среда, 5 сентября 2018 г.

ღვთის სახელი და ფსალმუნების წიგნი



«გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანისთვის ფსალმუნები ძველი აღთქმის ყველაზე ძვირფას წიგნს წარმოადგენს…  იესოსა და მოციქულების მაგალითის მიბაძვით ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიაში ფსალმუნები ხშირად გამოიყენებოდა ლოცვისათვის (ეფესოელები 5:19; კოლოსელები 3:16; 1 კორინთელები 14:26)» (არქიმანდრიტი ალექსანდრე (მილეანტი), «ფსალმუნები»).




 «გასაკვირი არ არის, რომ ძველი ქრისტიანების საყვარელი წიგნი ფსალმუნები იყო. ფსალმუნების მღერა მთელ მათ ცხოვრებას ახლდა თან და ამით საკუთარ თავს ღვთისმოსაწონი საგმირო საქმეებისაკენ აღძრავდნენ. ფსალმუნები ჰქონდა ბაგეზე როგორც სიკვდილზე მიმავალ მოწამეს, ასევე ქვეყნიერებისაგან ჩამოშორებულ მეუდაბნოვეს. და საერთოდ არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ტოვებდნენ ქრისტიანები ფსალმუნებს. «მიწათმოქმედი, - წერს ნეტარი იერონიმე, - როდესაც გუთანს მისდევს «ალილუიას» მღერის; გაოფლილი მომკელი ფსალმუნებს მღერის და მევენახე, კაუჭა დანით ვაზის ტოტების მოჭრისას, დავითის სიტყვებს მღერის». ადრეულ ეკლესიაში ყველა ფსალმუნის დაზეპირების წეს-ჩვეულება არსებობდა, ისე უყვარდათ და პატივს სცემდნენ ამ წიგნს. ჯერ კიდევ მოციქულთა დღეებში ჰპოვა ფსალმუნებმა განსაკუთრებით ფართო გამოყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში»  ("ღვთის კანონი" დეკანოზი სერაფიმე სლობოდსკი).

«ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნები ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა. ამას დასაბამი ჯერ კიდევ ქრისტე მხსნელმა დაუდო, როდესაც მან, საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ «იგალობ[ა]» და ზეთისხილის მთისკენ გაემართა (მათე 26, 30).იესო ქრისტეს მსგავსად მოციქულებიც მოუწოდებდნენ, რომ გამოეყენებინათ ფსალმუნი როგორც საუკეთესო საშუალება ქრისტიანულ ლოცვაში (ეფესოელები 5, 18-19, კოლასელები 3, 16; 1 კორინთელები 14, 15-26). უკვე ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როგორც «მოციქულთა კანონები» ადასტურებენ (წგნ. 2 და 59), ფსალმუნები ღვთისმსახურების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა… და პირველი, რაც იუდაური ეკლესიის ღვთისმსახურების პრაქტიკიდან იქნა ნასესხები, ეს იყო - წმინდა წერილების კითხვა. ეს განსაკუთრებით მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც თავად ქრისტიანული წერილები არ არსებობდა. ძველი აღთქმის წერილებიდან ჩვენს ღვთისმსახურებაში ყველაზე ადრე ფსალმუნები შემოვიდა. «ისინი როგორც წარმოადგენდნენ ძველიაღთქმისეული ღვთისმსახურების პოეტურ ფონს, იუდაური სულის ახლობელ და გასაგებ სტიქიას, - წერს არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი), - ასეთებადვე დარჩნენ ქრისტიანებისთვისაც. ფსალმუნების, ყველა დროის უმაღლესი პოეზიის, დავიწყება, მიუტევებელია ეკლესიისათვის. მოციქულები, მათი მოწაფეები, პირველი საუკუნის ქრისტიანები, როგორც საერო, ისე მეუდაბნოვე-ბერები, ფსალმუნებით ცხოვრობდნენ და სუნთქავდნენ. ის, როგორც იუდეველის, ისე ქრისტიანის საერთო საკუთრება იყო და არის» («ფსალმუნები და მისი როლი მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში»).  

ზემოთწარმოდგენილ ყველა ციტატაში, რომლებსაც მართლმადიდებელი ავტორები ჰყავთ, აღიარებულია ფსალმუნების წიგნისადმი - ბიბლიის ყველაზე დიდი წიგნისადმი - ადრეული ქრისტიანების განსაკუთრებული პატივისცემის ფაქტი. როგორც ზემოთ მოყვანილი დასკვნებიდან ჩანს, სამოციქულო ეკლესიის ქრისტიანები აქტიურად იყენებდნენ ამ წიგნს როგორც ღვთისმსახურებაში, ასევე პირადი შესწავლისას. და თუ ზემოთთქმულს გავიმეორებთ, «ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნები ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსალმუნების წიგნი I საუკუნის ქრისტიანებისათვის №1 წიგნს წარმოადგენდა ძველი აღთქმის ყველა წიგნიდან. რითაა ეს ფაქტი საინტერესო დღეს ჩვენთვის?

როგორც ცნობილია, ფსალმუნების წიგნი დაახლოებით 700-ჯერ შეიცავს ღვთის სახელს – «იეჰოვა». გარდა ამისა, ფსალმუნებში კიდევ 43-ჯერ გვხვდება ამ სახელის შემოკლებული ფორმა, რომელიც წარმოდგენილია როგორც «იაჰ». ასე, მაგალითად, ებრაული ფრაზის «ჰალელუ-იაჰ» («ადიდეთ იაჰი!») ტრანსლიტერაცია ფსალმუნებში 24-ჯერ გვხვდება. ამგვარად საშუალოდ თითოეულ ფსალმუნში ღვთის სახელი დაახლოებით 5-ჯერაა მოხსენიებული. და მერე რა აქედან?

ეს ნიშნავს, რომ პირველი ქრისტიანები, რომელთათვისაც ფსალმუნების წიგნის ავტორიტეტი უმაღლეს დონეზე იდგა და რომლებიც გამუდმებით – როგორც ღვთისმსახურებისას, ასევე პირად ცხოვრებაში – ამ წიგნიდან ციტირებდნენ და მის მონაკვეთებს კითხულობდნენ, აუცილებლად ხვდებოდნენ იეჰოვას სახელს და ღიად იყენებდნენ მას. სხვანაირად ვერც იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოციქულთა დროის ქრისტიანები სეპტუაგინტას (LXX, ძველი აღთქმის წიგნების ბერძნული თარგმანი) იყენებდნენ, რომლის ტექსტშიც ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელი) შენარჩუნებული იყო.


«თავდაპირველად სეპტუაგინტაში იყო ღვთის სახელი; ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნემდე დათარიღებული LXX-ის ნაპოვნი ხელნაწერები, ტექსტში ტეტრაგრამატონს შეიცავენ; თანაც ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ის ორიგინალურ ებრაულ ტექსტში ეწერა. სეპტუაგინტის არცერთი ცნობილი ასლი, რომლებიც ძვ.წ. მეორე საუკუნიდან - ახ.წ. პირველ საუკუნემდეა დათარიღებული – არ ცვლის ტეტრაგრამატონს «კირიოსით» […] დღესდღეობით მეცნიერებს ხელთ აქვთ არა მხოლოდ ადრეული ეკლესიის ისტორიკოსებისა და ბიბლეისტების მტკიცებულებები, არამედ სეპტუაგინტის უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტებიც; იმის ცოცხალი მტკიცებულებები, რომ ამ უძველეს თარგმანში თავდაპირველად ტეტრაგრამატონი იყო. ნებისმიერი ობიექტური და მიუკერძოებელი მკვლევარი, ამ თემაზე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, აუცილებლად ასეთივე დასკვნამდე მივა» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი»).

მკვდარი ზღვის ხელნაწერები ფსალმუნების მონაკვეთებით რომლებშიც გამოყენებულია ღვთის სახელი (ახ.წ. I საუკუნის პირველი ნახევარი)




ის, რომ ადრეული ქრისტიანები იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და ფართოდ იყენებდნენ მის სახელს თავის მსახურებაში, ცნობილ ფაქტს წარმოადგენს (ბმული). და თუ მართლმადიდებლური წყაროებიდან მოყვანილ დასკვნებს გავითვალისწინებთ ადრექრისტიანულ კრებაში ფსალმუნების წიგნის უდიდესი ავტორიტეტის შესახებ, მაშინ ძალიან უცნაური ჩანს, რომ ქრისტიანებს, რომლებიც ამ წიგნში 700-ჯერ ხვდებოდნენ და კითხულობდნენ ღვთის სახელს, რაღაც გაუგებარი სახით იგნორირება გაეკეთებინათ მისთვის. შეუძლებელი იყო ფსალმუნი ემღერათ და ის ისე არ წარმოეთქვათ, როგორც რეალურად ჟღერდა – ანუ იეჰოვას სახელით. შეუძლებელი იყო ფსალმუნიდან ციტირება და ამავდროულად მისი ღვთივშთაგონებული ტექსტის დამახინჯება, ღვთის სახელის რომელიმე სხვა სიტყვით ჩანაცვლება. პირიქით, ფსალმუნების წიგნი გვაფრთხილებს:
«გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს [ორიგინალში – «იეჰოვას». სტრონგი № 3068] და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს» (ფსალმუნები 73:18, საპატრიარქოს გამოცემა).

საყურადღებოა, რომ ამ მუხლში სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც «ლანძღავს», ორიგინალში ნიშნავს «უგულებელყოფს», «უარყოფს», «სძულს» (სტრონგი № 5006).  და მუხლის წაკითხვისას ქრისტიანები თუ ღვთის სახელის რომელიმე სხვა ტიტულებით ჩანაცვლებას დაიწყებდნენ, მაშინ ისინი თავისი ქმედებით ავტომატურად მოხვდებოდნენ ამ მკაცრი განსაზღვრების ქვეშ. 


და ამავდროულად ფსალმუნების წიგნი მოგვიწოდებს:
«მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [ორიგინალში – «იეჰოვა». სტრონგი № 3068], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნები 82:19, საპატრიარქოს გამოცემა).
«ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო [იეჰოვა], და განადიდებს შენს სახელს» (ფსალმუნები 85:9, საპატრიარქოს გამოცემა).
«ადიდეთ უფალი [იეჰოვა]! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა [იეჰოვასი], ადიდეთ უფლის [იეჰოვას] სახელი! იყოს სახელი უფლისა [იეჰოვასი] კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა [იეჰოვასი]» (ფსალმუნები 112:1-3, საპატრიარქოს გამოცემა).
«უფალო [იეჰოვა], შენი სახელი მარადიულია, უფალო [იეჰოვა], შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა» (ფსალმუნები 134:13, საპატრიარქოს გამოცემა). 
«ხოტბას უფლისას [იეჰოვას] ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმინდა სახელს უკუნითი უკუნისამდე» (ფსალმუნები 144:21, საპატრიარქოს გამოცემა).

(დამატებითი ინფორმაცია)

როგორც ვხედავთ, შემოქმედის ნებას წარმოადგენს ის, რომ დედამიწის ერებმა არა თუ არ ჩაანაცვლონ ღვთის სახელი, არამედ, პირიქით, ეცნობოდნენ ღმერთს როგორც მას, ვინც ატარებს დიდებულ სახელს იეჰოვა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბიბლიის ყველაზე დიდ წიგნში – ფსალმუნებში – ატვორი ამ სახელს ასე ბევრჯერ უსვამს ხაზს!

ამ შემთხვევაში კითხვა ჩნდება: რომელ მაგალითს ჰბაძავენ დღეს ის მორწმუნეები, რომლებიც საკუთარ თავზე ისე საუბრობენ როგორც «ქრისტიანებზე»? იქცევიან ისინი ქრისტეს პირველი მოწაფეების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და თავის მსახურებაში არ ერიდებოდნენ მისი სახელის გამოყენებას? თუ ვინმე მაინც ეძებს იეჰოვას სახელის რომელიმე სხვა ფრაზებით ჩანაცვლების შესაძლებლობებს? ამავდროულად, რისი თქმა შეიძლება ბიბლიის იმ თარგმანებზე, რომლებშიც იეჰოვას მიერ მოცემული მისი საკუთარი სახელი მაინც ამოშლილი იქნა მთარგმნელების მიერ და შეცვლილი იქნა სხვა სიტყვებით? ამოშლილი იქნა არა მხოლოდ ფსალმუნების წიგნიდან, არამედ წმინდა წერილების ყველა იმ 7 ათასი ადგილიდან, სადაც ის ღვთის ნებით იქნა ჩაწერილი თავდაპირველად… ამ კითხვებზე პასუხები თითოეულმა შეუძლია თავად გასცეს საკუთარ თავს. და ღმერთს, რომელიც ატარებს სახელს იეჰოვა… 




Псалом 109...

Псалом 94...



Псалом 23...



--------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий