вторник, 22 мая 2018 г.

ათი მცნება და ათი დამახინჯება



ალბათ, სხვა არცერთი ეკლესია არ გამოირჩევა ათ მცნებაზე ყურადღების ისეთი აქცენტირებით, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია. ადვენტისტების ოფიციალურ საიტზე (რუსული) ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: 
«ღვთის კანონის დიდებული პრინციპები ათ მცნებაშია გადმოცემული... ისინი ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებელია. ეს დადგენილებები უდევს საფუძვლად მისი ხალხისთვის მიცემულ ღვთის კანონს. ეს სამართლიანობის უმაღლესი საზომია ღვთის სამსჯავროზე… ღმერთმა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ასევე მთელ კაცობრიობას მოუწოდა დაეცვათ ათი მოკლე, თუმცა ყოვლისმომცველი და უცვლელი მითითება, რომლებიც ღვთისა და სხვა ადამიანების წინაშე ადამიანების ვალდებულებებს აჩვენებენ… რამდენადაც ათსიტყვიანი ზნეობრივი კანონი ღვთის ხასიათის ანარეკლია, მისი პრინციპები მარადიულია და გარემოებებზე არ არის დამოკიდებული. ისინი აბსოლუტური და უცვლელნი არიან და მუდმივ ძალას ფლობენ კაცობრიობისათვის. ყველა დროის ქრისტიანები მკაცრად იცავდნენ ღვთის კანონის უცვლელობას და მის საიმედოობას ამტკიცებდნენ…»

დამეთანხმეთ, ძალიან მკაფიო და ლამაზი სიტყვებია! გამოდის, რომ მეშვიდე დღის ადვენტისტები ათი მცნების მითითებებს მიიჩნევენ (ვციტირებ) «დიდებულად», «უცვლელად», «აბსოლუტურად», «ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებლად», «გარემოებებისაგან... დამოუკიდებლად». ამასთანავე «მთელი კაცობრიობა ვალდებულია დაიცვას» ათი მცნების მითითებები. კარგი, დავიმახსოვროთ ეს... 


არც თუ დიდი ხნის წინ, მე მოცემული ეკლესიის წარმომადგენელთან მომიწია ურთიერთობა. როგორც მოველოდი, პრაქტიკულად თავიდანვე ამ ადამიანმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ «ღვთის ერი იმით გამოირჩევა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ათი მცნების მიმართ, რამდენად გულდასმით იცავს და ასრულებს მის მცნებებს», და ა.შ. თავისი გაგებით იესოს სიტყვების ციტირებით, ის ამტკიცებდა: «სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება» (მათე 5:18). მისი აზრით, იესოს მიერ მოხსენიებული რჯული ზუსტადაც რომ ათ მცნებას მოიაზრებდა. ისე გამოდის, რომ აუცილებელია ყოველივე იმის დაცვა, რაზეც დეკალოგი საუბრობს.

გასაგებია, რომ მთავარ სარჩულს აქ მე-4 მცნება წარმოადგენდა, შაბათის შესახებ. ადვენტისტები, როგორც ცნობილია, მას ძალიან ფაქიზად ეპყრობიან. მე, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანს, იეჰოვას მოწმეს, ძალიან ღრმა მოწიწება გამაჩნია შაბათის შესახებ მცნების მიმართ და საკუთარი თავი იმის ვალდებულად მიმაჩნია, რომ მის ჭეშმარიტ, სიღრმისეულ, სულიერ პრინციპს მივყვე ყოველთვის, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, წელიწადის 365 დღის განმავლობაში. აი ამიტომ ვარ მე, გადატანითი მნიშვნელობით, იმაზე გაცილებით დიდი «შაბათის დამცველი», ვიდრე თუნდაც ის ადვენტისტი, რომელიც შაბათის მცნების დაცვას მხოლოდ კალენდარული კვირის მხოლოდ ერთ დღეს უთმობს. თუმცა მოცემულ მომენტში ეს თემა განსაკუთრებით არ მაინტერესებდა. მე სულ სხვა რამემ დამაინტერესა...

რა საინტერესო რამაა – ადამიანური აზროვნება! ხანდახან ადამიანებს ისეთი რამის მტკიცება გამოსდით, რასაც თავადაც კი ეწინააღმდეგებიან ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ ამას. დეკალოგის შემთხვევაშიც ასე გამოდის. ცალკე აღებული მცნებების დიდი მონდომებით დაცვისა და მათი ზედმიწევნით მიყოლის აუცილებლობის მტკიცებისას, მსგავს მორწმუნე ადამიანებს რატომღაც ამ მცნებების მთავარი შემადგენელი ავიწყდებათ. და არა მხოლოდ ავიწყდებათ, არამედ აშკარად არღვევენ მას, პირდაპირი გაგებით მის წინააღმდეგ ამხედრებით. რაზეა საერთოდ საუბარი?

ადვენტისტების აზრით, ისინი, ვინც თუნდაც ათი მცნების ერთ ასო-ბგერასაც კი არ იცავენ, კანონის დამრღვევებად ითვლებიან და ღვთისაგან სიკვდილს იტეხენ თავს. იმავე ოფიციალურ საიტზე, ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამაა ნათქვამი:


«ათი მცნება გვიჩვენებს მის ნებასა და გეგმებს კაცობრიობასთან დაკავშირებით. ისინი სრულყოფილ დაცვას მოითხოვენ, რადგან «ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა…
ღვთის კანონის დარღვევას წმინდა წერილი ცოდვას უწოდებს…
ბოროტება კანონის დარღვევის შედეგს წარმოადგენს…
კანონის დამრღვევნი ვერ დაიმკვიდრებენ მარადიულ სიცოცხლეს…»

კარგი, დავუშვათ... თუმცა ასეთ შემთხვევაში მე შემხვედრი შეკითხვა მიჩნდება: განა ამით ადვენტისტებმა პირველ რიგში საკუთარ თავს არ დასდეს ბრალი? თანაც, ზუსტადაც რომ ათი მცნების კანონის (დარღვევაში) გადასვლაში! 

თითქოს და, განა შესაძლებელია ეს? მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ასეა. მე უკიდურესად უცნაურად მეჩვენება, როდესაც მსგავსი მორწმუნეები დეკალოგის ყოველი ასოსადმი მოწიწებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, ამასთანავე აშკარად არღვევენ, როგორც მინიმუმ, მისი მცნებების ნახევარს. ამაში დარწმუნება ნებისმიერს შეუძლია, ვინც მიზნად დაისახავს ათი მცნების ისე წაკითხვას, როგორც ორიგინალშია ისინი მოცემული.

ბიბლიაში ათი სიტყვა ორჯერაა მოცემული: პირველად – გამოსვლის წიგნის მე-20 თავში; მეორედ – მეორე რჯულის მე-5 თავში. ქვემოთ მოცემულია ილუსტრაციები, რომლებიც აღებულია საიტიდან «ელექტრონული ებრაული ენციკლოპედია» (რუსული) (განყოფილება «ათი მცნება»).  




როგორც თვალნათლივ ჩანს, დეკალოგის პირველი ხუთი მცნებიდან, ორიგინალში, ყველა მათგანში წერია ტეტრაგრამატონი - ღვთის სახელი «იაჰვე» (იეჰოვა). იმას, რომ ეს მართლაც ასეა, ათასობით უძველესი ბიბლიური ხელნაწერები მოწმობენ, რომლებიც მეცნიერთა განკარგულებაში არიან. ამასთანავე, უშუალოდ მე-4 მცნებაში, რომელიც მეშვიდე დღის ადვენტისტების განსაკუთრებული მოწიწებით სარგებლობს, ტეტრაგრამატონი უფრო მეტჯერ წერია, ვიდრე სხვა რომელიმე მცნებაში – 3 ან 4-ჯერ (იქიდან გაომდინარე, თუ ბიბლიის რომელი წიგნიდან ხდება დეკალოგის ციტირება – გამოსვლიდან თუ მეორე რჯულიდან). საერთო ჯამში, ათ მცნებაში ტეტრაგრამატონი 8-დან 10-მდე ჯერზე წერია! დამეთანხმეთ, რომ ეს სავსებით მნიშვნელოვანია! მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ისაა, რომ როგორც ცნობილია, ათი მცნება წარმოადგენს ბიბლიის ერთადერთ ფრაგმენტს, რომელიც «ღვთის თითით» დაიწერა, ანუ პირდაპირი გაგებით პირადად მის მიერ (გამოსვლა 31:18). ეს ფაქტი ადვენტისტებისთვისაც ცნობილია:


«დეკალოგი — ათი სიტყვა, ანუ ათი მცნება, — ორი ნაწილისაგან შედგება, იმ ქვის ფილების რაოდენობის მიხედვით, რომლებზეც თავად ღმერთმა დაწერა ისინი. პირველი ოთხი მცნება ჩვენს მოვალეობებს განსაზღვრავენ ჩვენს შემოქმედსა და გამომსყიდველთან მიმართებით, დანარჩენი ექვსი — ადამიანებთან მიმართებით...
ათი მცნების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ესაა ერთადერთი სიტყვები, რომელიც ღმერთმა მთელი ერის გასაგონად წარმოთქვა (იხ. მეორე რჯული 5 22) ღმერთმა ეს კანონი გულმავიწყ ადამიანებს არ მიანდო და თავისი თითით დაწერა ორ ქვის ფიქალზე, რომლებიც კარავში, კიდობანში უნდა შენახულიყო (იხ. გამოსვლა 31 18, მეორე რჯული 102)».

ამ ფონზე შეუძლებელია არ იკითხო: თუ ადვენტისტებისთვის, როგორც ამას თავადვე ამტკიცებენ, ასე მნიშვნელოვანია ათი მცნების კანონის დამრღვევები არ იყვნენ, მაშინ რატომ უჭერენ მხარს ზუსტად ამ ათი მცნებიდან ღვთის სახელის ამოშლას? თავის ღვთისმსახურებებზე დეკალოგის ციტირებისას, რატომ წარმოთქვავენ ისინი მას დამახინჯებული სახით, რატომ შლიან მისი ტექსტიდან პირადად ღვთის მიერ ჩაწერილ მის პირად სახელს? რადგან, ხომ ლოგიკურია, ღმერთს თუ იმის სურვილი არ ჰქონდა, რომ მისი სახელი არ ყოფილიყო და არ წარმოთქმულიყო ათ მცნებაში, ის მას უბრალოდ არ ჩაწერდა მასში! ასევე ლოგიკურია საპირისპიროც: თუ ღმერთმა ათ მცნებაში 10-ჯერ ჩაწერა თავისი სახელი, ესე იგი, მას სურს, რომ მისმა ჭეშმარიტმა (!) მსახურებმა იცოდნენ, წაიკითხონ და წარმოთქვან ეს სახელი. განა ასე არ არის? 




და ცოტა ხნის წინ ციტირებულ მკაფიო და ლამაზ სიტყვებს რა ვუყოთ მეშვიდე დღის ადვენტისტთა ოფიციალურ საიტზე, რომლებშიც ასე თავგამოდებით ესმება ხაზი იმ ყველაფრის დაცვის «აუცილებლობასა» და «დაურღვევლობას», რაც ღმერთმა დეკალოგში ჩაწერა? თავს უფლებას მივცემ და კიდევ შეგახსენებთ მეშვიდე დღის ადვენტისტთა განაცხადს იმის შესახებ, რომ ათი მცნების სიტყვები «ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებელია»… ან იქნებ ათი მცნების სიტყვები მაინც არაა იმდენად «დაურღვეველი», როგორც ამას ამ ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ? ან იქნებ «აუცილებელია», მაგრამ არა ყველასთვის? მე ვერანაირად ვერ ვიჭერ ამ ყველაფერში ლოგიკას. არსადაა ლამაზ სიტყვებსა და რეალურ საქმეებს შორის არსებული აუცილებელი ძაფი… 


ასეთი უცნაური შეუსაბამობის გაგება კიდევ უფრო რთულია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადვენტისტების საიტზე კიდევ ერთი მშვენიერი აზრია მოცემული:

«ათი მცნება იმ ქცევის ნიმუშს გამოხატავს, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას გადასცა. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ურთიერთობას ჩვენს შემოქმედთან და გამომსყიდველთან და ჩვენს პასუხისმგებლობებს ადამიანებთან მიმართებით…
პირველი ოთხი მცნება განსაზღვრავს ჩვენს პასუხისმგებლობებს ჩვენი შემოქმედისა და მხსნელის მიმართ, დანარჩენი ექვსი კი — ადამიანებთან მიმართებით...
ათი მცნება — ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე აკრძალვების მოკლე ნაკრები. ის შეიცავს ფართო გაგების პრინციპებს, რომლებიც არა მხოლოდ იმას შეეხება, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, არამედ იმასაც, თუ რისი გაკეთება გვმართებს».

მაშ ასე, თუ იმას დავუჯერებთ, რაც ზემოთ წერია, მაშინ გამოდის, რომ ადვენტისტები არა მხოლოდ უნდა დაეთანხმონ ყველაფერ იმას რაც ათ მცნებაში წერია (იმ 10 ადგილის ჩათვლით, რომლებშიც ღმერთმა საკუთარი სახელი განათავსა), არამედ უფრო მეტიც უნდა გააკეთონ – ზუსტად ისე იმოქმედონ, როგორც ათ სიტყვაში წერია! თუ ის, როგორც ათი მცნებაა შედგენილი, (ციტირებას ვახდენ) «ქცევის ნიმუშს» წარმოადგენს, მაშინ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ადვენტისტები ღმერთს ზუსტად იმ სახელით უნდა მიმართავდნენ, რომელიც მან მცნებებში 10-ჯერ ჩაწერა. არა უბრალოდ ტიტულით «უფალი», რომელიც ორიგინალის ძველ ტექსტში საერთოდ არ არის, არამედ ზუსტად ისე, როგორც დეკალოგის ტექსტშია მითითებული – მისი სახელის წარმოთქმით

და კვლავ, თუ ზემოთ მოყვანილი ტექსტი მართლა იმ მორწმუნეების გულწრფელ აზრებს გამოხატავს, ესე იგი, (ციტირებას ვახდენ) «ჩვენი ურთიერთობა ჩვენს შემოქმედთან და გამომსყიდველთან და ჩვენი პასუხისმგებლობები» აუცილებლად უნდა მოიცავდეს საკუთარ თავში ღთის იმ ერთადერთი სახელის განდიდებას, რომელიც შემოქმედისა და გამომსყიველის მიერ ჩაწერილი იქნა ათი მცნების უმეტესობაში. რადგან, ეს ხომ ლოგიკურია: «პასუხისმგებლობა» შეუძლებელია აუცილებელს არ წარმოადგენდეს და შემოქმედთან «ურთიერთობა» შეუძლებელია ჩვენი საკუთარი პირობების თანახმად ეწყობოდეს. რადგან ღმერთმა თავად განსაზღვრა თავისი სახელის მნიშვნელოვნება მასთან «ურთიერთობის» სფეროში, ესე იგი, ჩვენ ვერანაირი სათანადო ურთიერთობა ვერ გვექნება, თუ ჩვენ მისი მოთხოვნებიდან ჯიუტად ვიწყებთ იმის ამოშლას, რაც რაღაც მიზეზით არ მოგვწონს. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ღვთის წინაშე პატიოსნებისათვის ადგილი აღარ რჩება.


კერძოდ, საიდან ჩნდება ეს უცნაური ტაიმ-აუტი? რატომაა, რომ მას შემდეგ, რაც მსგავს რამეს ვეუბნები ადვენტისტს, მას მაშინვე ეკარგება ის გულმოდგინე იერი, რომლითაც ცოტა ხნის წინ იმაში მარწმუნებდა, რომ აუცილებელია ათი სიტყვის კანონს მივყვეთ «აბსოლუტურად ყველაფერშიო»? რატომ ამბობდა ის ჯერ კიდევ ერთი წუთის წინ, რომ «ერთი იოტიც და ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან» (მათე 5:18), ხოლო როდესაც საუბარი ამავე კანონის ათობით ადგილის შესრულებას შეეხო, სადაც ღმერთი თავისი სახელის განდიდებას მოითხოვს, მე მაშინვე დაბნეულ მზერას და იმის რაღაც უხერხულ ახსნა-განმარტებებს ვისმენ, თუ ზუსტად ამ ადგილებში რატომ არ არის აუცილებელი «იოტისა» და «წერტილის» მიყოლა? ჩვენ ხომ თითქოსდა ზუსტად იმ «უცვლელ» და «აუცილებელ», «სანიმუშო» და «აბსოლუტურ» ათ მცნებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ადვენტისტთა სურათებზე ზეციდან ჩამომავალი შუქით მოფენილი იხატება ხოლმე. რაში მდგომარეობს სირთულე?


მე უცნაურ თავის მართლებებს ვისმენ იმის შესახებ, რომ ფარისევლობის ჩასახვის ეპოქაში, იუდაიზმის კანონის მასწავლებლებმა, რაღაც უცნაური წესების მოფიქრება დაიწყეს, რომელიც ღვთის სახელის გამოყენებას ზღუდავდა. უკაცრავად და, როდიდან გახდნენ ქრისტიანებისთვის ფარისევლები ავტორიტეტული და მისაბაძი ხალხი? განა ასეთივე ფარისევლებსა და «კანონის მცოდნეებს» არ განიკითხავდა იესო, როდესაც ბრალს სდებდა იმაში, რომ «ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიდნენ, როგორც სწავლებებს. ღვთის მცნება მიატოვეს, ადამიანთა ადათ-წესებს კი მტკიცედ იცავენ»? (მარკოზი 7:6,7). განა ასეთ «კანონის მცოდნეებზე» არ ამბობდა ღვთის ძე: «თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ადათ-წესებით?» (მათე 15:3). იესომ «კანონის მცოდნეებს», «მცნებების დარღვევაზე» მიუთითა. თავის მხრივ, განა ადვენტისტები არ არღვევენ ათი სიტყვის მცნებებს, როდესაც ამ კანონის ნახევრიდან ღვთის სახელს შლიან, შემდეგ კი თავის გასამართლებლად ზუსტად იმ ფარისევლებისა და კანონის მცოდნეების ადამიანური ტრადიციები მოჰყავთ, რომელთაც იესო განიკითხავდა, თანაც ზუსტად მათ მიერ მოფიქრებული საკუთარი წესების გამო? უბრალოდ გასაკვირი ასოციაციები და დამთხვევებია!


საინტერესო ის არის, რომ ადვენტისტების საიტზე, ათი მცნებისადმი იესოს დამოკიდებულების შესახებ შემდეგია ნათქვამი:
«ქრისტე ათი მცნების კანონს ყველაზე მეტად სცემდა პატივს… თავად ქრისტემ აღასრულა კანონი, კი არ გააუქმა ის, არამედ მორჩილებით იცხოვრა». 

შეგვიძლია იმის წარმოდგენა, რომ იესოს, ფარისევლების მსგავსად, იეჰოვას სახელი ამოეშალა დეკალოგიდან? მას რომ ღვთის სიტყვის ასეთი რედაქცია მოეხდინა, არავითარი კანონის დაცვაზე არ შეიძლება საუბარი ყოფილიყო (შეადარეთ მათეს მე-4 თავის თარგმანს). საინტერესოა, რეალურად ვისი მიბაძვისაკენ ილტვიან ის «ქრისტიანები», რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ – ღვთის სახელის ამოშლასთან დაკავშირებით? ნუთუ იესოს? თუ მათი, რომლებსაც ის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო განიკითხავდა?





მე კიდევ ერთ ზღაპარს მიყვებიან ხოლმე, ვითომდა, ღვთის სახელის ჟღერადობა საიდუმლო დარჩა, ზუსტად ამიტომ არ აქვს მის წარმოთქმას დღეს აზრიო. ისინი, ვინც ასეთ რამეს ამბობს, არსებითად იმას ეწინააღმდეგებიან, რაც მათ პირად ოფიციალურ საიტზე წერია:
«ათი მცნების სიღრმე მის უბრალო და ყოვლისმომცველ ხასიათში ვლინდება. ისინი იმდენად მოკლეა, რომ ბავშვიც კი ძალიან სწრაფად შეძლებს მათ დამახსოვრებას...
ღვთის კანონში საიდუმლო არ არის. ყველას შეუძლია ჩასწვდეს დიდებულ ჭეშმარიტებებს, რომლებიც მასშია. ყველაზე სუსტ გონებასაც კი ძალუძს ამ წესების გაგება, ყველაზე გაუნათლებელ ადამიანსაც კი შეუძლია ცხოვრებაში მათით ხელმძღვანელობა და ხასიათის ფორმირება ღვთაებრივი ნიმუშის შესაბამისად».

თუ, როგორც თავად ადვენტისტები ამბობენ, «ღვთის კანონში საიდუმლო არ არის», ამასთანავე აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს «შეუძლია ჩასწვდეს დიდებულ ჭეშმარიტებებს, რომლებიც მასშია», მაშინ ათ მცნებაში მოხსენიებულ ღვთის სახელთან დაკავშირებულ რომელ «საიდუმლოებებზეა» საუბარი? ან იქნებ ღმერთმა სისუსტე გამოავლინა და საკუთარ კანონში საკუთარი სახელის შენარჩუნება ვერ შეძლო? ვინ დაიჯერებს ამას? ალბათ მხოლოდ ისინი, რომლებიც მართლაც არ არიან ძალიან დაინტერესებულნი მის სახელთან დაკავშირებით ღვთის მითითებების მიყოლით…

იუდეველებმა დღემდე იციან ტეტრაგრამატონის (ღვთის სახელის) ჟღერადობა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში თავად დარწმუნდეს, თუ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადავა:



და მაშინ ადვენტისტების საიტზე მოცემულ სიტყვებს რაღა ვუყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ «ათსიტყვიანი ზნეობრივი კანონი ღვთის ხასიათის ანარეკლია, მისი პრინციპები მარადიულია და გარემოებებზე არ არის დამოკიდებული. ისინი აბსოლუტური და უცვლელნი არიან და მუდმივ ძალას ფლობენ კაცობრიობისათვის»? ანუ, თუ ათი სიტყვის პრინციპები «მარადიულია და გარემოებებზე არ არის დამოკიდებული», მაშინ თავად ადვენტისტებივე რატომ ცდილობენ თავის მართლებას, ვითომდა, გარემოებები შეიცვალა, ღვთის სახელი ათ სიტყვაში თითქოსდა უცნობი გახდა და საერთოდ, ამ სახელმა საერთოდ დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობაო? მოიცადეთ, ბოლოს და ბოლოს «ათსიტყვიანი ზნეობრივი კანონის პრინციპები მარადიულია» თუ არაა მარადიული? შეიცვალა «გარემოებები» თუ არ შეცვლილა? საიდან ასეთი მერყეობა? ზუსტად ის დროა ცნობილი შეკითხვა დავსვათ:
«როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?» (1 მეფეები 18:21).

სხვათა შორის, საინტერესო ფაქტი: იუდეველები ქრისტიანობის მიმართ მთელი თავისი ანტაგონიზმის მიუხედავად, ამ საკითხში გაცილებით უფრო კეთილშობილურად იქცევიან. ისინი არც წარსულში და არც დღეს არ აძლევენ საკუთარ თავს წმინდა წერილის დამახინჯებისა და მისგან ღვთის სახელის ამოშლის უფლებას. თუ ხელში აიღებთ ბიბლიის რომელიმე ტომს ებრაულ ენაზე, თავად შეძლებთ ამაში დარწმუნებას - ტეტრაგრამატონი თავის ადგილას დგას. საინტერესოა, რას ფიქრობენ იუდეველები, როდესაც ხედავენ, თუნდაც იგივე ადვენტისტები როგორ ახდენენ მათთვის მოსახერხებელი სახით ათი მცნების რედაქტირებას და მის ათ ადგილას ჩაწერილ ღვთის სახელს, უცხო ფრაზებით ანაცვლებენ? და როგორ ესაუბრებიან ადვენტისტები იუდეველებს «იოტისა და წერტილის შენარჩუნების აუცილებლობაზე»? 




ან კიდევ ერთი არანაკლებ უცნაური არგუმენტი: დღეს უკვე მნიშვნელოვანი არაა, ვინარჩუნებთ თუ არა ათ მცნებაში ჩაწერილ ღვთის სახელს, იმ შემთხვევაშიც კი – თუ ამ სახელს ტიტული «უფლით» შევცვლით, ქრისტიანს ესმის, თუ ვინ იგულისხმებაო მის ქვეშ… კარგი, მშვენიერია! მოდით ასეთი «ლოგიკით» შევიარაღდეთ და ადვენტისტს საკითხის ანალოგიურად გადაწყვეტა შევთავაზოთ შაბათთან დაკავშირებულ მცნებასთან მიმართებით. როგორი რეაქცია ექნებოდათ მათ, თუ ასეთივე ცვლილებას მოვახდენდით ყველა იმ ადგილას სადაც სიტყვა «შაბათი» წერია, თუნდაც იმავე მე-4 მცნებაში და მის ნაცვლად ჩავსვავდით ფრაზას «კვირის რომელიღაც დღე»? რა, დაე თითოეულმა მორწმუნემ თავად განსაზღვროს, თუ კონკრეტულად რომელ დღეს «დაისვენებს». ზოგი კვირას გადაწყვეტს, ზოგი პარასკევს, ზოგს კი ორშაბათს «დასვენება» უფრო მოეწონება. რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ კვირაში ერთი დღე მაინც გამოიყოფა «დასვენებისათვის»; ხოდა ზუსტად ის იქნება მისთვის «შაბათი»… 

საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებოდათ ადვენტისტებს ასეთ შეთავაზებაზე? ჩათვლიდნენ ათ მცნებაში გაკეთებულ ასეთ ცვლილებას რაღაც «უმნიშვნელოდ»? არა მგონია. მაგრამ კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს ის პოზიცია, როდესაც მათ მიერ მოწონებას იმსახურებს ათ მცნებაში ღვთის სახელის შემცველი ათობით ადგილის გადაკეთება, თანაც არა რომელიმე ერთ მცნებაში, არამედ ათი მცნებიდან თითქმის ნახევარში! და ამას ჰქვია «მცნებების კანონის დაცვა»???  




ჩემს ქალაქში ადვენტისტების ეკლესიის შენობაა აშენებული. მისი შესასვლელის წინ, ორ დიდ ქვაზე, საგულდაგულოდაა ამოკვეთილი ათი მცნების სიტყვები. აბა თუ გამოიცნობთ, რომელი ვარიანტი? რა თქმა უნდა, დამახინჯებული – ღვთის მიერ ჩაწერილი საკუთარი სახელის ნაცვლად ადამიანებმა ის ჩაწერეს, რაც მათ აწყობდათ, ანუ ჩვეულებრივი ტიტული «უფალი». რბილად რომ ვთქვათ, არათანაბარი ჩანაცვლებაა, განსაკუთრებით თუ 1 კორინთელების 8:5-ში ჩაწერილ სიტყვებს გავითვალისწინებთ:
"არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე - რადგან არსებობს მრავალი "ღმერთი" და მრავალი "უფალი""

და კვლავ კითხვა მინდა დავსვა: და ყველაფერი იმის თითოეულ ასომდე დაცვისა და შესრულების მნიშვნელოვნების საქმე როგორაა, რაც ათ მცნებაში წერია? იმის შესახებ რას იტყვით, რომ არ უნდა გაქრეს «ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი... კანონიდან»? (მათე 5:18) თუ აქ ძალაში ორმაგი სტანდარტები შემოდიან? თუ ასეა, მაშინ სურვილი მიჩნდება ასეთ «მორწმუნეებს» შევახსენო კიდევ ერთი ფრაზა მათივე საკუთარი საიტიდან:
«თითოეული ჩვენგანი ამ სამართლიანი პრინციპებით გასამართლდება და არა ჩვენი გაგებით».
აი აქ კი ვეთანხმები. როგორი «საკუთარი გაგებებიც» არ უნდა მოიფიქრონ ე.წ. «ქრისტიანებმა» მისი კანონიდან მისი საკუთარი სახელის ამოშლის გასამართლებლად, ის ვერანაირად ვერ უშველის მათ სასამართლოზე. განა არ სჯობია უკვე დღესვე, თავმდაბლურად გადახედონ ღვთის კანონისა და სახელისადმი საკუთარ დამოკიდებულებას, ვიდრე საკუთარი რეპუტაციით გარისკონ ღვთის თვალში დღეს, მომავალში კი – თვით სიცოცხლითაც კი? 




ისე, კიდევ ერთი აზრი მომეწონა ადვენტისტების საიტზე:
«ბიბლია ამტკიცებს, რომ ღვთიური კანონი — სატანის გაშმაგებული თავდასხმის ობიექტია, რომლის კანონის წინააღმდეგ ბრძოლაც თავის კულმინაციას უშუალოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ მიაღწევს. წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ სატანა უამრავ ხალხს დაიყოლიებს ღვთის კანონისადმი დაუმორჩილებლობაში».

ღვთის კანონისადმი მრავალი ადამიანის დაუმორჩილებლობა... და ეს მაშინ, როდესაც ისინი, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ, რომლებსაც ვითომდა ღმერთი და მისი სიტყვა უყვართ, ამავდროულად სინდისის ქეჯნის გარეშე ამახინჯებენ მის კანონს ისე, როგორც მათ აწყობთ, იქიდან შლიან შემოქმედის «უხერხულ» სახელს, განა ეს ყოველივე პირდაპირ არაა დაკავშირებული «ღვთის კანონის დაუმორჩილებლობასთან»? თუ, ზემოთ მოყვანილი სიტყვების თანახმად, სატანა გაშმაგებით ესხმის თავს ღვთის კანონს, მაშინ ვის ინტერესებში მოქმედებენ ისინი, რომლებიც ზუსტად ასევე ცვლიან იმავე კანონს და საკუთარი გემოვნებისა და ფერის თანახმად ახდენენ მის «გადაკეთებას»? აბა სამი ცდით თუ გამოიცნობთ…

 სხვათაშორის, პასუხი იმავე საიტზეა მოცემული:


«ამ კანონისადმი, როგორც ცხოვრებისეული წესებისადმი, მორჩილება აუცილებელია ჩვენი გადარჩენისათვის. ქრისტემ თქვა: "თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი" (მათე 19:17). ეს მორჩილება მხოლოდ ჩვენში არსებული სულიწმინდის ძალითაა შესაძლებელი….
«რჯული სულიერია» (რომაელები 7:14). ამიტომ მხოლოდ მათ შეუძლიათ დამორჩილება, ვინც სულიერია და სულის ნაყოფი აქვს…
ღვთის კანონის დამრღვევები კი მას მძიმე ტვირთად მიიჩნევენ, რადგან «ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს» (რომაელები 8:7)…
ღვთის კანონის დარღვევით, ჩვენ თავისუფლებას ვკარგავთ, ათი მცნების მიყოლა კი ჩვენ თავისუფლებს გვხდის…
მთაზე ქადაგებისას ქრისტემ კანონის სულიერ მხარეს გაუსვა ხაზი, რითაც აჩვენა, რომ მისი დარღვევა გულში იწყება».

არ შემიძლია ამ აზრებს არ დავეთანხმო. ყველაფერი სწორად წერია! ადამიანს თუ მართლა წმინდა სული წარმართავს, მაშინ ის არ დაიწყებს ღვთის კანონის დამახინჯებას და მისგან «გამოუსადეგარ სახელს» არ მოისვრის. და პირიქით, თუ ე.წ. «ქრისტიანი» იმ სიტყვების დამახინჯებას იცავს, რომელიც საკუთარი ხელით ჩაწერა თავის კანონში ღმერთმა, მაშინ არავითარ წმინდა სულის მოქმედებაზე არ შეიძლება საუბარი იყოს. როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა საუბრობდეს ამ დროს ის ათი მცნების «შეუცვლელობასა» და «აბსოლუტურობაზე». 

«სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს» (მათე 11:19). 

საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ იეჰოვას მოწმეები უფრო დიდ მოწიწებას ავლენენ ათი მცნების მიმართ. და ეს უკვე იქიდან ჩანს, რომ მათ მისი ტექსტი ზუსტად იმ სახით აღადგინეს, როგორიც ის თავდაპირველად იყო. ანუ ის გააკეთეს, რისი გაკეთებაც ადვენტისტებს დღემდე არ სურთ. და იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიცია სწორია, იმიტომ რომ ღვთის სტყვისადმი პატივისცემა მხოლოდ სიტყვებში კი არ უნდა რჩებოდეს, თუნდაც ლამაზ და ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებში, არამედ საქმეებში ვლინდებოდეს – კონკრეტულ და სარწმუნო საქმეებში.

---------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru

1 комментарий: