среда, 3 января 2018 г.

აბსურდული ისტორია



მოდით შემდეგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ… 

ერთ პატარა ქალაქში ეპიდემია დაიწყო. მან იმდენად სწრაფად მოიცვა მთელი ქალაქი, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელი საშიში ეპიდებიით დასნებოვნებული აღმოჩნდა. აბსოლუტურად ყველა! ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებმა საკუთარი უძლურება აღიარებს ამ დაავადების წინაშე და იძულებული გახდნენ დახმარებისათვის დედაქალაქში მცხოვრები, გამოცდილი ექიმისათვის მიემართათ. 



ეს ექიმი დანიშნულ დროს ქალაქში ჩავიდა და სწრაფად გაუკეთა ორგანიზება ადგილობრივ საავადმყოფოში პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო პირობებს. თანაც, ექიმი სრული განკურნების გარანტიას აძლევდა ყველა იმ დაავადებულს, რომელიც დახმარებისათვის მისთვის მიმართვას მოინდომებდა. ხოლო იმისათვის, რათა ქალაქის მცხოვრებლებს ასეთი შესაძლებლობის შესახებ გაეგოთ, ორგანიზება გაეწია მოსახლეობის მასიურ გაფრთხილებას პრესით, ტელევიზიით და ყველა სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით. გარდა ამისა, თითოეულს, ვინც ამგვარი დახმარების მიღების სურვილს გამოთქვამდა, მაშინვე ეგზავნებოდა «სასწრაფო დახმარების» სამედიცინო ავტობუსი, რომელიც დაავადებულების მიყვანას უზრუნველყოფდა საავადმყოფოში გამოცდილ ექიმთან. დახმარება სრულიად უფასო იყო. 

მაგრამ მიუხედავად ამისა, ექიმს ძალიან გაუკვირდა, თუ როგორი დამოკიდებულება გამოავლინა მოსახლეობამ განკურნების შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი დასნებოვნებული იყო, ექიმის შემოთავაზებას მხოლოდ ერთეულები გამოეხმაურნენ. მოსახლეობის ძირითადი მასა სხვადასხვა სახის მიზეზებს პოულობდა, რომლის გამოც აყოვნებდა ან საერთოდ უარს ამბობდა განკურნების უნიკალურ შანსზე. ზოგი მათგანი დროის არქონას იმიზეზებდა. სხვები იმას ამბობდნენ, რომ იმ მომენტში ისინი შედარებით უკეთესად გრძნობდნენ თავს და ყოველდღიური საქმეების კეთებაც კი შეეძლოთ. სხვები იმის შესახებ ფილოსოფოსობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა კვდება, ასე რომ აზრი არ აქვს საკუთარ ჯანმრთელობაზე ნერვიულობას. ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითგანკურნების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ, თანაც, ყოველგვარი ჩარევის გარეშე სხვების მხრიდან. ზოგი კი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ არავითარი გამოცდილი ექიმი არ არსებობს, მხოლოდ გულუბრყვილო სულელებს შეიძლება სჯეროდეთ გამოჯანმრთელების შესახებ ზღაპრებისო… ასე იყო თუ ისე, მაგრამ თითოეული იმის საკუთარ მიზეზს პოულობდა, თუ რატომ ამბობდა უარს გამოცდილი ექიმის მოწოდებაზე ესარგებლათ მისი მკურნალობის მეთოდით.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მოქალაქეთაგან ზოგიერთებმა მაინც ირწმუნეს განკურნების შესაძლებლობის. ისინი სპეციალურად მოსახლეობისათვის გამოყოფილ ტელეფონის ნომერზე რეკავდნენ და მათთან მაშინვე მიდიოდა «სასწრაფო დახმარების» ავტობუსი, რათა საავადმყოფოში მათი მიყვანისთვის გაეწია ორგანიზება.

ამ ავტობუსზე ერთი ადგილობრივი ექიმი მუშაობდა, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლები კარგად იცნობდნენ. მას სანდრო ერქვა. მას შემდეგ რაც ავადმყოფებს ადგილზე აღმოუჩენდა პირველ სამედიცინო დახმარებას, ის გულთბილად სვავდა მათ ავტობუსში და საავადმყოფოში მიჰყავდა, სადაც მათ დედაქალაქიდან ჩამოსული, გამოცდილი, მთავარი ექიმი ელოდათ. ასეთი კარგად ორგანიზებული, კოორდინირებული დახმარება ეწეოდა თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ამ დახმარების მიღების სურვილი ჰქონდა. 

ერთ-ერთი ასეთი მგზავრობისას, როდესაც «სასწრაფო დახმარების» სალონში საკმარისი რაოდენობის დაავადებული მოგროვდა და ავტობუსი საავადმყოფოსაკენ მიემართებოდა, უჩვეულო საუბარი შედგა. სალონში მჯდომი ერთ-ერთი მოქალაქე, მთელი გზა, ძალიან ბევრ კარგ სიტყვებს ამბობდა სანდრო ექიმის შესახებ, რომელსაც ისინი მკურნალობის გასავლელად მიჰყავდა. ის გულწრფელად აქებდა «სასწრაფო დახმარების» ექიმს, დეტალურად ჰყვებოდა, თუ როგორ მივიდა ის მის სახლში, როგორ აღმოუჩინა პირველი დახმარება, როგორ მისცა ტკივილგამაყუჩებელი, შემდეგ კი, მხრებზე მოიკიდა, თავად გამოიყვანა სახლიდან და ავტობუსში ჩასვა. რა ბედნიერებაა, რომ არსებობენ ისეთი კარგი ექიმები, როგორიც სანდრო ექიმია!

 - და რა კარგია, რომ იმ დახმარების დავიჯერე, რომელსაც საავადმყოფოში აღმომიჩენენ, სადაც ეხლა სანდრო ექიმს მივყავარ! – აგრძელებდა ის ადამიანი. – წარმოგიდგენიათ, თავიდან ეჭვიც კი მეპარებოდა. მაგრამ როდესაც ჩემთან «სასწრაფო» მოვიდა, სანდრომ ისეთი ყურადღება გამოავლინა ჩემს მიმართ, რომ მე მაშინვე განსაკუთრებული ნდობა ვიგრძენი მის მიმართ! სანდრომ მითხრა, რომ მივნდობოდი მას და ეჭვი არ მქონოდა, რომ მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდებოდა. ხო, კიდევ მან აბი მომცა, რომელმაც სწრაფად იმოქმედა და მტანჯველი ტკივილი მომიხსნა! აბა, სხვა ვინ დამეხმარებოდა ისე, როგორც სანდრო სამეხმარა?!

დანარჩენი მგზავრები ღიმილით მხარს უბავდნენ ამ ადამიანს და ჰყვებოდნენ, რომ იმ ექიმმა მათ მიმართაც ასეთივე ყურადღება გამოავლინა და საჭირო პირველადი დახმარება გაუწია. აშკარად ჩანდა, თუ როგორ უნათებდა ამ ადამიანებს სახეს სიხარული და ღიმილი. ავტობუსის სალონი პოზიტივისა და იმედის ატმოსფეროთი ივსებოდა. 

- წარმოგიდგენიათ, სანდრო ჩემს მეზობლებსაც სთავაზობდა საავადმყოფოში წამოსვლას! – არ ცხრებოდა აღფრთოვანებული ადამიანი. – მათ კი მოსმენაც არ ისურვეს… ურწმუნოები! მე კი ასეთი არ ვარ! მე მწამს სანდროსი! სანდრომ მითხრა, რომ დამეხმარება – ესე იგი, ის მართლა დამეხმარება! ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები!

ავტობუსი ვიწრო ხეივანში მიდიოდა, წინ კი უკვე საავადმყოფოს ჭიშკრის კონტურები მოჩანდა. სანდრო ექიმი, რომელიც წინ იჯდა, უკან შეტრიალდა და ავტობუსში მსხდომ ავადმყოფებს გამოუცხადა, რომ ძალიან მალე ისინი ადგილზე იქნებიან. საბოლოო მიზანი უკვე ძალიან ახლოსაა! 

ამ დროს აღრთოვანებულმა მგზავრმა, რომელსაც თვალები უბრწყინავდა და იღიმებოდა, ექიმს ჰკითხა:

- სანდრო, რომელ პალატაში უნდა დამაწვინო?    

მან თბილად შეხედა მას და უპასუხა:

- იცი, მე შენთან მოსვლა შევძელი, პირველადი დახმარება აღმოგიჩინე და საავადმყოფოში მოგიყვანე. მაგრამ ის თუ მკურნალობის პერიოდში რომელ პალატაში იწვები, ჩემზე აღარაა დამოკიდებული, ეს მთავარი ექიმის საქმეა.

- მართლა? წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, - კვლავ ღიმილით განაცხადა მგზავრმა, - მაგრამ შენ ხომ შეგიძლია უთხრა იმ… ექიმს…, რომ ცოტა უკეთესი ადგილი გამომიყონ… ფანჯარასთან მინდა ვიწვე. ახლოს, ასე ვთქვათ, ბუნებასთან.

პასუხად სანდრომ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა:

- სამწუხაროა, მაგრამ მე არაფრის თქმა და გაეთება არ შემიძლია ჩემი ნებით. მე ვერ მივუთითებ მთავარ ექიმს, თუ როგორ მოიქცეს და ვის როგორ უმკურნალოს. რადგან მე კი არ ვაძლევ განკარგულებებს ექიმს, არამედ, პირიქით, მე ვაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც ის მეტყვის... გესმის? ყველაფერს! 

პაციენტი ისეთივე ღიმილით უყურებდა სანდრო ექიმს, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ გაეგო. მაშინ სანდრომ გადაწყვიტა აეხსნა მისთვის:

- გაიგე, რომ მოქალაქეების დასახმარებლად ყველა ზომა მთავარი ექიმის მიერ იქნა მოფიქრებული და ორგანიზებული. ჩვენს ქალაქში ადამიანების გაფრთხილება, საავადმყოფოში ადგილების მომზადება, მკურნალობის მეთოდების არჩევა… თქვენნაირი პაციენტების საავადმყოფოში მიყვანაც კი – ყველაფერი ეს ექიმმა მოიფიქრა. მე არ მომიფიქრებია! მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ექიმი გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, მე გულწრფელი სიხარულითა და სურვილით ვასრულებ მის დავალებებს, რადგან თავად მეც სიკეთეს ვუსურვებ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს. მაგრამ დამიჯერე, გადარჩენის ღონისძიების ორგანიზებისთვის ძირითადი დამსახურება მთავარ ექიმს ეკუთვნის! მე კი უბრალოდ იმიტომ მოვედი, რომ დაგეხმაროთ, ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გადაწყვიტა. 

- კარგი, დავუშვათ ასეა, - უპასუხა მას პაციენტმა. - მაგრამ მკურნალობით, რა თქმა უნდა, ხომ შენ მიმკურნალებ… შენ ეს კარგად გამოგდის. შენი მოცემული აბი ძალიან დამეხმარა, იცი…

- ის, რომ ტკივილგამაყუჩებელი მოგეცი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ დროებითი შვებაა. ჩემი ამოცანაა – ადამიანებს ნამდვილი, სრული განკურნების შესაძლებლობა მივცე... შესაძლებლობა! გესმის? ამისთვის კი თითოეულ ავადმყოფს ექიმი სჭირდება. რადგან ავადმყოფები ექიმის საჭიროებას განიცდიან. მე კი იმიტომ ვარ ადამიანებთან წარგზავნილი, რომ მათ ასეთი შესაძლებლობა მივცე - იმ ექიმთან მივიყვანო ისინი. და სხვა არავინ არ არსებობს, ვინც ამის გაკეთებას შეძლებდა, სამწუხაროდ, არ არსებობს… მე ასეთ ავადმყოფებს ვაგროვებ და ამ გზით მიმყავს, აი ამ გზით – საავადმყოფოში, ექიმთან. გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, მე ვარ ექიმამდე თქვენი მიმყვანი გზა. და სხვა გზა არ არსებობს…  

სანდროს სიტყვების შემდეგ, იმედგაცრუებულ პაციენტს ღიმილი თანდათან შეაცივდა სახეზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს მოსმენილმა მასში ერთგვარი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელიც არანაირად არ ეთანხმებოდა მანამდე გამომუშავებულ ჩვეულ გაგებებს. ადამიანმა სანდროს ზურგი აქცია და ავტობუსის იატაკს დააშტერდა, თანაც გონებაში დაძაბული მსჯელობდა რაღაც თავისაზე…

ამ დროს «სასწრაფო დახმარება» საავადმყოფოს ჭიშკართან გაჩერდა. სანდრო ექიმი მანქანიდან გადავიდა, ავტობუსთან მივიდა და მისი გვერდითა კარი გააღო. 

- ადგილზე ვართ. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ! – საზეიმოდ განაცხადა მან.

სალონში მსხდომნი გამოცოხლდნენ და აუჩქარებლად გაემართნენ კარისაკენ. სანდრომ ხელი გაიწოდა, რათა ხალხს სალონიდან ფრთხილად ჩასვლაში დახმარებოდა. საავადმყოფოს მხრიდან კი მათკენ უკვე ადგილობრივი ექთნები მიიჩქაროდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ახალმოსული პაციენტების მისაღებად და შიგნით შესაყვანად.

მოულოდნელად ავტომობილის სალონში იმედგაცრუებული მგზავრის ხმამაღალი ყვირილი გაისმა:

- შეჩერდით! რატომ ჩადიხართ? ნუ იზავთ ამას!

განცვიფრებული ხალხი შეჩერდა. სანდრო ექიმმა, ხმის ამოუღებლად შეხედა მგზავრს, რადგან მისგან განმარტებას მოელოდა. მაგრამ ის, უკვე სანდრო ექიმს კი არა, დანარჩენებს უყურებდა და აგრძელებდა:

- მომისმინეთ და ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას! აბა სად მიდიხართ? კი, საავადმყოფოში მოხვედით, მაგრამ განა ვიღაც უცნობმა მთავარმა ექიმმა უნდა გვიმკურნალოს, რომელიც არცერთ ჩვენგანს თვალითაც არასოდეს გვინახავს? ვინ არის ის? ჩვენ მისი სახელიც კი არ ვიცით! 

- მე ვიცი მთავარი ექიმის სახელი, - ჩაერთო სანდრო. – მისი სახელია…

- ანდა რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს! – ბობოქრობდა პაციენტი, რომელიც სანდროს აღარ უსმენდა. – ის უცხო ქალაქიდან ჩამოვიდა, რაღაც გაუგებარი და თანაც თავის წესებს ადგენს ამ ჩვენს ქალაქში. თავის ქალაქში იყოს თუ უნდა მთავარი, აქ კი ასეთი არ გვჭირდება…

- აბა როგორი გვჭირდება? – ჰკითხა მგზავრთაგან ერთ-ერთმა.

- როგორი? …ჩვენ ჩვენი გვყავს, საკუთარი… ჩვენ სანდრო გვყავს! თანაც ყველა კარგად ვიცნობთ მას. მივეჩვიეთ. ის ჩვენია, ადგილობრივი. თან ისიც ექიმია. მთავარი კი ისაა, რომ ყველამ ვიცით, როგორი კეთილი და ყურადღებიანია! მას ტკივილის მოხსნა შეუძლია… სხვათა შორის, სანდრო, ერთი აბის მიღება არ მაწყენდა.

სანდრომ თითით საავადმყოფოსკენ მიუთითა მგზავრს:

- დამიჯერე, შენ აბი კი არა, სერიოზული მკურნალობა გესაჭიროება…

- ზუსტადაც! – აიტაცა აღგზნებულმა მგზავრმა. – თუ კიდეც ვსაჭიროებთ საავადმყოფოში მკურნალობას, მაშინ ისიც მხოლოდ სანდროსგან. ის კარგია. ის მოვიდა ჩვენს წასაყვანად. ის და არა ვიღაც მთავარი ექიმი… არავითარი სხვა ექიმი ჩვენ არ გვჭირდება!   

პაციენტები ხან მგზავრს უყურებდნენ, ხან სანდრო ექიმის მხარეს. გათამაშებული უცნაური სპექტაკლი თანდათანობით დაბნეულობას იწვევდა ხალხის გონებაში. თავად სანდრო უკვე აღარაფერს ამბობდა, მხოლოდ მისი საქციელის უგუნურებას ადევნებდა თვალს, ვინც ამავდროულად ყველაზე მეტად მას აქებდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ავტობუსით მოვიდა, მგზავრს მიმართა:

- მისმინე, არ გეჩვენება, რომ სანდრო არც თუ მთლად გეთანხმება ამ ყველაფერში?

მგზავრმა, თვალები მოჭუტა და ისე შეხედა მას, შემდეგ კი ისეთი სახით, თითქოს რაღაც განსაკუთრებული «ჭეშმარიტება» გააცნობიერაო, მრავლისმეტყველად უპასუხა:

-  შენ ეს მხოლოდ გეჩვენება. სინამდვილეში, სანდრო ძალიან თავმდაბალია და ამიტომ არ სურს ყველას წინაშე აღიაროს ის, რაც ისედაც აშკარაა. მე მივხვდი, რომ ის მართლაც არაფრით განსხვავდება იმისაგან, რომელსაც «მთავარ ექიმს» უწოდებენ… მეტსაც კი ვიტყოდი: ზუსტადაც სანდროს უნდა მივიჩნევდეთ «მთავარ ექიმად»… თავადვე შეხედეთ: სანდროს თეთრი ხალათი აქვს, როგორც ნამდვილ ექიმს შეშვენის. და საერთოდ, მასაც ასევე უწოდებენ - «ექიმი»!   

დაღვრემილი ხალხი ხმას არ იღებდა, მაგრამ ეს მხოლოდ კიდევ უფრო აღაგზნებდა მგზავრს.

- ან აი კიდევ, - განაგრძო მან, - ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მთავარი ექიმი განკურნებას დაგვპირდა. ეხლა კი დაფიქრდით – ვინ გაგვიწია პირველადი სამედიცინო დახმარება, როდესაც «სასწრაფო» მოვიდა ჩვენს სახლებში? მართალია – სანდრომ! და საავადმყოფოში ვინ წაგვიყვანა? ისევ და ისევ, სანდრომ! …მეტსაც გეტყვით, თავადაც ხომ გაიგონეთ, როგორ გვეუბნებოდა სანდრო, რომ განკურნებაში დაგვეხმარებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზუსტადაც ის უნდა ჩაითვალოს მთავარ ექიმად! თავად მანაც იცის ეს, უბრალოდ თავმდაბლობის გამო არ აღიარებს. არცაა პრობლემა! ჩვენ თავადაც კარგად გვესმის ეს! ხომ მართალია?

პაციენტებს შორის ჩუმი საუბრები დაიწყო, რომელსაც გაგონილის შესახებ ბჭობა ახლდა თან. ზოგიერთი მოწონების მიშნად თავს აქნევდა, ერთ ბებოს კი უცბათ სახე გაუნათდა და მოწიწებით დიდი მადლობა გადაუხადა მგზავრს «მთავარი ექიმის» შესახებ «ჭეშმარიტებაზე» თვალის ახელისთვის. 

ამავდროულად მგზავრი კიდევ უფრო აზარტში შედიოდა:

- აქ ბევრი ფიქრიც კი არაა საჭირო. სანდრო, სრულიად გასაგებია, დიდი თავმდაბლობის გამო უარყოფს რაც ისედაც ნათელია, მაგრამ ჩვენ მის მაგივრად ვიტყვით ყველაფერს, რაც საჭიროა. დაე ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს «მთავარ ექიმს» სანდრო ჰქვია! ყველა ნიშანი ამაზე მეტყველებს. არავითარი სხვა, დედაქალაქიდან მოსული, ექიმი ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ სანდროც გვეყოფა! მაშ მოდი მხოლოდ მას ვთხოვოთ დახმარება და განკურნება! 

- და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყოველივე? – იკითხა ერთ-ერთმა მგზავრმა.

- ძალიან უბრალოდ, - უპასუხა მოთავემ. – თუ საავადმყოფოში სანდრომ მოგვიყვანა, ესე იგი, მხოლოდ სანდრომვე უნდა გვიმკურნალოს. დაე გამოგვიყონ პალატები, რომლებშიც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით – ისინი, ვისაც სანდროსი გვჯერა! 

- და თუ ჩვენებურად არ იქნება?

- არაა პრობლემა! – განაგრძო მან. – ბოლოს და ბოლოს, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველას სანდროსი გვჯერა და არა ვიღაც დედაქალაქელი «ექიმის», რომელიც არცერთ ჩვენგანს თვალითაც კი არ გვინახავს და სახელიც კი არ ვიცით. მთავარია სანდროსთან მივიდეთ, ჩვენს ექიმთან! ჩვენ თუ მასთან ვიქნებით, მაშინ აღარაფერი გვემუქრება. სანდრო – ჩვენი ექიმია, და ეს საკმარისია ჩვენი განკურნებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად საავადმყოფო კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ სანდრო! თქვენ თავად შეხედეთ: «საავადმყოფო» - სიტყვა «ავადმყოფობიდან» მოდის. რაში გვჭირდება ავადმყოფობა? სანდროს ავტობუსს კი: «სასწარაფო დახმარება» აწერია. «დახმარება», გესმით! თანაც, «სასწრაფო». აქ უფრო მივიღებთ დახმარებას, ვიდრე ამ უცნაურ საავადმყოფოში ვიღაც დედაქალაქელი «ექიმისგან»… სანდროსთან ყველაფერი სხვაგვარადაა, არავითარი ავადმყოფობა, მხოლოდ დახმარება! …მოდით ნურსად ნუ წავალთ – ჩვენ სანდროს ავტობუსში დავრჩებით! 

ხალხის მხრიდან მოწონების ხმები გაისმა და მათ ნელ-ნელა კვლავ «სასწრაფო დახმარების» მანქანაში დაიწყეს ასვლა. 

ხედავდა რა სიტუაციას, რომელიც სულ უფრო და უფრო სულელურ სახეს იღებდა, სანდრო ექიმმა ღრმად ჩაისუნთქა და ხმამაღლა წარმოთქვა:

- მომისმინეთ! მე თითოეულ თქვენგანთან მოვედი თქვენს სახლებში. მე დაგეხმარეთ თქვენი ტკივილების შემსუბუქებასა და ძალების მოკრებაში. მე თითოეული თქვენგანი ხელში აყვანილი გამოვიყვანე და ავტობუსში ჩაგსვით. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც საავადმყოფოსაკენ მოვდიოდით, მე თქვენ განხნევებას ვცდილობდი და გარწმუნებდით, რომ აუცილებლად განიკურნებოდით თქვენი უძლურებისაგან. თქვენგან მხოლოდ იმის რწმენა მოითხოვებოდა, რასაც მე გეუბნებოდით. არის თქვენში ეს რწმენა?

- რა თქმა უნდა, არის, - უპასუხეს მათ, რომლებიც ავტობუსში დაბრუნდნენ. – ჩვენ გვჯერა შენი!

- თქვენ ჩემი გჯერათ, - თქვა სანდრო ექიმმა, - მაგრამ არ მისმენთ მე! თქვენ ჩემი გჯერათ, მაგრამ თქვენი, აბსურდული პირობებით. იმიტომ რომ, თქვენ რომ მართლა გჯეროდეთ ჩემი, მაშინ ისე მოიქცეოდით, როგორც მე გეუბნებით. მე კი გეუბნებით, რომ მე ვარ არა მთავარი ექიმი, არამედ მხოლოდ ის, ვისაც მასთან მიჰყავდით. მაშ რატომ შეჩერდით ამ გზაზე პირდაპირ ჭიშკრის წინ და მასში შესვლა არ გინდათ, რათა განკურნება მიიღოთ ექიმისაგან? რატომ დარჩით ავტობუსში? რას ელოდებით?

- ეხლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ შენ ხარ ჩვენი «მთავარი ექიმი», - ბრწყინავი თვალებით უპასუხეს ავადმყოფებმა. – იქ წაგვიყვანე, სადაც შენ გინდა. დღეიდან მხოლოდ შენთავ ვართ.

-  რაში მჭირდება თქვენი წრეზე "კატაობა"? კარუსელი ხომ არ ვარ, - ამოიოხრა სანდრომ. – სადაც მინდოდა მიმეყვანეთ, მე უკვე მიგიყვანეთ, მაგრამ თქვენ რატომღაც არ გსურთ მთავარი ექიმის ნახვა. თქვენ სხვა «ექიმის» ნახვა გსურთ… თუმცა მეც ექიმი ვარ, მაგრამ ის ექიმი, რომელმაც თქვენთან გამომგზავნა, ჩემზე მეტია. გამოცდილი და ძლიერი. მან ჩემზე გაცილებით მეტი იცის. მე მხოლოდ და მხოლოდ «სასწრაფო დახმარების» ექიმი ვარ და მხოლოდ სრულფასოვანი დახმარების მისაღებად თქვენი დროული მიყვანა შემიძლია – იმ დახმარების, რომელსაც მთავარი ექიმი უწევს ხალხს. და თუ კიდეც გეუბნებოდით, რომ დაავადებისაგან განთავისუფლებას მიიღებდით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, თუ ვის საიმედო ხელში უნდა გადამეცა თქვენი თავი. მე ეხლაც მსურს ამის გაკეთება, მაგრამ თქვენ თავად არ მაძლევთ ამის გაკეთების საშუალებას. ასე რომ, კვლავ გეკითხებით: რას აკეთებს ჯერ კიდევ ჩემს ავტობუსში? რატომ არ გინდათ მთავარ ექიმთან შეხვედრა?

მოთავე-მგზავრმა სალონიდან გამოიხედა და სანდროს უთხრა:

- რა საქმე გვაქვს იმ ექიმთან? ამასთანავე ის აქაური არაა. როგორ შევძლებთ მის ნდობას, როცა თვალითაც კი არ გვინახია ის?

სანდრო ექიმმა შეხედა მას და თქვა:

- ის ექიმი – ჩემი მშობელი მამაა! მე კი მისი ძე ვარ. და სხვების წინაშე თუ ასე მაქებ და ამბობ, რომ მენდობი, მაშინ იცოდე, რომ როდესაც მე მიყურებ, ფაქტიურად მამაჩემს ხედავ. იმიტომ რომ მან აღმზარდა, მან ჩამინერგა თვისებები და პრინციპები, რომლებიც თავად მას ახასიათებს. თუ მე მენდობი, მის შვილს, როგორ შეიძლება არ ენდობოდე მას, ჩემს მშობელ მამას?! თუ სხვების წინაშე ჩემს სახელს აქებ, როგორ შეიძლება მამაჩემის სახელს შეურაცხყოფდე?! თუ ფიქრობ, რომ ასე მოქცევით, ჩემს მოწონებას დაიმსახურებ? რომელი შვილი აღფრთოვანდება მის მიმართ წარმოთქმული თბილი სიტყვებით, თუ ხედავს, რომ იგივე ხალხი მის მამას შეურაცხყოფს?!

ხალხი მოულოდნელობისაგან გაშეშდა.

- კი, მამაჩემი არ მოსულა თქვენთან. მას არ გამოუყვანიხართ საკუთარი ხელით სახლებიდან. მაგრამ მან გაცილებით მეტი გააკეთა: მან ძირითადი ამოცანა აიღო საკუთარ თავზე – მიგიღოთ ჩემი ხელიდან, რათა განგკურნოთ და სრულყოფილი ჯანმრთელობა მოგცეთ. მან თქვენთან ვიღაც სხვა კი არ გამოგზავნა, ვინც მის დაქვემდებარებაში იყო, არამედ მე – თავისი ერთადერთი ძე. პირდაპირ ეპიდემიის შუაგულში გამომგზავნა, თანაც იცოდა, რომ მეც შეიძლება მოვმკვდარიყავი, სხვების გადარჩენისას. ნებისმიერი მამა, თავის სიცოცხლეს უფრო გაიღებს, ვიდრე საკუთარი ძის სიცოცხლეს. იმიტომ რომ საკუთარი ძის დაკარგვის საფრთხე, ერთადერთი ძის – ყველაზე მძიმე მსხვერპლია მამისათვის! 

სანდრო ცოტა დაფიქრდა და გააგრძელა:

- მე არ შეიძლება «მთავარ ექიმად» ვითვლებოდე მხოლოდ იმიტომ, რომ მეც «ექიმი» მქვია. მე არ შემიძლია «მთავარი ექიმი» ვიყო მხოლოდ იმის გამო, რომ იმავე მანუგეშებელ სიტყვებს გეუბნებით და ისევე გაძლევთ განკურნების იმედს, როგორც მამაჩემმა გადმოგცათ. მე მთავარი ექიმი ვერ ვიქნები მხოლოდ იმიტომ, რომ მეც თეთრ ხალათს ვატარებ და ხშირად ვარ საავადმყოფოში. და ნუ იფიქრებთ, რომ შემიძლია «მთავარი ექიმის» წოდება მხოლოდ იმიტომ ავიღო, რომ მამაჩემია მთავარი ექიმი. თუმცა მე მისი ძე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ მე იმავე გამოცდილებასა და შესაძლებლობებს ვფლობ, რომლებიც თავისი სიცოცხლის მრავალი წლის განმავლობაში მან შეიძინა. ნუთუ არ გესმით ეს? რატომ ცვლით ასეთ უბრალო და აშკარა ჭეშმარიტებებს აბსურდული და უაზრო წარმოდგენებით, რომლებშიც თავადაც კი ვერ გარკვეულხართ? 

შემდეგ სანდრო ღია კართან მივიდა და მის ავტობუსში შეკრებილ ავადმყოფებს შეხედა:

- ამ ქალაქში ადამიანების დიდმა უმეტესობამ არ გამოავლინა ნდობა ეპიდემიისაგან მათი ხსნის გეგმის მიმართ. თქვენ კი ჩემს წინადადებას, რომ დახმარება მიგეღოთ, მათსავით არ გამოხმაურებიხართ. თქვენ მომენდეთ მე, თქვენ დათანხმდით ჩემს ავტობუსში ჩაჯდომას და ჩემთან ერთად საავადმყოფოში წამოსვლას… მაგრამ ეხლა, როდესაც თქვენი განკურნების ზღვარზე დგეხართ, ფაქტიურად პირდაპირ მის ჭიშკართან, რამ შეგიშალათ ხელი, რომ თქვენი ხსნა მამაჩემის ხელებს მიანდოთ, რომელიც გელით და სურს, რომ ეხლავე გაგიწიოთ დახმარება? რაღაც აბსურდულმა იდეებმა, რომელიც მე არასოდეს მითქვამს, მაგრამ რატომღაც ზოგიერთ თქვენგანს მოეწონა? იქნებ, ასეთი სისულელეების მიზეზი ზოგიერთი ავადმყოფის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება გახდა, რამაც მათ ტვინზე იმოქმედა? მაშინ ასეთებისთვის მით უმეტეს აუცილებელია მამაჩემის, ნამდვილი მთავარი ექიმის დახმარება! მის გარეშე თქვენ ვერანაირად ვერ გადარჩებით, გაიგეთ ეს ბოლოს და ბოლოს! ისიც კი, რომ საკუთარი სახლები დატოვეთ და ჩემთან ერთად საავადმყოფოში წამოხვედით, მცირედაც კი ვერ გიშველით, თუ ეხლა მამაჩემთან არ მიხვალთ! თქვენ მათზე მცირედით ჭკვიანებიც კი არ აღმოჩნდებით, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს ჩემს დახმარებაზე და დასნებოვნებულ ქალაქში დარჩნენ! როგორც ისინი, ისევე თქვენს – ერთნაირად ამბობთ უარს მამაჩემზე და ეს სამწუხაროა!

- კი მაგრამ შენ განა გინდა, რომ ამ მშვენიერი და კომფორტული ავტობუსიდან გაგვყარო? – პირფერულად ჰკითხა მოთავე-მგზავრმა. – შენ ხომ არ კრავ ხელს მათ ვინც შენთან მოდის? ჩვენ შენთან ისე კარგად ვგრძნობთ თავს, სანდრო! 

დანარჩენი მგზავრები დაძაბული დუმდნენ. სანდრომ მას შეხედა და უთხრა:

- თავს ნუ მოიტყუებ. ვინც მეუბნება: «ექიმო, ექიმო» ყველა როდი მიიღებს თავისი დაავადებისაგან განკურნებას, არამედ მხოლოდ ის, ვინც ისე მოიქცევა, როგორც მამაჩემი ეტყვის, რომელიც თქვენც გელოდებათ, რათა განგკურნოთ. მაშინაც კი, ყველა თქვენგანმა რომ თქვათ ჩემზე: «სანდრო – ჩვენი ექიმია», და სხვა მოქალაქეებიც რომ არწმუნოთ ამაში, მე ვერაფრით შევძლებ თქვენს დახმარებას. იმიტომ რომ ჩემდამი თქვენი რწმენა მკვდარია, თუ იმას არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით. ჯანმრთელობის მისაღებად, მამაჩემის, მთავარი ექიმის, გაცნობა გჭირდებათ და არა მხოლოდ ჩემი, მისი ძის. მიდით მასთან ჩემი დახმარებით! ხელი ჩამკიდეთ და მე მიგიყვანთ მასთან. მე მას სახელით მოვუხმობ, რათა თქვენც იცოდეთ მისი სახელი და თქვენც მოუხმობდეთ მას. იმიტომ რომ ყველა, ვინც მამაჩემის სახელს მოუხმობს, გადარჩება!



ამ ისტორიას ფინალი არ აქვს. ალბათ, იმიტომ, რომ თავის ფინალს ყველა თავად ირჩევს.

«ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს» (ლუკა 8:8).



1 იოანე 1:8—2:2;  რომაელები 3:23-26; მათე 22; ლუკა 14:16-24; ლუკა 19:14; იოანე 1:11; მათე 11:28-30;
ლუკა 18:9—14; მათე 20:20—23; იოანე 5:19,30; ლუკა 5:31; იოანე 3:16; იოანე 10:10,11,14; საქმეები 4:12;
იოანე 14:6; მათე 6:9; 2 კორინთელები 2:17; 2 პეტრე 3:16; ლუკა 6:46; მათე 7:13,14; იოანე 14:28; 1 კორინთელები 11:3;
იოანე 14:9; კოლოსელები 2:9; ეფესოელები 1:5-14; რომაელები 8:32; 1 იოანე 4:9; მათე 24:36; მათე 15:6, 9; გალატელები 5:7-9; 
კოლოსელები 2:8,18; გალატელები 1:8; მათე 7:21-23; იაკობი 2:20,26; იოანე 17:3; იოანე 10:9; რომაელები 10:13.  
------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий