суббота, 11 августа 2018 г.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და "წმინდა ადგილები"



მორწმუნეთა უმრავლესობას შორის არსებობს განსაზღვრული ადგილების მონახულების ჩვეულება, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ერთგვარ განსაკუთრებულ რელიგიურ მნიშვნელობას ფლობენ. ხშირად ეს დაკავშირებულია ადამიანის სურვილთან, რომ რომელიღაც «სიწმინდე» (ობიექტი ან საგანი) ნახოს და მოილოცოს იმის იმედით, რომ ე.წ. «ღვთიურ მადლს» მიიღებს. ამგვარ ტრადიციას «მომლოცველობა» ჰქვია. ერთ წყაროში ეს სიტყვა ასე განიმარტება, «მომლოცველობა — მოგზაურობა წმინდა მიწაზე და სხვა გეოგრაფიულ ადგილებში, რომლებსაც საკრალური მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული რწმენისათვის, თაყვანისცემისა და ლოცვის მიზნით; საერთოდ მორწმუნეების სიარული წმინდა ადგილებში თაყვანსაცემად».


ძალიან მაინტერესებს, სად შემიძლია ქრისტიანისთვის იმის ბიბლიური საფუძვლის პოვნა, რომელიც მსგავსი რელიგიური პრაქტიკის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს? ნამდვილად აქვთ თუ არა ქრისტეს მოწაფეებს იმის აუცილებლობა, რომ ღმერთს რომელიმე სპეციალურ ადგილებში სცემდნენ თაყვანს, რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა ექნებოდა? კერძოდ, რა თქვა ამის შესახებ თავად იესომ?


ვფიქრობ, კარგ მაგალითს წარმოადგენს იესოს სამარიტელ ქალთან საუბარი, რომელიც იოანეს სახარების მე-4 თავშია აღწერილი. აქ ჩვენ ვკითხულობთ:  


«ქალმა მიუგო: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი." იესომ უთხრა მას: "მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს» (იოანე 4:19-24).

როგორც სამარიტელებს, ასევე იუდეველებსაც ჰქონდათ თავისი განსაკუთრევული წმინდა ადგილები ღვთისათმი თაყვანსაცემად. თანაც, პირველებისაგან განსხვავებით, იუდეველები იმ მითითებების თანახმად მოქმედებდნენ, რომელიც ღმერთმა მოსეს კანონის მეშვეობით მისცა. ამ ადგილებს წარმოადგენდნენ: კარავი (მოგვიანებით – ტაძარი), თავიდან სილოამში, შემდეგ ბეთ-შემეშში, მოგვიანებით - კირიათ-იეარიმში, შემდეგ კი - იერუსალიმში (კანონი 12:5; 1 მეფეები 9:3). წელიწადში სამჯერ უნდა მისულიყვნენ ისრაელიანები ამ წმინდა ადგილას ღვთისადმი თაყვანისცემის შესასრულებლად (გამოსვლა 23:17; კანონი 12:5-7).




აქედან გამომდინარე, იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები საკმაოდ მოულოდნელად ჟღერდა. მან სამარიტელი ქალი დაარწმუნა, რომ ამიერიდან ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისათვის აღარ ადგენდა რაიმე სახის წმინდა ადგილებს, სადაც ისინი ღვთის კეთილგანწყობის მისაღებად უნდა მისულიყვნენ.  «აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში», - აუხსნა იესომ. კი მაგრამ მაშინ სად, სად უნდა ეპოვათ ქრისტიანებს ახალი «წმინდა ადგილები»? იესო თავისი სიტყვების მნიშვნელობას განმარტავს:


«ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს» (იოანე 4:23,24).

ამგვარად, იესო პირდაპირი გაგებით «წმინდა ადგილებში» თაყვანისცემას უპირისპირებს რაღაც განსხვავებულს – «სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემას», თანაც აღნიშნავს, რომ ასეთი თაყვანისცემა, თავად ზეციერი მამის თვალსაზრისით, უშუალოდ ღვთის «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების» დამახასიათებელი იქნებოდა. თანაც, ის ორჯერ უსვამს ხაზს ამ მნიშვნელოვან აზრს! თუმცაღა, რას ნიშნავს ეს ფრაზა?

ჩვენთვის საინტერესო ტექსტში, ფრაზა «სულითა და ჭეშმარიტებით» ნათარგმნია ბერძნული სიტყვებიდან «სული» ("πνεύματι", სტრონგის ნომერი: 4151) და «ჭეშმარიტება» ("αληθεία", სტრონგის ნომერი: 225). ზუსტად ეს სიტყვებია კვლავ გამოყენებული იესოს სიტყვებში, როგორც ჩვენ მოგვიანებით ვკითხულობთ იმავე იოანეს სახარებაში:


«ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს; თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია» (იოანე 14:17).

«ჭეშმარიტების სული… წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ» (იოანე 16:13).

არსებითად, ეს ორი მუხლი იმის გაგების გასაღებს წარმოადგენს, რის შესახებაც იესო იოანეს 4:22,23-ში ლაპარაკობდა. იოანეს 16:13-ის საფუძველზე, გასაგები ხდება, რომ მამისადმი «სულითა და ჭეშმარიტებით» თაყვანისცემაში იგულისხმება ღვთისადმი მსახურება ღვთის ნებისა და იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად და არა ადამიანთა მცნებების თანახმად (შეადარეთ იოანე 14:26; მარკოზი 7:1-9). მეორეს მხრივ, იოანეს 14:17 მიუთითებს ღვთის სულისა და მასთან დაკავშირებული მოქმედებების გარეგან უჩინარობაზე. ამასთანავე, ქრისტიანებისთვის არ იყო საჭირო, რომ სულიერი კურთხევები რაიმე სახის სპეციალურ «წმინდა ადგილებში» ეძებნათ, რადგან, იესოს სიტყვების თანახმად, «ჭეშმარიტების სული… თქვენთან რჩება და თქვენშია». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისადმი თაყვანისცემა ადამიანების გულებში უნდა ხდებოდეს და არა რომელიმე გეოგრაფიულ ცალკეულ «წმინდა ადგილებში», რომლებსაც თითქოს საკრალური მნიშვნელობა გააჩნიათ. 





ზუსტად ამ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას ასევე მოციქული პავლეც, როდესაც ღვთისადმი თაყვანისცემას აკავშირებდა არა, პირდაპირი გაგებით რომელიმე ტაძართან ან ტერიტორიულ ადგილმდებარეობასთან, არამედ ქრისტიანის გულის მდგომარეობასთან:


«ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? თუ ვინმე ღვთის ტაძარს დააქცევს, ღმერთი დააქცევს მას, რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ» (1 კორინთელები 3:16,17). 
«როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში მყოფი წმინდა სულისა, რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით» (1 კორინთელები 6:19).
«ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: "დავმკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი"» (2 კორინთელები 6:16).
«მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებულნი, თვითონ ქრისტე იესო კი ამ საძირკვლის ქვაკუთხედია. მასთან ერთობაში მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის. მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით» (ეფესოელები 2:20-22; შეადარეთ 1 პეტრე 2:5).

მოციქული პავლეს სიტყვებში, I საუკუნის მოციქულთა ეპოქის ქრისტიანების საერთო შეხედულებაც ირეკლება, მათი ღვთისადმი თაყვანისცემაში ფიზიკურად ხილულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. პავლე წერდა:


«როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი - მარადიული» (2 კორინთელები 4:18).

«რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2 კორინთელები 5:7).


თუ იესოს სიტყვებს დავუბრუნდებით, «სულითა და ჭეშმარიტებით» თაყვანისცემის შესახებ და მათ მოციქულების მიერ ახალ აღთქმაში მოგვიანებით გაჟღერებულ აზრებთან დავაკავშირებთ, სრულიად გასაგები ხდება, თუ რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს «მომლოცველობის» პრაქტიკასთან მიმარტებით, რომლის მიზანსაც ერთგვარი «წმინდა ადგილების» მოლოცვა და ასევე, ე.წ. «სიწმინდეების» ნახვა წარმოადგენს. როგორც ქრისტემ გაუსვა ხაზი, ღმერთი «აღარც ამ მთაზე... და აღარც იერუსალიმში» იწონებს მისადმი თაყვანისცემას (იოანე 4:21). ახალ აღთქმაში საერთოდ არ არის არავითარი მითითება რომელიმე გეოგრაფიულ ადგილებზე ახალი სიწმინდეებით. ერთადერთხელ, როდესაც იესომ "წმინდა ადგილი" მოიხსენია, იყო მისი წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის უხლოეს მომავალში განადგურების შესახებ, რომლისგანაც, მისი მამის ნების თანახმად, ქვა-ქვაზე არ უნდა დარჩენილიყო (მათე 24:15).


ძველი ისრაელის დროს თუ კიდეც იყო განსაზღვრული მცნებები, რომლებიც მთელი ისრაელი ერის თაყვანისცემის კონკრეტულ ადგილებთან იყო დაკავშირებული, ახალაღთქმისეული ქრისტიანებისათვის ამგვარი მცნებები აღარ არსებობს. ქრისტიანებისათვის სხვა ბიბლიური მითითებაა ძალაში - "ნუ მიატოვებთ თქვენს შესაკრებელს", ანუ ქრისტეს მოწაფეების შეხვედრის ადგილს, ღვთისადმი რეგულარული მსახურების შესასრულებლად (ებრაელები 10:24,25). თუმცა გასაგებია, რომ ჩვეულებრივ ადგილობრივ კრებებს არანაირი კავშირი არ აქვთ ე.წ. "წმინდა ადგილებთან".  

იესო გვასწავლის, რომ «ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის» (იოანე 4:23). ასეთი თაყვანისცემა კი, ბიბლიის თანახმად, მოიაზრებს არა «წმინდა ადგილების» მონახულება - მოლოცვას, არამედ ღვთისადმი მსახურებას ქრისტეს მცნებების თანახმად და ასევე ქრისტიანის გულში, სულის მოქმედებისათვის ხელის შეყწობას. მხოლოდ ამის საფუძველზე ჩაითვლება მორწმუნე ადამიანი ღვთის მიერ «ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად». 

----------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий