воскресенье, 23 февраля 2020 г.

"რადგანაც არიან ქალწულნი" (გამოცხადება 14:4; სგ.)



«რადგანაც არიან ქალწულნი»
«თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან»
ქონწინება ბილწავს???
რაში მდგომარეობს მიზანი?
დასკვნები



«და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი… ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგან არიან ქალწულნი…» (გამოცხადება 14:1,4; საპატრიარქოს გამოცემა).

ზოგიერთის აზრით, მოცემული ბიბლიური ტექსტი პირდაპირი გაგებით ქრისტიან-ქალწულებს (ან უბიწო ვაჟებს) გულისხმობს, რომლებიც არასოდეს დაქორწინებულან. ასეთი გაგება შეიძლება მოსახერხებელი ჩანდეს ცელიბატის, ანუ ქორწინებაზე უარის თქმის შესახებ საეკლესიო სწავლების მხარდასაჭერად. მიუხედავად ამისა, მართლა პირდაპირი გაგებით ქრისტიან ქალწულებზე საუბრობს ეს ბიბლიური მუხლი, როგორც გადარჩენილთა ერთგვარ განსაკუთრებულ ჯგუფზე?



«რადგანაც არიან ქალწულნი»



პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს ისაა, რომ გამოცხადების 14:4-ში გამოყენებული სიტყვა («ქალწულნი», παρθένον, სტრონგის № 3933) ასევე გვხვდება პავლეს ცნობილ სიტყვებში 2 კორინთელების 11:2-დან, სადაც ის ამბობს, რომ სურს ქრისტიანები «წმინდა ქალწულად წარუდგინოს ქრისტეს». გასაგებია, რომ სიტყვა «ქალწულში» პავლე გულისხმობდა არა პირდაპირი გაგებით ქალწულებს (უბიწო ვაჟებს), რომლებიც ყველა ქრისტიანებისაგან იქნებოდნენ ამორჩეულნი, არამედ საერთოდ იესოს ყველა მოწაფეს, მათი დაქორწინებულობისა თუ დაუქორწინებლობისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც უბიწობას ინარჩუნებენ ღვთის თვალში. 

წინააღმდეგ შემთხვევაში აშკარა დისონანსი ჩნდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იმავე კორინთოელ ქრისტიანებს პავლე ქორწინების შესახებ ისე ესაუბრება, როგორც სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაზე: «მაგრამ, რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს - თავისი ქმარი» (1 კორინთელები 7:2). ხოლო თავის შემდგომ წერილში მოციქული ზემოთ მოყვანილ სიტყვებს ამბობს იმის შესახებ, რომ სურს «წმინდა ქალწულებად» წარადგინოს. თუმცაღა, წინააღმდეგობა ავტომატურად ქრება, თუ გამოთქმას «წმინდა ქალწულების» (ან უბიწო ვაჟების) შესახებ სიმბოლური გაგებით გავიგებთ, როგორსაც წარმოადგენს კიდეც სინამდვილეში. 

მოციქულის მიერ ქრისტიანების «ქალწულებთან» შედარება, მათ მიერ სულიერი სიწმინდის, ღვთის თვალში წაუბილწაობის აუცილებლობას უსვამდა ხაზს (შეადარეთ 2 კორინთელები 6:6; 1ტიმოთე 4:12; იაკობი 1:27; 3:17). შესაბამისად, გამოცხადების 14:4-ში მოცემულ ცნობილ ტექსტშიც ქრისტიანთა «ქალწულობაში» ზუსტად ასევე ღვთისადმი მათი უნაკლო ერთგულება იგულისხმება და არა რაიმე ცოლ-ქმრული ცხოვრების გამოცდილება. 



«თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან»



და რაზე საუბრობს სიტყვა «ქალწულების» უახლოესი კონტექსტი გამოცხადების 14:4-ში? გაცილებით სრული ფრაზა ასე ჟღერს:
«ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგან არიან ქალწულნი…»

როგორც ვხედავთ, ამ ქრისტიანებს უბრალოთ «ქალწულები» კი არ ეწოდებათ, არამედ ხაზი ესმება, რომ ისინი «არ წაბილწულან დიაცებთან». რომელ «დიაცებზეა» აქ საუბარი?

სიტყვა «დიაცები» (ქალები) ამ მუხლში წარმოდგენილია მრავლობით რიცხვში ბერძნული სიტყვიდან «γυναικα» (სტრონგის № 1135). ამავე სიტყვას ჩვენ კიდევ ვხვდებით გამოცხადების 17:3-ში, სადაც ის გამოყენებულია ცნობილ მეძავ-«ქალთან» დაკავშირებით, რომელთანაც «მეძაობდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ» (მუხლი 2). როგორც გამოცხადების მე-17 თავიდან შეგვიძლია დავინახოთ, ამ სიმბოლურ «ქალთან» მეძაობაში, ასე თუ ისე მთელი ქვეყნიერება იყო ჩართული. ეს უნებურად კვლავ კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილ პავლეს სიტყვებისაკენ გვიბიძგებს, სადაც მოციქული ამბობს:
«განა არ იცით რომ, თქვენი სხეულები ქრისტეს სხეულის ნაწილებია? განა შემიძლია ავიღო ქრისტეს სხეულის ნაწილები და მეძავის სხეულის ნაწილებად ვაქციო? არავითარ შემთხვევაში!» (1 კორინთელები 6:15).

იაკობის 4:4,5-ში ჩვენ ასეთივე გაფრთხილებას ვხვდებით:
«მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება. ხომ არ გგონიათ, რომ ტყუილაუბრალოდ არის დაწერილი: "ჩვენში ჩასახლებულ სულს შურისკენ მიდრეკილების გამო აქვს ძლიერი წადილი"?» 

სრულიად ნათელია, რომ გამოცხადების მე-17 და მე-18 თავებში მოხსენიებული «ქალი», რომელიც ასევე «მეძავის» სახითაა წარმოდგენილი, ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც პირდაპირი გაგებით რომელიმე ქალი. ის და მასთან დაკავშირებული მეძაობა სულიერი წაბილწვის სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომელშიც ღვთისგან გაუცხოებული მთელი ქვეყნიერებაა ჩაძირული. აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომ გამოცხადების 14:4-ში მოხსენიებული «დიაცებთან (ქალებთან) წაუბილწაობა», რომელშიც სიტყვა «ქალის» («γυναικων») ანალოგია გამოყენებული, გულისხმობს არა პირდაპირი გაგებით ადამიანურ ქალწულობას, არამედ ღვთის თვალში ქრისტიანთა სულიერი სისუფთავის მდგომარეობას.  



ქორწინება ბილწავს???



თუმცა იმ მოსაზრებას დავუბრუნდეთ, თითქოსდა გამოცხადების 14:4-ში საუბარი პირდაპირი გაგებით ქრისტიან-ქალწულებზეა. უბრალოდ განვიხილოთ ასეთი მოსაზრება. ასეთ შემთხვევაში ჩვენს წინაშე აუცილებლად წამოიჭრება საკმაოდ რთული შეკითხვები. მაგალითად…

«ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან…» (გამოცხადება 14:4) – ამ მუხლს თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ქორწინება თითქოსდა ქრისტიანს ბილწავს! თუმცა განა წმინდა წერილში სადმე ვიპოვით მსგავს აზრს? განა ღმერთს, რომელიც ქორწინების კანონმდებელია, როდისმე უთქვამს, რომ ცოლს ქმრის წაბილწვა მარტო იმითაც კი შეუძლია, თუ მას ცოლად გაჰყვება? ან იქნებ, ბიბლიაში სადმე ისეთი აზრის ნახვა შეგვიძლია, რომ ქორწინება უკვე თავისთავად წარმოადგენს ერთგვარ უწმინდურობას?

პირიქით, ჯერ კიდევ კაცობრიობის განთიადზე ღმერთმა ადამიანებს დაქორწინების, ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის მნიშვნელოვანებაზე მიუთითა (დაბადება 1:27,28; 2:18,24). თანაც, ღვთის თვალსაზრისით, ესაც ყოველივე იმას შეეხებოდა, რასაც მან «ძალიან კარგი» უწოდა (დაბადება 1:31). თავის მხრივ იესომ  ქორწინება ისე მოიხსენია, ვინც «ღმერთმა შეაუღლა» (მათე 19:4-6).

ასე რომ, ღვთის სიტყვაში ჩვენ იმ აზრზე მინიშნებასაც კი ვერსად ვპოულობთ, თითქოსდა ქორწინება ღვთის მოყვარული ხალხის ერთგვარ წამბილწავ გარემოებას წარმოადგენდეს. ბოლოს და ბოლოს, ხალხი რომ არ ქორწინდებოდეს, მათ უბრალოდ შთამომავლები არ ეყოლებოდათ, რაც ელემენტარულად გამოიწვევდა კაცობრიობის გადაშენებას. უკვე მხოლოდ ამ მიზეზის გამო გამოიყურება «წაბილწვის» იდეა უკიდურესად სულელურად!


თავად მოციქულები იყვნენ დაქორწინებულნი და ამას რაიმე დასაძრახისად არ მიიჩნევდნენ, როგორც ეს პავლეს სიტყვებიდან ჩანს:
«განა არა გვაქვს უფლება, თან დაგვყავდეს მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?» (1 კორინთელები 9:5).
«მაგრამ, რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს - თავისი ქმარი» (1 კორინთელები 7:2).

ახალ აღთქმაში მოცემული სხვა მითითების თანახმად, რომელიც კრებაში ღირსეული მამაკაცების მოთხოვნებს განსაზღვრავს, «ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი» (1 ტიმოთე 3:1,2). როგორც მოცემული ბიბლიური მუხლიდან ჩანს, უმწიკვლობა და ქორწინება ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება, ისინი ერთადაც კი არიან მოხსენიებული. 


ამასთანავე, მოციქული პავლე 1 კორინთელების 7:35-40-ში დაუქორწინებლობის უპირატესობებს აღწერდა, რაც ქრისტიანებს საშუალებას მისცემდა, რომ მეტი დრო და ყურადღება დაეთმოთ ღვთისადმი მსახურებისთვის. მიუხედავად ამისა, ეს არ ყოფილა რაიმე სახის მითითება, რომელიც დაუქორწინებელი ქრისტიანების განსაკუთრებულ მომავალ ჯილდოს განსაზღვრავდა. პავლე უბრალოდ დაქორწინების პლიუსებსა და მინუსებს უჩვენებდა და უხსნიდა, რომ «ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ» (1 კორინთელები 7:28). გარდა ამისა, მე-7 თავში თავად პავლეს განმარტებიდანვე ჩანს, რომ ამ პრინციპს ის იყენებდა არა უშუალოდ ხორციელად ქალწული (უმანკო ვაჟი) ქრისტიანების მიმართ, არამედ მათ მიმართაც, ვინც ოდესღაც უკვე იყო ან დღემდე რჩებოდა დაქორწინებული (1 კორინთელები 7:8-16,27,39,40). ხოლო თუ ქრისტიანს (გინდა კაცს და გინდა ქალს) უკვე ჰქონდა ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ეხლა კი მეუღლის გარეშე დარჩა (ან მომავალში დარჩებოდა), მაშინ, რა თქმა უნდა, ის ვერ ჩაითვლებოდა ქალწულობა შენარჩუნებულად, იმ შემთხვევაშიც კი თუ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში აღარასოდეს დაქორწიენდებოდა. და ეს გახლავთ დამატებითი ფაქტი, რომელიც განმარტავს, რომ 1 კორინთელების მე-7 თავში ჩაწერილი პავლეს სიტყვები არანაირად არ შეეხებოდა ზეცაში რაიმე სახის განსაკუთრებულ ჯილდოს მათთვის, ვინც დაუქორწინებლად დარჩენა არჩია.  


ასეთ შემთხვევაში როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დაუქორწინებლობის ამ უცნაური იდეის, როგორც ღვთისგან განსაკუთრებული ჯილდოს მიმართ? მართლა ასეთია ღვთის ნება? სამწუხაროდ, პირიქით, ღვთის სიტყვა შემდეგ გაფრთხილებას იძლევა:
«შთაგობენით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას სინდისდადაღულ ტყუილის მთქმელთა თვალთმაქცობის გამო. ისინი კრძალავენ ქორწინებას» (1 ტიმოთე 4:1-3). 

როგორც ამ ბიბლიური მუხლიდან ჩანს, სავალდებულო დაუქორწინებლობის იდეა სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის ნებას! მათ, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინონ, თითქოს ქორწინება რაღაც არასწორს წარმოადგენს, უფლის მიერ «სინდისდადაღული ტყუილის მთქმელები» ეწოდება, რომლებიც «დემონურ სწავლებებს» მიჰყვებიან. 



რაში მდგომარეობს მიზანი?



და ბოლო, რაც ყურადღებას იქცევს პირდაპირი გაგებით «ქალწულების» უცნაურ იდეაში – რაში მდგომარეობს მისი მიზანი? ამ იდეაში ძალიან ბევრი პირობითობებია, რომლებიც მას ართულებენ. ისინი კი თავის მხრივ დამატებით შეკითხვებს ბადებენ. 

რატომ სჭირდება ღმერთს ზეცაში მაინც და მაინც ქალწული ქრისტიანები? ისინი რა რამით უფრო სულიერნი, რწმენაში უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ოდესღაც დაქორწინდა? რით შეიძლება ქალწულობა ღვთის თვალში უფრო მიმზიდველი გამხდარიყო?

თუ ღვთისთვის «არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი», რატომ უნდა ჰქონდეს მისთვის მნიშვნელობა მათ ქალწულობას? (გალატელები 3:28; შეადარეთ რომაელები 10:12; 1 კორინთელები 12:13; კოლოსელები 3:11).

და მათ რა ვუყოთ, ვინც მანამ იყო ქორწინებაში, სანამ იწამებდა? მათი ერთგულება ნაკლებად მისაღები აღმოჩნდება ღვთისთვის? (1 კორინთელები 7:10-16) 

არსებობს თუ არა ქრისტეს ან მოციქულების რაიმე მითითება, რომლის თანახმადაც პირდაპირი გაგებით ქალწულობა რაიმე სახის აუცილებელ პირობას წარმოადგენს განსაკუთრებული ჯილდოს მისაღებად? გამოარჩევდა თუ არა ქრისტე ქალწულ ქრისტიანებს დანარჩენებისაგან? და რაში იქნებოდა ასეთი გამორჩევის აზრი?

მოციქულებსაც კი არ ჰრგებიათ ასეთი პატივი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ისინი არ იყვნენ პირდაპირი გაგებით ქალწულები (უმანკო ვაჟები)? (1 კორინთელები 9:5). ისინი არ იდგებიან «კრავთან ერთად სიონის მთაზე»? (გამოცხადება 14:1). 

რატომ უნდა იყოს ღვთის სამართლებრივი ჩარევის დასაწყისი პირდაპირ დაკავშირებული უშუალოდ ქალწული ქრისტიანების «ბეჭედდასმის» დასასრულთან? რატომ უნდა მიეღოთ ვითომდა მხოლოდ პირდაპირი გაგებით ქალწულებს «ბეჭედი» საკუთარ შუბლზე? (გამოცხადება 7:1-4; 14:1).  

გარდა ამისა, გამოცხადების 14:4-ში მოხსენიებულ «ქამწულებს» თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ასევე პირდაპირი გაგებით გავიგოთ ამ ქრისტიანების ჯგუფთან დაკავშირებული დამატებითი მითითებებიც. კერძოდ, ფრაზა «თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან (ქალებთან)» უნდა გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის «ქალწულებს» (უმანკო ვაჟებს). ხოლო ამავე ქრისტიანების ადრეული მოხსენიება გამოცხადების 7:4-8-ში, ისე უნდა გავიგოთ, როგორც მითითება მათ უშუალო ებრაულ წარმომავლობაზე, თანაც მკაცრად გადანაწილებულად ისრაელის 12 ტომზე.

თუმცა გამოცხადების 7:4-8-ში ჩამოთვლილ ისრაელის ტომებთან დაკავშირებითაც სირთულეები ჩნდება. ისრაელში არასოდეს უარსებია იოსების ტომს. გარდა ამისა, ლევიანები ტაძარში მსახურებისათვის იყვნენ გამოყოფილნი და ისევე, როგორც «იოსების ტომი», არასოდეს შედიოდა 12 ტომის რიცხვში (რიცხვები 1:47-49). ამავდროულად ამ ჩამონათვალში შეყვანილი არ არის ეფრემისა და დანის ტომები (შეადარეთ რიცხვები 1:4—16).





რას ვიღებთ საბოლოოდ? თუ პირდაპირ გაგებაზე დგომას გავაგრძელებთ, მაშინ გამოდის, რომ საუბარი უნდა იყოს ქრისტიანთა რომელიღაც უცნაურ ჯგუფზე, რომლებიც არიან:
1) ქალწულები,
2) მამაკაცები და
3) ეროვნებით ებრაელები.

მაგრამ შევძლებთ თუ არა ჩვენ ახალ აღთქმაში ისეთი მითითების პოვნას, რომელშიც საუბარი იქნება ერთგვარ განსაკუთრებულ ჯილდოზე და როლზე ზუსტად ასეთი მახასიათებლების მქონე ქრისტიანებისათვის? საეჭვოა… 



დასკვნები



მაშ ასე, როგორ დასკვნებამდე მივდივართ მოცემული საკითხის გამოკვლევის შედეგად?

სრულიად ნათელია, რომ გამოცხადების 14:4-ში მოხსენიებული ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებს (144 ათასი) «ქალწულები» ეწოდებათ არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ სიმბოლური გაგებით. იგივე ბერძნული სიტყვა გამოიყენა მოციქულმა პავლემ, როდესაც წერდა, რომ სურდა ქრისტიანები «წმინდა ქალწულად წარუდგინოს ქრისტეს» (2 კორინთელები 11:2). მიუხედავად ამისა, პავლე იმაზე არ საუბრობდა, რომ პირდაპირი გაგებით ქალწულობას გულისხმობდა, არამედ ეს გაგება სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენა. 

ფრაზა «თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან (ქალებთან)» ასევე გადატანითი მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული. ბიბლიაში ჩვენ ვერსად ვიპოვით სწავლებას იმის შესახებ, რომ ღვთის ისეთი წყობილება, როგორიც ქორწინებაა, რაიმე უწმინდურს წარმოადგენს. ღვთის მრავალი მსახური იყო დაქორწინებული, თანაც, მათი ცოლებიც ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები იყვნენ. მოციქულები ცოლიანი კაცები იყვნენ. ამასთანავე ახალი აღთქმის წერილებში არაერთგზის კეთდება მითითება ქორწინების სუფთად და წმინდად შენახვის შესახებ. შესაბამისად, ქრისტეს 144 000 ზეციური მსახურის ისე აღწერა, როგორც მათი, ვისაც «თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან (ქალებთან)», გულისხმობს არა მათ დაუქორწინებლობას დედამიწაზე ცხოვრებისას, არამედ ქვეყნიერების უღმერთო სწავლებებისაგან წაუბილწაობას, იმ სწავლებების მსაგავსი, რომელსაც დედამიწაზე სიმბოლური «მეძავი-ქალი» ავრცელებს, გამოცხადების მე-17 თავიდან.

საბოლოო ჯამში, პირდაპირი გაგებით ქალწულობის იდეის მომხრეებსაც კი არ შეუძლიათ გასაგებად იმის განმარტება, თუ რატომ მიანიჭებდა ღმერთი განსაკუთრებულ პატივს უშუალოდ ადამიანთა ასეთ ჯგუფს. გარდა ამისა, ასეთი ბუკვალიზმის მიყოლის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ის რჩეულები არა მარტო ქალწულები, არამედ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები, თანაც მხოლოდ ებრაული წარმომავლობის ქრისტიანები არიან, ამასთანავე ისრაელის 12 ტომზე ზუსტად გადანაწილებულნი, რომელთაგან ზოგიერთიც საერთოდ არ შეესაბამება ტომების ჩამონათვალს…

როგორც ვხედავთ, ზეცაში პირდაპირი გაგებით ქალწულების თეორიას ბიბლიაში მტკიცებულება არ გააჩნია. პირიქით, წმინდა წერილი ყოველმხრივ განიკითხავს ასეთ სწავლებას. ამის მიზეზი კი აშკარაა – ეს სწავლება არა ღვთიური, არამედ ადამიანურია (მარკოზი 7:7,8).

----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий