четверг, 21 июня 2018 г.

"გინდ მოგისმინონ, გინდ არა"




იყო ქრისტიანი და არ იყო მქადაგებელი – ეს ნონსენსია. ერთი მეორეს გულისხმობს. თანაც ეს რომელიმე ლამაზი ფრაზა კი არაა, არამედ კონკრეტული ბიბლიური პრინციპია, რომელიც, კერძოდ, 1 კორინთელების 9:16-შია გადმოცემული –

«თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!» (შეადარეთ ეზეკიელი 3:18,19).


როდესაც იესო მომავალ მსოფლიო სამქადაგებლო კამპანიის შესახებ საუბრობდა (მათე 24:14), ის გულისხმობდა, რომ ამ საქმეს საკუთარ თავზე ჩვეულებრივი ადამიანები აიღებდნენ – მისი ჭეშმარიტი მიმდევრები. და ამ საქმის კეთებას ისინი მანამდე გააგრძელებდნენ, სანამ უფალი არ იტყვის: «საკმარისია». ეს კი მას ჯერ არ უთქვამს.



მაგრამ მაშინ როგორ მოვიქცეთ, თუ მოულოდნელად ქრისტიანს ეჩვენება, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებისათვის «ცუდი დრო» დადგა? (2 ტიმოთე 4:2). შესაძლოა, მან თქვას: «დღეს ხალხი ისე აღარ ისმენს, როგორც ადრე ისმენდა. გამოხმაურებას ვერ ვხედავ. რა აზრი აქვს ქადაგების გაგრძელებას?»


და მართლაც, აქვს თუ არა აზრი ადამიანებისათვის ბიბლიური ცნობის გადაცემის გაგრძელებას, თუ მათი მხრიდან მართლაც არ ჩანს განსაკუთრებული ინტერესი? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი თავად ბიბლიაში უნდა ვეძებოთ. და ის იქ არის…


როდესაც ქრისტიანები სასიხარულო ცნობით ადამიანებთან მიდიან, ისინი ახალს არაფერს აკეთებენ – ისინი ისევე იქცევიან, როგორც ძველი წინასწარმეტყველები იქცეოდნენ, რომლებსაც მათი თანამედროვეებისათვის მიჰქონდათ იმ დროის სასიხარულო ცნობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოს ის შეგონება წარმოადგენს, რომელიც იეჰოვამ თავის მსახურ ეზეკიელს მისცა. როდესაც მსახურებაში გზავნიდა, ღმერთმა ის წინასწარ გააფრთხილა მათი მხრიდან ტიპიური რეაქციის შესახებ, ვისთვისაც მას ღვთის ცნობა უნდა გადაეცა. და ეს რეაქცია დადებითი სულაც არ იქნებოდა.

«მე გგზავნი უტიფარი სახისა და ჯიუტი გულის მქონე ძეებთან, უთხარი მათ: «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩია ეს სახლი, იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. შენ კი, კაცის ძეო, ნუ შეგეშინდება მათი, ნურც მათი სიტყვები შეგაშინებს, რადგან ჯიუტები არიან, იჩხვლიტებიან; მორიელებს შორის გიწევს ცხოვრება. მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, მათი სახეები თავზარს ნუ დაგცემს, რადგან ურჩია ეს სახლი. უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩნი არიან» (ეზეკიელი 2:4-7).


ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია! ღმერთი გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთა მხრიდან გამოვლენილ ურწმუნოებაზე და იმის მიზეზსაც გვიხსნის, თუ რატომ უნდა გააგრძელონ მისმა მსახურებმა სასიხარულო ცნობის მიტანა ასეთ ადამიანებამდე. მაშინაც კი, თუ მათ კატეგორიულად არ სურთ ამ ცნობის მიღება, ღმერთი მაინც აღწევს თავის მიზანს – მქადაგებლის ყოველი ახალი ვიზიტი მათ იმის შეხსენების საშუალებას აძლევს, რომ ღმერთი სიცოცხლის არჩევას სთავაზობს მათ და არა სიკვდილის (კანონი 30:19). განკითხვის დღეს კი ასეთი ადამიანები საკუთარი თავის მსჯავრმდებელნი აღმოჩნდებიან ზუსტად ამ არჩევნისადმი ასეთი დაუდევარი პოზიციის საფუძველზე. მაშინ ვერავინ ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა არ მიეცა – იმიტომ რომ ღმერთმა უკვე მრავალგზის სცადა მათ ყურამდე ამ ცნობის მიტანა, როდესაც მათთან თავის მსახურებს გზავნიდა.   

«როცა ეს შესრულდება, და ნამდვილად შესრულდება, გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის» (ეზეკიელი 33:33).





არაერთგზის მიუთითებდა იმავე პრინციპზე იესო ქრისტეც, როდესაც იმ ხალხზე საუბრობდა, რომლებსაც ის არ სწამდა:


«მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ, მაგრამ ახლა არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვისთვის» (იოანე 15:22 შეადარეთ იოანე 9:41).


აი ამიტომ მიდიოდა ღვთის ძე ადამიანებთან. მისი ქადაგება ყოველთვის წარმატებული იყო, ადამიანის მხრიდან ნებისმიერი რეაქციის შემთხვევაში! თუ ერთნი მის ცნობას იღებდნენ და ქრისტეს მოწაფეები ხდებოდნენ, მაშინ ისინი, ვინც მის ცნობაზე უარს ამბობდნენ, არსებითად საკუთარ თავს სდებდნენ მსჯავრს: 


«ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება; ვისაც არა სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი. გასამართლების საფუძველი ის არის, რომ ქვეყნიერებაზე სინათლე მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში, მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული» (იოანე 3:18-21).




მაგალითად ავიღოთ «სიმართლის მქადაგებელი ნოე» (2 პეტრე 2:5). ის მრავალი წლის განმავლობაში აუწყებდა ცნობას ღვთის სასამართლოს შესახებ. მაგრამ რამდენი ადამიანი გამოეხმაურა მის სიტყვებს და ამის შედეგად გადარჩა? ამასთან დაკავშირებით ბიბლია მოიხსენიებს მხოლოდ თავად «სიმართლის მქადაგებელ ნოე[ს] და კიდევ შვიდ კაც[ს]»(2 პეტრე 2:5). თითქოსდა, ძალიან მცირედი შედეგია ასეთი ხანგრძლივი სამქადაგებლო საქმისათვის. მართლაც ვერ ვუწოდებდით ნოეს სამქადაგებლო ტერიტორიას «მოსავლიანს». მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ნოეს ქადაგება ნაკლებეფექტური იყო? პირიქით. ღვთის თვალსაზრისით, ნოემ, მრავალი ხალხი კი ვერ გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ ქადაგების საშუალებით სხვა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია - «რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას» (ებრაელები 11:7). ჩვენ კვლავ იგივე პრინციპს ვადევნებთ თვალს – ღვთის ცნობა 1) გადაარჩენს გულისხმიერ ადამიანებს და 2) მსჯავრს სდებს მათ, ვინც ამ ცნობას იგნორირებას უკეთებს. 



ამგვარად ბიბლია მნიშვნელოვან დასკვნამდე მისვლაში გვეხმარება: ქრისტიანის ქადაგება ყოველთვის წარმატებულია! ბიბლიური ცნობის მიმართ ადამიანის ნებისმიერი რეაქციის შემთხვევაში! ეს აქსიომაა. მაშინაც კი, თუ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად რეაგირებს სასიხარულო ცნობაზე, ესეც შედეგია. იმიტომ რომ ეს ღვთის მომავალი სამსჯავროს დროს, ღვთის სამართლიანი განაჩენის საფუძველს ქმნის. თუმცა ჭეშმარიტებაზე დადებითი გამოხმაურება გაცილებით უკეთესია, რადგან ის ხომ ადამიანის წინაშე გადარჩენის კარს აღებს. 


მნიშვნელოვანია, რომ ვაცნობიერებდეთ ქადაგების ძალასა და ეფექტურობას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ უყურებს ღმერთი ქრისტიანის ქადაგებას, მის მცდელობას, რომ გააგრძელოს სასიხარულო ცნობის ქადაგება ურწმუნო ქვეყნიერებაში. ღვთის თვალში ასეთი მცდელობები ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას აღწევს, იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისეთები, ვინც მოცემულ სიტუაციაში დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, თუ არ არიან. მნიშვნელოვანი სხვა რამაა – არ გავაცივოთ ჩვენში მქადაგებლის ენთუზიაზმი, უფლება არ მივცეთ გარეგან ნეგატივს, რომ ზემოქმედება მოახდინოს შენს შინაგან განწყობაზე – «ანთებულ სულს ნუ ჩააქრობთ» (1 თესალონიკელები 5:19). სწორი განწყობა შეინარჩუნე და «უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა» (ეზეკიელი 2:7).


--------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий