вторник, 13 августа 2019 г.

ყურადღება! მიმდინარეობს მშენებლობა!




   რამდენად ხშირად შეიძლება დავნაღვლიანდეთ, როდესაც იმას ვაცნობიერებთ, თუ რა ძლიერ მოქმედებს ჩვენზე ჩვენი არასრულყოფილება! ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, თითქოს ჩვენმა არასრულყოფილებებმა ცოცხალ რიგში ჩადგომა შემოიღეს წესად და თან ეს რიგი სულ უფრო გრძელი და ამაღელვებელი ხდება. ვინმე იტყვის: «ამდენი წელია იეჰოვას ვემსახურები, ჩემში კი კვლავ ისე ბევრია ის, რისი თავიდან მოცილებაც მჭირდება! ალბათ, როგორი იმედგაცრუებულია ჩემით იეჰოვა…» მოგდით ხოლმე ასეთი ფიქრები?   

    მაგრამ მოდით ერთი თვალსაჩინო მაგალითი განვიხილოთ…




  წარმოვიდგინოთ მშენებლობა. ქალაქისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც წესი, მშენებლობა ყველა მხრიდან მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული, რომელიც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშენებლებს ყურადღების გაუფანტავად მუშაობის საშუალებას აძლევს. 

   შესაძლოა, ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ რა ხდება ღობის იქით, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ იქ მშენებლობა მიმდინარეობს. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? იმიტომ რომ სამშენებლო ტექნიკის ხმაური და მშენებლების ხმები გვესმის.

   შესაძლოა, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოდიან ამ ობიექტის ტერიტორიიდან ნაგვით დატვირთული ავტომობილები, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან და სამშენებლო მასალა შეაქვთ ტერიტორიაზე.

  ღობეზე ჩვეულებისამებრ აბრას ჰკიდებენ ხოლმე: «ყურადღება! მიმდინარეობს მშენებლობა!». და ესეც გვარწმუნებს იმაში, რომ იქ რაღაც შენდება.

  ასევე, ამ აბრის გარდა, პირდაპირ ღობის ზემოთ დიდ სტენდს დგავენ ხოლმე, რომელზეც გრაფიკულადაა გამოსახული ის შენობა, რომლის აშენებაცაა დაგეგმილი ამ ადგილას. ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენ იმაში, რომ მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე იმის წარმოდგენაც კი შეგვიძლია გვქონდეს, თუ როგორი იქნება ეს შენობა საბოლოო ჯამში.

  ასეთ სტენდზე ასევე მშენებლობის ვადებსაც წერენ: როდის დაიწყო მშენებლობა და როდის უნდა დასრულდეს.

  გარდა ამისა, ასევე იმასაც უთითებენ, თუ ვინ დააპროექტა ეს შენობა, ვინ შეუკვეთა და ვინ აწარმოებს სამშენებლო საქმეს.

  თუმცა, ჩვენ რომ მოულოდნელად ამ მშენებლობის მეზობლად მდგარ შენობაში აღმოვჩენილიყავით, ბოლო სართულზე ავსულიყავით და შემდეგ დაბლა გადმოგვეხედა, მაშინ ჩვენ იმას დავინახავდით, რაც დაბლა ჩვენი თვალისთვის ღობის მიღმა იყო  დამალული – მართლაც, მშენებლობა მიმდინარეობს! ჩვენ დავინახავდით, რომ მშენებლები და სამშენებლო ტექნიკა ერთ ადგილას კი არ დგანან და უსაქმურობენ, არამედ გულითადად შრომობენ!

  შესაძლოა, ის ლამაზი შენობა ჯერ კიდევ არ დგას და მხოლოდ საძირკველია გათხრილი ან ფუნდამენტის შენებას იწყებენ… შესაძლოა გარშემო მიწა, ქვიშა და სამშენებლო ნაგავია მიყრილ-მოყრილი… მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ადგილას აუცილებლად იქნება აშენებული ზუსტად ისეთი ლამაზი შენობა, როგორიც არქიტექტორმა დაგეგმა. ჩვენ ისიც კი ვიცით, თუ როგორი იქნება ის!


  ამ თვალსაჩინო მაგალითს იეჰოვას ჩვენდამი, მისი არასრულყოფილი მსახურებისადმი დამოკიდებულების გაგებაში შეუძლია დაგვეხმაროს.

თუმცა დასაწყისისთვის ყურადღება მივაქციოთ მნიშვნელოვან პრინციპს 1 პეტრეს 2:5-დან -
«თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად შენდებით»
  
ღვთის თვალში, რაღაც გაგებით, ჩვენ ასეთ მშენებარე სახლებს ვგევართ. თითოეული ჩვენთაგანი მისთვის წარმოადგენს ცალკეულ, არავის მსგავს სახლს, ინდივიდუალური დაგეგმარებით.

თანაც, ჩვენ ჯერ ერთი სართულიც კი არ გვაქვს აშენებული. ჩვენი მშენებლობა ეს-ეს არის დაიწყო. მხოლოდ საძირკველია გათხრილი და ფუნდამენტის შენება დაიწყო. რადგან ფუნდამენტი ხომ – შენობის ფუძეა. ამ ფუნდამენტს წარმოადგენს ჩვენი რწმენა იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი. (რომაელები 9:33; ეფესოელები 2:20. შეადარეთ მათე 7:24-27). 


  როგორ ფიქრობთ, ვინ არის ჩვენი სახლის არქიტექტორი და შემკვეთი? რა თქმა უნდა, იეჰოვა ღმერთი! რადგან ზუსტად ის გახდა ჩვენი შემოქმედი და ზუსტად მან ინდომა ჩვენთვის სრულყოფილი სიცოცხლის მოცემა (ესაია 42:5; საქმეები 17:28; იოანე 17:3).

  და მშენებლობაში ვინ იღებს მონაწილეობას? მისი ძე იესო ქრისტე! ის არის ზეციური სამეფოს მეფე და დღესვე ზრუნავს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე, გვეხმარება, რომ რწმენაში აღვაშენოთ საკუთარი თავი (გალატელები 2:16; კოლოსელები 2:6,7; იუდა 20,21).

იეჰოვამ წინასწარაც კი გამოაცხადა ჩვენი მშენებლობის ვადები და თავის სიტყვაში – ბიბლიაში ის, თუ როდის ვიქნებით სრულიად «აშენებულები». ეს 1000 წლის გასრულებისას მოხდება, რომლის განმავლობაშიც იესო და მისი ზეციური სამეფო მორჩილ კაცობრიობას სრულყოფილებამდე მიიყვანს! (გამოცხადება 20:4 - 21:7). 
  დიახ, სრულყოფილებაში ღვთისადმი მსახურება – ზუსტად ესაა ის მიზანი, ჩვენი მშენებლობის საბოლოო მიზანი, რომლისკენაც მიჰყავს იეჰოვას "მშენებლობა" თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი ადამიანებს თავის ჩანაფიქრს ბიბლიაში უმხელს, როგორც დიდ სამშენებლო სტენდზე. და ჩვენ გვიმყარდება ეს იმედი, როდესაც მის სიტყვას ვუღრმავდებით.

  მაგრამ, გახრწნილმა ქვეყნიერებამ რომ ხელი ვერ შეგვიშალოს და დაბრკოლებები ვერ შეგვიქმნას, იეჰოვამ ზღუდით, თავისი დამცავი მითითებებით დაგვიცვა, რომლებსაც ბიბლიისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს (იგავები 3:21-26).


   ეხლა კი იმაზე დავფიქრდეთ – თუ როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ჩვენს მიმართ, თავისი არასრულყოფილი მსახურების მიმართ, რომლებსაც უამრავი ნაკლოვანებები გვაქვს, ძალიან მიდრეკილები ვართ შეცდომებისა და დაუდევრობებისკენ?

  იეჰოვა ძალიან გულისხმიერია და კარგად ესმის ჩვენი! მას ესმის, რომ ჩვენი მშენებლობა ეს-ეს არის დაიწყო. მან ისიც იცის თუ რა რთულია ჩვენთვის საკუთარი თავის შეცვლა. თუმცა ის ჩვენს გულებსაც ხედავს, რომლებშიც მას სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი ეთმობა.


  ზოგჯერ ქვემოდან ყურებისას შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ არანაირი შედეგი არ გვაქვს, თითქოსდა არაფერი ჩანს. გარშემო მხოლოდ მიწა, ქვიშა და ნაგავი ყრია – არაფერი თვალისთვის სასიამოვნო! თუმცა იეჰოვას, როგორც გულთამხილველს, ობიექტური სურათი გააჩნია და ჩვენს ყველა სულიერ მიღწევებს აღნიშნავს. მათაც კი, რომლებიც შესაძლოა ჩვენთვის მაშინვე შესამჩნევი არ არის. ის ზეციდან, ასე ვთქვათ, ბოლო სართულიდან, ჩვენი სულიერი მშენებლობის მთელ პროცესს ხედავს. ის ხედავს, რომ ჩვენ კი არ ვუსაქმურობთ, არამედ ვმოძრაობთ, ვმუშაობთ, მისი წმინდა სულის დახმარებას ვიღებთ (იგავები 17:3; 25:4).

  და ის, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ამდენი არასრულყოფილებაა, რომელიც შეგვიძლია მიწასა და სამშენებლო ნაგავს შევადაროთ, იეჰოვას არ აშფოთებს. ხშირად ახალი შენობის მშენებლობა, იმ ძველი შენობის დანგრევას მოიაზრებს, რომელიც იმ ადგილას დგას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება სრული დემონტაჟი გახდეს საჭირო, ძველი ფუნდამენტის დანგრევაც კი. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამის მსგავსად, ხშირად არც ქრისტიანისთვისაა საკმარისი საკუთარ პიროვნებაში მხოლოდ მცირე ცვლილებების მოხდენა, მას ხშირად "ძველი პიროვნების [სრულად] გახდა ... და ახალი პიროვნებით შემოსვა" სჭირდება (კოლოსელები 3:9,10; ეფესოელები 4:22-24).


ჩვენ თუ ვიღებთ იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლს, მაშინ ღვთის ძე თანდათანობით გვაშორებს ჩვენს ცოდვებს, როგორც სატვირთო ავტომობილებს გააქვთ სამშენებლო ნაგავი (ესაია 1:18; 1იოანე 1:7). ამგვარად უწყობს იეჰოვა ხელს ჩვენს სულიერ განკურნებას.

  იეჰოვა არ მოელის ჩვენგან სრულყოფილებას დღესვე. თუმცა ის მოელის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ხელი შევუწყოთ მის სამუშაოს, რომელსაც ის ჩვენში ახორციელებს. და ამისათვის ყველა აუცილებელ დახმარებას გვთავაზობს, გვამარაგებს, ასე ვთქვათ, საჭირო სამშენებლო მასალით – თავისი წმინდა სულით (გალატელები 5:22,23; ებრაელები 13:20,21).

   ჩვენ საკუთარი თავის იმ პოზიციიდან შეფასებისკენ უფრო ვართ მიდრეკილები, რომლებიც ჩვენში ჯერ კიდევ არ არის. იეჰოვა კი ისეთებად გვხედავს, როგორებიც მომავალში ვიქნებით! თუ საკუთარ თავს ისე დავუწყებთ ყურებას, როგორც ზეციერი მამა გვიყურებს, ეს ძალას მოგვცემს, რომ «ღვთის თანამშრომელნი» გავხდეთ, შევინარჩუნოთ სულიერი ოპტიმიზმი და დადებითი განწყობა ამ «სამშენებლო» საქმეში (1 კორინთელები 3:9).

ჯერ-ჯერობით კი თითოეული ჩვენთაგანის მკერდზე ჰკიდია (და კიდევ 1000 წელი ეკიდება) დაფა წარწერით: «ყურადღება! მიმდინარეობს მშენებლობა!»
 -----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий