среда, 10 апреля 2019 г.

რა უნდა ეშმაკს?




   ზემოთ გაჟღერებული შეკითხვის  პასუხად, როგორღაც თავისთავად მოდის თავში ასეთი ფრაზები: «ეშმაკს უნდა, რომ არ გწამდეს ღმერთის, გადარჩენის, მარადიული სიცოცხლის… მას უნდა, რომ ბიბლიას არ კითხულობდე… არ ლოცულობდე… ქრისტიანი რომ არ გახდე…» ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ განა მხოლოდ ამით შემოიფარგლება ყველაფერი? 

   და მაშინ რა, თუ უკვე გახდი ქრისტიანი? შენ უკვე გაქვს რწმენაც, ცოდნაც, ბიბლიასაც კითხულობ და ლოცვაც არაა მთლად უცხო შენთვის. ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს, მონაწილეობასაც კი იღებ მათში. მორჩა, ეხლა უკვე დაცული ხარ და ცხოვრობ იმაში სრულიად დარწმუნებული, თითქოსდა ღვთის მოწინააღმდეგეს არ შეიძლება შენით კმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს? ეჰ, ნეტავ ასე იყოს…



   ქრისტიანის სულიერ ცხოვრებას შეუძლებელია სტატიკური მდგომარეობა ჰქონდეს (რომაელები 12:11; ებრაელები 6:11,12). შეუძლებელია რომელიმე გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიო ღმართთან ურთიერთობაში და ამით დაკმაყოფილდე, და იმის იმედი გქონდეს, რომ მხოლოდ დროდადრო მიაყრი ფიჩხს ოდესღაც ანთებულ ცეცხლს, რომ ის არ ჩაქვრეს. ასეთი «ურთიერთობა» აუცილებლად მიგვიყვანს სულიერ სტაგნაციამდე და დაცემამდე. ეს ჰგავს სიტუაციას, ადამიანი იმ ესკალატორზე რომ ცდილობს ასვლას, რომელიც ქვემოთ მოძრაობს – ცოტა მოეშვი და შენ უკვე საპირისპირო მხარეს მიექანები.





   ზუსტად ასევე აქტუალურია საკითხი იმ ყველაფრის შესრულების სრულფასოვნებასთან დაკავშირებით, რასაც «ქრისტიანული მსახურება» ჰქვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლა ვცდილობ თუ არა, რომ  ჩემი რეალური შესაძლებლობების შესაბამისად «ყოველმხრივ შევასრულო ჩემი მსახურება»? (2 ტიმოთე 4:5) მზად ვარ თუ არა «სუფთა სინდისით» ვემსახურო ღმერთს, ცბიერებისა და მოჩვენებითობის გარეშე? (ებრაელები 13:18) თუ გარკვეული მიზეზების გამო შეგნებულად «ვაქცევ ზურგს», თუნდაც ზოგიერთ სფეროში? (ებრაელები 12:25) თუ ასეა, მაშინ გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების ზუსტად ამ «ზოგიერთ სფეროში», მე ნებით თუ უნებლიედ იმას ვაკეთებ, რაც ეშმაკს უნდა. ეს კი უკვე სერიოზული პრობლემაა!

თავის დროზე წინასწარმეტყველმა ელიამ მსგავს პრობლემაზე მიუთითა მათ, ვინც თავს ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებად თვლიდნენ:


«როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით. — ხალხს სიტყვა არ დაუძრავს» (1 მეფეები 18:21).

შემდგომ უკვე იესომ წამოსწია ანალოგიური საკითხი, როდესაც ფარისეველებს უთხრა:
«ღვთის მცნება მიატოვეთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავთ… ასე თქვენ ძალას უკარგავთ ღვთის სიტყვას, თქვენს მიერ გადაცემული ადათ-წესებით» (მარკოზი 7:8,13;).

სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ვინმემ შეიძლება გამოავლინოს მსგავსი განწყობა, იმ იმედით, რომ მისთვის მოსახერხებელი თავის მართლებებითა თუ მსახურების იმიტაციითაც კი, საკუთარი ქრისტიანული უღელი შეიმსუბუქოს. თითქოსდა კიდეც ვემსახურები ღმერთს, მაგრამ მთლად მისი ხელმძღვანელობის თანახმადაც არა. მაგრამ ხომ ვემსახურები! თითქოსდა… თუმცა ეს «თითქოსდა» სხვა არაფერია, თუ არა ბიბლიის იმ სიტყვების იგნორირება რომელიც ეფესოელების 4:27-შია ჩაწერილი – «ადგილი არ მისცეთ ეშმაკს». და გამოდის, რომ იმის საკუთარი «ადათ-წესების» დადგენით, თუ როგორ მოიქცეს, ქრისტიანი იმას აძლევს ეშმაკს, რაც ღმერთს ეკუთვნის. შესაბამისად, ასეთმა ქრისტიანმა, შესაძლოა, ისე რომ თავადაც ბოლომდე ვერ გააცნობიეროს, მოცემულ სფეროში შეიძლება ის აკეთოს, რაც ეშმაკს უნდა და არა ღმერთს (2 ტიმოთე 2:26). მაგალითად…   

თუ საკუთარი დებისა და ძმების გამხნევების ნაცვლად ქრისტიანი მიდრეკილია, რომ თავზარი დასცეს მათ ცუდი ინფორმაციითა და შიშისმომგვრელი ამბებით – ვის ახარებს ამ ყველაფრით? ღმერთს თუ ეშმაკს? (რიცხვები 13:30-33; შეადარეთ იგავები 12:25; ფილიპელები 1:12-14).

როდესაც ქრისტიანი დევნებისას შეხვედრებს აცდენს და თავს იმით იმართლებს, რომ ამით ვითომდა «უადგილო ყურადღება» არ უნდა რომ მიიქციოს, ვის ნებას ასრულებს? (შეადარეთ იგავები 18:1 და ებრაელები 10:24,25).   

ან, როდესაც იმავე მიზეზების გამო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას ანებებს თავს, არ იპარსავს ან საკუთარი ქრისტიანული მოწოდებისათვის შეუფერებლად იცვამს, თანაც ქცევის ქვეყნიურ მანერებს ითვისებს, ვის ახარებს? (შეადარეთ გალატელები 6:12; 1 იოანე 4:5)

როდესაც ნაცნობებთან და კოლეგებთან იმის აღიარების ეშინია, რომ სრულიად ენდობა ღმერთს და ბიბლიურ დაპირებებს, როგორ განწყობას გამოხატავს ამ ყველაფრით? (შეადარეთ 2 ტიმოთე 1:7; იაკობი 4:4)

თუ «მძიმე, ძნელად ასატან დროს» ქრისტიანი იმის საბაბად მიიჩნევს, რომ სულიერი სვლა შეანელოს და «გადავლის» იმედით საკუთარ ძალებს რაიმე საკუთარი მიზნების, ყოველდღიური ამოცანების მიღწევისაკენ მიმართავს, ვის გაუხარდება ეს ყველაზე მეტად? (2 ტიმოთე 3:1; შევადაროთ იოანე 21:3; 2 ტიმოთე 4:10).

თუ ღვთის მსახური სულიერ საქმეებსა და ოჯახურ ვალდებულებებს მსხვერპლად იღებს დიდი შემოსავლის გამო და ამას იმით ამართლებს, თითქოსდა მომავალში ყველაფერს "ამოქაჩავს" და გააუმჯობესებს კიდეც, ვის ასიამოვნებს ამ ყველაფრით? (შეადარეთ ფსალმუნები 127:1,2;). 

როდესაც ქრისტიანი ცდილობს უარი ათქმევინოს თანაქრისტიანებს მსახურების გაფართოვებაზე, თითქოსდა, ეხლა «ის დრო არ არის», ვის სიამოვნებს მისი სიტყვები? (შეადარეთ 1 თესალონიკელები 5:19)

თუ ის არ ცდილობს, რომ ადამიანებს ბიბლიური იმედის შესახებ ესაუბროს, მაუწყებლის საქმე ერთგვარ პირობითობამდე დაჰყავს, ვის გულს აამებს ეს პირობითობა? (შეადარეთ იერემია 48:10; ლუკა 6:46)

თუ ქრისტიანი მხოლოდ თავს აჩვენებს, თითქოს მსახურებაში დადის, მაგრამ არავითარ ძალისხმევას არ ახმარს ადამიანებამდე ბიბლიური იმედის მიტანას, ვის აწყობს ქუჩაში სეირნობის ასეთი ცარიელი საათები? (შეადარეთ 1 კორინთელები 9:26; 14:9)

როდესაც ქრისტიანი შიშის გამო თანამორწმუნეებთან თანამშრომლობას წყვეტს, ვის ქებას დაიმსახურებს? (შეადარეთ მსაჯულები 5:23)

თუ შიშები აიძულებენ, რომ უარი თქვას კრებაში საკუთარ ვალდებულებებზე, რათა «ყურადღება არ მიიქციოს», ვის მოლოდინს გაამართლებს ამით? (შეადარეთ მალაქია 3:13-15; იოანე 10:11-14)

თუ «ჩაგვრის» გამო ქრისტიანი საკუთარ იმედებს პოლიტიკოსებზე და ოპოზიციონერებზე ამყარებს და არა ღმერთზე, ვის მხარეს იკავებს ის? (ეკლესიასტე 7:7; შეადარეთ იერემია 17:5).




რა თქმა უნდა, მსგავსი მომენტების ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეგვიძლია, თუმცა ნათქვამის არსი სრულიად გასაგებია. თუნდაც მე ვკითხულობდე ბიბლიას, ვლოცულობდე და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებდე, მაგრამ ამას «აუცილებელი მინიმუმის» პრინციპით ვაკეთებდე, განა შედეგად ამ ყველაფრის ხარისხი არ გაფუჭდება? თუ შიშების გამო არ დავემორჩილები ხელმძღვანელობას და საკუთარ «ადათ-წესებს» დავიდგენ «ვითომ მსახურების», განა მეც არ შემეხება მალაქიას 1:6-8-ში და 3:8-10-ში ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები? გაახარებს ღმერთს ჩემი მსხვერპლი, თუ ის მხოლოდ ფორმალურად იქნება შეწირული, მარტო იმიტომ რომ «ასეა საჭირო»? განა დღესაც აქტუალური არაა სიტყვები «დაწყევლილი იყოს ის, ვინც დაუდევრად ასრულებს იეჰოვას დავალებას»? (იერემია 48:10)

მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ფორმალურად ქრისტიანად რჩება, გაუცნობიერებლად შეიძლება ადგილი მისცეს ეშმაკს საკუთარ ცხოვრებაში (ეფესოელები 4:27). ადამიანმა შეიძლება გარეგნულად განაგრძოს იმის კეთება, რასაც სწორად მიიჩნევს და ამავდროულად მოწინააღმდეგე სავსებით კმაყოფილი იყოს მისი დამოკიდებულებით ცხოვრებისა და ღვთისადმი მსახურების მიმართ. იმიტომ რომ ღმერთს და ეშმაკს დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები აქვს ადამიანებთან. ღმერთი თვისებებს, თავგანწირვასა და აბსოლუტურ ერთგულებას აფასებს. ეშმაკს კი აბსოლუტურად არ ადარდებს ადამიანის ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან ფორმალური კუთვნილების ფაქტი. მას სავსებით აკმაყოფილებს, თუ ქრისტიანი ავტომატურად კითხულობს ბიბლიას, ავტომატურად ლოცულობს, ავტომატურად ესწრება შეხვედრებს, დადის მსახურებაში და ა.შ. და ა.შ.  მან იცის: რაც უფრო მეტად გადადის ადამიანის ცხოვრება ავტომატურ რეჟიმში, მით უფრო სწრაფად კარგავს გააზრებულობის მდგომარეობას, მათ შორის სულიერი გააზრებულობის. 

ეშმაკს სრულიად აკმაყოფილებს ქრისტიანის მსახურება სიხარულის გარეშე; ბიბლიის კითხვა – წაკითხულზე ფიქრის გარეშე; ლოცვა – გულის გარეშე; შეხვედრებზე დასწრება – გონების ჩაურთველად და მონაწილეობის გარეშე; თანაქრისტიანებთან ურთიერთობა – უსიყვარულოდ; ქადაგება – რაზეც გინდა, ოღონდ სასიხარულო ცნობის შესახებ არა… ის კმაყოფილდება ადამიანის გულით ღვთისადმი აბსოლუტური ერთგულების გარეშე; ქრისტიანის განწყობით, ოღონდ სიმამაცის გარეშე; მისი გეგმებით, ოღონდ სულიერი პრიორიტეტების გარეშე… მას ძალიან ახარებს ლამაზი სიტყვები საქმეების გარეშე; მოჩვენებითობა; იყო მნიშვნელოვანი – ოღონდ სხვებზე გულწრფელი ზრუნვის გარეშე. და საერთოდ, მას არანაირად არ ადარდებს ის, რომ ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტებაში მოვიდა, თუ თავად ჭეშმარიტებისათვის ვერ მოიძებნა სათანადო ადგილი ამ ადამიანში.

ეშმაკმა იცის, რომ როგორც კი ქრისტიანის ცხოვრებაში ასეთი რამეები იწყება, ღვთისადმი მისი შესაწირავი ზუსტად იმ «ბრმად, კოჭლად და სნეულად» გადაიქცევა, რომელთა შესახებაც მალაქიას 1:6-8-შია საუბარი. ზუსტად ამის დანახვა უნდა მოწინააღმდეგეს შენში და ჩემში. ხოლო მივცემთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კმაყოფილი იყოს ჩვენით, დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე და ღმერთთან ჩვენი პირადი ურთიერთობის ნამდვილ სიმტკიცეზე!

----------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий