пятница, 28 сентября 2018 г.

მიქაელი - "ერთერთი პირველ მთავართაგანი"



მთავარანგელოზი მიქაელის თემა, რომელშიც წმინდა წერილების მკვლევარი ქრისტიანები ღვთის ძეს მოიაზრებენ, შეიძლება ეხებოდეს საკითხს, რომელიც დანიელის 10:13-ში ჩაწერილი ბიბლიური მონაკვეთის გაგებასთანაა დაკავშირებული. ამ მუხლში შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: 


«სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი».

მოცემულ მუხლში ზოგიერთი შეიძლება დააბნიოს მიქაელის ისე მოხსენიებამ, როგორც «ერთერთი პირველ მთავართაგანი». მიქაელი თუ – ღვთის ძეა, რომელიც შემდგომ იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი, მაშინ რატომაა მასზე საუბარი, როგორც «ერთერთ პირველ მთავართაგანზე» და არა, მაგალითად, როგორც «მთავართა მეთაურზე»? 



ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში იმის გარკვევაა აუცილებელი, თუ რომელ «მთავრებზეა» საერთოდ საუბარი. წმინდა წერილის ამ ადგილის გამოკვლევისას უნდა ვაღიაროთ, რომ დანიელის წიგნი არავითარ დეტალურ განმარტებას არ იძლევა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან "მთავრები" და რას წარმოადგენს მათი მთავარი დანიშნულება. თუმცა იმ ინფორმაციის წყალობით, რომელიც ამ ბიბლიურ მონაკვეთშია მოცემული, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ დასკვნებამდე ან ვარაუდებამდე მივიდეთ. ამაში დახმარებას გაგვიწევენ ისეთი მუხლები როგორებიცაა დანიელის 10:13,20,21; 12:1 და კიდევ რიგი სხვა მუხლები.

პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ესაა ამ მუხლებში არაერთხელ მოხსენიებული სიტყვა «მთავარი». ბერძნულ ენაზე ის ჟღერს როგორც «არხონ» (άρχων, სტრონგის № 758 / שַר, ებრაულად - სტრონგის № 8269). ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა – «მეთაური, მმართველი, ბელადი, მთავარი». 

მოცემული სიტყვა დანიელის 10:13, 20,21-ში არაერთხელ გვხვდება და გამოყენებულია - როგორც მიქაელთან მიმართებით, ასევე სპარსეთისა და საბერძნეთის «მთავრებთან» მიმართებით. ვინ არიან ეს «მთავრები», რომლებიც ამ ძლევამოსილი სახელმწიფოების «მეთაურებს» წარმოადგენენ და რომლებიც მიქაელს ებრძვიან? აშკარაა, რომ მათში იგულისხმებიან დემონები, რომლებსაც ძალაუფლება და ხელმძღვანელობა გააჩნიათ წარმართ ერებზე. არსებითად, ეს ანგელოზი-«მთავრები» მართავდნენ ღვთისგან გაუცხოებულ ცალკეულ ერებს და ამავდროულად ერთმანეთს შორის იბრძოდნენ ძალაუფლებისათვის. 

მსგავს აზრს ესმევა ხაზი ეფესოელთა მიმართ მიწერილ წერილშიც, სადაც დემონები გაიგივებულნი არიან «მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ» (ეფესოელები 6:12).

დანიელის წიგნში მიქაელზეც არაერთხელაა საუბარი, როგორც «მთავარზე» (მეთაურზე). ვის მთავარზე? პასუხი დანიელის 10:21-სა და 12:1-შია მოცემული, სადაც მიქაელი მოხსენიებულია როგორც «თქვენი მთავარი [ანუ ღვთის ხალხის]» და «დიდი მთავარი, შენი [ანუ დანიელის] ხალხის შვილთა მფარველი». ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მიქაელი ღვთის ხალხის დამცველისა და ხელმძღვანელის როლს ასრულებდა, რომელსაც დანიელის სიცოცხლის პერიოდში ისრაელი ერი წარმოადგენდა.

ამ დასკვნას ბიბლიაც ადასტურებს, როდესაც არაერთხელ უსვამს ხაზს ძველი აღთქმის პერიოდში ღვთის ძის როლს ისრაელი ერის ხელმძღვანელობაში. ის იყო ის ანგელოზი, რომელიც ისრაელ ერს მიუძღვოდა უდაბნოში და რომელშიც «იყო ღვთის სახელი» (გამოსვლა 23:20, 21, 23; 32:34; 33:2. შეადარეთ 1 კორინთელები 10:4; იუდა 9; იოანე 1:11). 

ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ის, თუ დანიელის წიგნიდან მოყვანილი ეს ადგილები როგორაა ნათარგმნი ბიბლიის რიგ თარგმანებში:


«მაგრამ მპარასის სამეფოს მთავარი (მფარველი-ანგელოზი) მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე და სანამ მიქაელი, ერთერთი პირველი მთავართაგანი (მფარველი-ანგელოზი) არ მოვიდა ჩემს დასახმარებლად, მე იქ ვრჩებოდი, პარასის მეფესთან» (დავიდ იოსიფონი, თანახი. დანიელის 10:13).

«მაგრამ სპარსეთის სამეფოს მფარველი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა, და, სანამ მიქაელი, ერთერთი მთავარი მფარველთაგანი, არ მოვიდა ჩემს დასახმარებლად, მე იქ ვრჩებოდი სპარსეთის მეფესთან…და მითხრა მან: იცი თუ არა რატომ მოვედი შემთან? მე კვლავ წავალ სპარსების მფარველთან საბრძოლველად; ხოლო როდესაც მე გავალ, აი მოვა იონიის მფარველი. თუმცა, იმას გამცნობ, რაც ჭეშმარიტ წერილებში წერია; და არავინ არის ისეთი, ვინც მხარს დამიჭერდა მათ წინააღმდეგ, მიქაელის, ჩვენი მფარველის გარდა» (ვ.ა. ლევისონი, ძველი აღთქმის ებრაული ტექსტიდან რუსულ ენაზე გადატანის მცდელობა. დანიელი 10:13,20,21).

ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია გამოვთქვათ შემდეგი ვარაუდი: მიქაელს «ერთერთი პირველ მთავართაგანი» ეწოდება, ბიბლიის იმ კონტექსტიდან გამომდინარე რომელიც სხვა ერების მეთაურ ანგელოზ-«მთავრებს» აღწერს და რომლებთანაც მას უწევდა ბრძოლა, როდესაც ღვთის ერის უსაფრთხოებას იცავდა. ამის განსაზღვრულ მტკიცებულებას ჩვენ ვპოულობთ ანგელოზის სიტყვებში რომელიც დანიელის 10:21-შია ჩაწერილი, სადაც ის მიქაელის, ღვთის ერის მთავრის შესახებ ისე საუბრობს, როგორც ერთადერთზე, ვინც მხარს უჭერს ამ ბრძოლაში. სხვა არცერთ რომელიმე «მთავრებზე», რომლებიც ღვთის ერის დასაცავად მდგარიყვნენ, დანიელის წიგნში საუბარი არ არის. ამის გათვალისწინებით ფრაზას «ერთერთი პირველ მთავართაგანი» შეიძლება ყველა «მთავრებს» შორის «ერთადერთის» მნიშვნელობა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ იგივე სიტყვა «ერთი» («ე·ხად», ებრ.) ზის ცნობილ ლოცვაში «შმა» (მეორე რჯული 6:4). მისი ცნობილი სიტყვები «ერთია იეჰოვა — ჩვენი ღმერთი იეჰოვა» მიუთითებს ღმერთის განსაკუთრებულობაზე, უნიკალურობაზე და არა უბრალოდ იმაზე, რომ ის მრავალ ღმერთთაგან ერთია.


თუ ანგელოზის მიერ მიქაელის შესახებ ნათქვამ სიტყვებს, «ერთერთი პირველ მთავართაგანი», ამ შუქში გავიგებთ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიქაელი ერთადერთი ღვთისმოსაწონი «მთავარი» იყო სხვა დანარჩენი ანგელოზი-«მთავრების» ფონზე, რომლებიც თავის მხრივ, ღვთის ერის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ის იყო ერთადერთი «მმართველი», რომელსაც იეჰოვას და მისი მიწიერი მსახურების ინტერესების დაცვა შეეძლო. ყველა დანარჩენი ანგელოზი-«მმართველები» თავის ღვთისსაწინააღმდეგო ინტერესებს მიწიერი წარმართი ერების მეშვეობით ასხავდნენ ხორცს.

დანიელის 12:1-ში ისევ ვხვდებით სიტყვებს მიქაელის შესახებ:
«იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი».

ამ სიტყვებს იმიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებს შეეხებიან. მიქაელს კვლავ «მთავარი» ეწოდება, რომელიც კვლავ ღვთის ჭეშმარიტი მსახურების დამცველად დგას. ბიბლიის მკითხველი დამეთანხმება, რომ ტიტული «მშვიდობის მთავარი» კანონით მხოლოდ ღვთის ძეს, იესო ქრისტეს ეკუთვნის (შეადარეთ ესაია 9:6). როგორ უნდა მიეღო მიქაელს ეს ძალაუფლება და როგორ უნდა გამოეყენებინა ის?

ბიბლია მოგვითხრობს, რომ 1-ლ საუკუნეში იესომ განსაკუთრებული ძალაუფლება მიიღო, როდესაც ღმერთმა «მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც» (ეფესოელები 1:20,21).

იმავე წერილში, როგორც უკვე ვნახეთ კიდეც, ხაზი ესმება, თუ უშუალოდ ვინ იგულისხმებიან ტექსტში მოხსენიებულ «მთავრობებში, ხელმწიფებებში, ძალებსა და უფლებებში»:
«სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ» (ეფესოელები 6:12. შეადარეთ ეფესოელები 2:1,2).

ამგვარად განდიდებულმა მიქაელმა, იესო ქრისტემ, ღვთისგან მიიღო იმის ძალაუფლება, რომ დაამარცხოს ბოროტი სულიერი «მთავრები» და მათი მთავარი «მმართველი» სატანა (ლუკა 10:18; იოანე 12:31; 14:30; 1იოანე 5:19).
«შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს, გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად. მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად» (გამოცხადება 12:7-9).  

ღვთის ძის საბოლოო გამარჯვება ბოროტ ძალებზე მომავალში მოხდება, «როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს» (1 კორინთელები 15:24).

------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий