воскресенье, 15 мая 2016 г.

კანონიერი ქურდი

ეს ისტორია დაიბეჭდა ჟურნალ "რელიგია და მეცნიერება"-ს 1989 წლის თებერვლის ნომერში და იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ გაიცნო კანონიერმა ქურდმა ციხეში იეჰოვას მოწმე... მე ის საინტერესოდ და დამრიგებლურად მომეჩვენა და ამიტომ გადავწყვიტე მისი ბლოგზე გამოქვეყნება. ამასთანავე ის იმ ეპოქის ერთგვარ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს.
შემდეგ როგორ გაგრძელდა ამ ისტორიის გმირების ცხოვრება ცნობილი არ არის. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ რამეს, შესაძლოა, იდეოლოგიური მიზნებიდან გამომდინარე კორექტირება გაუკეთეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საინტერესოა....
вор в законе
   
დღეს ის მტრედებს ამრავლებს და საუბრის დროსაც კი მთელი ყურადღებით აკვირდება მათ ფრენას. მტრედები გადასარევი ფრინველები არიან და მათზე დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს. ასეთ დროს მე უნებლიედ მავიწყდება ხოლმე, რომ ჩემი მოსაუბრე — იაკობ იაკობის-ძე შუცკი — მუშა, გლეხი ან მუშაკი კი არაა, არამედ გრაფაში «სოციალური მდგომარეობა» ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მას შეეძლო ჩაეწერა «კანონიერი ქურდი».
წარსულზე დიდი მონდომებით არ საუბრობს: «თქვენ ვერ გაიგებთ...» მართლაც, მე ბევრი რამის გაგება მიჭირს. თუმცა, შეიძლება, კიდეც გამეგო, მაგრამ თავად იაკობ იაკობის-ძეს, როგორც ჩანს, ეს დიდად არ სურს — ვისოცკის სიტყვებით არიდებს თავს ამ თემას: «Я не люблю, когда мне лезут в душу...» (არ მიყვარს, როდესაც სულში მიძვრებიან.)
მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ის წელიწადნახევრის წინ განთავისუფლდა. ეს მისი პირველი ნასამართლობა არ გახლდათ. მას შემდეგ არსად არ მუშაობს. იქნებ, ძველ საქმიანობას დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ ვერ დაიჭირეს, ან ვერ ამხილეს? ან, გამართლების იმედი აქვს და სარფიან საქმეს ელის?
როგორც ჩანს, არც ერთი და არც მეორე. სხვა შემთხვევაში რატომ დაიწყებდა რედაქციაში წერილების წერას და მწვავე და რთული შეკითხვების დასმას?
როდესაც ბოლოს დააპატიმრეს, ის კამერაში თავდაჯერებული შევიდა, ის «ავტორიტეტი» იყო, "კანონიერი ქურდი". გამჭრიახი თვალით ყველა მოათვალიერა: როგორც მოხუცი, ჭკუიდან გადასული მაწანწალები, ისე ნორჩი ახალგაზრდები, რომლებიც პირველად მოხვდნენ იქ, სულელები და ჩხუბისთავები, რომლებიც მწვავე ცნობისმოყვარეობითა და ფარული შიშით ელიან კრიმინალური სამყაროს ნამდვილი გამგებლების გაცნობას. ის ზუსტად ასეთ გამგებლად იქცა.
როდესაც გამოარკვია, თუ რომელი მუხლით იჯდა, იაკობ იაკობის-ძე განაცვიფრა იმან, რომ წყნარი, თავშეკავებული მამაკაცი, «რწმენისათვის იტანჯებოდა».
- რომელი რწმენისთვის? — ჰკითხა მან.
- ჩვენი უფლის, იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების ქადაგებისათვის!
ძალიან მალე შუცკი მიხვდა, რომ ზუსტად მქადაგებელი იეჰოვას მოწმე იყო კამერაში განტევების ვაცი. ეს მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. ჩვეულებრივ ისინი, ვინც მსგავს მდგომარეობაში ვარდებოდნენ, თავიდან თუ ცდილობდნენ კიდეც მათი მასხარად აგდების წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ, ბოლოს მაინც ყრიდნენ ფარ-ხმალს და უკვე უსიტყვოდ ასრულებდნენ ხოლმე ნებისმიერ, ყველაზე საზიზღარ მოთხოვნებსაც კი.
თუმცა ეს «ვაცი», როგორც დროთაგანმავლობაში მიხვდა შუცკი, აქამდე უცნობი ჯიშისა იყო. «ძმებისაგან ძმის» ყოველგვარ დამცირებას მედგრად იტანდა და მათ ისე აღიქვავდა, როგორც გამოცდას, ითმენდა უხეშ დაცინვებსა და ცემას, უფროსობას არაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ ლოცვებს ბურტყუნებდა თავისთვის ჩუმად.
შუცკის სუსტები და საცოდავები არ უყვარდა. იმ სამყაროში რომელშიც ის ცხოვრობდა, მათი ადგილი არ იყო. იქ სულ სხვა თვისებები ფასობდნენ — ძალა, მოხერხებულობა, სისასტიკე. მაგრამ როდესაც მქადაგებელს აკვირდებოდა, შუცკიმ, თავის და გასაკვირად, მასში, აქამდე მისთვის არნახული შინაგანი ძალა იგრძნო. ჯერ ერთხელ გამოელაპარაკა, მერე მეორედ, მერე მესამედ... ამის შემდეგ მქადაგებლის წყენინებას ვეღარავინ ბედავდა, შუცკიმ საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანა ის.

კანონიერი ქურდი ცხოვრებას იცვლის...


თუმცა, ეს კიდევ საკითხავია, ვინ ვინ აიყვანა! როგორღაც ძალდაუტანებლად, თანდათანობით მქადაგებელმა რეციდივისტის სული გამოაღვიძა, და შუცკის, რომლის ცხოვრებისეული მრიცხველიც ციხეებში გატარებული წლების უკვე მეორე ათეულს ითვლიდა, ეჭვები გაუჩნდა საკუთარი ცხოვრების სისწორესთან დაკავშირებით. კატეგორიულად იმის მტკიცებას ვერ მოვყვები, რომ ამჯერად კოლონიიდან ის სულ სხვა ადამიანი გამოვიდა, მაგრამ კრიმინალური საქმეებისაგან გადაჭრით გადაწყვიტა ჩამოცილება.
როდესაც სასჯელაღკვეთის ადგილებიდან სახლში, მინსკში დაბრუნდა, შუცკი სამსახურში მოსაწყობად წავიდა. აქ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა დაგვეწერა იმ მკაცრი, მაგრამ გულისხმიერი უბნის ინსპექტორის შესახებ, რომელმაც კეთილი სიტყვებით, სასარგებლო რჩევებითა და აქტიური თანამონაწილეობით დაუჭირა მხარი ყოფილ რეციდივისტს, იმ კოლექტივზე, რომელმაც თავის მეგობრულ ოჯახში მიიღო ის, კადრების განყოფილების ბრძენ უფროსზე, იმაზე, თუ როგორ დაეხმარნენ შუცკის ახალი ცხოვრების დაწყებაში. მაგრამ, სამწუხაროდ! არც ასეთი ინსპექტორი ყოფილა, არც ასეთი კოლექტივი და არც ასეთი კადრების განყოფილების უფროსი!
თუმცა, კადრების უფროსი იყო. მაგრამ მან, ნაღვლიანი თვალებით დახედა შუცკის საბუთებს (ის ოდესღაც მალიარად მუშაობდა) და ჯანმრთელობის ცნობის მოსატანად გაგზავნა. შუცკის ცნობა არ მისცეს, რადგან მისი ჯანმრთელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთლად კარგ მდგომარეობაში ვერ იყო. ციხეებში და კოლონიებში გატარებულმა თვრამეტმა წელიწადმა თავისი საქმე გააკეთა, ფეხები ნიკრისით (პოდაგრა) ჰქონდა დაავადებული.
ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პატიოსანი ცხოვრების წესით ეცხოვრა, "აწყობილ" ბიუროკრატიულ წრებრუნვაში მოხვდა — სამსახურში ცნობის გარეშე არ იღებენ, ხოლო ცნობას იმის შესახებ, რომ მუშაობა შეუძლია, არ აძლევენ, რადგან, ექიმების აზრით, ის სრულიად მზად იყო ინვალიდობის ჯგუფის მისაღებად.  მაგრამ, ექიმები ხელებს შლიდნენ, ინვალიდობის მინიჭება ჩვენი განხრა არაა, შრომის საექსპერტო კომისიის საქმეაო.
დღეებს დღეები მისდევდა, კვირებს კვირები, თვეებს კი თვეები. და თუმცა შუცკი კოლონიებში მიჩვეული იყო დელიკატესების გარეშე, უბრალო და უხეში საკვებით თავის გატანას, სამწუხაროდ, აქ მას უფასოდ არ იძლევიან. და სამსახურში თუ არ გიღებენ, საიდან უნდა მოიტანო ფული? ისე გამოდიოდა, რომ გინდა-არგინდა, ძველ გზას უნდა დაბრუნებოდა! თითქოს სპეციალურად უბიძგებდა მას ამისაკენ ბიუროკრატიული წრებრუნვა.
მაგრამ მას არ უნდოდა ძველ გზას დაბრუნებოდა, კანონიერი ქურდის პროფესია მას უკვე არ აინტერესებდა. და მან კიდევ ერთხელ სცადა, ამჟამად უკვე რაიონის შრომის საექსპერტო კომისიაში. ბოლოს და ბოლოს იქ როგორც იქნა სასიხარულო ინფორმაცია უთხრეს: როგორც აღმოჩნდა, არანაირი ინვალიდობა მას არ ეკუთვნოდა და სავსებით შეეძლო მუშაობა. თუმცა ცნობა კვლავ არ მისცეს — თავი დაიზღვიეს.
— ეს როგორ, - ვერ გაეგო შუცკის, - მუშაობა ხან შემიძლია, ხან არ შემიძლია. თუ შემიძლია — ცნობა მომეცით, თუ არ შემიძლია — მაშინ ინვალიდობა. როდემდე ვიჯდე ცოლის კისერზე?! თანაც ბავშვს ჩაცმა და დახურვა სჭირდება.
კატეგორიულად დაყენებულმა საკითხმა კომისია დააფიქრა. და მერე რა მოხდა? აბეზარი სტუმარი ქალაქის საექსპერტო კომისიაში გაგზავნეს. იქ გაცილებით გამოცდილი ხალხი დახვდა და შუცკის საქმე ფუყე კაკალივით დაამსხვრიეს. ინსტრუქციების შრიალის შემდეგ, კომისიის ოთხმა სერიოზულმა მუშაკმა მას განუმარტა, რომ მისთვის მუშაობა არ შეიძლება, რადგანაც ის დეფაქტო — ინვალიდია. თუმცა ნამდვილ ინვალიდობას ის ვერ მიიღებს, რადგან ამისათვის როგორც მინიმუმ 14 წლიანი სამუშაო სტაჟია საჭირო და არცერთი წლით ამაზე ნაკლები. მას კი მხოლოდ ხუთი წელი აქვს: თავისუფლების აღკვეთის დრო ხომ სტაჟში არ ითვლება!
- ეხლა როგორღა მოვიქცე?  -  დაიბნა შუცკი.
კომისიის ოთხმა სერიოზულმა მუშაკმა ხელები გაშალეს, რითაც ვითომდა აჩვენეს, რომ ჩვენ ხელები დაგვიბანიაო.
ბოლო დროის განმავლობაში რამდენი დაწერილა და რამდენი თქმულა ჰუმანიზმზე, გულმოწყალეობაზე, თანაგრძნობაზე! და ყველა ჩვენგანს როგორ მოგვწონს საკუთარი თავი, როდესაც ამ სიტყვებს წარმოვთქვავთ. ალბათ, ისინიც კი, რომელთა კაბინეტებზეც შუცკი აკაკუნებდა, ყოველგვარ სემინარებზე, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე წარმოთქვამდნენ ასეთივე სიტყვებს და თანაც მთელი გრძნობითა და აღტკინებით... ხოლო როდესაც საკუთარ კაბინეტებში დაბრუნდნენ, სხვისი გასაჭირის დანახვისას, ხელებს იბანდნენ!
და ის კვლავ არჩევნის წინაშე აღმოჩნდა: მოიპარე ან იშიმშილე, სხვა გზა არ არსებობს, პატიოსან და ნორმალურ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის!
ის კი მაინც არ წავიდა მოსაპარად! ცოლის რჩევით საავადმყოფოში დაწვა, იქნებ გიმკურნალონ და სასწაული მოხდეს, ცნობის აღება შეძლო და სამსახურიც გამოგიჩნდესო...
იმ ერთი თვის განმავლობაში, რომელიც საავადმყოფოში გაატარა, რა არ მოისმინა მედდების პირიდან: ქურდბაცაცასაც ეძახდნენ, ანტიქრისტესაც, იმ "ენითაც" ხშირად შეურაცხყოფდნენ, რომელსაც ეს-ესაა რაც თვითონ გადაეჩვია. ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად რა უქნეს ადგილობრივმა ესკულაპებმა, ის კი ვიცი, რომ ის თავისი ფეხით მივიდა სამკურნალოდ, იქიდან კი ხელჯოხებით გამოვიდა. "შეარემონტეს", როგორც იტყვიან!
დამწუხრებულმა შუცკიმ კერძო ექიმს მიმართა — მასზე ისეთი ხმები დადიოდა, რომ ლამის მკვდრებსაც კი აყენებდა ფეხზე. ცოლმა, რომელიც მეეზოვედ მუშაობდა, წიგნაკიდან ბოლო ასი მანეთი მოხსნა, რომელსაც შავი დღისათვის ინახავდნენ. გასაგებიცაა - ამაზე შავი დღე რა უნდა ჰქონოდათ! თუმცა კერძო ექიმის ათმა «სასწაულმოქმედმა» ნემსმა ეფექტი ვერ მოახდინა. და შუცკის მოეჩვენა, რომ ეს იყო ბოლო, რომ მეტი არც ძალა ჰქონდა და არც ნებისყოფა...
მაგრამ ამ დროს, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ზუსტად ის პატიმარი გამოჩნდა, იეჰოვას მოწმეების მქადაგებელი. და აი რა არის საინტერესო: იაკობ იაკობის-ძემ რამდენი არ აკაკუნა სხვადასხვა კანტორების კაბინეტებზე, რამდენჯერ არ ითხოვა დახმარება და ადამიანური თანაგრძნობა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მქადაგებელი კი თავად გამოცხადდა და ის არავის მოუწვევია. მოუსმინა, გაუგო, თანაუგრძნო და მორალური და მატერიალური დახმარება შესთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ იაკობ იაკობის-ძე სულიერი ძმა გახდებოდა!
ასე შეეჯახა შუცკის აზროვნებაში, როგორც წინათ უყვარდათ თქმა, «ორი საზოგადოება და ორი სისტემა»: ჩვენი საზოგადოება, სხვადასხვა კანტორების სახით, რომლებიც მას ღობის ძირში მოისროდნენ ხოლმე, და იეჰოვას მოწმეების საზოგადოება, რომელიც მზად იყო სრულუფლებიან «ძმად» ეღიარებინა ის მთელი მისი ბნელი წარსულით, ფიზიკური უძლურებითა და ცხოვრებისეული გულგატეხილობით.
და რა მოხდა? მან იეჰოვას მოწმეების «სტუდიებზე» დასწრება დაიწყო. და მაშინ კი გაახსენდათ შუცკი. იქნებ, იმისათვის, რომ ბოლოდ და ბოლოს დახმარებოდნენ? ნურას უკაცრავად! უბრალოდ  მისი დაშინება დაიწყეს, იეჰოვას მოწმეები ასეთები და ისეთები არიანო, ლამის ცე-ერ-უ-ს საკადრო აგენტებიო, და მათთან კავშირის დაჭერის შემთხვევაში შეიძლება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოხვდეო.
აი ასე! პური შენი არსობისა ისე იშოვე, როგორც გინდაო, ოღონდ არანაირი მორწმუნეობაო!
როდესაც მსგავს ისტორიას რამოდენიმეჯერ აწყდები, აღარაფერი გაკვირვებს ცხოვრებაში. კიროვის რაიკომის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ნ. პაპკოვი ჩვენ გვარწმუნებდა, რომ მისმა თანამშრომლებმა არაერთხელ მოინახულეს იაკობ იაკობის-ძე, რადგან «დახმარება» და «საქმის მოგვარება» სურდათ, საბედნიეროდ რაიკომის შენობა შუცკის სახლთან ახლოს იყო. ხოლო როდესაც გაირკვა, რომ მინსკში ჩვენს ჩასვლამდე შუცკისთან მათგან არავინ ყოფილა, იმავე ნ. პოპკოვმა თქვა: «და ჩვენ რით შეგვიძლია რომ დავეხმაროთ? ინვალიდობის ჯგუფისათვის საკმარისი სტაჟი არ აქვს, და თანაც მარტო არ არის, ეგ კრიმინალი. აი ცოლი რომ არ ჰყავდეს, მაშინ სხვა საქმეა, მაშინ მივცემდით პენსიას».
საქალაქო შრომის საექსპერტო კომისიის მთავარმა ექიმმა გ. გორბაჩოვამ ჩვენთან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა, მხოლოდ ის მოგვაძახა, რომ «პოდაგრა საერთოდ არ იძლევა ინვალიდობის მიცემის საფუძველს», ხოლო როდესაც ჩვენ, მისგან გამოვდიოდით და ახალი ვერსიის გააზრებას ვცდილობდით, წავაწყდით პლაკატს, რომელიც პატივცემული დაწესებულების კედლებს ამშვენებდა:
«დაღლილებს — მოთმინებით ვემსახურებით, მორცხვებს - მზრუნველობით, გაღიზიანებულებს - წინდახედულად, წყენიებს - განსაკუთრებულად ტაქტიანად, უხეშებს - ცივსისხლიანად».
ჩამოთვლილი კატეგორიებიდან შუცკი ვერცერთის ქვეშ ვერ ხვდებოდა. როდესაც რედაქციაში მოგვმართა, ის წერდა: «მე გაბოროტებული არ ვარ, რადგან მე თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი.. მაგრამ ნუთუ კვლავ დანაშაული უნდა ჩავიდინო იმისათვის, რომ ყურადღება მომაქციონ?»
რა თქმა უნდა, იაკობ იაკობის-ძის ბიოგრაფია სიმპათიებს არ იმსახურებს, კანონიერი ქურდი - როგორც არ უნდა ატრიალო, დამნაშავეა. ალალად რომ ვთქვათ, საძაგელი ბიოგრაფიაა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და როგორ მოაწყოს ის? ნუთუ მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ან სხვა რომელიმე რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დახმარების გაწევა? და ჩვენ რა ვქნათ — საქალაქო შრომის საექსპერტო კომისიასთან ერთად დავარწმუნოთ ჩვენი მატერიალისტური მსოფლმხედველობის უპირატესობებში და ამასთანავე წმინდა სულით დაპურება შევთავაზოთ?
აი ასეთი ისტორიაა, რომლიდანაც მრავალი რამის სწავლა შეიძლება. თუ რითი დასრულდა ეს ყველაფერი უცნობია, მაგრამ იმედია ყველასთვის ყველაფერი კარგად დასრულდა...
-----------------------------------------------
ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий