пятница, 1 июня 2018 г.

ვისგან მოველი ხსნას?


(სტატიაში მოცემული აზრები,ძირითადად რუსი იეჰოვას მოწმეებისათვის იქნა დაწერილი, იქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა არც ჩვენ ვიცით ხვალ რა გველოდება საქართველოში და ამიტომ ეს აზრები ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც.)
«იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები. ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე» (ფსალმუნები 146:3-5)


ჩვენ ხშირად ვუკითხავთ სხვებს ფსალმუნებში ჩაწერილ ამ სიტყვებს, როდესაც იმის ახსნა გვსურს, თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში. მგონი, კვლავ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ჩავუფიქრდეთ ამ სიტყვებს, რათა უფრო ღრმად გავიაზროთ ისინი. და არა იმისათვის რომ ვინმეს რამე ავუხსნათ. შესაძლოა, ზოგიერთი რამის ახსნა საკუთარი თავისთვის გვჭირდებოდეს. 




ქრისტიანების მიმართ გართულებული სიტუაციის ფონზე, როდესაც "სირთულეები იქმნება დადგენილებ[ებით]" (ფსალმუნები 94:20), ძალაუნებურად იმის ცდუნება ჩნდება, რომ განსაკუთრებული იმედის თვალებით დავუწყოთ ყურება ამ ქვეყნიერების სახელოვნებსა და ძლიერებს. გავლენიანი პოლიტიკოსები, ცნობილი არტისტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, იურისტები, უფლებადამცველები, რელიგიური მოღვაწეები... განა სასიამოვნო არ არის, როდესაც მათი პირიდან სამართლიანი სიტყვები ისმის შევიწროვებული ქრისტიანების დასაცავად? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა... და განა გულს არ ეხება მსგავსი სახის მოწოდებები, რომ ქრისტიანების კანონიერი უფლებები იქნეს დაცული? თან როგორ ეხება! 

ასეთ მაგალითებს, ეჭვგარეშეა, გარკვეული სარგებელი გააჩნიათ. როგორც მინიმუმ, საზოგადოებისათვის დამოწმებას ემსახურება. და სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები საგრძნობლად მომრავლდა. 

მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ეკავოს. ხოდა ზუსტად აქ ჩნდება კითხვა: რა ადგილი უკავია ზემოთ მოხსენიებულ ფრაზებს ჩემს იმედში? ისე ხომ არ გამოდის, რომ მე სულ უფრო და უფრო მეტად მიჩნდება განსაკუთრებული მოლოდინი გარეშე ადამიანებისა და ორგანიზაციების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ? 

ჩვენ საკმაოდ ხშირად გვესმის ისეთი ფრაზები, როგორებიცაა «რაიონული სასამართლო»... «საოლქო»... «უზენაესი სასამართლო»... «უზენაესი სასამართლოს კოლეგია»... «ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო»... აი, რომელიღაც დიდმა პოლიტიკოსებმა ევროპაში "შეშფოთება გამოთქვეს" ამ სიტუაციის გამო. ან კიდევ, რომელიღაც მნიშვნელოვანმა "კომიტეტმა" განცხადება გააკეთა ამავე თემაზე... ყველა ამ «სასამართლოებისა» და «განცხადებების» ფონზე, ქრისტიანი, სრულიად შეუმჩნევლად შეიძლება გაებას ცრუ მოლოდინების ხაფანგში, თუ ასე დაიწყებს ფიქრს: "აი, კიდევ ცოტაც... აქ კი ნამდვილად ყველაფერი გამოვა! ... აქეთ კი, ასეთი ავტორიტეტული პირები/კომიტეტები/სასამართლოები გამოეხმაურნენ! ალბათ ეხლა ნამდვილად გაიმარჯვებს სამართლიანობა... " 

მაგრამ როდესაც მათზე დამყარებული იმედები არ მართლდება, ასეთი ქრისტიანი იმედგაცრუებაში ვარდება. და რატომ? ღმერთმა სადმე რამე ბოლომდე ვერ გააკეთა? იქნებ, მან ყველაფრის გამოსწორების "უნიკალური შანსი" გაუშვა ხელიდან? როგორც ჩანს, ეხლა ზეცაში პანიკაა გამეფებული: ანგელოზები დაბნეულები არიან, იესო მოწყენილია, იეჰოვა კი დანაღვლიანებული... ასეა? არა, არაა ასე. ზუსტადაც რომ ცაში არაა არანაირი პანიკა. იქ ყველაფერი მშვიდადაა. იმიტომ რომ ყველაფერი ღვთის კონტროლქვეშაა. აბსოლუტურად ყველაფერი! მან ისიც კი იცის, თუ შემდეგ როგორ განვითარდება სიტუაცია, და ისიც, თუ როგორ და რა დროს მოაგვარებს ის მას.

პრობლემა მხოლოდ თავად ქრისტიანის აზროვნებაში შეიძლება გაჩნდეს. სიტუაციაზე მისი არასწორი შეხედულების გამო. როდესაც ადამიანი საკუთარ გულს უფლებას აძლევს, რომ დიდი იმედები დაამყაროს მიწიერი «მთებისა» და «გამოქვაბულების» ავტორიტეტზე (შეადარეთ გამოცხადება 6:15,16), იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი სრულიად მიანდოს შემოქმედის სიბრძნესა და ხელმძღვანელობას, ეს აუცილებლად იმედგაცრუებამდე მიიყვანს მას. რა თქმა უნდა, ქრისტიანები, ისევე როგორც წარსულში მოციქულები, ყველა შესაძლებლობებს გამოიყენებენ «სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცების» საქმეში (ფილიპელები 1:7; საქმეები 24:10; 25:10,11). თუმცა ისინი არასოდეს დაიწყებენ იმ საკითხის გაგებაში ორიენტირების გადაწევას, თუ საიდან უნდა მოელოდნენ ისინი ნამდვილ ხსნას. თუ ცალკე აღებული რომელიმე ქრისტიანი, თავის გულსა და აზროვნებაში, ორიენტირების მსგავს გადაადგილებას უშვებს, მაშინ ის თავს ვერ დააღწევს სერიოზულ სულიერ პრობლემებს და შესაძლოა, რწმენის მსხვრევასაც კი (1 ტიმოთე 1:19).

ამის უამრავი მაგალითი არსებობს, საკმარისია ბიბლია გადავშალოთ.

ძველ ისრაელში ეს საერთოდ ხშირი პრობლემა იყო. საკმარისი იყო რაიმე გარე საფრთხე შექმნილიყო, რომ ისინი აქეთ-იქეთ იწყებდნენ ყურებას და იმის ძებნას, თუ  «ამ ქვეყნიერების ძლიერთაგან» ვის შეეძლო მათი დასაყრდენი გამხდარიყო. ხან სირია, ხან ასურეთი, ხან ბაბილობი, ხან ეგვიპტე… საკუთარი მზერის ზეცისაკენ მიმართვას ისინი არასოდეს ჩქარობდნენ. რა თქმა უნდა, იეჰოვა – ჭეშმარიტი ღმერთია, მაგრამ ის სადღაც იქ არის, ძალიან მაღლა, პრობლემები კი, აქ, დედამიწაზე. ესე იგი, დახმარებასაც პირველ რიგში მათგან უნდა მოველოდეთ, ვინც აქ არის, დედამიწაზე; მათგან, ვისი დანახვაც შეგვიძლია, ვისი ფიზიკური ძლევამოსილებისა და გავლენის შეგრძნებაც შესაძლებელია… ასე ფიქრობდნენ ისრაელები. და ამიტომ ძალიან ცდებოდნენ. მათ ცრუ იმედებს სასურველი შედეგები ვერ მოჰქონდა. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ ამაოებას აცნობიერებდნენ, საკუთარი მოლოდინების მთელ ილუზიას, როდესაც საკუთარ გულებსა და აზრებს ჭეშმარიტი ღვთისაკენ მიმართავდნენ, მხოლოდ მაშინ იწყებდა მოქმედებას იეჰოვა. 

ღვთისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მსახურები სრულიად ენდობოდნენ მას. მთელი გულით! რათა ისინი მისგან მოელოდნენ შველას და იმედს არ ამყარებდნენ გარეშე ან თუნდაც საკუთარ ძალებზე. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ის გავიხსენოთ, თუ რა უთხრა იეჰოვამ გედეონს, როდესაც მან ჯარი შეკრიბა მტრისაგან თავდასაცავად:

«არ არის საჭირო ამდენი ხალხი, მიდიანი რომ ხელში ჩავუგდო. შეიძლება ტრაბახი დამიწყოს ისრაელმა, ჩემმა ხელმა მიხსნაო» (მსაჯულები 7:2).

შედეგად ღმერთმა მხოლოდ 300 ადამიანი გამოიყენა, თანაც, ისინი მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ იარაღით კი არ გავიდნენ, არამედ, ასე ვთქვათ, იმით რაც ხელში მოხვდათ. რა მოითხოვებოდა იმ მომენტში ისრაელიანებისაგან? არც მახვილის ფლობა და არც შემაშფოთებელი იერის მიღების ცოდნა. სულ, რასაც იეჰოვა გედეონისა და მისი მცირე რაოდენობის ამხანაგებისაგან მოელოდა, საკუთარი ღვთისადმი აბსოლუტური ნდობა იყო. როდესაც რწმენა გამოავლინეს, ისრაელიანებმა ღვთის ძალა დაინახეს.

რწმენა (ღვთისადმი სრული მინდობის აზრით) ესაჭიროებოდა ასევე იოსებსაც. ის ღვთისმოშიშებისა და მორჩილების მაგალითს წარმოადგენდა, მაშინაც კი, როდესაც 13 წლის განმავლობაში დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. თუმცა იქაც კი მოუწია მას თავისი ღვთისადმი დიდი ნდობის სწავლა. ბიბლია ამის შესახებ ასე წერს:

«მათ წინ გაგზავნა კაცი, იოსები, რომელიც მონად გაყიდეს. ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები, რკინით შეიბორკა მისი სული. სანამ ასრულდებოდა მისი ნათქვამი, იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი» (ფსალმუნები 105:17-19).

როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, იოსებს მაინც ესაჭიროებოდა «განწმენდა» - დამატებითი გამოსწორება და გასრულება, ღვთის სიტყვებისადმი მეტი ნდობა. შესაძლოა, ეს მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, როდესაც იოსებმა მერიქიფეთა უფროსს მიმართა, რომლის სიზმარიც ახსნა (ღვთის სულის დახმარებით და არა საკუთარი სიბრძნით!). იოსებმა მნიშვნელოვანი ჩინოვნიკის მხრიდან ხელმძღვანელობის იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებდა მისი პრობლემის გადაწყვეტას:
«ოღონდ არ დამივიწყო, როგორც კი ხელი მოგემართება. სიკეთე გამიკეთე, მომიხსენიე ფარაონთან და გამომიყვანე ამ სახლიდან, რადგან მოტაცებული ვარ ებრაელთა მიწიდან; არც აქ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მათ დილეგში ჩავეგდე» (დაბადება 40:14,15).

იოსები იმ მომენტში მის მიმართ «სიკეთის გაკეთებას» სთხოვს ადამიანს, თითქოს ზუსტად მასზე ყოფილიყოს დამოკიდებული მისი ხსნა. ვინ იცის, იქნებ ამიტომაც დაუშვა იეჰოვამ, რომ მისი ეს თხოვნა უპასუხოდ დავიწყებულიყო, როგორც კი ის ჩინოვნიკი თავის წინანდელ ადგილს დაუბრუნდა ფარაონის სახლში? «არ გახსენებია მერიქიფეთა უფროსს იოსები, დაავიწყდა იგი» (დაბადება 40:20-23). 

კიდევ ხანგრძლივი ორი წელი გავიდა მანამ, სანამ იოსების მდგომარეობაში ძირეული ცვლილებების მოხდენა დაიწყებოდა. თანაც, როგორც დაბადების 41:1-8-დან ჩანს, ასეთი ცვლილებების მიზეზი სულაც არ გამხდარა ის, რომ მისი თხოვნა გაახსენდა ჩინოვნიკს. არა. იეჰოვამ ჩათვალა, რომ იოსების «განწმენდამ» მიზანს მიაღწია და ამიტომ მისი სულის მოქმედების დრო დადგა! და მხოლოდ მაშინ აამოქმედა ღმერთმა ყველა ის ხილული ინსტრუმენტი ფარაონის კარზე, რომლებიც იოსების განთავისუფლებასა და ერთგულებისათვის ჯილდოს მიღებას მოემსახურა. როდესაც ციხიდან გამოდიოდა, იოსებს იმის მციდერი ეჭვიც კი არ ჰქონდა, თუ ვისი მოსიყვარულე სიკეთის მიმართ უნდა გამოევლინა მადლიერება თავისი განთავისუფლებისათვის…


ასევე ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა თქვა იესომ იმ სასამართლოების შესახებ, რომელთა წინაშეც მის მოწაფეებს მოუწევდათ წარდგენა.

«ადამიანებს უფრთხილდით, რადგან ისინი სასამართლოებს გადაგცემენ და სინაგოგებში გაგშოლტავენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისათვის დასამოწმებლად. როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ. მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით» (მათე 10:17-20).


როდესაც ჩვენ უფლის ამ სიტყვებს ვკითხულობთ, იმის ჭეშმარიტ მიზეზს ვხედავთ, თუ რატომ დაუშვებს ღმერთი ასეთ სასამართლოებს. ერთადერთი მიზეზი, რომელიც იესომ მოიხსენია, - ესაა მსგავსი სასამართლო პროცესების დახმარებით კიდევ უფრო დიდი დამოწმება მიეცეთ ამ ქვეყნიერების ძლიერებსა და მთლიანად საზოგადოებას. საინტერესო ისაა, რომ იესოს ქრისტიანების მომენტალური გამართლების გარანტია არ მოუცია, როგორც ამ ყველაფრის შედეგი. იმიტომ რომ ეს არ წარმოადგენს მთავარ მიზანს, რომელიც ღმერთმა ასეთ პროცესებს დაუდგინა. 

მოციქულთა სასამართლოების მაგალითები გავიხსენოთ (საქმეების მე-4 და მე-5 თავები). არცერთ მსგავს სასამართლოზე არ გაუმართლებიათ მოციქულები! პირიქით, ისინი დამნაშავეებად სცნეს, ბრალი დასდეს და გააფრთხილეს, გაშოლტეს კიდეც (საქმეები 4:18; 5:33,40). როგორ რეაგირებდნენ მოციქულები სასამართლოების ასეთ გადაწყვეტილებებზე? იმედგაცრუება ეუფლებოდა მათ? იქნებ ბრაზდებოდნენ და აღშფოთებას გამოთქვავდნენ? პირიქით, ბიბლია იესოს მოწაფეების სრულიად განსხვავებულ განწყობას გვიჩვენებს:


«ისინი კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე» (საქმეები 5:41,42).

რატომ მოხდა ისე, რომ მოციქულებმა რაიმე სახის იმედგაცრუება გულშიც კი არ გაივლეს? იმიტომ რომ მათ სხვაგვარი შედეგის მოლოდინი არც ჰქონიათ. მათ ახსოვდათ იესოს სიტყვები და ესმოდათ თუ რატომ უშვებდა ღმერთი საერთოდ ასეთ მოვლენებს - დამოწმებისათვის. და ისინიც შესანიშნავ დამოწმებას იძლეოდნენ საკუთარ სასამართლოებზე! შემდეგ კი აგრძელებდნენ "სწავლებას და სასიხარულო ცნობის უწყებას". ზუსტად ამიტომაც უხაროდათ მათ. მოციქულები მთავარ მიზანს აღწევდნენ - ჭეშმარიტ ღმერთსა და მის ძეს განადიდებდნენ. ის კი, ამ სასამართლოებზე გაამართლებდნენ მათ თუ არა, უკვე მესამეხარისხოვან საქმეს წარმოადგენდა. ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ღვთის სიყვარულში და კეთილგანწყობაში დარჩენილიყვნენ და არა ამ ქვეყნიერების მხრიდან ყოფილიყვნენ აღიარებულნი...


დღეს ზოგი ქრისტიანისათვის სასარგებლო იქნება (შესაძლოა აუცილებელიც კი) კიდევ ერთხელ გაიხსენოს ეს და სხვა მსგავსი ბიბლიური მაგალითები. გაიხსენოს, რათა მათი დახმარებით საფუძვლიანი თვითშემოწმება ჩაიტაროს. ვისზე ვამყარებ იმედს? საიდან მოველი ჩემს ხსნას? ზედმეტ იმედებს ხომ არ ვამყარებ ამ ქვეყნიურ ადამიანებზე და ორგანიზაციებზე, მათ ქვეყნიურ ავტორიტეტსა და გადაწყვეტილებებზე? თუ ჩემთვის დამხმარე – ღმერთია? (ფსალმუნები 54:4) ხედავს თუ არა შემოქმედი, რომ ჩემი გულის განწყობა სრულიად შეესაბამება იმას, რისკენაც მისი სიტყვა მომიწოდებს?
«იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა… ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე… ვინც სამართალს უჩენს მათ, ვისაც რაღაც გამოსძალეს» (ფსალმუნები 146:3,5,7).

«იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია, ადამიანზე მინდობას. იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია, წარჩინებულებზე მინდობას» (ფსალმუნები 118:8,9).

«აი რას ამბობს იეჰოვა: "წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას… კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას"» (იერემია 17:5,7).


ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий