четверг, 25 января 2024 г.

შექმნა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსებად... "სამერთიანი" ადამიანი???



შესაძლებელია თუ არა მეტნაკლებად გასაგებად ტრინიტარული ღმერთის იმ იდეის გაგება, რომელიც «ქრისტიანული» სამყაროს მთავარ დოგმატად იქცა? სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას; ეს - თავად ტრინიტარული თეორიის მომხრეების გადაუჭრელი პრობლემაცაა. ყოველთვის, როდესაც ვთხოვ, რომ გასაგებად, სოფისტიკის გარეშე ამიხსნან აბსოლუტურად არალოგიკური ფორმულის «ერთი ღმერთი – სამი პიროვნება» ლოგიკა, ვხედავ, თუ მას, ვინც მას იცავს, როგორ უწევს სადღაც თავისი აზროვნების სიღრმეებში გადავარდნა, რათა მისი განმარტება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იპოვოს. თუმცა ასეთ გასაგებ ახსნას ის ვერასოდეს ვერ პოულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიჟღერებდა «ტრინიტარული» ღმერთის უცნაური თეორიული ასოციაციები სამყურა ბალახის სამი ფოთლის შესახებ ერთ ღეროზე, სამწახნაგა ჭიქაზე ან წყლის სამ მდგომარეობაზე (იგულისხმება თხევადი, მყარი და ორთქლის მსგავსი). და ეს არის სამების ბუნების ახსნა? ეს თუ «ახსნაა», მაშინ ტრინიტარულ იდეას მართლა დიდი პრობლემები აქვს…

სამსახოვნების განმარტების კიდევ ერთ მცდელობას ე.წ. «ადამიანის ბუნებაზე» მითითება წარმოადგენს. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი შედგება სხეულისგან, სამშვინველისა და სულისგან, ვითომდა, იმის მსგავსად, როგორც ღმერთია «სამსახოვანი». როდესაც მსგავსი რამ მესმის, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ვინც ასეთ რამეს ამბობს თავადვე ძალიან ბუნდოვნად ესმის, თუ რას გულისხმობს და როგორ შეიძლება ეს «სამერთიანი» ღმერთის იდეას ეხებოდეს. და აი რატომ…

სამების თეორიის უმთავრეს პრობლემას ის გარემოება წარმოადგენს, რომ მისი კონცეფციის თანახმად, სამივე მისი შემადგენელი პიროვნებებს წარმოადგენენ, თანაც ცალკეულს, რომლებიც ერთმანეთში ურთიერთობენ და თანამშრომლობენ. საუბარი რომ მხოლოდ რაიმე თვისებებზე, თვითონ ღმერთის პიროვნების მახასიათებლებზე ყოფილიყო, არავითარი პრობლემები არ იჩენდა თავს. ჩვეულებრივ ადამიანშიც კი შეიძლება ჰარმონიულად ეწყობოდეს ერთმანეთს სხვადასხვა თვისებები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის პიროვნებას განსაზღვრავენ. თუმცა ერთი საქმეა თვისება, სულ სხვაა – ცალკეული პიროვნებები. ერთ ადამიანში მრავალი თვისება არსებობს. თუმცა ერთ პიროვნებაში შეუძლებელია პირდაპირი გაგებით რამოდენიმე პიროვნება არსებობდეს (თუ რა თქმა უნდა საუბარი არ ეხება პიროვნების გაორებას, თუმცა ეს უკვე ფსიქიური დაავადებაა).

სამების დოგმატი ადამიანებს ღვთის სამპიროვნების დაჯერებას აიძულებს. თუმცა ეს დოგმატი ვერ ხსნის, როგორ შეიძლება ასეთი სამპიროვნების გაგება, მით უმეტეს, ახსნა. და თუ სამერთიანობის ადამიანის სხეულთან, სამშვინველთან და სულთან დაკავშირების მცდელობას დავუბრუნდებით, მაშინ დროა საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვათ: და ჩემშიც არის ერთდროულად სამი პიროვნება? როდესაც ვაზროვნებ, როდესაც ვლაპარაკობ, რომელი პიროვნების სახით ვაკეთებ ამას? პიროვნება-სულის სახით? თუ პიროვნება-სამშვინველის სახით? და პიროვნება-სხეული, საერთოდ თუ შეიძლება ცალკე პიროვნება იყოს სულისა და სამშვინველის გარეშე?

სამების თეორია იქამდე მიდის, რომ სამების ერთი ნაწილი (მამა) ყოველთვის (!) მითითებებს აძლევს სამების სხვა ნაწილს (ძეს), ამიტომ მეორე ნაწილი ყოველთვის (!) ემორჩილება პირველს. მაგრამ არა მესამეს. იმიტომ რომ მესამე ნაწილი (სულიწმინდა) მისი პირველი და მეორე ნაწილების მიერ იმართება (რადგან პირველს შეუძლია მეორეს მისცეს მესამეს მართვის უფლება). ჩემი აზრით, სამი პიროვნების ურთიერთქმედების სავსებით არეულ-დარეული სურათია, რომელიც ამავდროულად ვითომდა ერთს წარმოადგენს. ამგვარად, თუ ადამიანის «სამერთიანობის» მაგალითს მივმართავთ, აუცილებლად უნდა დავსვათ დამატებითი შეკითხვები: ჩემში არსებული რომელი «პიროვნების» მიერ იმართება ჩემშივე არსებული დანარჩენი «პიროვნებები»? რაში გამოიხატება ჩემი «პიროვნებების» ეს სუბორდინაცია? როგორ აწარმოებს ეს სამი «პიროვნება» საუბრებს ჩემში? და ისევ, ვგრძნობ თუ არა მე საკუთარ თავში, რომ ვფლობ არა ერთ, არამედ მთელ სამ პიროვნებას, დამოუკიდებლებს, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ერთმანეთს შორის აქტიური ურთიერთობით ჩემს შიგნით?

იქნებ და, როგორღაც წყალს ვამღვრევ? ვფიქრობ, რომ სამების დოქტრინაში წყალი მართლა ისეა ამღვრეული, რომ ამ აბდაუბდაში გარკვევა უკვე აღარავის ძალუძს. მათაც კი, ვისაც ამ თეორიის სწამთ. და მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მაგალითს შემთხვევით როდი განვიხილავ. იმაზე თუ ვისაუბრებთ, რომ ღვთის «სამერთიანობის» განხილვა ადამიანის «სამერთიანობის» მაგალითზეა შესაძლებელი (ასეთ განხილვას კი სუფთა წყლის აბსურდამდე მივყავართ), მაშინ როგორ გავიგოთ ყველასათვის კარგად ცნობილი სიტყვები, რომლებიც წმინდა წერილის დასაწყისშივეა მოცემული?
«შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი» (დაბადება 1:27).

«გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი» (დაბადება 5:1).

ადამიანი თუ ღვთის მსგავსადაა შექმნილი, შესაბამისად, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ჩვენ ჩვენი ბუნებით საკუთარ თავებში პიროვნებების იმ რაოდენობას აღვიქვავთ, რა რაოდენობასაც თვითონ ღმერთი ფლობს. პირდაპირ ვთქვათ: საღი აზროვნებისა და ადეკვატური აღქმის მქონე არცერთი ადამიანი არ დაიწყებს საკუთარი თავის გაორებულად ან გასამებულად (სამი პიროვნების აზრით) აღქმას. ჩვენ ისე ვართ ღვთის მიერ შექმნილები, რომ თავს ერთადერთ დამოუკიდებელ პიროვნებად აღვიქვავთ. ჩვენს გონებაში ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში არ არსებობს სამი ცალკეული «მეს» საუბრები და განხილვები. არავინ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ მასში სამი ცალკეული «როსტომი» ან სამი დამოუკიდებელი «ჟუჟუნა» არსებობს, რომლებიც, ვითომდა, ჯამში ჩემს ერთ პიროვნებას შეადგენენ.

თუმცა ის ღმერთი, რომელმაც ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, სამერთიანი რომ ყოფილიყო (სამი პირი ერთ პიროვნებაში), მაშინ თითოეული ადამიანი თავისთავად ცხადია, საკუთარ თავსაც მიიჩნევდა სამი პირისგან შემდგარ ერთ პიროვნებად (შენიშნეთ, არა თვისებებისგან ან ხასიათებისგან, არამედ უშუალოდ პიროვნებებისგან)! მაგრამ მკითხველთაგან ვის შეუძლია იმის თქმა, რომ ის რამოდენიმე ცალკეული დამოუკიდებელი პიროვნებებისგან შედგება? ვფიქრობ, არავის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთს ადამიანი სულაც არ შეუქმნია თავის ხატად და მსგავსებად? ზუსტადაც რომ თავის ხატად და მსხგავსებად შექმნა. თუმცა არა «სამერთიანი», არამედ ერთი, ერთ პიროვნებად, ყოველგვარი «დაყოფის» გარეშე. იმიტომ რომ თვითონ ღმერთიც ერთი პიროვნებაა და არა სამებად დაყოფილი და «დანაწევრებული». 


------------------------------------------------------------- 

Комментариев нет:

Отправить комментарий