среда, 31 июля 2019 г.

ხატების თაყვანისცემა თუ ხატების პატივისცემა?




- ის თუ იცით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხატებს თაყვანს კი არა, პატივს სცემენ? ბიბლიაში იმის პატივისცემის მრავალი მაგალითია, რაც მატერიალურია. თუნდაც იერუსალიმის ტაძარი, მაგალითად.

-დიახ, ვიცი. კიდევ ისიც ვიცი, რომ ძალიან რთულია ხოლმე მათ შორის არსებული ზღვარის განსაზღვრა. აბა თავად დაფიქრდით თუ შეიძლება წმინდა წერილის ორ ადგილზე ამ თემასთან დაკავშირებით.


საქმეები 10:23-26

პეტრემ ისინი სახლში შეიპატიჟა და გაუმასპინძლდა.
მეორე დღეს ადგა და გაჰყვა მათ. ზოგი იოპელი ძმაც მასთან ერთად წავიდა. 
მომდევნო დღეს ის კესარეაში შევიდა. კორნელიუსი ელოდა მათ. ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა. პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა, მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“.

აი აქ კორნელიუსის დამხობა პატივისცემის აღმნიშვნელი იყო თუ თაყვანისცემის?

მეორე შემთხვევა გამოცხადება 22:8,9

მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები —წინასწარმეტყველები — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“.


აი აქ მოციქული იოანე ანგელოზის წინაშე პატივსაცემად დაემხო თუ  თაყვანსაცემად, რომელიც მხოლოდ უხილავ ღმერთს ეკუთვნის?

არადა მოციქული, გამოცდილი ქრისტიანი იყო! ხანდახან რა რთულია არ შეცდე!

თუმცა ნათელია, რომ არასწორად მოიქცა, რადგან შეგონება დაიმსახურა.

ეხლა კი დავფიქრდეთ. როდესაც მოციქული პეტრეს ან ანგელოზის სურათს აკეთებენ და მის წინ იჩოქებენ, კოცნიან და ა.შ. ეს ნამდვილად ნორმალურია? არადა თავად პეტრე არ იყო ამის მომხრე, როგორც ზემოთ წავიკითხეთ. კიდევ ჯანდაბას მოციქულის ან ანგელოზის  წინაშე დაიჩოქო შეცდომით, მაგრამ მათი სურათის წინ - ეს საერთოდ ზღვარს მიღმაა. 

როდესაც ერთი და იგივე წმინდანის სხვადასხვა ხატები არსებობს და ამავდროულად ერთი გაცილებით "სასწაულმოქმედად" მიიჩნევა, ვიდრე მეორე... როდესაც მორწმუნეები სალოცავად მიდიან იმ ადგილებში, სადაც, როგორც მიიჩნევა, გაცილებით სასწაულმოქმედი გამოსახულება ინახება... ეს მართლა არ არის კერპთაყვანსმცემლობა? იმიტომ რომ ისე გამოდის, ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გამოსახულებები, მორწმუნეთა თვალში ერთნაირად ძვირფასი არ არის. გამოდის, რომ მორწმუნეები თვითონ გამოსახულებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, და არა იმას, ვინც მასზეა წარმოდგენილი. 

როდესაც ავტომობილის სალონში აკრავენ ხატებს, ლოცვებს აკერებენ ტანსაცმლის კიდეებში - ეს ნამდვილად ღვთის სიტყვაზე მსჯელობისთვისაა? ნამდვილად არ არის ეს ერთგავი მაგიური თილისმების ქრისტიანული ვარიანტი?

ხოლო რაც შეეხება იუდეველების მხრიდან მათი ტაძრისადმი დამოკიდებულებას, ვინ ამბობს საპირისპიროს? იქ ღმერთი იყო დავანებული. დღეს მისი მსგავსი ადგილები აღარ არის. არავის შეუძლია გამოსახულება გააკეთოს და განაცხადოს, რომ აი ეხლა ღმერთი აქ არის დავანებულიო, როგორც ეს იერუსალიმის ტაძარში იყო. თუმცა იმ დიდებულ ტაძარსაც კი არ ეპყრობოდნენ იუდეველები ისე, როგორც დღეს მრავალი ხატებს ეპყრობა. არ არსებობდა მეტად ან ნაკლებად სასწაულმოქმედი ტაძრის გამოსახულებები. მათ სახლებში არავინ ჰკიდებდა და არც მათზე ლოცულობდა ვინმე და არც მათ წინ.

------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий