воскресенье, 14 февраля 2021 г.

უძველესი ტრადიცია, ანუ რა უფრო მთავარია ქრისტიანისთვის?



ტრადიციები — აზროვნების სივრცის შეზღუდვის მცდელობაა…

ცოტა ხნის წინ ქუჩაში მივდიოდი, მშვენიერი მზიანი ამინდი იდგა და ზუსტად ასეთივე ხასიათზე ვიყავი. იმ ეკლესიას რომ ჩავუარე, რომელიც ჩვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დგას, მღვდელი დავინახე, რომელიც გაზონზე წრეებს უვლიდა. ის აშკარად არსად ჩქარობდა, და მეც მქონდა 15 წუთი თავისუფალი დრო. რატომ არ დავლაპარაკებოდი ამ შესანიშნავ ადამიანს?
ჩაცმით ყველაფერი თეთრი მეცვა და ალბათ მზეზე ვანათებდი კიდეც. მღვდელს კი, პირიქით, თავიდან ფეხებამდე შავები ეცვა. მასთან საუბარი მის ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეკითხვით რატომ არ დამეწყო? მსგავსი შეკითხვა კათოლიკე მღვდელს უკვე დავუსვი, მაგრამ გონივრული ვერაფერი მიპასუხა. იქნებ ამან იცოდეს რამე?


მღვდლები შავებში რატომ დადიან?



მისალმების შემდეგ, მას ის შეკითხვა დავუსვი, რომლის პასუხიც მართლა არ ვიცოდი.
- შეგიძლიათ მითხრათ, მღვდლები შავებში რატომ დადიან, რა ტრაური აქვთ? ქრისტე ხომ მკვდრეთით აღსდგა, განა არ უნდა უხაროდეთ?
მღვდელმა სერიოზული სახით შემომხედა და უბრალოდ და გასაგებად მიპასუხა: — უძველესი ტრადიციაა ასეთი….
- უცნაური ტრადიციაა, - ვუთხარი მე, - ძალიან ნაღვლიანად გამოიყურება… თანაც იესომ ხომ თქვა, რომ ქრისტიანები ქვეყნიერების სინათლეები არიანო, განა ასე არ არის?
თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე … ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზზეციერ მამას. (მათე 5:14–16)
- ჩვენ ხომ ყველა ცოდვილები ვართ, - მითხრა ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე.
- კი მაგრამ განა მღვდელმსახურები არ უნდა უჩვენებდნენ ყველას უმწიკვლობის მაგალითს? რა საჭიროა საკუთარი თავის ყველაზე ცოდვილებად წარმოჩენა?
ამაზე ვერაფერი მიპასუხა, ამიტომ მასთან მსჯელობა განვაგრძე.
- საინტერესოა, ნეტა როდის გაჩნდა შავებში შემოსვის ეს ტრადიცია? აშკარაა, რომ ეს იესოს დროს არ მომხდარა.
ის დამეთანხმა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ამ უძველესმა ტრადიციამ ბერებისგან აიღო სათავე.
- უცნაურია, - შევნიშნე მე, - რადგან პირველი ბერები ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდნენ, იქ კი ცხელა, განა შავი ტანსაცმლის ტარებას დაიწყებდნენ?





ვერც ამაზე გამცა რაიმე პასუხი და არც მე ჩავძიებივარ, რადგან, შესაძლოა ბერები მართლაც შავებს ატარებდნენ, ისინი ხომ მოწამეები იყვნენ!?
ამ მოთელვის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემი თანამოსაუბრე ალბათ ფიქრობდა, თუ ვინ ვიყავი და რა მინდოდა? ამიტომ გადავწყვიტე ცოტა განმემარტა:
- იცით, მე უბრალოდ მაინტერესებს ეს საკითხები, თუმცა პასუხების პოვნა იოლი არაა. აი კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა, რომელზეც ნათელი პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე:

გუმბათებს რატომ აქვთ ასეთი ფორმა?



და საერთოდ, რატომაა რომ მართლმადიდებლებს გუმბათები აქვთ, კათოლიკეებს კი არა? ეს საიდან მოდის? თქვენ ალბათ მიხვდით, თუ რა მიპასუხა? უძველესი ტრადიციაა, რა თქმა უნდა, ბიზანტიური…
მე ვუთხარი, ერთერთ მართლმადიდებლურ საიტზე წავიკითხე, რომ გუმბათებს ასეთი სახით იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ძალიან კარგი აეროდინამიკური ფორმააო!
შეიძლება მართლაც კარგი ფორმაა, მაგრამ ეკლესია ხომ — კოსმოსური აპარატი არაა? ან იქნებ მე არ ვიცი რამე? იქნებ, როდესაც “ქვეყნის აღსასრული” დადგება, ისინი პირდაპირ ეკლესიებით გაფრინდებიან ზეცაში?





თუმცა მე რატომღაც მგონია, რომ ეს ძველი ფალოსური სიმბოლოების მორიგი რეინკარნაციაა, როგორც ეს სააღდგომო პასკის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ დიდი პერიოდის გასვლის გამო რაიმეს დამტკიცება უკვე რთულია.

რა უფრო მთავარია ქრისტიანისთვის?


ჩვენი საუბარი ამით არ დასრულებულა და მე მას პირდაპირ ვკითხე:
- შეგიძლიათ მითხრათ, რატომ ახდენს მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანებზე ასე მცირე გავლენას ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით? აი, მაგალითად, ჩვენთან, რუსეთში, ყველა მართლმადიდებელია, მაგრამ რად გინდა? ბინძური საქციელი, გინება, ლოთობა, ქურდობა და სხვა სახის უღმერთო საქმეები ყვავის. გამოდის, რომ ადამიანებს ძალიან ზედაპირული რწმენა აქვთ, თუნდაც აქ, ბელარუსში, სიტუაცია ბევრად უკეთესი როდია, გინდა მართლმადიდებლები ავიღოთ და გინდაც კათოლიკეები…
- მაგალითად ჩვენთან, ბრესტის ოლქში, - მითხრა მან, - ძალიან ბევრი ხალხი დადის ეკლესიაში, ძალიან მორწმუნეები არიან!
- მათგან რამდენს აქვს ბიბლია თუნდაც ერთხელ წაკითხული? — ვკითხე მე.
თავისი პასუხით ადგილზევე მომკლა. სიტყვა-სიტყვით ვციტირებ:
- ბიბლია — არ არის მთავარი, მთავარი — ზიარებაა!
- უცნაურია, - მსჯელობა დავიწყე, - ადამიანს თუ რომელიმე პარტიასთან, სწავლებასთან ან ორგანიზაციასთან სურს შეერთება, განა თავიდან ის არ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა იდეების სწამთ იქ და მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა შეუერთდეს მათ რიგებს? და საერთოდ, იქნებ ეს მხოლოდ თქვენი პირადი მოსაზრებაა, რომ ზიარება ბიბლიაზე მნიშვნელოვანია?
აბა თუ გამოიცნობთ რა მიპასუხა? მართალია, ეს — მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ტრადიციაა!
- იქნებ ზუსტად იქედან მოდის ადამიანების რწმენისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, რომ ისინი მხოლოდ ზიარებას და სხვა რიტუალებს აღასრულებენ, თუმცა ამ ყველაფერს აბსოლუტურად გაუაზრებლად აკეთებენ და მათი რელიგია ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მათ ცხოვრებაზე? — ვკითხე მე.
ამაზე მიპასუხა, რომ თითოეულმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოსო და რომელიღაც "წმინდანიც" კი დააციტირა. ვეთანხმები, რომ ყველა რელიგიაში არიან ნამდვილად მორწმუნე ადამიანები, რომლებიც გულმოდგინედ იზეპირებენ  წიგნებს და გარკვეული რწმენა გააჩნიათ. მაგრამ რამდენნი არიან ასეთი ადამიანები? და საბოლოოდ რა საგებელი მოაქვს მათ დაზეპირებულ წიგნებს, თუ პატივს სცემენ არა ღვთის სიტყვას, არამედ ადამიანთა მცნებებს?
ტყუილაუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მიერ მოგონილ წესებს მცნებად უდებენ ხალხს. (მათე 15:9)
საუბრის დასასრულს ვუთხარი, რომ უკვე დიდი ხანი იყო რაც ამ საკითხებთან დაკავშირებით აღარ ვდავობდი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ეს უსარგებლოა. ადამიანმა თუ სრულიად გაუაზრებლად თავში რამე ჩაიჭედა, მაშინ ყველაზე ხშირად მისი იქიდან გამოდევნა ყველაზე მყარი ლოგიკითაც კი შეუძლებელია. ის დამეთანხმა…
ზუსტად ამ მიზეზით გავთიშე კომენტარები ამ საიტზე, რადგან სულელებთან მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იდავო — მე ამდენი დრო არ მაქვს.
როდესაც საუბარი დავასრულეთ, ხელი გავუწოდე და გავეცანი. მან ხელი ჩამომართვა და თვითონაც გამეცნო: ეპისკოპოსი პორფირი.
სახლში რომ მივედი ინტერნეტი მოვქექე და ჩემი მოსაუბრე ვიპოვე. ის ეპისკოპოსი პორფირი აღმოჩნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი ადამიანი.


როგორი გაკვეთილი გამოვიტანე ჩვენი საუბრიდან? კიდევ ერთხელ დავრწუნდი იმაში, რომ სწორ გზას ვადგავარ და როდესაც თავის დროზე მართლმადიდებელი ეკლესია დავტოვე, სწორად მოვიქეცი.
ტრადიცია თუ ჭეშმარიტებაზე მნიშვნელოვანი ხდება, მაშინ საბოლოო ჯამში ჭეშმარიტება ქრება და მის ადგილს სიცრუე იკავებს. ასე რომ ზუსტად ისე გამოდის, როგორც ცნობილ ზღაპარშია:

არადა მეფე შიშველი იყო! თუმცა თავად მეფე ამას სრულიად ვერ ამჩნევდა...

------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий