четверг, 22 февраля 2018 г.

როგორ სხეულში აღდგა იესო: ხორციელი თუ სულიერი?



  უამრავ ადამიანს სწამს ტრადიციული საეკლესიო დოქტრინის იმის შესახებ, რომ ღვთის ძე ხორციელად (ანუ ფიზიკური სხეულით) აღდგა მკვდრეთით. თუმცა ბიბლიის უამრავი სერიოზული მკვლევარისათვის ეს დოგმა თავისთავად "გაუქმდა", როდესაც მიხვდნენ, რომ იესოს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება სრულიად არაბიბლიურია! იესო, იეჰოვა ღმერთის მიერ აღდგენილი იქნა არა წინანდელი, ადამიანური სხეულით, არამედ იმ სულიერი გარეგნობით, რომელიც მის ძეს ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა! 


  თავად ბიბლია როგორ განმარტავს ამას? ამომწურავი პასუხის მისაღებად, ჩვენ იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიას რამოდენიმე მხრიდან განვიხილავთ.



  თავდაპირველად სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ რას ამბობს ბიბლია ფიზიკური და სულიერი სხეულების სტატუსზე.

  ამასთან დაკავშირებით საჭიროა ერთი უბრალო ჭეშმარიტება გვახსოვდეს – დედამიწაზე ადამიანად დაბადებამდე, მთელი იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელიც ღვთის ძემ თავის მოსიყვარულე მამასთან, იეჰოვა ღმერთთან გაატარა, მას მხოლოდ სულიერი სხეული ჰქონდა! და ამაზე წმინდა წერილიც საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ «თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც» (1კორინთელები 15:44). ხორციელი (ანუ ფიზიკური) სხეული ყველა ადამიანს აქვს, პირველი ადამიანი, ადამიდან მოყოლებული. ხორციელი სხეული აქვთ ასევე «პირუტყვს... ფრინველს...თევზს» (1კორინთელები 15:39). თუმცა, როგორც ამის შესახებ ბიბლია საუბრობს, იეჰოვა ღმერთს, მის ძეს და ასევე ანგელოზებს ფიზიკურისგან განსხვავებული, სულიერი სხეულები აქვთ. მაგალითად, ნათქვამია, რომ «ღმერთი სულია» (იოანე 4:24). ასევე ზეცაში მცხოვრებ ანგელოზებსაც 
«სულები» ეწოდებათ  (ებრაელები 1:13,14).

  ფსალმუნების 8:5,6 და 1 კორინთელების 15:40-44 იმის გაგების საშუალებას გვაძლევენ, რომ ზეციერი სულიერი სხეულები, ძალიან დიდად უპირატესობენ მიწიერ, ხორციელ სხეულებზე (შეადარეთ ესაია 31:3). ნათელია, რომ ასეთი უპირატესობა, მის მიერ შექმნილი ხორციელი ადამიანებისგან განსხვავებით, ღვთის ძესაც ჰქონდა დედამიწაზე მოსვლამდე. ამაზე მიუთითებენ იესოს მიმართ ნათქვამი, იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: «მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღალია. ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი ყველაზე მაღალია» (იოანე 3:31).

  მაშ რა მიზეზით და რა ვადით მისცა იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს ხორციელი სხეული? ბიბლია ამ შეკითხვას პასუხობს:
  «მაგრამ როცა დრო გასრულდა, ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ქალისგან იშვა» და ხორციელ ადამიანად იქცა (გალატელები 4:4). ებრაელთა მიმართ წერილი განმარტავს ამ მეტამორფოზას: «რადგან შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ისიც მსგავსადვე ეზიარა მათ, რათა თავისი სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ანუ ეშმაკს… მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა» (ებრაელები 2:14,17; იოანე 1:14).

  როგორ აისახა ეს მის მდგომარეობაზე? ბიბლია გვიჩვენებს, რომ მან «ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა;... თავი დაიმდაბლა...» (ფილიპელები 2:7,8). ამგვარად, ნათელი ხდება, რომ ღვთის დიდებული ძისთვის, რომელმაც თავისი ზეციერი მდგომარეობა დატოვა, ხორციელი იერი იქცა «ყველაფერზე უარის თქმად» და «მონის სახის მიღებად». ამისათვის მას «თავის დამდაბლებაც» კი დასჭირდა!

  ასევე 2 კორინთელების 8:9-შიც შეახსენებენ ქრისტიანებს ღვთის ძეზე, რომ «ის მდიდარი იყო და თქვენი გულისთვის გაღარიბდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღარიბით». ებრაელების 2:9-ში კი ნაჩვენებია, რომ დედამიწაზე მოსულ იესოს «ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა მიეცა». თანაც ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე ადამიანად ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იესო სრულყოფილი და უცოდველი რჩებოდა! ღირს კი იმის ახსნა, თუ რომელი სხეული წარმოადგენს იესოსათვის უპირატესს – სულიერი თუ ხორციელი? (იოანე 17:5).

  როგორც საკუთარი მამის, იეჰოვა ღმერთის მორჩილი, იესო მთელი სიზუსტით ასრულებს მის ნებას, გოლგოთაზე საკუთარი სიცოცხლის გაღებისასაც კი. სამი დღის განმავლობაში, სიკვდილის მარწუხებში ყოფნის შემდეგ, იესო, ღმერთის მიერ მკვდრეთით აღდგება და მალევე ზეცაში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა (საქმეები 2:24; 4:10). მაშ, რომელ სხეულში აღდგა ის მკვდრეთით? დედამიწაზე მსახურებისათვის მიცემულ ხორციელ სხეულში, როგორც დღეს ზოგიერთები ფიქრობენ? თუ კვლავ მისთვის ჩვეულ სულიერ სხეულს იძენს, რომელიც მას «ქვეყნიერების შექმნამდე» ჰქონდა? (იოანე 17:5)

  წმინდა წერილი რას ამბობს უშუალოდ მკვდრეთით აღდგენილი იესოს გარეგნობის შესახებ?

  ბიბლია იმის გაგებაში გვეხმარება, რომ იესო აღდგა არა მიწიერ და ფიზიკურ სხეულში, არამედ მის წინანდელ, აღმატებულ სულიერ სხეულში! და ამაზე მრავალრიცხოვანი ბიბლიური მაგალითები მიუთითებენ. მაგალითად, მოციქული პეტრე პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე დაზარალდა, როდესაც «მოკლული იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში» (1 პეტრე 3:18). ამ მუხლის კონტექსტი (სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგენის, იესოს სხეულისა და მისი სულის დაპირისპირება) გვაგებინებს, რომ აქ მკვდრეთით აღდგენილი იესოს ბუკვალურ მდგომარეობაზეა საუბარი.

  და ასეთი რწმენა აბსოლუტურად ლოგიკურია! არალოგიკური კი ზუსტადაც ის თეორიაა, რომ იესო ზეცაში თითქოსდა ხორციელი სხეულით დაბრუნდა! ბიბლია ამას ნათლად და არაორაზროვნად განმარტავს შემდეგი სიტყვებით: «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს» (1კორინთელები 15:50). მაშ, რამდენად მცდარს და შეცდომაში შემყვანს წარმოადგენს იესო ქრისტეს «ხორცში და სისხლში» ზეცაში დაბრუნების შესახებ მოსაზრება! უფრო მეტიც, ასეთი სწავლება განდიდებული ღვთის ძის უზომო დამცირებას ემსახურება, რომელსაც მამამ წინანდელი დიდება დაუბრუნა!

  ესმოდა რა ეს მნიშვნელოვანი გარემოება, მოციქული პავლე თავის ძმებს არწმუნებდა: «ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად, ახლა აღარ ვიცნობთ» (2კორინთელები 5:16). ეს სიტყვები შეკითხვის დასმისაკენ აღგვძრავს: რა იგულისხმება აქ, რადგან მოციქულებმა ხომ მშვენივრად იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა იესო თავის სხეულში მიწიერი მსახურებისას და მკვდრეთით აღდგენის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთობაც კი ჰქონდათ მასთან? მაშ ეხლა რატომ «აღარ იცნობენ ქრისტეს  ხორციელად»? იმიტომ ხომ არა, რომ იესოს სხეულმა სრულიად განსხვავებული – სულიერი (ანუ არა ხორციელი) – იერი მიიღო? ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ მოციქული პავლე ქრისტეს «სულიერ კლდეს» ადარებს (1 კორინთელები 10:3,4).

  ეჭვგარეშეა, რომ ხორციელ სხეულს ღვთის ძე მხოლოდ მიწიერი მსახურების დროს ფლობდა, როგორც ეს ახსნილიც იყო ებრაელების 2:14,17-ში. თანაც, იმავე წერილში მოციქული პავლე კიდევ ერთ საგულისხმო აზრს ამატებს, როდესაც ამბობს: «ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო» (ებრაელები 5:7). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, ზუსტად იესოს მიწიერი მსახურების დრო იყო ის «დღეები», როდესაც მას ხორციელი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პავლე არ გამოყოფდა იმ მიწიერ პერიოდს და არ უწოდებდა მას იესოს «ხორცში ყოფნის» დღეებს. მოციქულის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ იესოს ფიზიკური სხეული მხოლოდ – მისი მიწიერი მსახურების დროს ჰქონდა. ხოლო ბიბლია თუ იესოს ცხოვრების იმ პერიოდს ისე ახასიათებს, როგორც დროს, როდესაც მას სხეული ჰქონდა, მაშინ სრულიად ნათელია, რომ დღეისათვის ზეცაში დაბრუნებული იესო ფლობს უკვე არა ფიზიკურ, არამედ უფრო დიდებულ – სულიერ სხეულს. სხეულს, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა მას.


  ის, რომ იესო სულიერ სხეულში აღდგა მკვდრეთით და არა ფიზიკურ სხეულში, ასევე  სხვადასხვა ბიბლიური მაგალითებიდანაც ჩანს, რომლებიც ქრისტესთვის სიცოცხლის დაბრუნების შემდგომ დღეებს აღწერენ. რადგან გვახსოვს, რომ იესოს მოწაფეები მისი ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ მის გარეგნობასა და თვისებებს მის ხორციელ სხეულში, თვალში გვხვდება მათ მიერ, მათი მკვდრეთით აღმდგარი მასწავლებლის ვერ ცნობის არაერთი შემთხვევა. ამის მთავარ მიზეზს, იესოს ახალი სხეულის არაჩვეულებრივი თვისებები წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი გარეგანი მონაცემებისა და თვისებების ცვლილება შეეძლო. მკითხველს თავად შეუძლია ყურადღება მიაქციოს სახარებებში აღწერილ ამ შემთხვევებს.

  იოანე 20:14-16 – მარიამი ვერ ცნობს მკვდრეთით აღმდგარ იესოს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან საუბრობს.

  იოანე 21:4-12 – იესოს მოციქულები ვერ ცნობენ მას.

  იოანე 20:19,26 – იესოს შეუფერხებლად შეუძლია დაკეტილ სახლებში გაჩნდეს.

  ლუკა 24:31 – იესოს მოულოდნელად გაქრობა შეუძლია.

  რთულია იესოს სხეულის ასეთი უნარების, მისი ფიზიკური შესაძლებლობებით გამართლება. რთულია უკვე იმიტომ, რომ ღვთის ძის მიწიერი მსახურების ისტორიაში, იმის არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ის ზუსტადაც რომ ფიზიკური ხასიათის გამოცდებსა და ტანჯვას განიცდიდა. მაგალითად, შიმშილს, დაღლას, ცემას, ტკივილს და ძელზე თანჯვით სიკვდილს. თუმცა თუ დავუშვებთ, რომ იესოს სხეული მის სიკვდილამდეც ისეთივე თვისებებს ფლობდა, როგორსაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მაშინ ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და შეკითხვა ჩნდება, რომლებსაც ადამიანის რწმენის მოსპობაც კი შეუძლია. ამგვარად, ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება წარმოადგენს არა მხოლოდ მცდარს, არამედ უკიდურესად სახიფათოსაც კი ქრისტიანის რწმენისათვის! იმ ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ არ შეუძენია რწმენა, ეს წინააღმდეგობები შეიძლება იესოს სიყვარულისა და საშინელი ტანჯვის დაუჯერებლობის მიზეზი გახდეს.

  იმის მაგალითები, რომ იესო თავის მოწაფეებს ძელზე გაკვრისას მიღებულ ჭრილობებს აჩვენებდა, სრულიადაც არ წარმოადგენს მისი ხორციელი აღდგომის თეორიის დაცვის საფუძველს. ქრისტეს ასეთი საქციელი აბსოლუტურად გონივრულ საქციელს წარმოადგენდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მის  გამოჩენაზე მოციქულების პირველი რეაქცია მისი მოჩვენებასთან ასოციაცია იყო (მით უმეტეს, რომ ასეთ უკიდურესიბებამდე ისინი მისი მიწიერი მსახურების პერიოდშიც კი ეშვებოდნენ) (მათე 14:25-28; ლუკა 24:36-43). უკვე სულიერი სხეულის მქონე მკვდრეთით აღმდგარი იესო, ითვალისწინებდა რა თავისი მოწაფეების გრძნობებს, მათ წინაშე ისეთი სახით ჩნდებოდა, როგორითაც მანამდე იცნობდნენ მას. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ გავიხსენებთ, იესოს მოციქულების რწმენაში გამაგრება და მათთვის ბოლო დარიგების მიცემა სჭირდებოდა. 

  მოციქულების წინაშე თავისი პირველი გამოჩენის შემთხვევაში იესომ მათ საჭმელიც კი სთხოვა, მაგრამ აშკარად არა იმიტომ, რომ მშიერი იყო! და ეს არ წარმოადგენდა მისი მხრიდან რაიმე სახის ტყუილს. მსგავსი საქციელი მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ზღვის პირას გამოცხადებისას (იოანე 21:4-14). თუმცაღა ის, რომ უფალმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არაერთხელ ჭამა ფიზიკური საკვები, არანაირად არ გვაიძულებს ისეთი დასკვნის გაკეთებას, თითქოს აქედან მოყოლებული და მარადიულად მას საკვების რეგულარული მიღება სჭირდება, როგორც ეს მისი მიწიერი მსახურებისას იყო. გასაგებია, რომ თავისი ასეთი საქციელით მოძღვარი თავისი მოწაფეების დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ის რეალურად აღდგა მკვდრეთით, რითაც საბოლოოდ გაფანტა მათ გონებაში არსებული ეჭვები. მცირე რწმენის მქონე თომას შემთხვევაში კი, ღვთის ძემ პირადად მისცა მას იმის შემოწმებისა და დარწმუნების შესაძლებლობა, რომ ის არა მოჩვენება, არამედ მისთვის მომკვდარი და მკვდრეთით აღმდგარი უფალი იყო (იოანე 20:24-29). ყოველივე ეს იესოს მოწაფეებს იმაში ეხმარებოდა, რომ სრულიად დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ნამდვილ იესოს ელაპარაკებოდნენ და არა მოჩვენებას, რომელიც თავს იესოდ ასაღებდა. მით უმეტეს, მან იცოდა, რომ მოწაფეები შეიძლება მიდრეკილნი ყოფილიყვნენ ეფიქრათ, რომ გარდაცვლილი იესოს სხეული, რომელიმე არაკეთილისმოსურნემ «გაიტანა» აკლდამიდან და არა სასწაულებრივ აღდგომად (იოანე 20:15). ეჭვგარეშეა, თავისი მოწაფეების გონებაში ეჭვები და მათი რწმენის ნგრევა რომ არ დაეშვა, ღვთის ძე არაერთხელ გამოეცხადა მათ, მათთვის ნაცნობი გარეგნობის გამოყენებით.

  თავად მკვდარი იესოს ფიზიკური სხეულის სამარხიდან მოცილება კი იეჰოვას ბრძნულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ადამიანებისათვის და, მით უმეტეს, მოწინააღმდეგეებისთვის, ასეთი სხეულის არსებობა იმის მოხერხებული მტკიცებულება გახდებოდა, რომ იესო მკვდრეთით არ აღმდგარა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ზუსტად ქრისტეს სხეულის ასე შენახვაზე ზრუნავდნენ ფარისეველები. ამისათვის მათ პილატეს ისიც კი გამოსთხოვეს, რომ მას უფლება მიეცა მათთვის, «ეზრუნათ სამარხის დაცვაზე, ლოდი დაებეჭდათ და დაცვა დაეყენებინათ» (მათე 27:62-66).
  გარდა ამისა, იესოს დარჩენილი ფიზიკური სხეული, არასწორი აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება გამოეყენებინათ გაღმერთებისა და კულტობრივი თაყვანისმცემლობისათვის, ზუსტად ისევე, როგორც ძველმა ისრაელებმა გააკეთეს სპილენძის გველთან მიმართებაში, რომელიც მოსემ გააკეთა და რომელსაც ნეხუშთანს უწოდებდნენ, ან როგორც დღეს არსებულ რიგ ე.წ. «ქრისტიანულ» რელიგიებში ყვავის «წმინდანთა» ნაწილების თაყვანისცემის კულტი (რიცხვები 21:8,9; 4მეფეები 18:4).


  ამავდროულად სულიერ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი იესოს მატერიალიზების შესაძლებლობა ისე არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რაღაც საკვირველება. ამისათვის საკმარისია ბიბლიის მიერ აღწერილი არაერთი მსგავსი შემთხვევა გავიხსენოთ ღვთის სხვა სულიერი ქმნილებების - ანგელოზების მონაწილეობით (დაბადება 18:1-8; 19:1-3,10,16; 32:24-26; ოსია 12:3,4). დასახული მიზმების შესასრულებლად, ღმერთი მათ ფიზიკური სხეულის მიღების უფლებას აძლევდა, ისე რომ ადამიანებსაც კი არ შეეძლოთ მაშინვე მათში ანგელოზების ამოცნობა და სხვა ადამიანებად აღიქვავდნენ. თუმცა განა მოუვიდა ისრაელის რომელიმე პატრიარქს ამის გამო თავში იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის ანგელოზებს ზეცაში ფიზიკური სხეულები ჰქონდათ? ასეთი აზრი ჩვენ აბსურდული მოგვეჩვენებოდა! მაგრამ მაშინ დღეს რატომ ჩქარობს ზოგიერთი ადამიანი დაასკვნას, რომ თუ ღვთის მიერ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესაც შეეძლო მსგავსად ფიზიკური სხეულის მიღება, მაშინ ის მარადიულად მატერიალიზებული დარჩა? ძალიან უცნაურია…

  ზუსტად ასევე გამართლდა იესოს ის სიტყვები, რომელიც მან თავისი მიწიერი სიცოცხლის პერიოდში თქვა: «დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ… ის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:19-21). განა ვინმე იტყვის, რომ იესომ ვერ შეძლო თავისი სხეულის «აღდგენა», როდესაც სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ მარიამს გამოეცხადა მატერიალიზებული (ანუ იმ მომენტში ფიზიკური იერი მიიღო) სხეულით? (იოანე 20:1,14-18). ეს სასწაული, რომლის გამეორებაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს, ნამდვილად  იქცა იმის «ნიშნად», რომელმაც მისი მკვდრეთით აღდგომა და მესიის სტატუსი დაადასტურა მისადმი რწმენის მქონე ადამიანებისათვის (იოანე 2:18). თანაც, შეგვიძლია იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების ზუსტ შესრულებას გავუსვათ ხაზი, რომელმაც თქვა, რომ თავად ის აღადგენდა თავის სხეულს. როდესაც გვახსოვს, რომ, ბიბლიის თანახმად, უშუალოდ ღმერთმა დაუბრუნა მკვდარ იესოს სიცოცხლე და ამის შემდეგ კი მას მისცა «მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე», გასაკვირი აღარაა, რომ უკვე სულიერ სხეულში აღმდგარმა იესომ მისთვის მიცემული ძალაუფლება 
იმისათვის გამოიყენა, რომ თავის მოწაფეებს მატერიალიზებული სხეულით გამოსცხადებოდა (საქმეები 2:24,32; 3:26; 5:30; 13:32; 17:31; ეფესოელები 1:20). ზუსტად ამით, პირადად მან, იესომ, ღვთისაგან მიცემული ამ ძალაუფლების გამოყენებით, სამი დღის განმავლობაში სიკვდილის შემდეგ, «აღადგინა» თავისი სხეული.

  თუმცა ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იესომ საკუთარი სხეული, 
რომლის «აღდგენასაც» დაჰპირდა, ტაძარს შეადარა. წმინდა წერილი აზუსტებს, რომ «ის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:21). ამგვარად, ბიბლიის სიტყვების თანახმად, იესოს სხეული ტაძარს ასიმბოლოებდა, ანუ რაღაც წმინდას, რაც საკუთარ თავში განწმენდისა და ღმერთთან ერთობის ფუნქციებს მოიაზრებდა. გასაგებია, რომ იესოს ბუკვალურ ფიზიკურ სხეულს არანაირად არ შეეძლო ამ როლის შესრულება. და არცაა გასაკვირი, რადგან ბიბლია ქრისტეს «სხეულს» იესოს თანამემკვიდრეებს უწოდებს და მოუწოდებს, რომ ყოველთვის ხსომებოდათ ამ წმინდა უპირატესობის შესახებ. მოციქულ პავლეს თვალნათელი მაგალითიც კი მოჰყავს: «ვინაიდან ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ» (ეფესოელები 5:30). ღვთის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიწმინდე ამ ქრისტიანულ კრებას ეძლევა და არა ფიზიკური სხეულის რაიმე სახის თაყვანისცემას.
  აქედან გამომდინარე გასაგები ხდება ის დიდი აზრი, რომელიც ქრისტემ «თავისი სხეულის ტაძრის» აზრში ჩადო. ეს სხეული ასიმბოლოებდა სულიერ ტაძარს, აღთქმული სისხლის საფუძველზე. სისხლის, რომელიც იესომ მრავალთა გამოსასყიდად დაღვარა. იერუსალიმის ტაძარი ქრისტეს სხეულის ტაძრის პირველსახე იყო. იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლს სწირავდნენ, რაც ადამიანს საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდის შესაძლებლობას აძლევდა. ასევე ტაძარივე წარმოადგენდა იეჰოვას თაყვანისცემის ცენტრს. ის ადამიანი, რომელსაც იეჰოვასთან სურდა დაახლოება, ამ ტაძარში მიდიოდა.
დღეს ყოველივე ეს იესო ქრისტეში გვაქვს. ამიტომ ვერავინ მივა იეჰოვასთან, იესოს გარეშე (იოანე 14:6). და ზუსტად ამიტომ დღეს კაცობრიობას, რომელსაც ქრისტეს სრულყოფილი და მოქმედი გამომსყიდველური მსხვერპლი აქვს, არც პირდაპირი გაგებით ფიზიკური ტაძარი სჭირდება და არც იესოს ფიზიკური სხეულის არსებობა. რადგან გამოსასყიდი ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ იყო გადახდილი, ზემოთ ჩამოთვლილი ვერცერთი ფიზიკური ნივთი ვეღარ თამაშობს და, ვერც ითამაშებს, ვერავითარ როლს კაცობრიობის გადარჩენის საქმეში.


  გარდა ამისა, იესოს ხორციელად აღდგომის შესახებ სწავლება წინააღმდეგობრივს წარმოადგენს ასევე ძველი აღთქმისეული კანონის, მისი პირველსახეებისა და გამოსასყიდის შესახებ სწავლებების თვალსაზრისითაც. რატომ შეიძლება ამის მტკიცება?
  ცნობილია, რომ მსხვერპლშეწირვის მთელი სისტემა, მართალი აბელიდან მოყოლებული, ღვთის ძის სრულყოფილი მსხვერპლის პირველსახეს წარმოადგენდა. და ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ცხოველებს, რომლებსაც ცოდვების გამოსასყიდად სწირავდნენ სრული დაწვის სახით, სამსხვერპლოზე წვავდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველების სხეულები აუცილებლად ნადგურდებოდა! როდესაც ვიცით, რომ ის ცხოველური შესაწირავები, რომლებსაც მთელი ისრაელისათვის სწირავდნენ გამოსყიდვის დღეს (რომლის სისხლიც იმ დღეს ტაძრის წმიდათა-წმინდაში შეჰქონდათ), ბიბლიის მიერ განსაზღვრულია, როგორც იესო ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლის პირდაპირი პირველსახე, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის მითითების თანახმად, ასეთი ძველაღთქმისეული მსხვერპლი სრულად და ყოველ მიზეზ გარეშე ნადგურდებოდა! (ლევიანები 16 თავი; ებრაელები 13:10-12). მღვდელმთავარსაც კი არ ჰქონდა ამ შესაწირავიდან რაიმე ნაწილის აღების უფლება. ეს კი მით უმეტეს მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარია იმ სრულყოფილ მსხვერპლზე, რომელიც თავად იესომ გაიღო – მის ფიზიკურ სხეულზე. თანაც, ბიბლია გადატანითი მნიშვნელობით თავად იესოს უწოდებს მღვდელმთავარს! (ებრაელები 7:24-28; 9:11,12,25-28).

  თუმცა იესოს ხორციელი აღდგომის თეორია, რომელსაც ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ამტკიცებს, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ამ აქსიომასთან. როგორ გავიგოთ ის, რომ, ამ თეორიის თანახმად, იესოს სხეული, რომელიც მთელი კაცობრიობის ცოდვებისათვის იქნა გაღებული, განადგურებული კი არ იქნა, არამედ შენახული, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიურ პრინციპთან? ამასთანავე არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება ის საფუძველი, რომლის თანახმადაც მსხვერპლის გამღები და, შესაბამისად, შემდგომ მის უფლებებზე უარის მთქმელი, მოგვიანებით კვლავ იბრუნებს მას მფლობელობაში. გამოდის, რომ ის ფასი, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამომსასყიდათ იქნა გაღებული, შემდგომ უკან იქნა დაბრუნებული? ასეთ შემთხვევაში ეს ხომ გამოსასყიდის სრულ ანულირებას იგულისხმებდა! ეს იგივეა, თქვენ რომ მაღაზიაში მიხვიდეთ, ფული გადაიხადოთ, ნაყიდი საქონელი ჩანთაში ჩააწყოთ და შემდეგ უკან დაიბრუნოთ სალაროში გადახდილი ფული! მაგრამ განა შესაძლებელია ასეთი რამ?

   ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იესოს თავისი სხეული უნდა გაეღო გამოსყიდვის ნიშნად, რომელსაც მარადიული ძალა ექნებოდა და არა დროებითი! (ებრაელები 10:10; 1პეტრე 2:24; რომაელები 7:4). რადგან ზუსტად ასეთი მსხვერპლისათვის მისცა იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს ფიზიკური სხეული (ებრაელები 10:5). ამაზე პირადად იესოს სიტყვებიც კი პირდაპირ მიუთითებს, რომელიც მან თავის მოციქულებთან ერთად გატარებული სერობისას წარმოთქვა: «ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული» (ლუკა 22:19). იესომ იცოდა, რომ მას აუცილებლად უნდა «გაეღო» თავისი სხეული, ზუსტად ისევე, როგორც მოსეს კანონის თანახმად ეძლეოდა სრულდასაწვავად სამსხვერპლო ცხოველის სხეული!

  ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არაერთგზის მიუთითებს იმაზე, რომ იესო ხორცში მოვიდა, მაგრამ იმის მცირედ მინიშნებასაც კი არ იძლევა, რომ თითქოსდა ის იმავე სხეულით წავიდა! რადგან ეს ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრის პირდაპირ დარღვევა იქნებოდა! (1 იოანე 4:2,3; 2იოანე 7; რომაელები 1:3; 8:3). ისინი, ვინც ზეცაში ღვთის ძის ხორციელი სხეულით დაბრუნების სწავლებას იყენებენ პრაქტიკაში, ამ ყველაფრით სრულ დილეტანტობასა და ამ საკითხისადმი უხეშ უპატივცემულობას ავლენენ. ნათელია, რომ არც ამ თვალსაზრისით შეეძლო მკვდრეთით აღმდგარ იესოს მსხვერპლად გაღებული სხეულის კვლავ შეძენა. გამოსასყიდის შესახებ ბიბლიური პრინციპის თანახმად, იესომ თავისი ფიზიკური სხეული სამუდამოდ გაიღო (ებრაელები 13:11,12).


  მით უმეტეს გასათვალისწიმნებელია, რომ ნებისმიერ დროს ცოდვების მიტევება ხორციელდებოდა არა მსხვერპლად შენაწირი ცხოველის სხეულით, არამედ მისი დაღვრილი სისხლით. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მოსეს კანონის მითითებიდან, გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავრის, ლევიანებისა და მთელი ხალხის ცოდვებისაგან განწმენდის შესახებ (ლევიანები 16 თავი). უშუალოდ სისხლი წარმოადგენდა იმ სიმბოლოს, რომელიც კაცობრობის გამოსასყიდს შეესაბამებოდა (ლევიანები 17:11). ამიტომ შეეძლო მღვდელმთავარს წმინდათა-წმინდაში შესვლა არა მხოლოდ ცხოველის სხეულით, არამედ მისი სისხლით, რათა ისრაელი ერის ცოდვების მიტევება მიეღო. სისხლისაგან განსხვავებით, ცხოველის სხეული უნდა დამწვარიყო (ლევიანები 16:27).
  გვესმის რა ეს მნიშვნელოვანი თავისებურება, აღარ გვიკვირს ის, თუ ქრისტიანული ბერძნული წერილები, კაცობრიობის გამოსყიდვის საკითხში, რატომ გამოყოფს ძირითადად იესოს დაღვრილი სისხლის როლს (ებრაელები 9:7,11-28; 10:19,20; 12:24; 13:11,12; 1იოანე 1:7; გამოცხადება 1:5; 5:9; 7:14; 12:11). მოციქული პეტრე ამასთან დაკავშირებით შეგვახსენებს: «რადგან იცით, რომ მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ, არამედ თვით ქრისტეს ძვირფასმა სისხლმა, როგორც უმანკო და უმწიკვლო კრავისა.» (1პეტრე 1:18,19).


  ძველი აღთქმისეული წინასახეობების თვალსაზრისით, იესოსათვის მისი ხორციელი სხეულის უკან დაბრუნების შესახებ სწავლება, ასევე ბიბლიას უპირისპირდება. ამისათვის საკმარისია ის მოვლენა გავიხსენოთ, რომელიც იესოს სიკვდილის მომენტში მოხდა იერუსალიმის ტაძარში – «საწმიდრის ფარდა ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე» (მარკოზი 15:38). მაგრამ როგორ ეხებოდა ეს შემთხვევა  იესოს სხეულს? ამის განმარტებას მოციქული პავლეს სიტყვები იძლევა: «ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი ხორცით» (ებრაელები 10:19,20).
ტაძრის ფარდა ქრისტეს ხორცის პირველსახეს წარმოადგენდა. ღვთის განგების თანახმად იესოს სხეული, რომელსაც ტაძრის ფარდა ასიმბოლოებდა, აუცილებლად განადგურებული უნდა ყოფილიყო. ამაზე პავლეს ზემოთ მოყვანილი სიტყვები მიუთითებენ. ამგვარად ზეციური ცხოვრებისათვის ცხებული ქრისტიანებისათვის «წმინდა ადგილზე შესასვლელი» იხსნებოდა, ანუ «თვით ზეცაში» (ებრაელები 9:24). მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ყველაფრით ჩანს, რომ ამგვარად ზეცაში დაბრუნება თავად იესოსთვისაც 
«ფარდის», ანუ მისი სხეულის გახევის პირობით უნდა მომხდარიყო! თუმცა თუ მივიჩნევთ, რომ იესოს სხეული შენახული და მისთვის დაბრუნებული იქნა (ან კვლავ «აღდგენილი» იქნა, ასე ვთქვათ, «შეკერილი» ფარდის მსგავსად), მაშინ მოვლენების ასეთი შესაძლო განვითარება, მთლიანად ხაზს უსვამს ბიბლიის იმ სიტყვებს, რომლებიც ზემოთ იყო მოყვანილი! ბუნებრივია, რომ იესოს სხეული, მისი პირველსახის, ტაძრის ფარდის მსგავსად, განადგურებული უნდა ყოფილიყო.


  ასევე გავიხსენოთ, რომ მოსეც იესოს პირველსახეს წარმოადგენდა (ებრაელები 11:26). კანონის 34:5,6-სა და იუდას მე-9 მუხლის თანახმად, როგორ მოექცა ღმერთი მოსეს სხეულს, მხოლოდ მან იცის. ამ პირველსახის შესაბამისად,  იეჰოვა ღმერთმა თავისი ძის ხორციელი სხეულიც ისევე გააქრო. ამგვარად, კიდევ სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქრისტეს სხეული «საფლავს არ იხილავდა», ანუ საფლავში არ გაიხრწნებოდა (ფსალმუნები 15:10; საქმეები 2:27-31; 13:37).


  იეჰოვა ღმერთმა, თავისი ძალის მეშვეობით აღადგინა თავისი ძე მკვდრეთით და სულიერი სხეულით ზეცად აამაღლა. ეს «ქრისტეს თანამემკვიდრეებისათვის» შესაბამისი ჯილდოს მიღების მაგალითი გახდა (რომაელები 8:17). ღვთის სიტყვა ამბობს, რომ მათი აღდგომა ქრისტეს აღდგომის მსგავსი იქნება: «თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით, მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნება ბოძზე გაკრული, რათა ჩვენი ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით» (რომაელები 6:5,6).
  ასევე: «ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც… როგორც მტვრისაგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი. მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას. წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დაიძინებს სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი - უკვდავებით» (1კორინთელები 15:44, 49-53. შეადარეთ 2კორინთელები 5:6-10; ფილიპელები 3:20,21; ებრაელები 12:22-24).
  ზუსტად ამიტომ არ არის გასაკვირი 2 კორინთელების 5:8-ში ჩაწერილი სიტყვები: «მხნედ ვართ და სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება». თუ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ თავისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ისინი სამუდამოდ გამოვიდოდნენ თავისი სხეულებიდან, მაშინ ღვთის ძის აღდგომასთან მათი აღდგომის ანალოგია, თავად იესოს შემთხვევაშიც მიუთითებს «[ხორციელ]სხეულთან განშორებაზე»!

 ამასთანავე პავლეს იმ სიტყვებით ყველანაირი მანიპულაციის, რომლებიც ამბობენ, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას.»  მისთვის საკუთარი ცრუ მნიშვნელობის მიცემის მიზნით, რომ ვითომდა მას მხედველობაში 
ჰქონდა არა პირდაპირი გაგებით ხორცი და სისხლი, არამედ ადამიანის დაცემული პიროვნების რომელიღაც სახეობა, გამოაშკარავება რთული არ არის და ასეთ კრიტიკოსებს მხოლოდ მოციქულის სიტყვების მთელ კონტექსტზე ყურადღების გამახვილება შეგვიძლია ვურჩიოთ. მოცემული თემის განხილვას პავლე შეკითხვით იწყებს «როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?» (მუხლი 35). წამოწეული კითხვა უკვე თავისთავად ხდის ნათელს, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობს პავლე. საუბრობს იმაზე, თუ როგორ სხეულში აღდგებიან მკვდრები. და მოცემული განმარტების მთელ მანძილზე პავლე ბევრჯერ იმეორებს «ხორცს» და «სხეულს», რომლებსაც ხან ხორბლის მარცვალთან აკავშირებს, ხან ცხოველებთან და ხან ციურ მნათობებთან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხომ არავის მოუვა თავში იმის მტკიცება, რომ პავლე ამ შემთხვევებშიც მათ რომელიღაც «დაცემულ უსულო მდგომარეობას» გულისხმობდა! არა, რა თქმა უნდა! გასაგებია, რომ საუბარი შეეხებოდა გარეგან, პირდაპირი გაგებით - ამ მუხლებში მოხსენიებული ყველა სუბსტანციების ფიზიკურ იერს.
  ამასთანავე «ხორცისა და სისხლის» სიტყვების შემდეგ მაშინვე (50-ე მუხლი) პავლე აღდგომისას ქრისტიანების გარეგანი იერის ცვლილებაზე საუბრობს (მუხლები 51-54). ეს კი საბოლოოდ ანგრევს ყოველგვარ იმ ზღაპრებს, რომლებიც თითქოსდა «დაცემული ადამიანის» თემას ეხება! მოცემულ მონაკვეთში პავლე ქრისტიანებისათვის აღდგომის იმედს განმარტავს და არა იმას, თუ როგორი მომავალი ელით ცოდვილებს! და ზუსტად ამიტომ საუბრობს «ქრისტესნის» მომავალ აღდგომაზე და იმაზე, თუ «როგორ სხეულში მოვლენ [ისინი]»!

  ბოლო ჯამში, მოციქულების სიტყვებით ისეთი სპეკულაცია, როგორიცაა «ხორცი და სისხლის ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ» ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუ ბიბლიის ასეთი მკვლევარების ყურადღებას პავლეს მიერვე ნათქვამ სხვა სიტყვებზე გავამახვილებთ, სადაც პავლე მოციქულებს იმავე ფრაზით მოიხსენიებს – «ხორცითა და სისხლით» (გალატელები 1:15-19). ესე იგი ამ შემთხვევაშიც, უნდა დავასკვნათ, რომ აქაც «დაცემულ» ადამიანებზე მიდის საუბარი, რომლებიც არაფერ წმინდას არ აფასებენ? და ნუთუ ქრისტეს მოციქულები, როგორც «ხორცი და სისხლი» - «ღვთის ზეციერი სამეფოს» დამკვიდრების უღირსნი აღმოჩნდნენ? ნათელია, რომ ფრაზაში «ხორცი და სისხლი» პავლე პირდაპირი გაგებით ხორციელ ადამიანებს გულისხმობდა, როგორებსაც სინამდვილეში წარმოადგენდნენ ქრისტეს მოციქულები. მით უმეტეს, რომ პავლე საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ის «ახლა ხორციელად... ცოცხლობდა»(გალატელები 2:20). ნათელია, რომ ზოგიერთი ოპონენტის სურვილი, რომ სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინოს, მხოლოდ მათ წინააღმდეგვე მუშაობს და გვაიძულებს, რომ მათ «განმარტებებს» ისე ვუყუროთ, როგორც პრიმიტიულ დილეტანტობას. სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა…

  ამ თემის გასაგრძელებლად საჭიროა პავლეს, იაკობისა და იუდას სიტყვების მსგავსი გამოგონილი განმარტება გავაქარვოთ, რომლის დროსაც «სულიერი» ქრისტიანები «ხორციელ» და «სულიერ» ადამიანებს უპირისპირებენ ერთმანეთს იესოს «სულიერ-ხორციელი» აღდგომის ინტერპრეტაციისთვის (1კორინთელები 2:14; 3:1-4; იაკობი 3:15; იუდა 1:19). ამ მოსაზრების თანახმად, იესო ფიზიკური სხეულით აღდგა, თუმცა როგორც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე პიროვნება.
 
  თუმცა განა ვინმეს აქვს იმის საფუძველი დაეჭვდეს, რომ ღვთის ძე თავისი მიწიერი სიცოცხლის დროსაც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე ღვთის მსახური იყო? მაშინ რა საჭირო იყო სხვების ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ იესო თავისი აღდგომის შემდეგაც ღვთისადმი ისეთივე ერთგული მსახური დარჩა? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან არავის ეპარება ეჭვი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს თავისი ღვთისადმი ერთგულებაში! უკვე თავად აღდგომის ფაქტი წარმოადგენს ამის ნათელ მტკიცებულებას!
  თუმცა, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების გასაბათილებლად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. ამისათვის, ამ მოსაზრების დამცველი ოპონენტები, უბრალოდ იმ ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ, რომ მათ მიერ მოყვანილ მუხლებში არც პავლე, არც იაკობი და არც იუდა საერთოდ არ იყენებენ სიტყვა «სხეულს». და ამიტომ, მათი სიტყვების იესოს ხორციელი აღდგომის მტკიცებულებად გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია! ნათელია, რომ ბიბლიის ეს მწერლები თავის წერილებში საუბრობდნენ არა აღმდგარი იესოს ან მომავალში აღდგენილი მისი ზეციერი იმედის მქონე მსახურების სხეულებრივ მდგომარეოვაზე, არამედ იმის აუცილებლობაზე, რომ ქრისტიანებს ახლანდელ სიცოცხლეში, სანამ დედამიწაზე იმყოფებიან, ჰქონდეთ სულიერი განწყობა! ამავდროულად მოციქული პავლე, როდესაც უშუალოდ მკვდრეთით აღდგენილების სხეულების თემას შეეხო («როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?», 1კორინთელები 15:35), ამ საკითხის უბრალო და არაორაზროვან განმარტებას იძლევა, როდესაც ხსნის, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს»! (1კორინთელები 15:50).   იგივე პავლე ირეკლავს იმავე აზრს, როდესაც ამბობს, რომ «გათავისუფლება [სიკვდილის შემდეგ, სულიერი სხეულის მიღება] და ქრისტესთან ყოფნა სურს, რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია». თუმცა ის გარკვეული დროით ჯერ კიდევ უნდა დარჩენილიყო «თავის ხორცში» თავისი მიწიერი მსახურების დასასრულებლად (ფილიპელები 1:21-24). 
  იესო თუ ადამიანური, ხორციელი სხეულით აღდგა, მაშინ გამოდის, რომ მისი მსახურებიც ასევე ხორციელი სხეულებით აღდგებიან, რადგან ისინი ხომ მისი მსგავსი აღდგომით უნდა გაერთიანდნენ მასთან! მაგრამ განა შეიძლება ასეთი რამის დაჯერება? განა ეს იმის სრულიად საპირისპიროს არ წარმოადგენს, რასაც ბიბლია ამბობს ზემოთ მოყვანილ მუხლებში? რაღა თქმა უნდა, რომ ასეთი თეორია სრულიად არაბიბლიურია!
  ამის საპირისპიროდ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ხორციელი სხეული უნდა მოკვდეს და მხოლოდ მაშინ შეძლებს იესოს თანამემკვიდრე ქრისტიანი, ახალი, სულიერი სხეულით ზეციური ჯილდოს მიღებას (1კორინთელები 15:35-44). საინტერესო ისაა, რომ თავად იესომაც დაგვანახა თავის მოყვანილ მაგალითში, რომ პირადად მისი ადამიანური სხეული უნდა შეცვლილიყო, როდესაც თქვა:
«მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს» (იოანე 12:23,24).

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ იეჰოვა ღმერთმა უამრავი სხვა გარდაცვლილებისთვის სხვა სახის მკვდრეთით აღდგომაც გაითვალისწინა. ბიბლია იმის შესახებ საუბრობს, რომ უამრავი ადამიანი ახალი სიცოცხლისათვის იქნება აღდგენილი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ სამოთხეში დედამიწაზე. და აღდგენილნი იქნებიან არა სულიერი სხეულებით, არამედ ფიზიკური, და შესაძლებლობა ექნებათ, რომ აღარასოდეს მოკვდნენ (იობი 33:24,25; ფსალმუნები 36:29; მათე 5:5). თუმცა იმ ქრისტიანებისათვის, რომლებსაც იგივე იმედი აქვთ, რაც პავლეს, რომ ზეცაში იქნებიან იესოსთან ერთად, ისეთი აღდგომაა გათვალისწინებული, როგორც თავად იესო აღდგა (რომაელები 6:5,6). ეს აღდგომა კი – სულიერ სხეულში მოხდება.


  მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი «საგუშაგო კოშკის» ერთ-ერთ ნომერში, ჩვენს მიერ განხილული საკითხის დამატებითი განმარტებაა მოყვანილი. მასში შემდეგი აზრია მოყვანილი: «ქრისტეს მოსვლის შესახებ ბიბლია ამბობს: «აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი» (გამოცხადება 1:7). ადამიანები მას პირდაპირი გაგებით ვერ დაინახავენ. იესო ზეცად ამაღლდა და ახლა ის სულიერი პიროვნებაა, რომელიც «მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს» (1ტიმოთე 6:16). ადამიანებმა რომ იესო დაინახონ, აუცილებელი არ არის, ის ფიზიკურ სხეულში მოევლინოს მათ, ისევე როგორც იეჰოვას არ დასჭირდა ამის გაკეთება, როცა მოსეს დროს ეგვიპტელებს ათი სასჯელი დაატეხა. მაშინ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეს სასჯელი იეჰოვასგან მოდიოდა და ისინი იძულებულნი იყვნენ, მისი ძლიერება ეღიარებინათ (გამოსვლა 12:31). მსგავსად ამისა, როცა ქრისტე ღვთის განაჩენის აღსრულებას დაიწყებს, ბოროტები იძულებულნი იქნებიან, «დაინახონ» ანუ მიხვდნენ, რომ ღმერთი მათ იესოს მეშვეობით ასამართლებს. მათ ეცოდინებათ ეს, რადგან წინასწარ არიან გაფრთხილებულნი. ასე რომ, «დაინახავს მას [იესოს] ყოველი თვალი… და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი» (გამოცხადება 1:7)» ["საგუშაგო კოშკი" - 15 მარტი 2007წ. გვ.4,5].

  მათ, ვისაც მიაჩნია, რომ იესო ამჟამად ზეცაში ხორციელად იმყოფება, ბიბლიის დამრიგებლური გაფრთხილება ავიწყდება: «თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ, არამედ დაუჩლუნგდათ გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ და უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებად აქციეს» (რომაელები 1:21-23). განა ეს სიტყვები მათზე არ სრულდება, ვინც ხორციელი იესოს შესახებ სწავლებას იყენებს პრაქტიკაში? ეჭვგარეშეა!
  ისეთი ადამიანები, ვისაც იესოში რაღაც ფიზიკური და ხელით შესახების დანახვა სურს, კარგი იქნებოდა სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ იესოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც მან თომას მისცა: «იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე? ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ» (იოანე 20:29). წლების გასვლის შემდეგ, მოციქულმა პავლემაც თქვა მსგავსი აზრი: «რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2კორინთელები 5:7; შეადარეთ 1პეტრე 1:8,9).

  იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისაგან იესო მოელის ყველაზე ყურადღებიან დამოკიდებულებას სიტყვებისადმი: «როგორიც მტვრისგან შექმნილია, ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია, ისეთები არიან ზეციერებიც. როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი» (1კორინთელები 15:48,49). დაე თითოეულმა პირადად გადაწყვიტოს, თუ როგორ «ანარეკლს» ატარებს საკუთარ თავში - მტვრისგან შექმნილის თუ ზეციერის.


  მოდით იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიასთან დაკავშირებით კიდევ რამოდენიმე შეკითხვა განვიხილოთ.

  დაფიქრდით, რაში სჭირდება ღვთის ძეს, დედამიწაზე საკუთარი მისიის სრულად შესრულების შემდეგ (რისთვისაც მიეცა მას ხორციელი სხეული) 
ზეცაში კვლავ ადამიანური იერის მიღება და თანაც მარადიულად? იესოს ხორციელი აღდგომის თეორიის მომხრეებისთვის კარგი იქნებოდა ამ საკითხზე დაფიქრებულიყვნენ! რადგან ნათელია, რომ ბიბლია არაერთგზის განმარტავს, თუ რისთვის სჭირდებოდა ღვთის ძეს ხორციელი სხეული, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. თუმცაღა ის აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს იმის შესახებ, თუ რა მიზმენისთვის შეიძლება დასჭირვებოდა მას მისი შენარჩუნება აღდგომის შემდეგ. რა როლი უნდა ეთამაშა მას კაცობრიობის ხსნის შემდგომ საქმეში? რით იქნებოდა ფიზიკური სხეული, მის წინანდელ, სულიერ სხეულზე უკეთესი? შეიძლება იესოს ასეთი წარმოსახვითი «მეტამორფოზა» ისე იქნას აღქმული, როგორც მისი პიროვნების ბუნების ერთგავი გაუმჯობესება? ამბობს თუ არა ბიბლია რამეს ზეცაში ასეთი სხეულის ყოფნის რაიმე სახის მნიშვნელოვნებაზე?
სამწუხაროა, მაგრამ იესოს ხორციელი აღდგომის მომხრეებს, ამგვარ შეკითხვებზე არანაირი გონივრული პასუხები არ აქვთ.


  ყველა ჩამოთვლილი არგუმენტის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავინახოთ, თუ 
ღვთის სიტყვის თვალსაზრისით რამდენად არაზუსტ  და გულწრფელი ადამიანების რწმენისათვის სახიფათოსაც კი წარმოადგენს, იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორია. გარდა ამისა, ეს სწავლება ღმერთს აყენებს შეურაცხყოფას და ღვთის ძის განსაცდელებსა და მოწამეობრივ ტანჯვას, ნაკლებმნიშვნელოვანს წარმოაჩენს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანები უარს ამბობენ ამ თეორიაზე, როგორც «ადამიანთა სწავლებაზე», რომელსაც ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს! (მათე 15:7-9).

  ამასთანავე იმისათვის, თავისი მეფური ძალაულფბა რომ განახორციელოს, იესოს არანაირად არ სჭირდება ფიზიკური სხეული. განდიდებულ იესოს არც მისი დედამიწაზე პირდაპირი გაგებით მოსვლა სჭირდება, რათა შემდგომ მარადიულად მასზე დარჩეს, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ (შეადარეთ 2მატიანე 6:18; ფსალმუნები 113:24). თავის უხილავ მმართველობას ის ზეციდან ახორციელებს თავისი განდიდებული სულიერი სხეულით. და ეს სრულ თანხმობაშია ღვთის სიტყვა - ბიბლიასთან.


---------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

1 комментарий:

  1. დიდი მადლობა რომ გამოაქვეყნეთ ეს თემა

    ОтветитьУдалить