суббота, 27 июля 2019 г.

ჯოჯოხეთის ცეცხლი და ექსპონენტის გრაფიკი



დღის ისტორია

პირადად მე არ მჯერა იმის, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ რჩება. თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა იმის გაგება, თუ ისინი, ვისაც ამგვარი სუბსტანციის არსებობის სჯერა, როგორ განმარტავენ ბიბლიურ სწავლებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ "იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა" (საქმეები 24:15).  ანუ უკეთურებიც აღდგებიან მკვდრეთით! და აი აქ მათთვის, ვისაც სწამს, რომ ცოდვილთა უკვდავი სულები არსებობს, გარკვეული სირთულეები იწყება. რა საჭიროა მათი მკვდრეთით აღდგენა ვინც ღვთისაგან უარყოფილი და უკვე დასჯილია? რაღაცის მოფიქრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო. და აი როგორ ამიხსნა ეს მომენტი ერთერთმა პროტესტანტმა პასტორმა პირად საუბარში. ქვემოთ მოყვანილია დიალოგის მონაკვეთი.





-  რაში სჭირდება ღმერთს იმ ცოდვილთა სულების მკვდრეთით აღდგენა, რომლებიც უკვე იტანჯებიან?


-  იცით როგორაა, თქვენი სული (მოსაუბრის აზრით ჯოჯოხეთში წავალ) ცეცხლში დაიწვება და ფსიქოემოციურ ტანჯვას განიცდის. მაგრამ, როდესაც მკვდრეთით აღდგომა მოხდება, თქვენი სული სხეულს შეუერთდება და მაშინ თქვენი ტანჯვა კიდევ უფრო საშინელი გახდება, რადგან ამ ყველაფერს კიდევ ცეცხლისაგან ფიზიკური ტანჯვის შემადგენელი დაემატება.


- გასაგებია. ამიხსენით თუ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ დაწვით არ დავიწვები?

- რა თქმა უნდა, თქვენი კანი, თვალები, თმები (მოსაუბრე ხელით ჩემი სახის მიდამოებზე მიმითითებს) ეს ყველაფერი დაიწვება, მაგრამ ღმერთი თქვენს კანს მაშინვე აღადგენს ისე, რომ მარადიულად განაგრძოთ დაწვა.


შემდეგ მამაკაცმა დამიხატა და ექსპონენტის გრაფიკი მაჩვენა, თან განმიმარტა, რომ მოცემული მრუდე მარადიულად უახლოვდება ОХ-ის ღერძს, მაგრამ მაინც არასოდეს კვეთს მას. (როგორც ჩანს, ეს თვასაჩინო მაგალითი იყო იმისათვის, რომ ჩემთვის მარადიულობის რეალურობა ეჩვენებინა).
შემდგომი საუბარი არც ისე მნიშვნელოვანია.

აქედან მორალი


   არა, მე ყველაფერი მესმის. ყველას თავისებურად სჯერა და ასე შემდეგ. და აქ არ დავიწყებ იმ პოზიციის დაცვას, რომ ბიბლია არ შეიცავს სწავლებას ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ. მე იმან გამაოგნა, თუ როგორი ცინიკური სიმსუბუქით საუბრობდა ეს ადამიანი იმაზე, რომ ღმერთი მარადიულად დამწვავდა. არადა გულწრფელად მორწმუნე ადამიანი ვარ, თუნდაც გზასაცდენილი, როგორც ის ფიქრობს. ჩემი მოსაუბრე ამას ნორმალურად და სწორადაც კი მიიჩნევს. და ამას რაღაც ახსნა უნდა გააჩნდეს. იქნებ ასეთი? ჩვენი სამყაროს აღქმა, აზროვნება და ადამიანებისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს დიდწილად იმას, თუ როგორი იდეალების გვჯერა. თუ ისეთი ღმერთის გვწამს, რომელიც თვალთმაქცურად გვასწავლის ჩვენი მტრების სიყვარულს, ამავდროულად კი თავის მტრებს ცეცხლში უკრავს თავს და მარადიულად შეუნარჩუნებს იქ სიცოცხლეს, რომ შემთხვევით მათი თანჯვა არ შეწყდეს; თუ ისეთი ღმერთის გვწამს, რომელიც სამართლიანობას გვასწავლის, თვითონ კი იმ ადამიანებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ 70-80 წელი სცოდავდნენ, მარადიულად იძიებს შურს; თუ ისეთი ღმერთის გვწამს, რომელიც პატიებას გვასწავლის, თვითონ კი ცოდვილს, რომელიც ცრემლებით შესთხოვს პატიებას ათასი, მილიონი ან ტრილიონი წელი, მაინც არ აპატიებს, მაშინ თავად ჩვენ როგორები ვიქნებით?!


   ეს ბევრ რამეს ხდის ფარდას. რელიგიისა და ღვთისადმი რწმენის მრავალი პარადოქსი ხდება გასაგები. გასაგები ხდება, ხანდახან გულწრფელად მორწმუნე ადამიანებს რატომ შეუძლიათ სძულდე, გაწამონ და მოგკლან. ისტორია სისხლითაა გაჯერებული ასეთი მორწმუნეების გამო. რამდენი ტანჯვა მოიტანეს ადამიანთა ცხოვრებაში ამ "წმინდა ინკვიზიტორებმა", როდესაც ძალაუფლება მიიღეს. ჩვენი დროც კი სავსეა ღრმად მორწმუნე ადამიანების სიმხეცეებით. განა ქრისტიანულ სამყაროში არ მოხდა გასული ასწლეულის ორი მსოფლიო ომი? განა ღვთისმოსავმა "ქრისტიანებმა" არ მოაწყვეს ქალებისა და ბავშვების ჟლეტა თანამედროვე რუანდაში? არადა გასაგებია რატომაც. მათ ასეთი ღმერთის სწამთ!  ესაა მათი ღმერთი, მათი იდეალი, რომელსაც უბრალოდ ჰბაძავენ.


    და პირიქით, აშკარად ნათელია, რომ ადამიანი, რომელსაც სამართლიანი და კეთილი გული აქვს, წმინდა წერილის ყველა იმ ადგილს, სადაც საუბარია ცეცხლზე, გეენასა და ცეცხლოვან ტბაზე, უბრალოდ მეტაფორულად გაიგებს. მისი გული სხვა ინტერპრეტაციას უბრალოდ არ მიიღებს, რადგან მას სწამს, რომ ღმერთი სიყვარულია. მას იმის სწამს, რომ მისი ღმერთი არ შეიძლება იმაზე უარესი იყოს, როგორიც თვითონაა. რადგან თვითონ არასოდეს არ დაიჭერდა თავისი ცელქი ან შეცდომების დამშვები შვილის ხელს ცეცხლის ალზე, თუნდაც მცირე ხნით აღმზრდელობითი მიზნით.



ფიქრმა გამიტაცა


   მრავალ მოაზროვნე ადამიანს დიდი ხანია იმედი გაუცრუვდა რელიგიაზე
, რადგან მასში ფარისევლობა, მლიქვნელობა და სიცრუე დაინახა. მე მესმის ასეთი ადამიანების. თუმცა ბიბლიას ასეთ რელიგიებთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან არ ასწავლის ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის, მკვლელობებისა და სხვა სიმხეცეების შესახებ. იმაზე დავფიქრდი, რომ ღვთის სიტყვა მხოლოდ წიგნი კი არაა, რომელიც ღვთის შესახებ გვიყვება, არამედ შესანიშნავი ინსტრუმენტია ადამიანთა დასაყოფად ცუდებად და კარგებად, კეთილებად და ბოროტებად.

   PS: ბიბლია არ ასწავლის იმის შესახებ, რომ ღმერთმა ისეთი სატანჯველი ადგილი შექმნა, როგორიც ცეცხლოვანი ჯოჯოხეთია. მასში ნათლად და უბრალოდაა ნათქვამი, რომ ცოდვილებისთვის, რომლებიც არ მოინანიებენ, მხოლოდ ერთი სასჯელი არსებობს: "ცოდვის საზღაური სიკვდილია". (რომაელები 6:23)


------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

1 комментарий: