყვნენ, როდესაც ფარაონმა ძალიან იოლად გასცა ბრძანება ებრაელების ყველა ახალდაბადებული ბიჭის მოკვლის შესახებ. (გამოსვლა 1:15-22).
მოწყენილნი არ იყვნენ, როდესაც ეგვიპტურმა ძალაუფლებამ სახალხოდ აჩვენა, რომ ეზიზღებოდა ისრაელიანთა რწმენა და ადამიანური თავმოყვარეობა (გამოსვლა 5:6-18). 

თუმცა, ადამიანური მეხსიერება მოკლეა. ებრაელები სწრაფად მიეჩვივნენ ღვთის მოწყალებას როგორც ისეთ რამეს, რაც თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო და, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეგვიპტური «ღმერთებიც» ისევე მოეფერებოდნენ მათ, როგორც იეჰოვა ეფერებოდა (ესაია 63:9). მათ დაავიწყდათ, თუ რით განსხვავდებოდა ეგვიპტის მონობა - ღვთის «მონობისაგან» (შეადარეთ რომაელები 6:16-18; 1 კორინთოელები 7:22,23). საკუთარ წარმოდგენებში ისრაელიანებმა ყოფილი უხეში მონური უღელი, ელეგანტური და მსუბუქი კაშნეს მსგავს რამედ აქციეს, რომელიც ძალიან მოხდენილად გამოიყურებოდა! შედეგად, მათ საკუთარი გონება განაწყვეს, «ეგვიპტის მონობაში დასაბრუნებლად» (ნეემია 9:17). იმ დროს, როდესაც მათ გადამრჩენ ღმერთს «ხელი ჰკრეს და თავიანთი გულით ეგვიპტეში დაბრუნდნენ» (საქმეები 7:39).

და აი ზუსტად აქ არის ბოლო შეკითხვის ადგილი: სად აპირებდნენ ისინი დაბრუნებას? იმ ეგვიპტეში, რომელსაც მათ მათი წარმოდგენა უხატავდა, საღებავების ილუზორული პალიტრით გალამაზებული და ნაცრისფერი და შავ ფერებ ჩამოცილებული? მაგრამ ის ეგვიპტე, რომელშიც ებრაელები ოდესღაც თავის დამამცირებელ მონურ არსებობას ცდილობდნენ, უკვე ისეთი აღარ იყო. ისრაელიანები აბსოლუტურად სხვა ეგვიპტიდან გამოვიდნენ, გაცილებით საშინელი და გაბოროტებული ეგვიპტიდან…

როდესაც ისრაელიანები თვალზე ცრემლმომდგარნი იხსენებდნენ ეგვიპტური სამზარეულოს სიუხვეს, იმ მომენტში უნდა გახსენებოდათ, რომ ისინი გამოვიდნენ ეგვიპტიდან, რომლის მთავარ მდინარეშიც, პირველი სასჯელის შედეგად, ყველანაირი თევზი გაწყდა (გამოსვლა 7:20,21). მეხუთე სასჯელის შემდეგ ეგვიპტელები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის გარეშე დარჩნენ (გამოსვლა 9:1-7). მეშვიდე სასჯელის შემდეგ სეტყვით განადგურდა ხეები და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი (გამოსვლა 9:24,25,31,32). მერვე სასჯელმა ეგვიპტის დარჩენილი მცენარეულობა გაანადგურა (გამოსვლა 10:12-15). ყოველივე ეს იმას ნიშნავდა, რომ ეგვიპტელებს საშინელი შიმშილობა ელოდათ. თუ თავად მათ არ ჰქონდათ საჭმელი, რომელი «სიუხვის» იმედი უნდა ჰქონოდათ ებრაელ-მონებს, რომლებიც ღმერთმა წინდახედულად გაიყვანა ამ ქვეყნიდან? როდესაც აუხდენელზე ოცნებობდნენ, ისრაელებს არ ესმოდათ, რომ ისეთ ილუზიებს აგებდნენ, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ რეალობასთან, რომელიც იმ მომენტში მათ მიერ დატოვებულ ეგვიპტეში არსებობდა. ეგვიპტელებს პრაქტიკულად არაფერი არ დარჩათ, ებრაელებს კი ღმერთი ყოველ დილით ლამის მანანის სიუხვით ფარავდა. წუწუნისა და უკმაყოფილების ნაცვლად მათ გულითადი მადლობა უნდა გადაეხადათ იეჰოვასათვის დროული ხელმძღვანელობისა და ყოველმხრივი მზრუნველობისათვის!

გარდა ამისა, ებრაელები რომ ეგვიპტეში დაბრუნებულიყვნენ, მათ მიმართ ეგვიპტელების როგორ დამოკიდებულებას შეხვდებოდნენ აუცილებლად? იქნებ, ყვავილებით და ხვევნა-კოცნით დახვდებოდნენ ისინი? ყოველივე იმის შემდეგ, რაც ეგვიპტეს მათმა ღმერთმა, იეჰოვამ უქნა, ეგვიპტური ღვთაებების საჯარო დამცირების შემდეგ, რას მოიმკიდნენ ისრაელიანები ზიზღისა და შურიძიების სურვილის მეტს? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერ იმას, რაც იეჰოვას დანარჩენმა სასჯელებმა მოუტანა ეგვიპტელებს, განსაკუთრებით კი ბოლო, მეათე სასჯელმა, რომელმაც ეგვიპტელთა ოჯახების ყველა პირმშოს სიცოცხლე შეიწირა! (გამოსვლა 12:29,30) 

რისი იმედი ჰქონდათ იმ ებრაელებს, რომლებსაც ეგვიპტეში სურდათ დაბრუნება? რაც უზავდნენ ეგვიპტელები მათ, მას შემდეგ რაც იეჰოვას მფარველობას დაკარგავდნენ? უფიქრდებოდნენ ისინი საკუთარი სიჯიუტის რეალურ შედეგებს, როდესაც თავშესაფარს ღმერთთან კი არა, ეგვიპტის ფარაონთან ეძებდნენ?  



«რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს» (1 კორინთელები 10:11,12).

ისრაელიანების თავს გადამხდარი, შეიძლება კარგი გაკვეთილი იყოს თანამედროვე ქრისტიანებისათვის. საკმარისი არ არის, ასე ვთქვათ, «ქვეყნიერებიდან გამოსვლა» - ის ებრაელებიც გამოვიდნენ ეგვიპტიდან, თუმცაღა ღვთის მიერ დაპირებულ მიწაზე მაინც ვერ შევიდნენ (ებრაელები 3:16-19). მნიშვნელოვანია არა უბრალოდ გამოვიდეთ ქვეყნიერებიდან, არამედ შემდგომში ჩვენი მზერა რომ აღარ იყოს მიმართული მისკენ (ლუკა 9:62). 

უბრალოდ კი არ უნდა მივყვეთ დიდ «მოსეს» - ქრისტეს, არამედ ასევე არ უნდა ვიწუწუნოთ და არ უნდა გამოვავლინოთ უკმაყოფილების სული იმის გამო, რომ ეს გზა ისეთი ადვილი და სწრაფი არ გამოდგა, როგორც გვინდოდა (1 კორინთელები 10:10).

საკმარისი არ არის მხოლოდ გვწამდეს იეჰოვასი, როგორც ღმერთის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მთელი გულით ვენდობოდეთ მას (ებრაელები 10:22).

ვავლენდეთ მზადყოფნის სულს და ვიცილებდეთ ეგოიზმის სულს. მსხვერპლად გავიღოთ საკუთარი ინტერესები, კომფორტი და გვესმოდეს, რომ ღვთის მსახურების საქმეში არ შეიძლება მხოლოდ კურთხევებს მოველოდეთ. კურთხევების მისაღებად, მსხვერპლის გაღებაა საჭირო. ეს სულიერად მოაზროვნე ადამიანის უცვლელი წესია! (მათე 13:44-46; ფილიპელები 3:7.8).

შენი აზროვნება – ის შეიძლება ან შენს მეგობრად იქცეს ან შენს მტრად. მუდამ გააანალიზე, რისკენაა მიმართული შენი მზერა. რაში პოულობ ნამდვილ სიამოვნებასა და სიხარულს? რა წარმოადგენს შენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს და რასთანაა ისინი დაკავშირებული: «ეგვიპტესთან» თუ ღმერთთან? უკან წასვლის სურვილი ხომ არ გიჩნდება, «ეგვიპტელთა» საზოგადოებაში თუ ღვთის ხალხთან ურთიერთობაში პოულობ სიხარულს? (მათე 6:19-23).

ხომ არ ანვითარებ საკუთარ გონებაში ფანტაზიებს ან ხომ არ ნანობ იმ "შესაძლებლობების" გამო, რომლებიც ხელიდან გაუშვი? თუ ნათლად ხედავ შენს წინ ღვთის დაპირებულ "მშვენიერ მიწას" და მყარი ნაბიჯით მიდიხარ მისკენ? (ებრაელები 11:13-16)

ინარჩუნებ თუ არა საღ აზრს და გესმის თუ არა, რომ ის სისტემა, რომელიც შენ დატოვე, არასოდეს არ გახდება უკეთესი, არამედ პირიქით, სულ უფრო მეტად ჩაიძირება თავის გახრწნილებაში და გადაუჭრელ პრობლემებში? გარდა ამისა, აცნობიერებ თუ არა, რომ ეს სისტემა არასოდეს შეგიყვარებს, არამედ პირიქით, შეეცდება ძირფესვიანად ამოგლიჯოს ყველაფერი ის, რაც ღმერთმა აღმოაცენა შენს გულში? (1 კორინთელები 15:33; 1 პეტრე 4:3-5).

აფასებ თუ არა სულიერ «მანანას», რომელსაც უხვად იღებ ღვთისაგან? თუ შენს გულში ჯერ კიდევ არის «დემონების სუფრიდან» გემრიელი ლუკმებით პირის ჩატკბარუნების სურვილი? (1 კორინთელები 10:21). 

ინარჩუნებ შენს გულში სიმამაცეს? თუ იმდენად აძლევ ქვეყნიერებას შენი დაშინების საშუალებას, რომ ღვთისადმი მსახურების სურვილს კარგავ? (კანონი 31:6).

ცდილობ თუ არა, რომ სიტყვებით, საქციელითა და მთელი შენი ძალებით, მხარი დაუჭირო და დაეხმარო ღვთის სხვა მსახურებს, რომ მჭიდროდ ჩაეჭიდონ ღმერთსა და მის ხალხს? თავად ისინი თუ ხედავენ შენში ასეთ ქრისტიანს? აღძრავს თუ არა მათ შენი პირადი მაგალითი? (1 ტიმოთე 4:12-16).


როდესაც ძველი დროის ბიბლიურ ისტორიებს ვკითხულობთ, რთული არ არის საკუთარ თავზე რომ თქვა: «მე ასე არ მოვიქცეოდი. მე ერთგული დავრჩებოდი!». თუმცაღა, არა მგონია ღმერთს ძალიან აინტერესებდეს, რამდენად უფრო დარწმუნებულად ვგრძნობთ თავს იმ ისრაელიანების ადგილას. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ დღეს როგორ იქცევა ქრისტიანი, საითკენაა მიმართული მისი ნაბიჯები მოცემულ მომენტში – ღვთისკენ? თუ «ეგვიპტისაკენ»?

-------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com  

Комментариев нет:

Отправить комментарий